რონალდუ თანამედროვე მოდასა და თავის შეცდომებზე

როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინათ მადრიდის „რეალისა“ და პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდუმ საცვლების საკუთარი ხაზი გამოუშვა. ფეხბურთის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ვებ-გვერდ shortlist.com-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თანამედროვე მოდის შესახებ ისაუბრა და იქვე გამოტყდა, რომ ყმაწვილკაცობაში ცუდი იმიჯი ჰქონდა მორგებული.

„პატარაობაში მოდა არ მაინტერესებდა. უფრო მეტად ჩემს ყურადღებას კარგად მოთამაშე ფეხბურთელები იქცევდნენ. როდესაც ლისაბონის „სპორტინგში“ ვთამაშობდი, სულ რუი კოშტასა და ფიგუს ვუყურებდი. ყოველთვის მინდოდა, ვყოფილიყავი პროფესიონალი ფეხბურთელი და ეს ოცნება ავიხდინე. 16 წლის ასაკიდან პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ, რაც მახარებს.

ზოგჯერ ადამიანები გიჟურად იცვამენ. უნდა ჩაიცვა ის, რაშიც თავს კომფორტულად გრძნობ. სხვისი კოპირება არ ღირს მხოლოდ იმიტომ, რომ ის ვარსკვლავია. ზოგიერთს ჰგონია, რომ თუ ცნობილი ადამიანის მსგავსად ჩაიცვამს, მასაც ისევე მოუხდება. არა, ასე არ ხდება.

წარმოვიდგინოთ კაცი, რომელსაც კარგი კოსტიუმი და თეთრი წინდები აცვია. საშინელებაა (იცინის). ცხადია, ის ვერ იქნება თანამედროვე. შეიძლება კარგი წინდები იყოს, მაგრამ კოსტიუმი და თეთრი წინდა?! მაიკლ ჯექსონს დაემსგავსებით.


როდესაც იმ ფოტოებს დავცქერი, რომლებზეც 16-17 წლისა ვარ, ერთი კითხვა მებადება: „რაებს ვაკეთებდი?“ ჩემს ვარცხნილობასა და თმის ფერს ვგულისხმობ. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას ვიცავდი, თავზე სპაგეტი მქონდა – გრძელი თმა ყვითელი ბოლოებით.

ეს ასაკის ბრალია. ასაკი ძალზედ მნიშვნელოვანია, რადგან ახალგაზრდობაში განსხვავებულად ჩაცმა გინდა. ბევრი შეცდომა დავუშვი, თუმცა ამ შეცდომებზე ვისწავლე.

ტანისამოსში გადახდილ ფულს არ ვითვლი, თუმცა მიმაჩნია, რომ ბევრის დახარჯვა არ მიწევს, რადგან ჩემი ბრენდი მაქვს“, – აღნიშნა რონალდუმ.

ჟურნალისტმა ინტერვიუს ბოლოს პორტუგალიელ ფეხბურთელს ჰკითხა, თუ რომელი ვარცხნლობის მორგებას ურჩევდა უეინ რუნის, რაზეც რონალდუმ ასე უპასუხა:

„არ ვთვლი, რომ მას ჩემი რჩევა სჭირდებოდეს. მას თავისი სტილი აქვს. თმა ძალიან უხდება, ახლა უკეთ გამოიყურება. ადრე ცოტა უშნო კი იყო, მაგრამ ახლა ის გაცილებით სიმპათიურია“.

ბექა დოგრაშვილი