“ნიუკასლი” გაიყიდა. კლუბი ყველაზე მდიდარი მფლობელის ხელშია

ინგლისური საფეხბურთო კლუბი “ნიუკასლ იუნაიტედი” საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა. შესყიდვის ღირებულებამ 300 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

“კაჭკაჭებს” 14 წლის განმავლობაში ინგლისელი მილიარდერი მაიკ ეშლი ედგა სათავეში.

თავდაპირველად პრემიერლიგამ ეშლისა და არაბებს შორის გაფორმებული გარიგების დადასტურებაზე უარი განაცხადა, თუმცა დროთა განმავლობაში პოტენციური მყიდველი არაერთ მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა, მათ შორის ყატარის ტელეარხ beIN Sports-თან ურთიერთობის დათბობაზე.

საბოლოო ჯამში, გარიგება დადასტურდა, რის შემდეგაც საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა კლუბის აქციათა 80 პროცენტზე მიიღო კონტროლი. ათ პროცენტს ინგლისელი ბიზნესმენი ძმები დევიდ და საიმონ რუბენები განკარგავენ, დარჩენილი ათი პროცენტი კი ბრიტანელი ბიზნესმენის ამანდა სტეივლის მფლობელობაშია.

“ნიუკასლის” არაბი მფლობელის ქონება 320 მილიარდი ფუნტი სტერლინგით არის შეფასებული. “დეილი მეილის” ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბების მეპატრონეებს შორის ყველაზე მდიდარი სწორედ “ნიუკასლის” ახალი მფლობელია.

“ნიუკასლი” ჩემპიონშიფის გამარჯვებულია (ვიდეო)

დასრულდა ინგლისის ჩემპიონშიფის რეგულარული სეზონი.

ქვეყნის რანგით მეორე დივიზიონის გამარჯვებული “ნიუკასლ იუნაიტედი” გახდა, რომელმაც “ბრაიტონს” ბოლო ტურში გადაუსწრო. “კაჭკაჭებმა” “ბარნსლი” დაამარცხეს 3:0, ხოლო “ბრაიტონმა” “ასტონ ვილასთან” 1:1 ითამაშა და ლიდერის პოზიცია დათმო. შეგახსენებთ, რომ “ნიუკასლს” რაფაელ ბენიტესი თავკაცობს, “ბრაიტონს” კი სათავეში კრის ჰიუტონი უდგას.

“ნიუკასლსა” და “ბრაიტონს” პრემიერლიგის 2017-2018 წლების სეზონში ადგილი მანამდე ჰქონდათ განაღდებული, ხოლო მესამე საგზურისთვის ერთმანეთს “რედინგი”, “ფულემი”, “შეფილდ უენსდეი” და “ჰადერსფილდი” შეეცილებიან.

ჩემპიონშიფიდან პირველ ლიგაში “როტერჰემ იუნაიტედი”, “უიგანი” და “ბლექბერნი” დაქვეითდნენ.

“ნიუკასლის” მეკარემ უხეში შეცდომა შესანიშნავი სეივით გამოასწორა (ვიდეო)

ინგლისის ჩემპიონშიფის 27-ე ტურში “ნიუკასლ იუნაიტედსა” და “როტერჰემ იუნაიტედს” შორის გამართულ მატჩში საინტერესო ეპიზოდი მოხდა. “კაჭკაჭთა” კიპერმა კარლ დარლოუმ გამოსვლაზე შეცდომა დაუშვა და ბურთი მეტოქეს დაუთმო, თუმცა რამდენიმე წამში ფეხზე წამოდგომა, კარში დაბრუნება მოასწრო და საკუთარი გუნდი შესანიშნავი სეივით გადაარჩინა.

შეხვედრა “ნიუკასლის” გამარჯვებით, ანგარიშით 4:0 დასრულდა.

ჯონჯო შელვი “ნიუკასლში” გადავიდა

ინგლისელი ნახევარმცველი ჯონჯო შელვი “სუონსი სიტიდან” “ნიუკასლ იუნაიტედში” გადავიდა.

23 წლის ფეხბურთელმა “კაჭკაჭებთან” 5-წელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტრანსფერის ღირებულება ოფიციალურად არ გახმაურებულა. თუ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, “ნიუკასლმა” შელვის სანაცვლოდ 12 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღო.

 

პატრიკ ვიეირა “ნიუკასლს” არ ჩაიბარებს

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი პატრიკ ვიეირა “ნიუკასლ იუნაიტედს” არ ჩაიბარებს.

როგორც რამდენიმე დღის წინათ გაცნობეთ, მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა, თუმცა შემადგენლობის დაკომპლექტებისა და სატრანსფერო პოლიტიკის საკითხებზე ვერ შეთანხმდნენ.

ახლა “კაჭკაჭები” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სტივ მაკლარენის კანდიდატურას განიხილავენ. ამ უკანასკნელმა სულ ცოტა ხნის წინათ დატოვა “დერბი ქაუნთი”.

 

“ნიუკასლს” გუნდის თავკაცის პოსტზე ვიეირას მოწვევა აქვს განზრახული

“ნიუკასლ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას “მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის თავკაც პატრიკ ვიეირასთან მოლაპარაკებების გამართვა სურს.

“კაჭკაჭებს” კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სწორედ ფრანგი სპეციალისტის მოწვევა აქვთ განზრახული.

შეგახსენებთ, რომ აწ უკვე დასრულებული სეზონი “ნიუკასლ იუნაიტედმა” ჯონ კარვერთან ერთად ჩაამთავრა, რომელიც გუნდიდან ალან პარდიუს წასვლის შემდეგ დროებითი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებს.

 

შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაცია პაპის სისეს

“ნიუკასლ იუნაიტედის” თავდამსხმელი პაპის დემბა სისე შვიდმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა.

ინგლისის პრემიერლიგის 28-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში (0:1) სენეგალელმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მცველ ჯონი ევანსს სახეში მიანერწყვა. ამ უკანასკნელმაც იგივე გაიმეორა, თუმცა ამის გამო არ დაისაჯა. უშუალოდ ინციდენტის დროს მთავარი არბიტრი ორივე ფეხბურთელის მიმართ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

პაპის სისემ მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა.

 

შირერს ნიუკასლში ძეგლს დაუდგამენ

ინგლისელმა ბიზნესმენმა და “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილმა თავმჯდომარემ ფრედი შეპარდმა განაცხადა, რომ კლუბი საუკეთესო ბომბარდირ ალან შირერს ქალაქში ძეგლს დაუდგამს.

“მოქანდაკე ტომ მეილი დავიქირავეთ. შირერი “ნიუკასლის” ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია. აი, ამიტომ გადავწყვიტეთ მისთვის ძეგლის დადგმა. მან უნდა მიიღოს ქალაქის აღიარება. ჩვენ ვთვლით, რომ ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

მრავალი განცხადება მივიღეთ იმის შესახებ, თუ სად უნდა დაიდგას სკულპტურა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ჯერ ძეგლი დამზადდება, შემდეგ კი შესაფერის ადგილს მოვძებნით”, – შეპარდის სიტყვები “გარდიანმა” გამოაქვეყნა.

ფრედი შეპარდმა ისიც განაცხადა, რომ შირერის ძეგლის დამზადებას დააფინანსებს.

შეგახსენებთ, რომ ალან შირერი “ნიუკასლის” ღირსებას 1996-დან 2006 წლამდე იცავდა. ამ პერიოდის განმავლობაში მან 206 გოლი გაიტანა. შირერის სანაცვლოდ “კაჭკაჭებმა” იმ დროს რეკორდული თანხა 15 მილიონი ფუნტი გაიღეს.

 

პრემიერლიგაში თავით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი შირერს მიუახლოვდა

ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “სტოკ სიტისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გამართულ მატჩში (1:4) მასპინძელთა თავდამსხმელმა პიტერ კრაუჩმა 38-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ინგლისელი ფორვარდისთვის ეს პრემიერლიგაში თავური დარტყმით გატანილი 45-ე გოლია.

ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თავური დარტყმით გატანილი გოლების რაოდენობით კრაუჩი მხოლოდ “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელ ალან შირერს ჩამორჩება (46). აქტივში თავით გატანილი 45 გოლი აქვს “ქოვენთრი სიტისა” და “ასტონ ვილას” ყოფილ ფორვარდ დიონ დაბლინსაც. თავით ოდნავ ნაკლები გოლი გაუტანიათ ლეს ფერდინანდსა (40) და დუაიტ იორკს (38).

შირერი: “იმედია, რუნი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს”

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი ალან შირერი გამოტყდა, რომ არ სურს, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მისი რეკორდი დაამხოს.

ცნობისთვის, შირერმა თავის დროზე 260 გოლის გატანა შეძლო, რუნის ამ მაჩვენებლამდე 79 გოლი აკლია.

Alan Shearer - Wayne Rooney

“იმედი მაქვს, რუნი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს. მომწონს, რომ ეს რეკორდი მე მეკუთვნის. თუ რუნი ფორმაში იქნება, მას, რა თქმა უნდა, ამ რეკორდის დამყარება შეუძლია. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რა პოზიციაზე გამოიყენებს გუნდის მთავარი მწვრთნელი მას. ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ რუნის გულმხურვალე გულშემატკივარი ვარ. ის მხოლოდ 29 წლის არის და ჩემი რეკორდის დამხობა მართლაც შეუძლია”, – შირერის სიტყვები ჟურნალმა Fourfourtwo-მ გამოაქვეყნა.

 

ბენ არფა “ნიცაში” გადავიდა

“ნიუკასლ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა ფრანგულ “ნიცაში” გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნახევარი ფრანგმა ფეხბურთელმა იჯარის წესით “ჰალ სიტიში” გაატარა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბენ არფამ “ნიუკასლთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შესაბამისად, “ნიცამ” 27 წლის ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ დაიმატა.

“ნიცა” მშვენიერი გუნდია. კარგია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში დავბრუნდი. გუნდის მთავარ მწვრთნელს უკვე შევხვდი. მომწონს ფეხბურთისადმი მისი შეხედულება. თავკაცთან საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ამ დროს მადრიდის “რეალისგან” წინადადება რომ მიმეღო, მე მაინც “ნიცაში” წამოვიდოდი”, – ციტირებს ბენ არფას სიტყვებს “ლე ფიგარო”.

ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობისთვის, “ნიცას” საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

 

“ნიუკასლმა” ბენ არფასთან კონტრაქტი გაწყვიტა

“ნიუკასლ იუნაიტედმა” ნახევარმცველ ჰატემ ბენ არფასთან კონტრაქტი გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი იჯარის წესით “ჰალ სიტიში” თამაშობს.

კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ბენ არფა, მომავალ სეზონს, სავარაუდოდ, ფრანგულ “ნიცაში” დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ჰატემ ბენ არფა “ნიუკასლის” ღირსებას 2010 წლიდან იცავდა.