ინგლისის ნაკრების წარმატებული სერია გრძელდება

ინგლისის ნაკრებმა მსოლფიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში “ლიტვის ეროვნული გუნდი მიიღო და მეტოქეს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. ბალტიისპირელების კარის აღება ჟერმეინ დეფომ (21 წთ.) და ჯეიმი ვარდიმ (66 წთ.) მოახერხეს.

საგულისხმოა, რომ ამ ტურის შემდეგ ბრიტანელების ნაკრები არის ერთადერთი, რომლებსაც მიმდინარე შესარჩევში საკუთარ კარში გოლი არ გაუშვია. საბოლოო ჯამში, გარეთ საუთგეიტის შეგირდებმა რვაჯერ მოახერხეს მეტოქეების კარის აღება.

“სამი ლომი” მომდევნო ოფიციალურ მატჩს ივლისში, გლაზგოში, შოტლანდიის წინაარმდეგ გამართავს.

იხილეთ შეხვედრის მიმოხილვა

საქართველოს ნაკრებმა ლატვიასთან შეხვედრისთვის მზადება დაიწყო

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 28 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ლატვიის წინააღმდეგ ჩაატარებს. ერთდღიანი შესვენების შემდეგ ეროვნულმა ნაკრებმა, დღეს თბილისის ზღვაზე მდებარე ს.კ. “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშა. მოახლოებულ ამხანაგურ მატჩში მთავარი მწვრთნელი სასტარტო შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას გეგმავს. სწორედ ამიტომ ამ დროისთვის ეროვნული გუნდი 21 ფეხბურთელით ემზადება. გიორგი ლორია, სოლომონ კვერკველია და ჯაბა კანკავა ლატვიასთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ. ვლადიმირ ვაისის გუნდი მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს 27 მარტს, 18 საათზე კვლავ ს.კ. “ზესტაფონის” ბაზაზე ჩაატარებს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე საქართველო-ლატვიის მატჩთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს მთავარ მწვრთნელთან გასაუბრების შესაძლებლობა ექნებათ.

ლატვიის ეროვნული ნაკრები, მატჩისწინა ვარჯიშს ასევე 18 საათზე, “დინამო არენაზე” გამართავს. მედიის წარმომადგენლებს სტუმარი გუნდის წარმომადგენლებთან გასაუბრების საშუალება სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ ექნებათ. საქართველო-ლატვიის საერთაშორისო ამხანაგური მატჩი 28 მარტს, 18 საათზე “დინამო არენაზე” გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე – მორეირენსე (პორტუგალია), როინ კვასხვაძე – ტორპედო (ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე – ესბიერგი (დანია), გურამ კაშია – ვიტესი (ჰოლანდია), დავით ხოჭოლავა – ჩერნომორეცი (უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი – ნეფთჩი (აზერბაიჯანი), ჯემალ ტაბიძე – ურალი (რუსეთი), გიორგი რეხვიაშვილი – ლოკომოტივი (თბილისი), უჩა ლობჟანიძე – ატირაუ (ყაზახეთი)

ნახევარმცველები: ვაკო გვილია – ბატე (ბელარუსი), ნიკა კვეკვესკირი – გაბალა (აზერბაიჯანი), მურთაზ დაუშვილი – დიოშგიორი (უნგრეთი), ჯანო ანანიძე – სპარტაკი, მოსკოვი (რუსეთი), ოთარ კიტეიშვილი – დინამო (თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი – ლეგია (პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური – ვარდარი (მაკედონია), სანდრო კობახიძე – გიოზთეფე (თურქეთი), გიორგი არაბიძე – შახტარი (უკრაინა)

თავდამსხმელები: ნიკა კაჭარავა – ეთნიკოსი (კვიპროსი), გიორგი ქვილითაია – რაპიდი (ავსტრია), ვლადიმერ დვალიშვილი – ატირაუ (ყაზახეთი)

საუთგეიტი: “ლიტვასთან ინგლისის კაპიტანი სწორედ ის იქნება”

26 მარტს ინგლისის ნაკრები ლიტვის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. ამ შეხვედრაში გარეთ საუთგეიტი უეინ რუნის მოისაკლისებს. ბრიტანელების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, “მანჩესტერის” ფეხბურთელის არყოფნაში, მისი გუნდის კაპიტანი ჯო ჰარტი იქნება.

“ლიტვასთან მატჩში  სწორედ ჯოს ეკეთება კაპიტნის სამკლაური.”

“ასეთი არჩევნის გაკეთება გამიჭირდა, რადგან გუნდში ბევრია ისეთი, რომელსაც ლიდერის თვისებები გააჩნია. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალგაზრდებიც კი ძალიან ქარიზმატულად და დამაჯერებლად საუბრობენ გასახდელში. ეს შესანიშნავი საყურებელია.”

“ამ შემთხვევაში სწორედ ჰარტს აქვს ყველაზე მეტი შეხვედრა ჩატარებული. ვფიქრობ, ის დაღვინებული ფეხბურთელია და დაკისრებულ მოვალეობას მშვენივრად გაუძღვება,” – განაცხადა საუთგეიტმა.

 

ჰეი, შენ, ქართველო! უღირსი წაგებაც ღირსეულად უნდა შეაფასო!

გუშინ ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე ბოლო დროს ჩამოყალიბებული ტრადიცია გაგრძელდა: სერბების წინააღმდეგაც კარგად დავიწყეთ, არატრადიციული სწრაფი გოლიც კი გავიტანეთ და მაინც დავმარცხდით (1:3). ამ “რაღაცაზე” (“რაღაცა” იმიტომ, რომ ამდენწლიანი საშინელი ასპარეზობის შემდეგ, ამას “წარუმატებლობა”, “განადგურება” ან სხვა რამ უკვე აღარ ჰქვია) ყურადღებას დიდად არ გავამახვილებ და ყელში ამოსული შედეგის გამომწვევ ფაქტორებზე სხვა სტატიაში გესაუბრებით. მინდა, იმაზე გითხრათ მოკლედ, რაც ჟურნალისტებს შერეულ ზონაში (სადაც ფეხბურთელებმა აუცილებლად უნდა გამოიარონ და შეაფასონ ჩატარებული შეხვედრა) გადაგვხდა თავს.

თამაში დასრულდა, მატჩის მიმოხილვას ტრადიციული სათაური დავაწერეთ და “უმუღამოდ” ჩავედით აღნიშნულ ზონაში. დავიკავეთ ადგილები იმ ბარიკატებთან, რომლებით გაკეთებულ დერეფანშიც ფეხბურთელებს უნდა გამოევლოთ. დაახლოებით, ნახევარი საათი ვიცდიდით. არავინ გამოჩენილა.

საბოლოოდ, ჯერ სათადარიგო შემადგენლობის ფეხბურთელებმა დაიწყეს გამოსვლა. ხაზს ვუსვამ, რომ ბარიკადებით დერეფნის გავლა როგორც ძირითადის, ასევე სათადარიგო მოთამაშის ვალდებულებაა. აბზაცის დასაწყისში ნახსენებმა სპორტსმენებმა ეს არ გააკეთეს და მოკლე გზით ავიდნენ ავტობუსში. ამას დიდი ყურადღება არ მივაქციეთ, რადგან მათ მაინც არ უთამაშიათ.

ყველაზე მთავარი მაშინ დაიწყო, როცა ისეთი ფეხბურთელები გამოვიდნენ, როგორებიც კვირკველია, კვეკვესკირი, ყაზაიშვილი და სხვები არიან. ზოგს არც კი გამოუხედავს! თითქოს, 10:0 მოვიგეთ, რაღაა სალაპარაკო ჩვენს საოცარ თამაშზეო, ისე გაარღვიეს ბარიერები და ავტობუსში ავიდნენ.

გასნაკუთრებით, ყურადღებას გავამახვილებ ჯაბა კანკავაზე, რომელოც საქართველოს ნაკრების ნამდვილად ღირსეული კაპიტანია, თუმცა ეს გუშინდელი საქციელით ვერ დაამტკიცა. კაპიტანი ნაკრების წინამძღოლი და მისი სახეა და ასი შეხვედრიდან ასივე 100:0 რომ წააგოს გუნდმა, მეასე მატჩის მერე ღირსეულად უნდა დადგეს და, სხვა თუ ვერ საუბრობს, თვითონ შეაფასოს ნაკრების გამოსვლა, თავისი არმიის სახელით ისაუბროს. მანაც ორ ბარიკადს შორის გაიარა, ამან გაგვაოცა და დავუძახეთ: “ჯაბა, ჯაბა, ჯაბა, კაპიტანი ხარ, შენ მაინც თქვი რამე, კარგი რა!” კანკავამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, გაგვცდა, მოიხედა (არ შეჩერებულა), გაგვიღიმა და უარი გვითხრა. გაბრაზებულები დაგვტოვა.

წერილს მაინც პოზიტიურად დავასრულებ. ცოტათი გვიან გამოვიდა გურამ კაშია – მოედანზე მებრძოლი, ჟურნალისტებთან და ოფოციალურ სიტუაციაშიც ღირსეულად მომქცევი ადამიანი! პირადად მე, უკვე 5 წელია ამ ადამიანს ნაკრების მატჩების შემდეგ ვხვდები და არასდროს მახოვს, თუნდაც უღირსი განადგურებების შემდეგაც კი, ჩვენს წინ არ გაჩერებულიყოს და არ ესაუბროს. მისი ნელი ნაბიჯები, ჩვენ წინ შედგომა, ერთი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა და დამაჯრებელად საუბარი კარგ და ცუდ მხარეებზე, მის ღირსეულობაზე მეტყველებს!

არ უნდა გამომრჩეს კაჭარავა, გუშინდელ მატჩში ჩვენი ნაკრების მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი. ნიკა ცოტა დაბნეული გამოვიდა, აქამდე ხშირად არ უწევდა კომენტარის გაკეთება, გაგვიღიმა და თავაწეულმა გაანალიზა ყველა შეცდომა, ბოლოს პოზიტიურზეც გაამახვილა ყურადღება.

იმედი მაქვს, ეს წერილი ოდნავადაც მაინც დააფიქრებს ჩვენს მოთამაშეებს მათ საქციელზე. მოედანზე ღირსეულად იქცევიან და ნურც ჩვენთან მოიქცევიან სხვანაირად.

რას წერენ ქართველი გულშემატკივრები სერბეთთან წაგების შემდეგ?

დღეს საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე სერბეთის ეროვნულ გუნდთან დამარცხდა და ამით მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგა.

აი, რას წერენ ჩვენი ნაკრების გულშემატკივრები კიდევ ერთი იმედგაცრუების შემდეგ:

 

“რეალობას თვალი გაუსწორეთ რა!! მსაჯის არა,მარა ვაკოსი კი და თან 100-იანი!!!! 2-0-ს რომ მოვიგებდით 1-ლ ტაიმს მერე სერბეთი აღარ იყო 3-ის გამტანელი, ამიტომ რეალობას გასწორეთ თვალი რა!!!”

“არ არიან გუნდის მოთამაშეები, ჟმოტი პასი უნდა მიეცა,თან ინერტულები იყვნენ ფიზიკურად ვერ არიან, სულ ასე იყო პირველ ტაიმს მაგრად თამაშობენ და მეორეში იჯვავენ სირბილის ტრაკი არ აქვთ და არც ძალა.”

“აუ აღარ მინდა ასეთი ცხოვრება რაა. ესენი რო არ არსებობდნენ საქართველოში ადამიანები უფრო ბედნიერები იქნებოდნენ.”

“ამათ ბურთის მოსატანად თუ გამოიყენებს მწვრთნელი სხვა ამათ არაფერი შეუძლიათ.”

“სჯობს აცადონ, დახვეწოს გუნდი. ცხადია, პირველი ტაიმი ტაქტიკით კარგად ვითამაშეთ. უბრალოდ, ფეხბურთელებმა ვერ გამოიყენეს მომენტები და დავმარცხდით კიდეც.”

“ახალი პანთეონის ადგილიც გამოვნახე!

დინამოს სტადიონი!

ცენტრშია!

დასამარხი ადგილიც საკმარესია და ჭირისუფალისთვისაც დასაჯდომი ადგილი!

მერე გინდ სანთელი აუნთონ და გინდ სმარტფონის ფანარი!”

“ხალხმა მაინც ვერ ისწავლა გაკვეთილი, რომ უკანასკნელი თეთრები აღარ უნდა დახარჯო ბილეთში და არც ისე ბული. გამოიძახე მერება, ბიჯოს.”

ვლადიმერ ვაისი: “რატომ არ გამოვიძახე მერებაშვილი?”

ხვალ საქართველოს ნაკრები თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე სერბეთის ეროვნულ გუნდს მიიღებს. მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით გაიმართება.

მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

სლოვაკ სპეციალისტს ჰკითხეს, ოქრიაშვილისა და ჭანტურიას არყოლის ფონზე, რატომ არ გამოიძახა გუნდში შესანიშნავ ფრომაში მყოფი გიორგი მერებაშვილი: “რაც შეეხება მერებაშვილს, ვიცი მისი კარგი ფორმის შესახებ. თუმცა, მის გამოძახებას, ისინი ვამჯობინე, რომლებსაც აქამდე უთამაშიათ ნაკრებში. ექსპერიმენტებს თავი ავარიდე,” – განაცხადა ვაისმა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა

21 მარტს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სრული შემადგენლობით ღია ვარჯიში გამართა. ნაკრებში გამოძახებული ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და მოახლოებული მატჩების მოლოდინშია. ეროვნული ნაკრები ხვალ კვლავ ორჯერად ვარჯიშს გამართავს.

შეგახსენებთ,რომ ამ დროისთვის ნაკრები სერბეთთან და ლატვიასთან მატჩებისთვის 24 ფეხბურთელით ემზადება. სერბეთთან ოფიციალურ მატჩს ყვითელი ბარათების გამო ბუბა დაუშვილი გამოტოვებს.

წყარო: Gff.Ge

გადაწყდა: “საბურთალო” საქართველოს თასიდან მოიხსნა!

2017 წლის 18 მარტს სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა საგანგებო სხდომაზე, 2017 წლის 15 მარტს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე, “შევარდენი 1906“-სა და „საბურთალოს“ შორის გამართული მატჩისას (2:1 საბურთალოს სასარგებლოდ), საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულების მე-9 მუხლის დარღვევაზე იმსჯელა.

კომიტეტმა წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად, დაადგინა, რომ „საბურთალოს“ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების დებულების მე-9 მუხლის დარღვევას, კერძოდ, ს/კ “საბურთალოს“ მხრიდან მატჩში მონაწილეობა მიიღო დასაშვებზე მეტმა ფარმ-გუნდში რეგისტრირებულმა ფეხბურთელმა.

სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ მატჩში „საბურთალოს“ ჩაეთვალა წაგება, ანგარიშით 0:3, ამასთან „საბურთალოს“ დაეკისრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მერვედფინალურ ეტაპზე კი „შევარდენი 1906“ „გურიას“ დაუპირისპირდება. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის დებულების შესაბამისად, აღნიშნულ მატჩს „შევარდენი 1906“ უმასპინძლებს.

წყარო: Gff.Ge

ოფიციალურად: ჯიმი ტაბიძე რუსული “ურალის” ფეხბურთელია

ჯიმი ტაბიძე კარიერას რუსულ “ურალში” გააგრძელებს. ამის შესახებ აღნიშნული კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

“ურალი” სეზონის მეორე ნახევრისთვის სამზადისს კვიპროსში გადის. 20 წლის ქართველი მცველი, გუნდთან ერთად, სინჯებზე იმყოფებოდა. ტაბიძემ ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც რუსებმა “უფისა” და “ზენიტ-2”-ის წინააღმდეგ გამართეს. საბოლოოდ, კლუბის ხელმძღვანელობამ ჯიმის გამოსვლა დადებითად შეაფასა და მასთან კონტრაქტი გაფორმა. ხელშეკრულების ხანგრძლივობა უცნობია.

აქვე გეტყვით, რომ ქართველი უკანახაზელის პროფელიონალური კარიერა 17 წლის ასაკში “საბურთალოში” დაიწყო. მან პირვველ სეზონში 18, ხოლო მეორეში 19 შეხვედრა ჩაატარა. იგი “ლივერპულსა” და “რეალშიც” იყო სინჯებზე. ხოლო, 2015 წელს ბელგიურ “გენტში” გადავიდა და მის მეორე გუნდში ასპარეზობდა. ტაბიძეს ეროვნული ნაკრების სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებში აქვს ნათამაშები. ხოლო, ვლადიმერ ვაისმა უზბეკეთთან და იორდანიასთან მატჩებშ გამოიძახა.

ვაისმა ქუთაისის “ტორპედოდან” ეროვნულ ნაკრებში ორ ფეხბურთელს უხმო

საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმერ ვაისმა ამ მატჩებისთვის ქუთაისის “ტორპედოდან” 2 ფეხბურთელს უხმო.

პირველი მოთამაშე მეკარე, როინ კვასხვაძეა. 27 წლის მეკარე 2008 წლიდან ირიცხება ეროვნულ გუნდში.

რაც შეეხება მეორე სპორტსმენს, ეს იმავე ასაკის ნახევარმცველი, ბექა ტუღუშია. ბექას აქამდე არასდროს არ უთამაშია ჩვენს ნაკრებში.

ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

სამი “დინამოელი” ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმერ ვაისმა ამ მატჩებისთვის თბილისის “დინამოდან” 3 ფეხბურთელს უხმო.

პირველი მათგანი ბაჩანა არაბულია. 23 წლის შემტევს კარგი სეზონი ჰქონდა და საქართველოს ჩემპიონიც გახდა. არაბულს ახალგაზრდულ ნაკრებებში უთამაშია, თუმცა ძირითადი გუნდის ფორმა არასდროს მოურგია.

მეორე სპორტსმენი ოთარ კიტეიშვილია. იგი ერთხელ იყო გამოძახებული ვაისის ფორმაციის ნაკრებში, თუმცა არ მისცემია თავის გამოჩენის საშუალება.

რაც შეეხება მესამე “დინამოელს”, ეს საბა ლობჟანიძეა. 22 წლის შემტევი ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოუძახიათ, თუმცა ძირითად გუნდში შანსი არ მიეცა.

ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

 

ვლადიმერ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ორი “სამტრედიელი” გამოიძახა

საქართველოს ეროვნული ნაკრები იანვარში ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვლადიმერ ვაისმა უკვე დაიწყო აღნიშნული მატჩებისთვის ფეხბურთელების გამოძახება.

ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება სამტრედიის “სამტრედიას” ორ ფეხბურთელს მიეცემა. პირველი მათგანი, მეკარე – ომარ მიგინეიშვილია. 32 წლის მეკარეს აქამდე ერთ ამხანაგურ მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მან 2013 წლის 2 ივნისს ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ იასპარეზა. იმ შეხვედრაში ჩვენები, ანგარიშით, 0:4 დამარცხდნენ.

რაც შეეხება მეორე ფეხბურთელს, ეს ლაშა შერგელაშვილია. 24 წლის მცველს აქამდე არასდროს ცმია ნაკრების ფორმა.

 

ეროვნული გუნდი 16 იანვარს თბილისში შეიკრიბება. ქართველები 23 და 25 იანვარს დუბაიში ორ ამხანაგურ მატჩს უზბეკეთისა და იორდანიის წინააღმდეგ ჩაატარებენ.