რადამელ ფალკაომ ტრავმის შემდეგ პირველი გოლი “არსენალს” გაუტანა

3 აგვისტოს ლონდონის “არსენალსა” და “მონაკოს” შორის ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელიც ფრანგულ გუნდის გამარჯვებით 0:1 დასრულდა.

აღნიშნულ შეხვედრაში ტრავმის მოშუშების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა კოლუმბიელმა თავდამსხმელმა რადამელ ფალკაომ.

“რეალი” მადრიდში დაბრუნდა, დიეგო ლოპესი კი გუნდიდან წასასვლელად ემზადება

მადრიდის “რეალმა” აშშ-ში წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი დაასრულა და დღეს დილით ესპანეთის დედაქალაქში დაბრუნდა.

ფეხბურთელები სამშაბათამდე დაისვენებენ, შემდეგ კი ვარჯიშს შეუდგებიან. როგორც მოგეხსენებათ, 12 აგვისტოს “რეალსა” და “სევილიას” შორის უეფას სუპერთასის მატჩი გაიმართება.

აქვე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “სამეფო კლუბს” უახლოეს პერიოდში დატოვებს მეკარე დიეგო ლოპესი.

Todomercadoweb-ის თანახმად, ესპანელი კიპერი “მონაკოს” უახლოვდება. გავრცელებული ცნობით, დიეგო ლოპესი “წითელ-თეთრებთან” სამწლიან კონტრაქტს გაფორმებს და სეზონში ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

დიეგო ლოპესის შესაძლო ტრანსფერის ღირებულება 12 მილიონ ევროდ ფასდება.

 

ფალკაომ ბეისბოლის თამაში დაიწყო

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ თამაშობს ბეისბოლს რადამელ ფალკაო.

ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი „რეალის“ ფეხბურთელია

კოლუმბიელი ნახევარმცველი ხამეს როდრიგესი ოფიციალურად გამოცხადდა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელად. მხარეებს შორის ექვსწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

„ოცნება რეალობად იქცა. მოხარული ვარ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის ნაწილი ვხდები“, – აღნიშნა როდრიგესმა.

ხამეს როდრიგესის წარდგენა დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე მოეწყობა.

არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „რეალმა“ 23 წლის კოლუმბიელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო გაიღო, რაც საფრანგეთის ჩემპიონატის ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი გახლავთ.

 

„მონაკოს“ სნეიდერი სურს

ფრანგული გამოცემა L’Equipe-ი იუწყება, რომ „გალათასარაის“ ნახევარმცველი უესლი სნეიდერი „მონაკოს“ მთავარ სატრანსფერო მიზნად იქცა.

წყაროს ცნობით, „მონაკოს“ ხელმძღვანელობა სწორედ ჰოლანდიელ ფეხბურთელს მოიაზრებს ხამეს როდრიგესის შემცვლელად. მოგეხსენებათ, კოლუმბიელი ფეხბურთელი მადრიდის „რეალში“ გადადის.

სნეიდერის შესაძლო ტრანსფერი 20 მილიონ ევროდ ფასდება.

 

ბერბატოვის გასაოცარი გოლი “ატლეტიკო ხუნიორის” კარში

“მონაკოსა” და “ატლეტიკო ხუნიორს” შორის გამართულ შეხვედრაში ბულგარელმა დიმიტარ ბერბატოვმა მეტოქეს ულამაზესი გოლი გაუტანა.

„მონაკო“ კასილასით დაინტერესდა

როგორც მოგეხსენებათ, მადრიდის „რეალი“ „მონაკოსთან“ კოლუმბიელ ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოლაპარაკების პროცესში „თეთრ-წითლებმა“ იკერ კასილასზე ჩამოაგდეს სიტყვა და მისი დამატების სურვილიც გამოთქვეს.

შეგახსენებთ, რომ „მონაკოს“ ვიქტორ ვალდესის დამატება სურდა, თუმცა ესპანელმა მეკარემ სამედიცინო შემოწმება ჩააგდო და კონტრაქტის გაფორმებაზე უარი ეთქვა.

იკერ კასილასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ცნობებია: ერთნი ამბობენ, რომ ესპანელი კიპერი ამ სეზონსაც „რეალში“ გაატარებს, მეორენი კი ამტკიცებენ, რომ „სამეფო კლუბი“ მზად არის, გამოცდილ მეკარეს ამ ზაფხულსვე შეელიოს.

 

ოფიციალურად: „ნიუკასლმა“ ფრანგი თავდამსხმელი გაიფორმა

„მონაკოს“ თავდამსხმელი ემანუელ რივიერი კარიერას ინგლისურ „ნიუკასლ იუნაიტედში“ გააგრძელებს.

24 წლის ფეხბურთელმა „კაჭკაჭებთან“ გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება არ ხმაურდება.

„ბედნიერი ვარ, რომ „ნიუკასლში“ გადმოვედი. როდესაც კლუბი ამ შემოთავაზებით დამიკავშირდა, მყისიერად განვაცხადე თანხმობა. ეს ადვილი გადასაწყვეტი იყო, რადგან „ნიუკასლი“ დიდი კლუბია, დიდებული ქომაგები ჰყავს, კარგი სტადიონი აქვს. ყოველთვის ვოცნებობდი პრემიერლიგაში თამაშზე, „ნიუკასლმა“ კი ამის შესაძლებლობა მომცა“, – რივიერის სიტყვები ინგლისური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ემანუელ რივიერმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში 30 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

 

„ბარსელონა“ ხამეს როდრიგესის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდის?

Sport.es-ს თუ დავუჯერებთ, „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა კოლუმბიის ნაკრებისა და „მონაკოს“ თავდამსხმელის ხამეს როდრიგესის შეძენას ცდილობს.

წყაროს ინფორმაციით, „ბლაუგრანასის“ პრეზიდენტი ხოსეპ ბარტომეუ ფრანგულ კლუბს წინადადებითაც კი მიმართა და კომპენსაციის სახით 90 მილიონი ევრო შესთავაზა. შესაძლოა, მხარეები მოთამაშის შემდეგ ზაფხულს ტრანსფერზეც კი შეთანხმდნენ.

ცნობისთვის, როდრიგესთან კონტრაქტის გაფორმება მადრიდის „რეალსაც“ სურს, რომელიც ხამესის გადაბირებას უკვე მიმდინარე ზაფხულს შეეცდება. აღსანიშნავია, რომ მადრიდულ კლუბში თამაშის სურვილი თავად ფეხბურთელსაც აქვს, რის შესახებაც მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ისაუბრა.

საფრანგეთის ჩემპიონატის განვლილი სეზონის გათამაშებაში ხამესმა „მონაკოს“ რიგებში 34 ჯატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლის გატანისა და 14 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ხამეს როდრიგესი: „რეალში“ თამაშზე ვოცნებობ“

„მონაკოსა“ და კოლუმბიის ნაკრების თავდამსხმელმა ხამეს როდრიგესმა აღიარა, რომ მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე ოცნებობს.

„რეალში“ დახუჭული თვალებითაც გადავალ. სხვა კლუბებს პატივს ვცემ, თუმცა „რეალი“ „რეალია“. ამ კლუბში თამაში ჩემი ცხოვრების ოცნებაა. ეს გუნდი ზიდანისა და რონალდოს პერიოდიდან მიყვარს. ახლა კი, რონალდუს, ბეილისა და ბენზემას გვერდით თამაში ჩინებული იქნებოდა“, – ციტირებს კოლუმბიელს გამოცემა „მარკა“.

ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაციით, როდრიგესის სანაცვლოდ „მონაკო“ 75 მილიონი ევროს მიღება სურს, „ბლანკოსი“ კი, ანხელ დი მარიას გაშვებისთვისაა მზად.

ერიკ აბიდალი “ოლიმპიაკოსში” ვიქტორ ვალდესის გამო გადავიდა

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა, ერიკ აბიდალმა “მონაკოს” რიგები დატოვა და ბერძნულ “ოლიმპიაკოსს” მიაშურა.

მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის მცველმა “მონაკოსთან” კონტრაქტი გასულ კვირაში გაახანგძლივა, ის სხვა კლუბში მაინც გადავიდა. ფრანგულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აბიდალი ასე ყოფილი თანაგუნდელის, ვიქტორ ვალდესის გამო მოიქცა.

შეგახსენებთ, რომ ვალდესმა “მონაკოში” სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა, ხოლო აბიდალი კლუბის ხელმძღვანებლობის გადაწყვეტილებამ გაანაწყენა და ახალი გუნდის ძიება დაიწყო.

აბიდალმა, გასულ სეზონში, “მონაკოს” შემადგენლობაში 29 მატჩის ჩატარება მოახერხა.

ვიქტორ ვალდესმა „მონაკოში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა

ესპანელმა კიპერმა ვიქტორ ვალდესმა „მონაკოში“ სამედიცინო შემოწმება წარმატებით ვერ გაიარა. ფეხბურთელი “თეთრ-წითლების“ რიგებში არ ითამაშებს. ამის შესახებ „მონაკოს“ ვიცე-პრეზიდენტმა ვადიმ ვასილიევმა განაცხადა.

„ვალდესი ტრავმირებულია, ის „მონაკოში“ ვერ გადმოვა“, – აღნიშნა ვასილიევმა.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ვალდესმა მიმდინარე წლის მარტში მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატის გამოტოვებაც მოუხდა.

ვალდესი თავისუფალი აგნეტის სტატუსით სარგებლობს, ამიტომ მის ასაყვანად კლუბებს თანხის გადახდა არ მოუწევთ.