მეოთხედფინალის მიღმა დარჩენილმა გუნდებმა V-VII ადგილები გაინაწილეს. მე-5 ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს “შსს-აკადემია” და “რუსთავი” შეხვდნენ და გამარჯვება შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის გუნდს დარჩა.
არჩილ ჟღენტის გუნდის გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. შსს მეოთხედფინალიდან “ბათუმმა” გამოაგდო, რის შემდეგაც აკადემიელებმა საპრიზო ადგილებზე გასვლის შანსი დაკარგეს. ამის შემდეგ “შსს-აკადემიამ” პლეი აუტის ორივე თამაში იოლად მოიგო და მე-5 ადგილი დაიკავა.
მე-5 ადგილისთვის მატჩი დაძაბული ვერ გამოდგა. არჩილ ჟღენტის გუნდმა 113:89 დაამარცხა “რუსთავი”. აკადემიელებმა გუნდურად ითამაშეს – 6 კალათბურთელი ათქულიან ზღვარს ასცდა, ხოლო რუსთაველთაგან რევაზ ჩაჩანიე გამოირჩა 34 ქულით.
მე-7 ადგილისთვის მატჩში “ოლიმპმა” კიდევ უფრო დასუსტებულ “სოხუმს” 76:64 სძლია. ვაჟა კვარაცხელიას გუნდს ლატვიელი ვეტერანები ქომაგობდნენ, რომლებიც თბილისში სოხუმელთა მოწვევით ჩამოვიდნენ და ქართველ ვეტერანებთან ამხანაგურ მატჩს გამართავენ.
სოხუმელებს აკლდათ ტრავმირებული ირაკლი ჩლაიძე და რატი ბააკაშვილი. ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა და გუნდი, რომელმაც მიმდინარე სეზონში დუდუ დადიანისა და ქორქია-საკანდელიძის მემორიალების, ასევე საქართველოს თასის ფინალებში ითამაშა, “ოლიმპთან” დამაცხდა და საბოლოოდ მე-8 ადგილი დაიკავა.
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
შსს აკადემია-რუსთავი 113:89
არჩილ ჟღენტი(,,შსს აკადემიის’’ მთავარი მწვრთნელი): სეზონი დავამთავრეთ. მოგეხსენებათ, პირველი წრე ცუდად ჩავატარეთ. ამის შემდეგ ხელმძღვანელობის მხრიდან დავალება ხუთეულში შესვლა იყო და ეს პროგრამა მინუმუმი შევასრულეთ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სეზონი კარგად დავასრულეთ. როგორც მე, ასევე ბიჭებს უფრო მაღალი მიზნები გვქონდა. თუმცა შუა სეზონში გუნდის დალაგება საკმაოდ რთული იყო, ამას ტრავმებიც დაემატა და ვერ მოვასწარით ბოლომდე დაგველაგებინა გუნდი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბიჭებს და წარმატებები ვუსურვო. შეგვეძლო, უფრო მაღალი ადგილებისთვის გვეთამაშა, მაგრამ სპორტია და ყველაფერი ხდება. 2 წლის წინ, როცა კეცელიდისმა ჩაიბარა გუნდი, მე-5 ადგილი დავიკავეთ, 1 წლის შემდეგ კი, როცა გუნდი თავად მან გააკეთა, ჩემპიონები გავხდით. ასე იყო წელსაც, პირველ წრეში გუნდი მენეჯერებმა შექმნეს, მწვრთნელის აზრი არ იყო გათვალიწინებული და ამიტომ არ გვქონდა შედეგი. კიდევ ერთხელ მადლობას ვეტყვი ჩემს გუნდს.
ოთარ ხმელიძე(,,რუსთავის’’ მთავარი მწვრთნელი): მე-6 ადგილის დაკავება ჩვენი მაქსიმუმი იყო. არც ერთი შეკრება არ გაგვლილია, მედიკამენტებიც კი არ გვქონია, ამას ტრავმიანობა დაემატა, ვერ დავიმატეთ ის მოთამაშეები, რომლებიც გვინდოდა, რამდენიმე ლიდერმა დატოვა გუნდი და კიდევ ბევრი რამ მოხდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მე-6 ადგილი ურიგო არ არის. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, მოტივაცია არ გვქონდა, რადგან ვიცოდით, რომ ,,შსს აკადემიის’’ დამარცხება არ შეგვეძლო.
აკაკი ლომოური(,,შსს აკადემია’’): დავეთანხმები მწვრთნელს. მე-2 წრის შემდეგ სხვა მიზნები გვქონდა, თუმცა ვერ შევძელით ამის შესრულება. მადლობა ,,შსს აკადემიის’’ მთლიან კოლექტივს, მწვრთნელებს, ბიჭებს. ასევე მადლობას ვეტყვი სუპერლიგის ხელმძღვანელობას ასეთი ორგანიზებული ჩემპიონატისთვის. დღევანდელი თამაში შედეგიანი იყო და მოგება არ გაგვჭირვებია.
სოხუმი-ოლიმპი 64:76
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას, ნამდვილად კარგი გუნდია, თუმცა სეზონის დასაწყისში პრობლემები შეექმნათ, მათიაშვილმა, საქართველოში საუკეთესო ცენტრმა, 10 თამაში გამოტოვა, თუმცა მისი დაბრუნების შემდეგ გუნდმა სიურპრიზები შემოგვთავაზა. რაც შეგვეხება ჩვენ, მთელი ძალები ქუთაისის წინააღმდეგ თამაშმა წაგვართა, მათ ახლა ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ. ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად გადავიღალეთ და დღეს ვეღარ მოვიკრიბეთ ძალები. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, რომლებმაც ასეთი რთული სეზონი გაიარეს და 3 ტურნირის ფინალში ითამაშეს. თუ ,,ქუთაისმა’’ ჩემპიონატი მოიგო, საქართველოს თასის ფინალსაც ვითამაშებთ. კიდევ ერთხელ მადლობა მთლიანად ,,სოხუმს’’.
დავით თორთლაძე(,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელი): ტრაფარეტული იქნება თუ ვიტყვი, რომ სეზონი მოგებით დავასრულეთ. რიგმა მიზეზებმა განაპირობა ჩვენი გამარჯვება, ,,სოხუმს’’ წამყვანი მოთამაშეები აკლდა. თუმცა არც ჩემს ბიჭებს დავუკარგავ შრომას, ნამდვილად კარგად ითამაშეს და პრესტიჟის ამბავი იყო, რომ ,,მაკაბის’’ გარდა კიდევ რომელიმე გუნდისთვის მოგვეგო. მინდა მადლობა გადავუხადო ,,სოხუმს’’, მთელი სეზონი კალათბურთს ემსახურებოდნენ და ამას მხოლოდ ენთუზიაზმის და თავიანთი საქმის სიყვარულის ხარჯზე აკეთებდნენ. ყველას მისცემს მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს კალათბურთი.
რიჩარდ მათიაშვილი(,,ოლიმპი’’): მეც მადლობას ვეტყვი ,,სოხუმის’’ ბიჭებს ასეთი სეზონისთვის, ძალიან რთული პერიოდი გაიარეს და მომავალი წლიდან სიტუაცია აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. ჩვენც თავიდან სხვა გეგმები გვქონდა, თუმცა სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა. ალბათ, იღბალიც დაგვაკლდა. დღეს მოსაგებად გამოვედით და მადლობა ჩემს გუნდს და ბიჭებს კარგი თამაშისთვის.
დავით დეკანოიძე(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, მივულოცავ ,,ოლიმპს’’ გამარჯვებას და მადლობა მათ სოლიდარობისთვის. ამ თამაშს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ფაქტობრივად ბიჭებმა ჩვენი სიამოვნებისთვის ვითამაშეთ. მთელი ენერგია მეოთხედფინალურ სერიას შევალიეთ და დღეისთვის მომზადება საკმაოდ რთული იყო.
superleague.ge