იტალიის სერია ა-ს 21-ე ტურში „მილანმა“ აუტსაიდერი „პარმა“ მიიღო და ანგარიშით 3:1 დაამარცხა.
შეხვედრის მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მყოფი კრისტიან ძაკარდო თავით ჩაწოდებას ცდილობდა, თუმცა ბურთი მეტოქეს ხელში გაარტყა. შედეგად, მსაჯმა პენალტი დანიშნა, თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან კი ჯერემი მენეზი მივიდა, რომელმაც მირანტე უშანსოდ დატოვა – 1:0. ამის შემდეგ სტუმრები გააქტიურნდნენ და „მილანის“ კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. უკვე 24-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში არეულობით ანტონიო ნოჩერინომ ისარგებლა, რომელმაც ზუსტი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა. სათქმელია, რომ გატანილი გოლი ნახევარმცველმა არ აღნიშნა (მოგეხსენებათ, იგი „პარმაში“ იჯარით თამაშობს და მისი კონტრაქტი სწორედ „მილანს“ ეკუთვნის). პირველი ტაიმის დარჩენილ დროში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. ერთ-ერთი ეპიზოდი სტუმართა ორი ძლიერი დარტყმით დასრულდა, თუმცა, ორივე შემთხვევაში, „როსონერის“ მეკარე დიეგო ლოპესმა გაიბრწყინა.
მეორე ნახევრის მე-12 წუთზე მარჯვენა ფლანგზე მენესი პასით მოამარაგეს, ფრანგი კი მეტოქის საჯარიმოში სწრაფად აღმოჩნდა და მირანტეს კარში ზუსტად დაარტყა – 2:1. საბოლოო ანგარიში კი ამ შეხვედრაში მილანელთა რიგებიდან ერთ-ერთი აქტიური ფეხბურთელის კრისტიან ძაკარდოს გოლის შემდეგ დაფიქსირდა.
3:1 და ამ გამარჯვებით ინძაგის გუნდმა 2015 წელს იტალიის პირველობაში ნანატრი გამარჯვება იზეიმა. ამჟამად „შავ-წითლები“ 29 ქულით სატურნირო ცხრილის მე-8 ადგილზე იმყოფებიან. შემდეგ ტურში ლომბარდიელები სტუმრად სატურნირო ცხრილის ლიდერ „იუვენტუსს“ შეხვდებიან.
„მილანი“ – „პარმა“ 3:1
გოლები: მენეზი 17′ (პენ), 57′, ძაკარდო 76′ – ნოჩერინო 24′