ტოტი:”რომ შემეძლოს, ბუფონს დროის მანქანას ვაჩუქებდი”

იტალიური “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ ჯანლუიჯი ბუფონს მეორმოცე დაბადების დღე მიულოცა და პრესასთან საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვან წვრილმანზეც გაამახვილა ყურადღება.

“პირველი, რაზეც ამან დამაფიქრა, არის ის, რომ ორივე ჩვენგანი უკვე ასაკშია და ეს ნამდვილი სირცხვილია. რას ვაჩუქებდი ბუფონს? რომ შემეძლოს, დროის მანქანას ვაჩუქებდი და იქნებ, მეც თან წავეყვანე.

ყველაფრის შემდეგ, როდესაც ჩემი მეგობრის კარიერას ვაკვირდები, ჩემს საკუთარ ცხოვრებას მახსენებს. ჯიჯის ფანტასტიკური კარიერა ჰქონდა და მინდა, მეორმოცე წელსაც ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ,” – აცხადებს ტოტი.

ფრანჩესკო ტოტიმ ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა

იტალიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი “რომაში” დარჩა – მართალია, მან ფეხბურთელის კარიერა ოფიციალურად დაასრულა, მაგრამ ამიერიდან ტოტი კლუბის მართვაზე იზრუნებს.

“ფეხბურთელის კარიერას ოფიციალურად ვასრულებ და ცხოვრების მეორე, არანაკლებ ეტაპზე გადავდივარ. სანამ გადავწყვეტ, თუ რომელი პოზიცია უფრო შემეფერება, დაფიქრება მომიწევს.28 მაისამდე მხოლოდ ფეხბურთის თამაშზე ვფიქრობდი, ახლა კი ახალ საფეხურზე გადავდივარ.

როგორ უნდა მომმართოთ? კვლავ ფრანჩესკო დამიძახეთ,” – ვკითხულობთ იტალიელი ფეხბურთელის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 40 წლის “რომაელმა” იტალიური გრანდის მაისურით 786 მატჩი ჩაატარა.

კარიკატურა: ტოტის ემოციური დამშვიდობება (ფოტო)

გუშინ იტალიის სერია ა-ს ბოლო, 38-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. რომის “რომამ” “ჯენოა” მიიღო და ანგარიშით, 3-2 დაამრცხა. ეს იყო კარიერის ბოლო მატჩი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდისთვის, ფრანჩესკო ტოტისთვის. იგი ძალიან ემოციურად დაემშვიდობა გულშემატკივარს, გუნდის წევრებს. ამაღელვებელი იყო ფეხბურთთან დამშვიდობება.

ომარ მომანიმ ამ ისტორიულ მომენტს კარიკატურა მიუძღვნა.

 

ანტონიო კონტე: “ტოტიმ ფეხბურთის თამაში უნდა გააგრძელოს”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ფრანჩესკო ტოტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის კარიერაც ბოლო დღეებს ითვლის.

“ფრანჩესკო ტოტი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ვიცი, რომ კარიერის გაგრძელება უნდოდა.

როდესაც კარიერა დასასრულს უახლოვდება, შენივე სხეული და გონება განიშნებს, თუ როდის არის შესაფერისი მომენტი წასასვლელად.

ჩემი რჩევა იქნება, რომ ყველაფერი ისე გააკეთოს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს. თუ მისი მონდომებისა და ენთუზიაზმის დონე არ შეცვლილა, მან ფეხბურთის თამაში უნდა გააგრძელოს.

ის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია არა მარტო იტალიაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით,” – აცხადებს ანტონიო კონტე.

რონალდუ: “ტოტი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და ამტკიცებს, რომ ასაკი მხოლოდ ციფრებია”

მადრიდის “რეალის” სუპერვარსკვლავმა, კრიშტიანუ რონალდუმ იტალიური “რომას” ცოცხალი ლეგენდა, ფრანჩესკო ტოტი შეაქო და აღნიშნა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.

“ის (ტოტი) ერთ-ერთი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთა შორის და ახლაც განაგრძობს უმაღლეს დონეზე თამაშს. ეს გასულ წელს გავაანალიზე, როდესაც მის წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ვფიქრობ, მას კიდევ 2-3 წლის მანძილზე შეუძლია ამ ფორმის შენარჩუნება. ეს ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, სამაგალითოა, რომ ასაკს მნიშვნელობა არა აქვს.

პირადად მე კარიერის დასრულებაზე არ ვფიქრობ. მოედანზე ჩემს თავს კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ვხედავ – მანამ, სანამ ჩემი სხეული ამას შეძლებს.”

ფრანჩესკო ტოტიმ საუკეთესო “რომაელი” თანაგუნდელი დაასახელა

იტალიური “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ ანტონიო კასანო საუკეთესო ფეხბურთლად დაასახელა, რომელთან ერთადაც ოდესმე “რომას” მაისურით უთამაშია.

შეგახსენებთ, რომ 40 წლის ასაკში მყოფმა ფრანჩესკომ თავისი სიცოცხლის 24 წელი სწორედ რომაულ გრანდს მიუძღვნა – ამასობაში მან რეკორდული რაოდენობის მატჩებში მიიღო მონაწილეობა (764) და ასეთივე რაოდენობის გოლი გაიტანა (306).

რაც შეეხება კასანოს, მსოფლიო ჩემპიონი კასანოსთან ერთად 2001-2006 წლებში თამაშობდა. 2003-04 წლების სეზონში კი ამ ორმა ფეხბურთელმა 34 გოლი შექმნა.

როდესაც საუკეთესო თანაგუნდელზე დაუსვეს კითხვა, ტოტიმ განაცხადა: “ტექნიკურად კასანო, რადგანაც ჩვენ ერთმანეთს ვავსებდით, მოედანზე ერთმანეთის მოძებნა ნებისმიერ მომენტში შეგვეძლო.

მასთან მოედნის გარეთაც საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა.

ჩვენ ვსაუბრობთ არა იტალიის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელზე, არამედ ევროპის, რადგანაც მისი ნიჭი მართლაც რომ ფენომენალური იყო.

შემდეგ კი მოდიან: გაბრიელ ბატისტუტა და ვინჩენსო მონტელა, რომლებმაც მსოფლიო ფეხბურთი შეცვალეს.” – განაცხადა ტოტიმ.

ტოტი: “რეალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი”

იტალიური “რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ, რომელსაც ახლახან 40 წელი შეუსრულდა, კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 2003 წელს ის ძალიან ახლოს იყო მადრიდულ “რეალში” გადასვლასთან.

“2003 წელს მადრიდში გადასვლას ვაპირებდი, მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთში არ ვყოფილვარ. მაგრამ, ჩემმა გულმა, მეგობრებმა და ოჯახმა მადრიდულ კარიერაზე უარი მათქმევინა.

მართლა არ ვიცი, როგორ მოვაღწიე აქამდე. ალბათ ეს იმის ბრალია, რომ ფეხბურთთან უდიდესი სიყვარული მაკავშირებს. შემეძლო წავსულიყავი, თუმცა ეს არ გავაკეთე.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს კოლეგებს, სპორტსი ჩაბმულ ყველა ადამიანს, რომლებიც მე ძალიან მეხმარებოდნენ. “

ფრანჩესკო ტოტი — 40 წელი

დღეს ლეგენდარულ იტალიელ ფეხბურთელ ფრანჩესკო ტოტის 40 წელი შეუსრულდა.

Totti1

ფრანჩესკო ტოტის “რომას” შემადგენლობაში დებიუტი 1993 წლის 28 მარტს, “ბრეშას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (0:2) ჰქონდა. მაშინ გუნდს ვუიადინ ბოშკოვი წვრთნიდა. 16 წლის ტოტი მოედანზე მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე შევიდა. სადებიუტო გოლი 1994-1995 წლების სეზონში “ფოჯას” კარში გაიტანა.

Totti2

ფრანჩესკო ტოტიმ კაპიტნის სამლკავური 1998-1999 წლების სეზონში, 22 წლის ასაკში ჩაიბარა. ზდენეკ ზემანის ხელმძღვანელობის პირობებში ტოტიმ თავი ნამდვილ ლიდერად წარმოაჩინა და 1998 წლის ოქტომბერში ბრაზილიელი ალდაირისგან ოფიციალურად ჩაიბარა კაპიტნის სამკლავური. იმ სეზონში ტოტი სერია А-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

Totti3

1996 წელს ფრანჩესკო ტოტი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ეროვნულ გუნდში კი დებიუტი 1998 წლის ოქტომბერში ჰქონდა. დინო ძოფმა 22 წლის ფეხბურთელი ევრო-2000-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში ბოლო ოცი წუთი ათამაშა.

ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ევრო-2000-ის ნახევარფინალურ მატჩში ტოტი მოედანზე ძირითადი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდა და ყველაფერი გააკეთა, რასაც მისგან მწვრთნელი მოითხოვდა: გააძლიერა თამაში და შემდეგ ანტონიო პანენკას სტილში გადამწყვეტი პენალტიც გაიტანა.

Totti5

ფრანჩესკო ტოტი ევრო-2000-ის ფინალური სტადიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, თუმცა ინდივიდუალური მიღწევა ფინალურ მატჩში საფრანგეთის ნაკრებთან განცდილმა დასანანმა მარცხმა დაჩრდილა.

2000-2001 წლებში ფრანჩესკო ტოტიმ პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი სკუდეტო მოიგო. იგი გაბრიელ ბატისტუტასთან და მარკო დელვეკიოსთან ერთად ჩემპიონი გუნდის შეუცვლელი ლიდერი გახლდათ. 1983 წლის შემდეგ პირველად “რომამ” სკუდეტო მოიგო. გუნდმა ჩემპიონის ტიტული “პარმას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში დაისკაუთრა, რომელიც “მგლებმა” ანგარიშით 3:1 მოიგეს, ჩესკომ მაშინაც გაიტანა. მას შემდეგ “რომა” არაერთხელ ყოფილა იტალიის ჩემპიონობასთან ახლოს, თუმცა 2001 წელს მოპოვებული წარმატება ჯერჯერობით მიუღწევლად რჩება.

ფრანჩესკო ტოტის კარიერაში არც იმპულსურ გამოხტომებს მოვისაკლისებთ. არასპორტული საქციელის გამო იტალიელს არაერთხელ მიუღია ყვითელი თუ წითელი ბარათი. ყველაზე დასამახსოვრებელი შემთხვევა კი ევრო-2004-ზე მოხდა, როდესაც ტოტიმ დანიელ ნახევარმცველ კრისტიან პოულსენს ზურგიდან შეაფურთხა. მომენტი ვერავინ შეამჩნია, თუმცა კადრი კამერების ობიექტივში მაინც მოხვდა და ტოტი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, იტალიის ნაკრები კი ჯგუფში ჩარჩა.

2006 წელს ფრანჩესკო ტოტი იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი ხდება. თავად ჩესკომ იმ გუნდში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი შეასრულა. ტოტიმ ტრავმა მუნდიალზე გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე მოიშუშა, ამიტომ ძველებურად თვალწარმტაცი არ ყოფილა, თუმცა ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრა მაინც დაიმსახურა. მალევე, 31 წლის ასაკში ტოტიმ სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილებაც მიიღო.

2006-2007 წლების სეზონში ფრანჩესკო ტოტი ოქროს ბუცის მფლობელი ხდება. იმ სეზონს პრობლემების გარეშე არ ჩაუვლია: ტრავმები, დისკვალიფიკაცია, გამოუყენებელი პენალტი, თუმცა გათამაშების ბოლოს ტოტის ოქროს ბუცის სახით ნამდვილი ტრიუმფი ელოდა. 50 მატჩში 32 გოლი გაიტანა და ევროპის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

Totti10

“ჯალოროსოს” ტიფოზებისთვის ფრანჩესკო ტოტი ნამდვილ ლიდერად ითვლება. ფეხბურთელსა და მწვრთნელებს შორის მომხდარი ნებისმიერი კონფლიქტის შემთხვევაში ფანებმა მხარი ტოტის დაუჭირეს. ტიფოზებმა მას “რომის იმპერატორი” შეარქვეს. ტოტის არაერთხელ ჰქონია ევროპის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები, თუმცა იგი “რომას” ერთგულად რჩება.

2014 წლის სექტემბერში ფრანჩესკო ტოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტის” გაუტანა და მორიგი უნიკალური რეკორდი დაამყარა. იგი გახდა ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ასაკოვანი მეგოლე, თანაც ეს მის პროფესიულ კარიერაში გატანილი მე-300 გოლი გახლდათ.

Totti12

2015 წლის იანვარი, “რომა” “ლაციოსთან” 0:2 აგებს. მეორე ტაიმში ფრანჩესკო ტოტი ორ გოლს იტანს და ანგარიშს ათანაბრებს, ერთ-ერთ გოლს კი ორიგინალურად აღნიშნავს: ფეხბურთელმა სელფი გადაიღო. გარდა ამისა, ტოტი რომაული დერბის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა (11 გოლი).

ფრანჩესკო ტოტი არამხოლოდ “რომას” ფანებს შორის არის პოპულარული. ჩემპიონთა ლიგის 2015-2016 წლების გათამაშებაში მადრიდის “რეალის” ინჩადა “სანტიაგო ბერნაბეუზე” იტალიელ ფეხბურთელს მქუხარე ოვაციით შეეგება.

Totti14

2016 წლის 8 მაისს ფრანჩესკო ტოტიმ სერია A-ში მე-600 მატჩი ჩაატარა. მას მხოლოდ ხავიერ ძანეტი (615 მატჩი) და პაოლო მალდინი (647 მატჩი) უსწრებენ. ტოტის იტალიის ჩემპიონატში 250 გოლი აქვს გატანილი და მხოლოდ სილვიო პიოლეს ჩამორჩება, რომელმაც თავის დროზე 274 გოლი მიითვალა. ზედიზედ 23 სეზონის განმავლობაში ტოტი ჩემპიონატში მინიმუმ ერთ გოლს მაინც იტანს.

Totti15

ფრანჩესკო ტოტი 40 წლისაა, კვლავ მოედანზეა, კვლავ “რომას” ფორმა აცვია და კვლავ იტანს გოლებს, თან აცხადებს, თუ კარგ ფორმაში ვიქნები, კარიერა რატომ უნდა დავასრულოო?! იქვე დასძენს, ბუცების ლურსმანზე დაკიდვის შემდეგ ფეხბურთიდან წასვლას არ ვაპირებო. “რომა” ტოტის და ტოტი ფეხბურთის გარეშე მართლაც წარმოუდგენელია.

ტოტი: “დღეს, ფეხბურთელები გულს აღარ უსმენენ, ისინი ფულს უფრო დასდევენ”

“რომას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ფრანჩესკო ტოტიმ მირალემ პიანიჩისა და გონსალო იგუაინის ქმედებები გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ორივე მათგანი “იუვენტუსში” გადაბარგდა.

“დღეს, ფეხბურთელები მომთაბარეებს უფრო გვანან. ისინი ფულს მისდევენ და გულს აღარ უსმენენ. ალბათ, სწორედ ეს არის განსხვავება ჩემსა და სხვა ფეხბურთელებს შორის.

საკუთარ გულისთქმას ბევრი სპორტსმენი არ მისდევს. მხოლოდ ფულზე რომ მეფიქრა, “რომადან” 10 წლის წინ წავიდოდი. ჩემთვის ეს ურთიერთობაა. საქმე ფულს არ ეხება.

ყოველთვის მიყვარდა ეს ფერები და ყოველთვის მინდოდა, ამ მაისურით მეთამაშა.” – განაცხადა 39 წლის ფეხბურთელმა.

ოფიციალურად: ფრანჩესკო ტოტიმ “რომასთან” გაახანგრძლივა

“რომას” ლეგენდამ, ფრანჩესკო ტოტიმ კლუბთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა, მიუხედავად იმისა, რომ მედია მასსა და ლუჩიანო სპალეტის შორის არსებულ კონფლიქტზე აქტიურად იწერებოდა.

“ძალიან მინდოდა, რომ ამ კონტრაქტზე ხელი მომეწერა. ეს ჩემი ოცნების რეალიზაციაა. ყოველთვის მინდოდა კარიერის ისე დამთავრება, რომ მხოლოდ ერთი გუნდის მაისური მცმოდა.

პრეზიდენტთან (ჯეიმს პალოტა) საუბრის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ გუნდში ერთობაა, რისი წყალობითაც წარმატებებს მივაღწევთ.” – განუცხადა იტალიელმა Roma TV-ს.

ტოტი: „ახალ კონტრაქტთან დაკავშირებული პაუზა ფულთან კავშირში არაა“

„რომას“ თავდამსხმელმა ფრანჩესკო ტოტიმ კლუბთან შესაძლო ახალი კონტრაქტის შესახებ ისაუბრა.

„ახლა ყველანი მოლოდინის პროცესში ვართ. მიხარია, ნათლად ითქვა, რომ ეს ფულის საკითხი არ არის.

დაკავშირებულია თუ არა ეს პაუზა კლუბში ჩემს მომავალ როლთან? უკომენტაროდ“, – ციტირებს ტოტის „Football-Italia“.

ტოტი რანიერის: „გილოცავ, ბოს“

„რომას“ კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ „ლესტერ სიტის“ მთავარ მწვრთნელს კლაუდიო რანიერის ინგლისის პრემიერლიგის მოგება მიულოცა.

„გილოცავ, ბოს. შენ ჩინებული იყავი და ეს ტიტული დაისმახურე“, – ციტირებს ტოტის „Football-Italia“.

რომში დაბადებული რანიერი „ტოტისთან“ ერთად „რომაში“ 2009 წლიდან 2011 წლამდე მუშაობდა.