ქუთაისურ დერბი “ტორპედოს” გამარჯვებით დასრულდა

დღეს, ქუთაისის „ტორპედოს“ სავარჯიშო ბაზაზე „ბენდელას თასის“ ჯგუფური ეტაპის შეხვედრა გაიმართა, სადაც ქუთაისურ დერბიში ერთმანეთს ს/კ „ტორპედო“ და რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე ს/კ „ქუთაისი“(მწვრთნელი – როლანდ ცუცქირიძე) შეხვდნენ.

„ბენდელას თასზე“ გამართული წინა შეხვედრის მსგავსად „ტორპედოს“ დამრიგებელმა რევაზ ძოძუაშვილმა დღესაც შერეული შემადგენლობით ათამაშა მისი გუნდი. სიახლე იყო “ტორპედოს” კარის დამცველად მეკარე როინ კვასხვაძის გამოჩენა. ქუთაისური მატჩის ბედი კი მთლიანად თამაშის განმავლობაში განხორციელებულმა ერთმა საგოლე დარტყმამ გადაწყვიტა, რომლის ავტორი 76-ე წუთზე ბექა ტუღუში გახდა, ტორპედოელმა გოგიჩაიშვილთან გათამაშებული კედლის შემდეგ გაახვია ბურთი ბადეში. აღსანიშნავია, რომ ტორპედოელებმა მას შემდეგ შეძლეს დაწინაურება, რაც მსაჯმა მათ რიგებს თეიმურაზ მარკოზაშვილი მეორე ყვითელი ბარათის ჩვენების შემდეგ გამოაკლო. 1:0 „ტორპედოს“ გამარჯვებით.

„ტორპედო“: როინ კვასხვაძე, გურამ ადამაძე, ნიკა ხარაბაძე, ოლეგ მამასახლისი, ზურა გელაშვილი, ლევან ბერუაშვილი, ლევან მაჭავარიანი(ბექა ტუღუში 46), გოგი გოგიჩაიშვილი, დავით მეგრელიშვილი, თეიმურაზ მარკოზაშვილი, გიორგი ჭედია(გიორგი ხეცურიანი 20, ოთარ კვერნაძე 46).

„ქუთაისი“: ბექა ფანცხავა, გიგა ბერიშვილი, საბა თვალავაძე, რამაზ ხურციძე, გივი კოხრეიძე, გიგა ტვილდიანი, გიორგი მაღლაკელიძე(თამაზ გორგოძე 70), ირაკლი ანთია, გიორგი ბულისკერია, შალვა გაბუნია(გაგა ჯებაშვილი 46), თორნიკე შენგელია.

FCTorpedo.GE

“ზესტაფონმა” ნიკა საბანაძე და ზაზა ჭელიძე დაიმატა

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მორიგი მატებაა – მარგველთა რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა. 26 წლის მცველმა ზაზა ჭელიძემ და 22 წლის თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ ჩვენს კლუბთან ორწლიანი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმეს.

ორიოდე სიტყვით საქართველოს ორგზის ჩემპიონ ზემოიმელთა რიგებში მოსული ახალწვეულების შესახებ:

ზაზა ჭელიძე – ცენტრალური მცველი; დაბადებული – 12.01.1987; სიმაღლე – 187 სმ, წონა – 79 კგ.

”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ნორჩი დინამოელი” (თბილისი) – 2004-2005; “დილა” (გორი) – 2005-2006; “სიონი” (ბოლნისი) – 2006-2007; ”დინამო” (ბათუმი) -2007; “სიონი” (ბოლნისი) – 2008-2009; “ოლიმპი” (რუსთავი) – 2009; ”დინამო” (ბრესტი, ბელორუსი) – 2010-2011; ”მეტალურგი” (რუსთავი) – 2012; ”ტორპედო” (ქუთაისი) – 2012-2013.

***

ნიკა საბანაძე – თავდამსხმელი; დაბადებული – 02.05.1991; სიმაღლე – 188 სმ, წონა – 78 კგ.

ზაზა ჭელიძის მსგავსად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ნიკა საბანაძეც ქუთაისის ”ტორპედოში” ასპარეზობდა. ნიჭიერმა თავდამსხმელმა, რომელიც თბილისის საფეხბურთო სკოლა “ავაზას” აღზრდილია, ქუთათურ კლუბში გატარებული 3,5 წლის მანძილზე მონაწილეობა 92 შეხვედრაში მიიღო და თავი 23 გატანილი გოლით გამოიჩინა.

უნდა ითქვას, რომ ორივე ფეხბურთელს გია გეგუჩაძესთან აქამდეც უმუშავია – ქუთაისელთა შემადგენლობაში ჭელიძეც და საბანაძეც 2011-2012 და 2012-2013 წლებში ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

„დავით ნარმანიამ „ტორპედოსთვის“ ინვესტორის და დაფინანსების საკითხი საკუთარ თავზე აიღო“

ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ქუთაისის „ტორპედოს“ ინვესტორის და დაფინანსების საკითხი საკუთარ თავზე  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ აიღო, საინფორმაციო სააგენტო „პირWელი“ აქვეყნებს. როგორც ირკვევა, ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა განაცხადა, რომელიც გუშინ ფინანსთა, ეკონომიკისა და რეგიონული განვითარების მინისტრებს შეხვდა.

„მოგეხსენებათ, „ვისოლმა“ შეაჩერა „ტორპედოს“ დაფინანსება, მაგრამ მინისტრების გადაწყვეტილებით, ისინი მოლაპარაკებას გამართავენ „ვისოლის“ ხელმძღვანელობასთან, რადგან მინიმუმ სეზონის დასრულებამდე მოხდეს კლუბის დაფინანსება.

მოგეხსენებათ,  კლუბმა რომ იარსებოს, მინიმუმ თვეში 80 000 ლარი უნდა და სამწუხაროდ, „ვისოლის“ მიერ კლუბის დატოვების შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ქუთაისის ბიუჯეტი უკვე დამტკიცებული იყო, რის გამოც ადგილობრივი ბიუჯეტიდან კლუბის დაფინანსება ვერ მოხდება. ვიმედოვნებთ, რომ კომპანია „ვისოლი“ სეზონის ბოლომდე დააფინანსებს „ტორპედოს“, – ციტირებს მეფარიშვილის სიტყვებს სააგენტო.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლი“ „ტორპედოს“ 2010 წლიდან პატრონობს.

წყარო: pirweli.com.ge

19 დეკემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ზედიზედ მეორედ ეწვევა მცხეთის საფეხბურთო არენას, სადაც ამჯერად სტუმრის სტატუსით გამართავს ეროვნული ჩემპიონატის მე-18 ტურის და ამასთან, მიმდინარე წლის უკანასკნელ მატჩსაც, რომელშიც თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება. შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება და მის ინტერნეტ-ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

საქართველოს 2-გზის ჩემპიონ „ვიტ ჯორჯიას“ მისი დაარსებიდან დღემდე არასდროს დაუტოვებია უმაღლესი ლიგა, რაც ამ გუნდის ისტორიის ერთ-ერთი საპატიო ნაწილია. თბილისური კლუბი მისი ყველა ქართული ოპონენტისთვის, მათ შორის, რა თქმა უნდა, „ტორპედოსთვისაც“, უხერხულ მეტოქედ არის ჩამოყალიბებული, განსაკუთრებით კი ლიდერებისთვის. ამის დასტურია წინა ტურში თბილისის „დინამოსთან“ სტუმრად მოპოვებული სენსაციური, თუმცა დამსახურებული გამარჯვება(1:0), რითაც „ვიტ ჯორჯია“ სატურნირო ცხრილში დაგროვილი 22 ქულით ჩვენს გუნდს გაუთანაბრდა, რომელსაც გასულ ტურში ჩემპიონატის ბოლოადგილოსანთან განცდილი მარცხის დავიწყება მართებს…

ზურაბ ბერიძის გაწვრთნილებთან მიმდინარე ჩემპიონატის პირველი მატჩი ქუთაისში „ტორპედოს“ სამბურთიანი უპირატესობით დასრულდა – 4:1, გოლები: მერაბ გიგაური(პენ), თორნიკე კაპანაძე, გიორგი ფანცულაია, მათე ცინცაძე. თუმცა, სამართლიანობისთვის, უნდა ითქვას, რომ გუნდებს შორის ისეთი სხვაობა არ ყოფილა, როგორიც ეს ტაბლოზე დაფიქსირებულმა ციფრებმა აჩვენეს. აქვე იხილეთ 30 სექტემბერს ჩატარებული მატჩის პროტოკოლი – http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=209

გარდა იმისა, რომ დამდეგ პრინციპული ხასიათის შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისითაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ასევე, ორივე გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა, 2013 წლის დადებითი შედეგით დასრულება. ასე რომ, ვფიქრობთ, უკომპრომისო თამაში უნდა შედგეს.

ეროვნული ჩემპიონატების ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” თბილისის “ვიტ ჯორჯიას” (ეს გუნდი უმაღლეს ლიგაში გამოსვლის პირველი სეზონის პირველ წრეში “მორკინალი-კოდაკოს” სახელს ატარებდა) უმაღლეს ლიგაში 35-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 8-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 19 შეხვედრა მოიგო, “ვიტ ჯორჯიამ” 10, ფრედ კი, 14 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის უპირატესობაზე მეტყველებს 47:35.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 14 მოიგო, 14 ფრედ ითამაშა და 7 წააგო (ბურთები 41:27), ხოლო თასზე 5 მოიგო და 3 წააგო (ბურთები 6:8).

„ვიტ ჯორჯიასთან“ ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისური გუნდის მოგება ისტორიაში 2002 წლით თარიღდება – 3:0, „უმწარესი“ მარცხი კი 2005 წელს ქუთაისში, სათასო გათამაშებაში განვიცადეთ – 0:5.

ბოლოს კი „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ „ტორპედოს“ მეგოლეთა ვინაობებს და თითოეული მათგანის ანგარიშზე არსებულ რაოდენობას გთავაზობთ.

6 გოლი – ზურაბ იონანიძე

4 გოლი – გიორგი მეგრელაძე

3 გოლი – ზვიად ქუთათელაძე, ანდრეი პოროშინი

2 გოლი – მალხაზ ასათიანი, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, დავით გამეზარდაშვილი, ზურაბ მუშკუდიანი, გიორგი ბერიაშვილი

1 გოლი – შალვა ხუჯაძე, ირაკლი ვაშაკიძე, სევასტი თოდუა, ვახტანგ ხვადაგიანი, შოთა ბაბუნაშვილი, დავით ბოლქვაძე, ალექსანდრე კოშკაძე, ა. ფოფხაძე, კობა შალამბერიძე, რევაზ გოცირიძე, გიორგი კუხიანიძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი დათუნაიშვილი, ნიკა საბანაძე, ბექა ტუღუში, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, გიორგი ფანცულაია, მათე ცინცაძე.

FCTorpedo.GE

თორნიკე კაპანაძის ქუსლით გატანილი ბრწყინვალე გოლი ცხინვალის “სპარტაკის” კარში

5 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, ქუთაისის “ტორპედომ” საკუთარ მოედანზე ცხინვალის “სპარტაკი” მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, ერთადერთი გოლი თორნიკე კაპანაძემ ქუსლით, “ტორპედოელთა” კარგი კომბინაციის შემდეგ გაიტანა.

FCTorpedo.GE-ს ფოტო

“ტორპედო” გორში რთული გამოცდის მოლოდინში

30 ნოემბერს, ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-14 ტურის შეხვედრას სტუმრად თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გორის „დილასთან“ ჩაატარებს. 14:00 საათზე დასაწყისი თამაშის ტელე-ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადაიცემა, ინტერნეტ-ტრანსლაციას კი ჩვენი ვებ-გვერდი შემოგთავაზებთ.

მოგეხსენებათ, მიმდინარე ჩემპიონატში გუნდების პირველი ურთიერთშეხვედრა ქუთაისში გოლის გარეშე, მშვიდობიანი ანგარიშით – 0:0 დასრულდა. მოცემულ ბმულზე იხილეთ 17 სექტემბერს გამართული მატჩის პროტოკოლი -http://www.fctorpedo.ge/index.php?geo&game=206

გათამაშების ცხრილში გორელებს ყველანაირი მაჩვენებელი იგივე აქვთ, რაც ქუთაისელებს, რომლებსაც მხოლოდ უფრო უარესი ბურთების შეფარდების გამო უდგანან კვალში. მიუხედავად ანგარიშგასაწევი ძალისა, რაც „დილამ“ ბოლო საჩემპიონატო მატჩში ლიდერ თბილისის „დინამოსთანაც“ კიდევ ერთხელ დაამტკიცა(1:1), შიდაქართლელები ისე ვერ გამოიყურებიან, როგორიც საპრიზო ადგილებისთვის მებრძოლ გუნდს შეეფერება, რასაც მე-6 ადგილიც ცხადყოფს. არა და შემადგენლობიდან გამომდინარე, ალბათ, ჩვენი მომდევნო მეტოქის საუკეთესოთა შორის მოხვედრა არავის არ გაუკვირდება. ქუთაისელთა ახალგაზრდულ გუნდს რაც შეეხება, ზედიზედ მეოთხე წაგების მერე „ტორპედოს“ გორში ურთულესი გამოცდა ელის და ჟერარდ სარაგოსას „მოწაფეებიც“ საკუთარი გულშემატკივრების წინაშე რეაბილიტაციის მოსახდენად ყველაფერს გაიღებენ. სამწუხაროდ, დისკვალიფიკაციის გამო ისევ ვერ ითამაშებს ტორპედოელთა „ათიანი“ გიორგი კუხიანიძე, რომლის სასჯელსაც ვადა დამდეგი მატჩის შემდეგ გასდის.

აღსანიშნავია, რომ „ტორპედოს“ მსგავსად რამაზ სოლოღაშვილის გაწვრთნილი გუნდიც გავიდა ეროვნული თასის მეოთხედფინალში, მას შემდეგ, რაც პირველლიგელ ბათუმის „დინამოს“ სტუმრად გატანილი ბურთით აჯობა(1:0, 1:2).

აქვე გორულ გუნდთან „ტორპედოს“ სტატისტიკაც – პირველი ეროვნული ჩემპიონატის ჩატარების დღიდან, ქუთაისის “ტორპედო” (საწყის სამ ჩემპიონატში ჩვენი გუნდი “ქუთაისის” სახელით გამოდიოდა) გორის “დილას” უმაღლეს ლიგაში 45-ჯერ, ხოლო თასის გათამაშებაში 6-ჯერაა შენახვედრი. ამ მატჩების საერთო ბალანსი ასეთია: “ტორპედომ” 31 შეხვედრა მოიგო, “დილამ” 14, ფრედ კი 6 დამთავრდა. ბურთების შეფარდებაც ჩვენი გუნდის საგრძნობ უპირატესობას ადასტურებს – 104:54.
აქვე დავაკონკრეტებთ ჩემპიონატისა და თასის მონაცემებს. ჩემპიონატზე “ტორპედომ” 29 მოიგო, 5 ფრედ ითამაშა და 12 წააგო (ბურთები 96:49), ხოლო თასზე 3 მოიგო, 1 ფრედ ითამაშა და 2 წააგო (ბურთები 8:5).

ყველაზე დიდი ანგარიშით ქუთაისელებმა გორელები ანგარიშით – 8:3, პირველ ეროვნულ ჩემპიონატში დაამარცხეს, 1998 წელს კი ასევე ყველაზე დიდი ანგარიშით – 0:3 დამარცხდნენ. გასახსენებელია წინა ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში, ქუთაისში გამართული გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელშიც „ტორპედო“ ორჯერ აგებდა, თუმცა საბოლოოდ, ანგარიშით 5:4 დაამარცხა მეტოქე.

ქვემოთ „დილასთან“ შეხვედრებში „ტორპედოს“ ყველა გატანილი გოლის ავტორების ვინაობებს და თითოეული მათგანის ანგარიშზე არსებულ გოლთა რაოდენობას გთავაზობთ.

15 გოლი – გიორგი მეგრელაძე

13 გოლი – დავით ჯანაშია

6 გოლი – მიხეილ აშვეთია, ზაზა ვაჩიბერაძე

5 გოლი – ზურაბ იონანიძე

4 გოლი – მამუკა ხუნდაძე

3 გოლი – კახა კვეტენაძე, დავით გამეზარდაშვილი, გიორგი ფანცულაია

2 გოლი – მერაბ მეგრელაძე, გიორგი დარასელია, მირზა მაღლაკელიძე, გიორგი გაბიდაური, მიხეილ ბობოხიძე, ანდრეი პოროშინი, რობერტ ზირაქიშვილი, გიორგი ბერიაშვილი, გრიგოლ დოლიძე

1 გოლი – ალეკო დვალიშვილი, ვასილ შენგელია, ჯაბა წიკლაური, გრიგოლ თევზაძე, როსტომ თორღაშვილი, ივანე ჯუღელი, მალხაზ მორგოშია, მამუკა მანაგაძე, დავით ჩხეტია, გიორგი წიქარიშვილი, გიორგი სუხიაშვილი, ვასილ გიგიაძე, ლევან ქებაძე, გიორგი გოგიაშვილი, გრიგოლ იმედაძე, ჯონი შალამბერიძე, შოთა ჩომახიძე, გივი დიდავა, გიორგი ნერგაძე, ალექსანდრე კოშკაძე, გიორგი დარსაძე, რევაზ ჯიქია, თენგიზ უგრეხელიძე, დავით ბოლქვაძე, ლაშა შერგელაშვილი, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე.

FCTorpedo.GE

ჟერარდ სარაგოსა მულეტი: „დროა, რომ ნეგატიური სერია ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ“

მოგეხსენებათ, ქუთაისის „ტორპედო“ ეროვნულ ჩემპიონატში ჩატარებულ ბოლო სამ მატჩში ერთნაირი ანგარიშით 1:2 დამარცხდა, რაც 9-მატჩიან წაუგებელ სერიას მოჰყვა. ალბათ, გულშემატკივართათვის საინტერესო იქნება ჩვენი გუნდის ესპანელი მთავარი მწვრთნელის მოსაზრება ამ თემასა და მომავალ მატჩთან დაკავშირებით.

ჟერარდ სარაგოსა მულეტი: „პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ჩვენ არ ვართ ბედნიერები, რადგან ჩემპიონატში ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი მატჩი დავთმეთ. შევეცდები, რომ თითოეულ მარცხზე გავაკეთო მოკლე კომენტარი. მოგეხსენებათ, წაუგებელი სერია თბილისის „დინამოსთან“ მატჩში დავასრულეთ, რომელშიც მეტწილად არაჩვეულებრივად გამოვიყურებოდით, თუმცა ბოლო თორმეტ წუთში გაშვებული გოლებით დავმარცხდით. შემდეგ, „სპარტაკთან“ სათასო მატჩს დიდი ენერგია შევალიეთ, რამაც განაპირობა „ჩიხურასთან“ ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში ჩემპიონატში. ბოლოს კი, რუსთავში „მეტალურგთანაც“ არ გვითამაშია ცუდად, მეტოქემ ერთიანობაში ვერ გვაჯობა, თუმცა გამარჯვება მათ დარჩათ. ახალი საფეხბურთო სეზონის პირველი სანაკრებო პაუზისას უფრო გვიმართლებდა, მეორისას კი – ნაკლებად.

ველოდი თუ არა კარგი სტარტის შემდეგ ასეთ ნეგატიურ სერიას? სიმართლე გითხრათ, არ მქონდა წარმოდგენილი, თუმცა რა თქმა უნდა, ეს ფეხბურთია, ყველაფერი ხდება. დროა, რომ ჩვენს სასიკეთოდ შევცვალოთ ყველაფერი.

რაც შეეხება ამ ორკვირიან მოსამზადებელ პერიოდს, პირველ კვირას საკმაოდ ნაყოფიერი ვარჯიშები გვქონდა, რომლებშიც დუბლშემადგენლობიდან დავიმატეთ რამდენიმე ფეხბურთელი. იცით, რომ ჩვენი ბევრი მოთამაშე იყო საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, რამაც დადებითი შედეგი გამოიღო. ისინი უკვე შემოგვიერთდნენ და ტაბატაძის გარდა, მთლიანი გუნდით ვემზადებით „ზესტაფონისთვის“.

ჩვენს მომავალ მეტოქესთან პირველი წრის თამაშის შემდეგაც ვთქვი, რომ „ზესტაფონი“ ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საქართველოში, კარგი ფებურთელებით დაკომპლექტებული. სერბი დოსტანიჩის სახით საკმაოდ მაღალი დონის თავკაცი ჰყავდა, ახლა კი ახალი მწვრთნელის ხელში შეეცდება საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას. ყველანაირად უნდა ვეცადოთ და გულშემატკივრის დახმარებით ეს თამაში ჩვენს სასარგებლოდ დავამთავროთ, განსაკუთრებული იქნება ჩვენი ქომაგების მხარდაჭერის ფაქტორი“.

FCTorpedo.GE

ვაჟა ტაბატაძე: „სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია“

ვაჟა ტაბატაძე იმ ფეხბურთელთა შორისაა, ვინც ქუთაისური გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. 22 წლისას უკვე ბევრჯერ დაუმტკიცებია საფეხბურთო მოედანზე თუ რაოდენ საჭირო მოთამაშეა. დასანანია, რომ ამ ეტაპზე, „ტორპედო“ მის გარეშე ატარებს მატჩებს, გეცოდინებათ, მან მარჯვენა ფეხზე მენისკის ოპერაცია გაიკეთა. ეს მნიშვნელოვანი ქირურგიული პროცედურა 3 კვირის წინ, სტამბულში ჩატარდა, ახლა იგი სარეაბილიტაციო კურსს გადის, პარალელურად კი, მიუხედავად ყავარჯნებით სიარულისა, შეძლებისდაგვარად, „ტორპედოს“ ვარჯიშებსაც ესწრება და თანაგუნდელებთან სიახლოვეს არ კარგავს. მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩვენ თავად ვაჟას ვესაუბრეთ…

– როგორ შეაფასებ თურქეთში ჩატარებულ ოპერაციას?
– ძალიან კარგად, ვიცოდი, რომ მაღალი დონის სპეციალისტები მემსახურებოდნენ და სანერვიულო ნაკლებად მქონდა. როგორც ოპერაციამდე, ისე მის შემდეგაც, თითქმის, ყოველ წუთს ყურადღების ქვეშ ვიყავი. განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის შოთა არველაძის მიმართ, რომელმაც თურქეთში ყოფნისას ყველანაირი დახმარება გამიწია, რაც კი დამჭირდა. იქ ჩასვლისთანავე შოთასთან მივედით, რომელმაც მისი გაწვრთნილი „კასიმფაშას“ მთავარ ექიმს გამასინჯა და მეორე დღეს მანვე წამიყვანა კლინიკაში, სადაც გუნდის ექიმი ყოველდღე მოდიოდა მოსანახულებლად და ვითარების გასაკონტროლებლად, რისთვისაც უღრმესი მადლობა შოთას.

– როგორ მიდის სარეაბილიტაციო კურსი? ვხედავ, ყავარჯნებით დადიხარ, თავიდან ძალიან გაგიჭირდებოდა მათთან „დამეგობრება“…
– რასაკვირველია, სარეაბილიტაციო კურსებით გათვალისწინებულ პროცედურებს ზედმიწევნით ვასრულებ და თანდათან შედეგსაც ვგრძნობ. თვენახევარში კიდევ მომიწევს გასასინჯად თურქეთში ჩასვლა და ალბათ, იმ დროისთვის ყავარჯნებსაც მოვიშორებ, მართალია, მათ ტარებას ძნელად ვეგუები, მაგრამ სხვა რა გზაა?!

– ყოველდღიური რეჟიმი როგორი გაქვს?
– ძირითადად ვწევარ, დროგამოშვებით კი, სპეციალურ ვარჯიშებს ვაკეთებ. პირველად ვმკურნალობ ამგვარ ტრავმას და ცოტა არ იყოს, რთულია ჩემთვის ასეთი ცხოვრების წესი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მოთმენა მომიწევს. ორ დღეში განსხვავებული ტიპის ვარჯიშები ჩამომივა, რომელთა დანიშნულება უშუალოდ ტრავმირებული მუხლის აღდგენა იქნება.

– ვიცი, ერთი სული გაქვს, როდის ითამაშებ ფეხბურთს, თუ მკურნალობა ასევე კარგად გაგრძელდა, სავარაუდოდ, ვარჯიშის დაწყებას რამდენ ხანში შეძლებ?
– როგორც ვიცი, ეს ტრავმა ფეხბურთელებში საკმაოდ ხშირია და მათ მაგალითზე ვამბობ, რომ, სამწუხაროა, მაგრამ, ალბათ, მიმდინარე სეზონში ვეღარ დავეხმარები ჩემს გუნდს. მკურნალობის კარგად განვითარების შემთხვევაში, ღმერთის ნებით, ხუთ თვეში დავიწყებ ვარჯიშს.

– ბუნებრივია, ძალიან განიცდი ყოველივეს, როგორ ცდილობ ამ უსიამოვნების შემსუბუქებას? ვისი ან რისი დახმარებით?
– ამას, მარტო ჩემით ვერ მოვახერხებ, მეგობრები და ახლობლები გვერდში მიდგანან, რაც შეუძლიათ და მათზეა დამოკიდებული, ყველანაირად მეხმარებიან ამ მძიმე პერიოდის გადასატანად.

– რამდენად გრძნობ ჩვენი კლუბის ყურადღებას?
– სასიამოვნოა, რომ ყურადღება არ მაკლია და ყოველდღიურად ვგრძნობ კლუბის თანადგომას, თურქეთში „ტორპედოს“ აღმასრულებელ დირექტორ გიორგი პაპიაშვილთან ერთად ვიყავი და როგორც ის, ასევე, კლუბის სხვა ხელმძღვანელებიც დიდად დაინტერესებულნი არიან ჩემი მდგომარეობით. ასევეა გუნდის წევრებიც. ძალიან გამიხარდა, როცა გორის „დილასთან“ მატჩში ჩემი თანაგუნდელები ჩემს მხარდასაჭერ მაისურებში გამოვიდნენ მოედანზე.

– ქუთაისელ გულშემატკივრებში აქტუალურია შენი ტრავმის თემა. ისინი თვლიან, რომ „ტორპედოს“ ძალიან აკლიხარ…
– დიდი მადლობა თითოეულ მათგანს იმ ერთგული დამოკიდებულებისთვის, რასაც ჩემდამი იჩენენ. მთავარია, რომ, როცა გამოვჯანმრთელდები, საქმით გადავუხადო მადლობა.

– თვალს თუ ადევნებ „ტორპედოს“ თამაშებს და როგორ ფიქრობ, რა არის ბოლოდროინდელი ჩავარდნის მიზეზი?
– დიახ, სახლის თამაშებზე დავდივარ, გასვლით მატჩებს კი ინტერნეტის მეშვეობით ვუყურებ. ვფიქრობ, თბილისის „დინამოსთან“ მარცხმა, რომელმაც ძალიან ცუდად იმოქმედა გუნდზე, სათავე დაუდო დანარჩენ წაგებულ მატჩებს. მას მერე დაღლაც დაეტყო „ტორპედოს“, თუმცა მჯერა, მალევე დასრულდება ეს ჩავარდნა.

– დიდი მადლობა, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ.

FCTorpedo.GE

მწვრთნელებმა „დინამო“ – „ტორპედო“ შეაფასეს

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამო თბილისმა“ ცხრილის მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა. შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელტა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ, სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია გაიმართა.

დუშან უჰრინი: „ჩვენთვის ძალიან რთული მატჩი გამოდგა. მსაჯმა დაპირისპირების დებიუტში კაცი გაგვიგდო და ათი კაცით გავაგრძელეთ თამაში. პირველივე წუთებიდან გუნდს ტაქტიკურად გადაწყობა სჭირდებოდა ისეთ სქემაზე, რომ გუნდს ნაყოფიერად შეეტია და დაცვაშიც რიგიანად ეთამაშა. მეორე ნახევარი არც თუ ისე ცუდად დავიწყეთ, თუმცა ბოლო ოცი წუთი ბევრად უკეთესი თამაში ვაჩვენეთ. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი თამაში ვაჩვენეთ და საჭირო შეხვედრა მოვიგეთ. შეხვედრის მიწურულს მოედანზე „დინამო“ ათი კაცით დომინირებდა, კმაყოფილი ვარ ამ მოგებით. დღევანდელი საღამო ჩვენთვის სასიამოვნო რეზულტატით დასრულდა“.

ჟერარდ სარაგოსა: „პირველ რიგში ტორპედოს გულშემატკივარს მინდა მოვუბოდიში, ვინაიდან ისეთი თამაში ვერ ვაჩვენეთ, როგორიც გვინდოდა. დღევნდელ დაპირისპირებაში არა თუ სამი ქულა, არამედ ქულის აღებაც ვერ მოვახერხეთ. სამი–ოთხი თვეა რაც ტორპედოს ვხელმძრვანელობ და მგონი, უკვე ჩამოყალიბდა ძირითადი ბირთვი. გუნდის საშუალო ასაკი 21 წელი არის და დინამოსთან ტოლ–სწორად თამაში იმის დასტურია, რომ ჩვენი დაწყებული საქმე ნაყოფიერია. პირველი სამოცი წუთი კარგად ვითამაშეთ, ბოლოს კი დინამომ გამოცდილების ხარჯზე წარმატებას მიაღწია. ახლა ყველანი სპარტაკთან შეხვედრისთვის ვიფიქრებთ“.

მატჩის რევიუსა და ვიდეომიმოხილვის სანახავად გადადით ბმულზე: ქართული „კლასიკო“ „დინამომ“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო

 

ქართული „კლასიკო“ „დინამომ“ დრამატულ ბრძოლაში მოიგო

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურის ცენტრალური მატჩი „დინამო არენაზე“ შედგა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა „დინამო თბილისმა“ ცხრილის მეორეადგილოსან ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა.

მატჩი ძალიან საინტერესოდ დაიწყო. შეხვედრის მე-3 წუთზე ქუთათურთა თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიას მეკარესთან ერთი ერთზე გასვლის შესაძლებლობა მიეცა, თუმცა მასპინძელთა ცენტრალურმა მცველმა უსტარიცმა ოპონენტი საჯარიმოს გარე პერიმეტრზე ხელით დაიჭირა და წინსვლის საშუალება არ მისცა. მთავარმა არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ ეპიზოდი ბოლო იმედის ჯარიმად შეაფასა და „დინამოს“ ბასკ მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. თბილისური გუნდი მოედანზე ათი კაცის შემადგენლობით დარჩა, რამაც ბუნებრივია, „დინამოს“ გეგმები გარკვეულწილად შეცვალა.

კარგი მომენტი მიეცა „დინამოს“ მე-18 წუთზე: შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ჯაბა დვალმა წამოიწყო შეტევა, რომელმაც საჯარიმოს მისადგომებთან ჩისკო მოძებნა, ამ უკანასკნელმა თავით ბურთი ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფ დორინ გოგას დაუგდო, რუმინელის დარტყმულს მეკარე ადგილზე დახვდა.

შეხვედრის 22-ე ანგარიში გაიხსნა, სტუმრები დაწინაურდნენ: მერაბ გიგაურმა მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მართალია სტუმრებმა მეორე სართულზე ბრძოლა წააგეს, თუმცა ბურთი დავით უბილავას მიუვიდა, რომელმაც  საჯარიმოში ჩააბრუნა, იქ კი თორნიკე კაპანაძემ ერთი შეხებით, ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი გიორგი ლორიას კარში და გაიტანა კიდეც. ეს მიმდინარე ჩემპიონატში კაპანაძის რიგით მეხუთე გოლი გახლავთ.

უნდა ითქვას, რომ მატჩის პირველ ტაიმში ტერიტორიულ უპირატესობას ქუთაისელი ფეხბურთელები ფლობდნენ, მეტოქეს უბურთოდ ტოვებდნენ და დროსაც მშვიდ რითმში აკონტროლებდნენ, თუმცა გასახდელში გასვლის წინ „ტორპედომ“ ცივი შხაპი მიიღო. მთავარმა არბიტრმა საჯარიმოში ხელით თამაშის გამო სტუმართა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა. პენალტის შესრულება დვალმა ითავა, თუმცა მისი დარტყმის შემდეგ ბურთი კარს ზემოდან გადასცდა.

მატჩის პირველი ნახევარი „ტორპედომ“ ანგარიშით 1:0 მოიგო.

მეორე ტაიმი პირველი ნახევარი შედარებით მონოტონურ რითმში წარიმართა, მოედანზე ბევრი არც არაფერი ხდებოდა საინტერესო.

მეორე ტაიმის შუაწელს ორივე გუნდის ქომაგებმა პირო-ტექნიკითა და ფოიერვერკებით ლამაზი წარმოდგენა გვიჩვენეს, თუმცა კიდევ ერთხელ სათქმელია, რომ ეს ჩვენს ჩემპიონატში აკრძალულია.

77-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა „ტორპედოს“ კარის მიმართულებით კიდევ ერთი პენალტი დანიშნა. ამ ეპიზოდში ქუთაისელთა კიპერმა მაქსიმე ქვილითაიამ საკუთარ საჯარიმოში თბილისელთა ნახევარმცველი ელგუჯა გრიგალაშვილი წააქცია. თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ამჯერად ლევან ხმალაძე მივიდა, რომელმაც ანგარიში გაათანაბრა კიდეც.

მატჩის ბოლოს „ტორპედოს“ კიდევ ერთი კარგი შანსი მიეცა, როცა ლორიას კარის მიმართულებით ნიკა ახვლედიანმა „გაისროლა“, თუმცა მეკარემ ლამაზ ნატომში ბურთის მოგერიება მოახერხა.

მომენტი „დინამოსაც“ ჰქონდა: ხელსაყრელი პოზიციიდან შეცვლაზე სემოსული პატრიკ ვუო ურტყამდა, თუმცა ბურთს ადგილზე დახვდა დახვდა ქვილითაია.

მატჩის კულმინაცია კი 91-ე წუთზე მოხდა, როდესაც შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გველესიანმა მარჯვენა ფლანგიდან მოწოდებული კუთხურის შემდეგ თავით დაარტყა და „დინამო“ დააწინაურა – 2:1.

ასე დრამატულ ბრძოლაში გაიმარჯვა „დინამომ“, რომელმაც ლიდერის პოზიციები კიდევ უფრო გაიმყარა: თბილისურ გუნდს აქტივში 25 ქულა მოუგროვდა, მეორეადგილოსან „ტორპედოს“ კი 19 ქულა დარჩა. სატურნირო ცხრილის სრული ვერსიისა და მე-10 ტურის დანარჩენი მატჩების შედეგების ხილვა Fanebi.Com-ის საქართველოს განყოფილების გვერდზე შეგიძლიათ.

„დინამო“-„ტორპედო“ 2:1 (0:1)

„დინამო“: ლორია, უსტარიცი, კვარაცხელია, სეთურიძე, კვირკველია, ხმალაძე, ძარია (ვუო 77′), გოგა, მერებაშვილი, ჩისკო (გველესიანი 42′), დვალი (გრიგალაშვილი 58′).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი.

„ტორპედო“: ქვილითაია, მთივლიშვილი (გაბაძე 90′), ხიდეშელი, ჭელიძე, უბილავა, ცინცაძე, გიგაური, კუხიანიძე (ახვლედიანი 77′), საბანაძე, ფანცულაია, კაპანაძე (გოროზია 69′).
მთავარი მწვრთნელი: ჟერარდ სარაგოსა.

გოლები: ხმალაძე 78′ (პენ), გველესიანი 90+1′ კაპანაძე 22′.
გაფრთხილებები: სეთურიძე 51′ – მთივლიშვილი 45′, გიგაური 50′, ქვილითაია 78′, გოროზია 90+1.
გაძევება: უსტარიცი 3′.
გამოუყენებელი პენალტი: დვალი 45+1′.
მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია (თბილისი).

აქვე გთავაზობთ დღევანდელი მატჩის ვიდეომიმოხილვას.

ბექა დოგრაშვილი

დინამო VS ტორპედო – ბილეთები ინტერნეტით

26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის X ტურის შეხვედრას ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ელექტრონული ვერსიის შეძენა ინტერნეტის მეშვეობით – www.biletebi.ge-ზე შეგეძლებათ.

გაყიდვაშია ყველა ბილეთი გარდა I იარუსის, 4, 5, 6, 7, 8, 10 და მე-17 სექტორებისა.

ბილეთის ფასი: 2 ლარი.

12 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა

სიახლე: გაყიდვაშია აგრეთვე VIP Lounge-ის ბილეთები ლიმიტირებული რაოდენობით, ფასი 50 ლარი. (მოიკითხეთ არენის სალაროში)

FCDinamo.GE

დინამო VS ტორპედო – ურთიერთშხვედრები

შაბათს 26 მაისს დინამო თბილისი საკუთარ არენაზე ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპიდება. ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს” უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 56–ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 55 მატჩიდან, 26-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 90:54 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე გასულ სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეოარე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.

დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38:21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 4 მაისს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 4:0 დასრულდა. ქუთაისელთა კარში ორი გოლი გაიტანა ჯაბა დვალმა, თითო ბურთი კი მიკელ ალვარომ და პეტერ გრაიციარმა გაიტანეს. ტორპედოსთან მოგებული მატჩის შემდეგ დინამომ 2012/2013 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

FCDinamo.GE