რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ რობერტო მანჩინის კონტრაქტი გაუხანგრძლივა. მხარეებს შორის გაფორმებულ ახალ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2026 წელს გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლომდე ექნება.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი “სკუადრა აძურას” 2018 წლის მაისიდან თავკაცობს. ევროპის ჩემპიონატზე იტალიელები ჯგუფში შვეიცარიელების, თურქებისა და უელსელების წინააღმდეგ ითამაშებენ. ტურნირის გახსნითი შეხვედრა 11 ივნისს, რომის “სტადიო ოლიმპიკოზე”, თურქეთისა და იტალიის ნაკრებებს შორის გაიმართება.

მანჩინი: “ჩემთვის გაუგებარია, რატომ გაასხვისა გვარდიოლამ ჰარტი”

“მანჩესტერ სიტის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ გაასხვისა ხოსეპ გვარდიოლამ ჯო ჰარტი. შეგახსენებთ, რომ ინგლისელი მეკარე იჯარის წესით “ტორინოში” ითამაშებს.

“თითოეულ მწვრთნელს საკუთარი მოსაზრება გააჩნია, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ გაუშვა გვარდიოლამ გუნდიდან ჯო ჰარტი. “ტორინომ” შესანიშნავი მეკარე დაიმატა. ასაკის მიუხედავად, ჰარტს განვითარება კიდევ შეუძლია. სხვა მწვრთნელების გაკრიტიკება არ მიყვარს, მაგრამ გვარდიოლას გადაწყვეტილება გაუგებარია”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

“ინტერი” იაია ტურეს გაფორმებას კვლავ ეცდება

მილანის “ინტერი” შემადგენლობაში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

“ნერიაძური” ანდრეა რანოკიას გაყიდვას აპირებს, რომელმაც გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით გენუის “სამპდორიაში” ჩაატარა. მან “ბლუჩერკიატის” რიგებში 14 მატჩი ჩაატარა, ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო და ერთხელ მოედნიდანაც გააძევეს.

გარდა ამისა, “ინტერი” “მანჩესტერ სიტიდან” იაია ტურეს გადმობირებას კვლავაც ეცდება. 33 წლის კოტ დივუარელი ფეხბურთელით პირადად რობერტო მანჩინი გახლავთ დაინტერესებული.

მანჩინი: “ლავესიმ იცის, რა უნდა გააკეთოს შეტევაში, თუმცა იგი “პსჟ”-ის მოთამაშეა”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კლუბი “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ იაია ტურეთი და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელ ესეკიელ ლავესით არის დაინტერესებული. გარდა ამისა, იტალიელმა სპეციალისტმა წარმატებები უსურვა ფრედი გუარინს, რომელიც უახლოეს პერიოდში მილანურ გუნდს, სავარაუდოდ, დატოვებს.

“სატრანსფერო პერიოდში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იაია ტურე მაღალი კლასის მოთამაშეა და ამ დონეზე ითამაშებს კიდევ რამდენიმე წელიწადი, ვინაიდან ფიზიკურად შესანიშნავად არის მომზადებული. ლავესი თანამედროვე ტიპის ფორვარდია, რომელმაც იცის, რა უნდა გააკეთოს შეტევაში. შესაძლოა, მას ჩვენი გუნდისთვის რაღაც დაემატებინა, თუმცა ამ დროისთვის იგი “პარი სენ-ჟერმენის” მოთამაშეა.

რაც შეეხება გუარინს, ხანდახან ფეხბურთელი ხვდება, რომ გუნდში საკუთარი თავი ამოწურა. თუ იგი წავა, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, ხოლო თუ დარჩება, ჩვენი გუნდის მიზნისკენ სავალ გზაზე დიდ როლს შეასრულებს”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Goal.com-ი.

 

“ნაპოლის” თავკაცი: “შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო”

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს. მატჩის შემდეგ მანჩინიმ სარი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა. “ინტერის” დამრიგებელს მოგვიანებით სარიმ უპასუხა.

“მოედანზე ასეთი ინციდენტები ხდება ხოლმე. მასწავლეს, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მწვრთნელებმა ერთმანეთს ხელი უნდა ჩამოართვან. სტრესის გამო შესაძლოა, ნებისმიერი რამ მოხდეს, თუმც გასახდელში მანჩინის ბოდიში მოვუხადე და ეს ამბავი იქვე უნდა დასრულებულიყო.

ახლა ჰომოფობიასა და სხვა მიუღებელ გამოვლინებებში მადანაშაულებენ. უბრალოდ ენაზე ეს სიტყვა მომადგა და იმიტომაც ვთქვი. მომდევნო ჯერზე მანჩინის დემოკრატად მოვიხსენიებ. გეი მეგობრებიც მყავს, ასე რომ ჰომოფობი არ ვარ. დამსჯიან თუ არა დისკვალიფიკაციით? რატომ უნდა დამსაჯონ? ეს ჩვეულებრივი შეურაცხყოფაა. მანჩინიმ ბებერი არამზადა მიწოდა. გამოდის, რომ იგი მოხუცების მიმართ არის რასისტი? მე მას ბოდიში მოვუხადე, თუმც სინამდვილეში არც მახსოვს, რა ვუწოდე. შესაძლოა, ჩემი მხრიდან ჰომოფობიური გამოვლინება მართლაც იყო, მაგრამ იმ წუთებში აღშფოთებული ვიყავი და ყურადღებას არ ვაქცევდი, რას ვამბობდი. მანჩინის წინააღმდეგი არაფერი მაქვს. ასეთი ფაქტები სპორტში ხდება. არ ვიცი, ასე რატომ ეწყინა.

ვაღიარებ, რომ არასწორად მოვიქეცი, თუმცა სტადიონზე უარესებიც გამიგონია. თუ ეს სიტყვა მართლაც გამოვიყენე, ლგბტ საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი”, – მაურიციო სარის კომენტარი Football Italia-მ გამოაქვეყნა.

ამ ინციდენტის გამო “ნაპოლის” მთავარ მწვრთნელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია ემუქრება.

 

მანჩინიმ “ნაპოლის” თავკაცი რასიზმსა და ჰომოფობიაში დაადანაშაულა

იტალიის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ნაპოლისა” და მილანის “ინტერს” შორის გამართულ მატჩში (0:2) ინციდენტი მოხდა. როგორც “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი ამბობს, ნეაპოლიტანელთა თავკაცმა მაურიციო სარიმ შეხვედრის მიმდინარეობისას მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე კინაღამ ჩხუბამდე მივიდა. საბოლოო ჯამში კი, მანჩინი გააძევეს.

“სარი რასისტია, ასეთი ხალხი საფეხბურთო სამყაროდან უნდა გაყარონ. სარეზერვო მსაჯთან იმის გარკვევას ვცდილობდი, თუ რატომ დაამატა ხუთი წუთი, რის შემდეგაც ჩემთან სარი მოვარდა და გეი (დაცულია ცენზურა – ავტ.) მიწოდა. თუ ნამდვილი კაცები მისნაირები არიან, მაშინ ვამაყობ იმით, როგორიც ვარ.

თამაშზე საუბარს არ ვაპირებ. 60 წლის კაცისგან ასეთი ქცევა ნამდვილად სამარცხვინოა. შემდეგ გასახდელში შევხვდი და ბოდიშიც მომიხადა, მაგრამ მე მინდა, რომ იგი გულწრფელად წუხდეს იმით, როგორც მოიქცა. ინგლისში ასეთებს სათადარიგოთა სკამთან ნამდვილად არ გააჩერებდნენ”, – ციტირებს მანჩინის სიტყვებს Football Italia.

 

მანჩინი: “ინტერის” მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გუნდის წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი ამბობს, რომ “ნერიაძური” ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძოლებს.

“ახლა ლიდერთა შორის ვართ, მაგრამ სეზონი გრძელი და რთულია. ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ პოზიციები შევინარჩუნოთ. ამ სეზონში ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრაა. გასულ სეზონში რთული იყო სიტუაციის შეცვლა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, ორი-სამი გამოცდილი მოთამაშით. კიდევ უფრო მეტს ვითხოვ, მაგრამ ამ ფეხბურთელებითაც კმაყოფილი ვარ”, – მანჩინის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.

 

მანჩინი უკმაყოფილოა

იტალიის სერია A-ს მე-9 ტურში “პალერმომ” საკუთარ მოედანზე მილანის “ინტერი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ “ნერიაძურის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ აღნიშნა, რომ უკმაყოფილოა როგორც გუნდის თამაშით, ასევე ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგით.

“პირველ ნახევარში მეტოქემ რამდენიმე პრობლემა შეგვიქმნა. ცუდად ვმოქმედებდით როგორც დაცვაში, ასევე თავდასხმაში. შემდეგ სტევან იოვეტიჩმა თავისი ადგილი მონახა და თამაში შედარებით გამოვასწორეთ.

ახლა სატურნირო ცხრილში ლიდერთა შორის ვიმყოფებით, მაგრამ კმაყოფილები არ ვართ, რადგან გამარჯვება გვინდოდა. სამწუხაროდ, ეს არ გამოგვივიდა”, – განაცხადა მანჩინიმ “მედიასეტის” ეთერში.

 

მანჩინი: “ეს მარცხი არაფერს არ ცვლის”

იტალიის სერია A-ს VI ტურში მილანის “ინტერმა” “ჯუზეპე მეაცაზე” “ფიორენტინა” მიიღო და ანგარიშით 1:4 დამარცხდა.

მატჩის შემდეგ “ნერიაძურის” თავკაცმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ შეხვედრის დებიუტში განვითარებულმა მოვლენებმა საბოლოო შედეგზე გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია.

“მატჩი საშინლად დაიწყო. გოლი მე-4 წუთზე გავუშვით, შემდეგ კონტრშეტევაზეც დაგვიჭირეს, ამას გაძევება მოჰყვა. ამის შემდეგ თამაშის შემოტრიალება პრაქტიკულად შეუძლებელი აღმოჩნდა. ვულოცავ “ფიორენტინას”.

ამ მატჩამდე ღრუბლებში არ დავფრინავდით, ასე რომ ეს მარცხი ციდან მიწაზე არ დაგვანარცხებს. დღევანდელი წაგება ჩვენს სასეზონო მიზანს არ ცვლის”, – მანჩინის სიტყვები Football italia-მ გამოაქვეყნა.

 

მანჩინი: “იაია ტურეს “ინტერში” გადმოსვლა სურდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განაცხადა, რომ “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ იაია ტურეს “ნერიაძურიში” გადასვლამდე სულ ცოტა აშორებდა, თუმცა ფეხბურთელმა ტრანსფერის განხორციელებაზე უარი თქვა.

“ინტერს” ისე ვერცერთი ფეხურთელი ვერ გააძლიერებდა, როგორც – იაია ტურე. იგი უმაღლესი დონის მოთამაშეა. მისი ტრანსფერი “ინტერისთვის” წინ გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნებოდა. ტურე ჩვენთან გადმოსვლას დათანხმდა, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა.

გარდა ამისა, პაულო დიბალათიც ვიყავით დაინტერესებულნი, მაგრამ “იუვენტუსმა” გვაჯობა”, – მანჩინის კომენტარი “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

 

მანჩინი იტალიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია

იტალიურმა გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტმა” სერია A-ს გუნდებში მომუშავე მწვრთნელების ანაზღაურება გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა, იტალიაში ყველაზე მეტს მილანის “ინტერის” თავკაც რობერტო მანჩინის უხდიან. მისი წლიური ჯამაგირი 4 მილიონ ევროს შეადგენს.

ტურინის “იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი წელიწადში 3,5 მილიონ ევროს იღებს. “რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია სეზონში 2,8 მლნ ევროს გამოიმუშავებს.

“მილანის” თავკაცი სინიშა მიხაილოვიჩი წელიწადში 2 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო “ნაპოლის” დამრიგებელი მაურიციო სარი 800 ათასი ევროთი დაკმაყოფილდება.

სერია A-ში ყველაზე დაბალი ხელფასი “ემპოლის” თავკაც მარკო ჯამპაოლის აქვს, რომელსაც წელიწადში 200 ათას ევროს გადაუხდიან.

 

მანჩინი: “თუ ევროპის ლიგაზე ვერ მოვხვდებით, ამით “ინტერის” სიდიადე არ შეწყდება”

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი “სტადიო ოლიმპიკოზე” გაიმართება, სადაც რომის “ლაციო” ევროპის ლიგის საგზურისთვის მებრძოლ მილანის “ინტერს” მიიღებს. “ნერიაძურის” მთავარი მწვრთნელი რობერტო მანჩინი, რომელიც თავის დროზე “ლაციოს” ღირსებას მოთამაშის და მწვრთნელის ამპლუაშიც იცავდა, დამდეგ შეხვედრაში ღია, სანახაობრივ თამაშს ელის. მისი თქმით, დრო მოვიდა, მილანური გუნდები ძველ დონეს დაუბრუნდნენ და სკუდეტოსთვის იბრძოლონ.

“ორივე გუნდს დიდი მოტივაცია აქვს — “ლაციო” ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად, “ინტერი” კი ევროპის ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ჩვენ შორის დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო გამოდის ხოლმე. ვფიქრობ, ღია თამაში იქნება, ბევრი სახიფათო მომენტით.

“ინტერი” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევროპის ლიგაზე მოვხვდეთ. თუ ამას ვერ შევძლებთ, ამით “ინტერის” სიდიადე არ შეწყდება, მომდევნო სეზონშიც ვიბრძოლებთ მაღალი პოზიციებისთვის. გუნდმა თამაში გააუმჯობესა, კმაყოფილი ვარ ამ პროგრესით. ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელიც იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად და იტალიის ჩემპიონობისთვის. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულ დროს მოითხოვს. მჯერა, სწორ გზას ვადგავართ”, – მანჩინის სიტყვები Football Italia-მ გამოაქვეყნა.

მატჩი “ლაციოსა” და “ინტერს” შორის დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.