რუმენიგე კომპენსაციას ითხოვს

ევროპული კლუბების ასოციაციის პრეზიდენტი და მიუნხენის “ბაიერნის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კარლ-ჰაინც რუმენიგე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ნოემბერ-დეკემბერში გადატანის ინიციატივას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი-2022 ყატარში გაიმართება, სადაც ივნის-ივლისში საკმაოდ ძლიერი სიცხეა. დღე-დღეზე უნდა დამტკიცდეს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ჩატარების ვადები. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება, რაც რიგი ევროპული ფედერაციების უკმაყოფილებას იწვევს, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათ თავიანთი ჩემპიონატების განრიგის შეცვლა მოუწევთ.

“მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა კალენდარი უნდა შეიცვალოს და მუნდიალის განრიგს მოერგოს. ევროპული კლუბები და ლიგები ამ ცვლილების შედეგად დაზარალდებიან. ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, რომ გამოიყოს კომპენსაცია, რომელიც მუნდიალის განრიგის შეცვლის შედეგად გამოწვეულ ფინანსურ ზარალს აანაზღაურებს”, – რუმენიგეს სიტყვებს ITV ციტირებს.

 

ფიფას აღმასკომის წევრი: “ყატარს მუნდიალის მასპინძლობის უფლებას ჩამოართმევენ”

ფიფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ტეო ცვანციგერმა ყატარისთვის მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების შესაძლო ჩამორთმევაზე ისაუბრა.

“ჩემი აზრით, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი ყატარში არ ჩატარდება. ექიმები ზაფხულში არსებული პირობების გათვალისწინებით ტურნირის ნორმალურად ჩატარების გარანტიას ვერ გვაძლევენ”, – ციტირებს ცვანციგერის სიტყვებს გერმანული გამოცემა “ბილდი”.

ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ ასტანაში გამართულ უეფას კონგრესზე განაცხადა, რომ ყატარში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ვადები 2015 წლის მარტში უნდა დადგინდეს.

 

მუნდიალის მასპინძლად ყატარის გამოცხადებით გაბრაზებულმა ბილ კლინტონმა სარკე ჩაამსხვრია

ბრიტანულმა გამოცემა „ტელეგრაფმა“ ნათელი მოჰფინა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ქვეყნად ყატარის გამოცხადების შემდეგ განვითარებულ ერთ საინტერესო ამბავს. თურმე, ფიფას გადაწყვეტლება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ძალზედ გაუბრაზებია.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, მას შემდეგ, რაც ციურიხში მდებარე ფიფას შტაბ-ბინაში 2022 წლის მუნდიალის მასპინძელ ქვეყნად ყატარი გამოაცხადეს, კლინტონს ბრაზი ვერ შეუკავებია, სასტუმროში დაბრუნებულს მაგიდიდან რაღაც აუღია, სარკისთვის გაურტყამს და ჩაუმსხვრევია.

„თავი დამცირებულად იგრძნო. თვლიდა, რომ ამ გადაწყვეტილებას აზრი არ ჰქონდა“, – წერს გაზეთი ანონიმური წყაროს სიტყვებს.

კლინტონი აქტიურად უჭერდა მხარს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობაზე აშშ-ის განაცხადს. შეერთებული შტატების 42-ე პრეზიდენტი არ მოელოდა, რომ მისი ქვეყანა ყატართან წააგებდა.

ბექა დოგრაშვილი

ბლატერის თქმით, მუნდიალის ყატარში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომაა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა აღიარა, რომ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყატარში გამართვის შესახებ გადაწყვეტილება შეცდომაა.

„კი ბატონო, ეს, რა თქმა უნდა, შეცდომა იყო, თუმცა თავადაც კარგად მოგეხსენებათ, რომ ადამიანი ცხოვრებაში შეცდომებს ხშირად უშვებს. ვერც გეოპოლიტიკურ ვითარებას გავექცევით“, – განაცხადა ბლატერმა ტელეარხ RTS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ფიფას ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ. ბლატერმა საზოგადოებას საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზისა და ყატარის ემირის შეხვედრა გაახსენა, რომელზეც უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინიც მიიწვიეს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მაისში ფიფას მორიგი საპრეზიდენტო არჩევნებია. ზეპ ბლატერს პოსტის შენარჩუნება სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტის პოსტისთვის ბრძოლაში მას უეფას ამჟამინდელი ხელმძღვანელი მიშელ პლატინი შეეცილება, რომელიც ბლატერის ყველაზე დიდ კონკურენტად სახელდება, თუმც ფიფას პრეზიდენტი ფრანგს  კონკურენტად არ მიიჩნევს.

„არ დაგავიწყდეთ, რომ ჩემი და პლატინის კარიერა ერთმანეთთან დაკავშირებულია. მიშელი ჩემი მოსწავლე იყო და 1998 წელს ფიფას პრეზიდენტად გახდომაში დამეხმარა. ჰკითხეთ, სურს თუ არა ჩემი პოსტის დაკავება. არა მგონია, „მამის მკვლელობის“ სურვილი ჰქონდეს. ვფიქრობ, ის ჩემს წინააღმდეგ არ წარადგენს კანდიდატურას“, – ამბობს ბლატერი.

ყატარის მუნდიალის ზამთარში გადატანის შესახებ დასმულ კითხვას ფიფას პრეზიდენტმა ასე უპასუხა: „ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გადატანა სრულიად შესაძლებელია“.

ბექა დოგრაშვილი

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი: „2022 წლის მუნდიალი 2023 წლის ზამთარში ჩავატაროთ“

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ვოლფგანგ ნირსბახი ფიფას 2022 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ჩატარებას 2023 წლის ზამთარში სთავაზობს. მიმდინარე წლის იანვარში მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ განაცხადა, რომ 2022 წლის მუნდიალის ივნის-ივლისში ჩატარება არ შეიძლება, რადგან წლის ამ პერიოდში ყატარში საშუალო ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსია.

„2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება რთული საქმეა. თუ ტურნირს 2022 წლის ზამთარში ჩაატარებენ, ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს დაემთხვევა. შესაძლოა, სხვა ვარიანტის განხილვაც ღირდეს – მაგალითად, ყატარის მუნდიალის 2023 წლის ზამთარში ჩატარება, თუნდაც ამან ტელეტრანსლაციებზე უფლებების მქონეთა უკმაყოფილება გამოიწვიოს“, – ნირსბახის სიტყვები „ფოკუსმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

სად ჩატარდება 2022 წლის მუნდიალის გახსნითი და ფინალური მატჩები

როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი ყატარში გაიმართება. ტურნირის გახსნითი და ფინალური მატჩები ქალაქ ლუსაილში ჩატარდება, რომლის მშენებლობაც 2006 წელს დაიწყო. მშენებლობის დასასრულს ქალაქის მაცხოვრებელთა რაოდენობა 455 000 ადამიანს უნდა აღწევდეს, ფართობის კი – 35 კვადრატულ კილომეტრს.

სწორედ ლუსაილის მთავარ სტადიონზე შედგება 2022 წლის მუნდიალის პირველი და ბოლო მატჩები. სხვა სტადიონების მსგავსად, ლუსაილის არენაც ეკოლოგიური იქნება: მზის ენერგეტიკის მეშვეობით გაგრილდება, ექნება ნახშირბადის ნულოვანი გამონაბოლქვი. სტადიონის ტევადობა 86 250 იქნება.

 

ბლატერი: „მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ“

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა განაცხადა, რომ 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ყატარში ჩატარებას საფრანგეთი და გერმანია ლობირებდნენ.

რომში გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ყატარში ჩატარება ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ეკონომიკურ ინტერესებში შედის.

„ფიფაზე ზეწოლას ორი ქვეყანა ახორციელებდა: საფრანგეთი და გერმანია. ჩემი აზრით, პირველ რიგში, ამ სახელმწიფოების მეთაურებმა უნდა ახსნან, რას ფიქრობენ ამ სიტუაციაზე. ფიფაზე ყველაფრის გადაბრალება ადვილია. ჩვენ ნაწილობრივ ვართ პასუხისმგებელნი ამ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ზეპ ბლატერმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ, ევროპარლამენტის დეპუტატებმა მსოფლიოს ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებს თხოვნით მიმართეს, რათა ფიფამ მკაფიო და ძლიერი სიგნალი გაუგზავნოს ყატარის მთავრობას 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის სტადიონების მშენებლობასთან დაკავშირებული დარღვევების გამო. ევროპარლამენტარების თქმით, ფიფას პასუხისმგებლობა მხოლოდ ტურნირის ჩატარებით არ შემოიფარგლება.

ბექა დოგრაშვილი

სტადიონი, ნავი თუ ქალის სასქესო ორგანო? (ვიდეო)

ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატამდე ჯერ კიდევ ადრეა, თუმცა სტადიონ „ალ ვაკრას“ პროექტი უკვე მზად არის.

სტადიონის პროექტის ავტორების ჩანაფიქრით, არენას ძველი ნავის ფორმა ექნება, რომელზეც მყვინთავებმა მარგალიტი აღმოაჩინეს. აღნიშნულ პროექტს კრიტიკოსები უკვე გამოუჩნდნენ, რომლებიც ამბობენ, რომ სტადიონს არა ნავის, არამედ ქალის სხეულის ნაწილის ფორმა აქვს.

გთავაზობთ არენის პროექტის ვიდეოგამოსახულებას.

 

 

ბლატერმა ყატარის მუნდიალის ჩატარების ოპტიმალური პერიოდი დაასახელა

დოჰაში გამართულ პრესკონფერენციაზე ფიფას პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა პირობა დადო, რომ 2022 წელს ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატი იმავე წელს დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს არ დაემთხვევა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელი სამხრეთ-დასავლეთ აზიის ქვეყანაში გასამართი მუნდიალის ჩატარების ოპტიმალურ პერიოდად ნოემბერ-დეკემბერს თვლის.

„ლოგიკურია მსოფლიოს ჩემპიონატის წლის ბოლოს ჩატარება. თუ ამ გადაწყვეტილებას  მივიღებთ, ტურნირი ნოემბერ-დეკემბერში გაიმართება. კონკრეტულ თარიღს ვერ გეტყვით, თუმცა ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი ნოემბრის 10 რიცხვიდან დეკემბერის 10 რიცხვამდე პერიოდში ჩატარდება“, – განაცხადა ბლატერმა.

ფიფას პრეზიდენტმა 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში ჩატარების ალბათობა გამორიცხა.

„მინდა, გითხრათ, რომ 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მიმდინარეობისას გარკვეულ სირთულეებს წავაწყდით. მაშინ ტურნირის ორგანიზატორები იაპონელები და სამხრეთ კორეელები იყვნენ. ამის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მუნდიალებს ერთდროულად ორი ქვეყანა აღარ უმასპინძლებს, მით უფრო – სამი. მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება მხოლოდ ერთ ქვეყანაში, რომელსაც ამ ტურნირის მიღება შეეძლება“, – აღნიშნა ზეპ ბლატერმა.

ყატარის მუნდიალის ჩატარების თარიღთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ მიიღებენ.

ბექა დოგრაშვილი

გაიმართება ყატარის მუნდიალი ზამთარში?

როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად მიმდინარეობს საუბრები 2022 წლის ყატარის მსოფლიოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვაზე. ევროპულ კლუბთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა უმბერტო განდინიმ განაცხადა, რომ ტურნირის ზაფხულიდან ზამთარში გადატანა თითქმის გარდაუვალია. გარდა მსოფლიოს ჩემპიონატისა, საუბარი მიმდინარეობს იმის შესახებაც, რომ 2021 წლის კონფედერაციის თასიც ზამთრის პერიოდში შედგება. ამრიგად, ევროპული ჩემპიონატების ხელმძღვანელებს სამი სეზონის განმავლობაში ტურნირების კალენდრის კორექტირება მოუწევთ: 2020/2021, 2021/22 და 2022/23.

2021 წლის კონფედერაციის თასისა და 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვის ვადები 3 და 4 ოქტომბერს გასამართ ფიფას სხდომაზე გადაწყდება.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მსოფლოს ჩემპიონატის ზამთარში გამართვაზე საუბრები ტურნირის მასპინძელი ქვეყნის გამოცხადებისთანავე დაიწყო. ტურნირის ვადების შეცვლის მთავარ მიზეზად ყატარის მაღალი ტემპერატურა სახელდება. ცნობისთვის, ზაფხულში ყატარში საშუალო ტემპერატურა ცელსიუსის შკალით 40-50 გრადუსს აღწევს, რის გამოც ამ დროს იქ ფეხბურთის თამაში ფაქტობრივად წარმოუდგენელია. ტურნირის ზამთარში ჩატარებას ემხრობა უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი, რომელსაც ფიფას ხელმძღვანელი ზეპ ბლატერიც შეუერთდა.

ბექა დოგრაშვილი