სერხიო რამოსი: “ტოტი სამაგალითოა”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “რომას” წინააღმდეგ გამართული განმეორებითი მატჩის შემდეგ მაისური იტალიური კლუბის ლეგენდარულ ფეხბურთელს ფრანჩესკო ტოტის გაუცვალა, რითაც ესპანელი ფრიად ნასიამოვნები დარჩა.

“ახალგაზრდობაში ტოტის თამაში ძალიან მომწონდა. მატჩის შემდეგ მას მაისურის გაცვლა ვთხოვე და გავცვალეთ კიდეც.

ტოტის მაისური ადგილს, რა თქმა უნდა, ჩემს პირად მუზეუმში დაიდებს. ტოტი სამაგალითო ფეხბურთელია. იგი 40 წლისაა და ჯერ კიდევ თამაშობს უმაღლეს დონეზე”, – ციტირებს რამოსის სიტყვებს Goal.com-ი.

 

სერხიო რამოსი ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ესპანეთის ჩემპიონატის მე-20 ტურში “ხიხონის” წინააღმდეგ ჩასატარებელ მატჩში, სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა “დეპორტივოსთან” გამართული შეხვედრის (5:0) მიმდინარეობისას მიიღო. მან კანჭის კუნთები დაიშავა.

სერხიო რამოსმა ბოლო ვარჯიშზე ინდივიდუალური პროგრამით ივარჯიშა და მცირეა იმის ალბათობა, რომ მან კვირას გასამართ შეხვედრაში თამაში შეძლოს.

 

რამოსმა “რეალის” დაცინვისთვის პიკეს პასუხი მოსთხოვა

როგორც მოგეხსენებათ, ესპანეთის თასის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “კადისის” წინააღმდეგ გამართულ პირველ მატჩში (3:1) მადრიდის “რეალმა” დისკვალიფიცირებული დენის ჩერიშევი ათამაშა, რის გამოც “სამეფო კლუბი” შესაძლოა, ტურნირიდან მოხსნან.

ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა “ბარსელონას” მცველი ჟერარ პიკე, რომელმაც “რეალის” მიმართ დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა.

კატალონიური გუნდის ფეხბურთელის ეს რეაქცია არ მოეწონა “ბლანკოსის” მცველ სერხიო რამოსს. როგორც ესპანური რადიოსადგური Onda Cero იტყობინება, ამ უკანასკნელს პიკესთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა და მას პასუხიც მოსთხოვა.

წყაროს ცნობით, პიკემ ასეთი პასუხი გასცა: “შენ მე მიცნობ. ეს ფაქტი სასაცილოდ მეჩვენა”.

სერხიო რამოსი ამ პასუხით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვერ დარჩებოდა.

 

სერხიო რამოსმა საუკეთესო თანაგუნდელები გამოარჩია

მადრიდის “რეალის” ცენტრალურმა მცველმა სერხიო რამოსმა თანაგუნდელებთან დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა და ის ფეხბურთელები დაასახელა, ვისთანაც ყველაზე კარგი ურთიერთობა აქვს.

“ჩემს ყველა თანაგუნდელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თუ ვინმე უნდა გამოვყო, მაშინ მარსელოს, ლუკა მოდრიჩსა და კრიშტიანუ რონალდუს დავასახელებ.

რაც შეეხება იკერ კასილასს, მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. იგი უფრო მეტია, ვიდრე თანაგუნდელი, კასილასი ჩემი მეგობარია”, – რამოსის კომენტარი A bola-მ გამოაქვეყნა.

 

სერხიო რამოსი მინიმუმ ექვსი კვირა ვერ ითამაშებს

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XI ტურში “სევილიასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში “სამეფო კლუბის” მცველმა სერხიო რამოსმა “მაკრატელა” დარტყმით გახსნა. ამ ეპიზოდში 29 წლის ფეხბურთელი ცუდად დაეცა, მხრის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა.

როგორც აღმოჩნდა, ეს ტრავმის რეციდივია და შესაძლოა, რამოსს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს. წინასწარი ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელი მინიმუმ ექვსი კვირა ვერ ითამაშებს.

 

სერხიო რამოსმა “მაკრატელა” გოლის გატანისას ტრავმა მიიღო (ვიდეო)

ესპანეთის პრიმერადივიზიონის XI ტურში “სევილიასა” და მადრიდის “რეალს” შორის მიმდინარე მატჩის 22-ე წუთზე ანგარიში “სამეფო კლუბის” მცველმა სერხიო რამოსმა “მაკრატელა” დარტყმით გახსნა. ამ ეპიზოდში 29 წლის ფეხბურთელი ცუდად დაეცა, მხრის ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. მის ნაცვლად მინდორზე რაფაელ ვარანი გამოვიდა.

სერხიო რამოსმა თავის ორეულზე იხუმრა (ფოტო)

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი სერხიო რამოსი, რომელიც ესპანეთის პრიმერადივიზიონში ერთ-ერთ ყველაზე საიმედო მცველად ითვლება, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოს გამოეხმაურა. ერთ-ერთმა გულშემატკივარმა ტენერიფეში მდებარე სუპერმარკეტში სერხიო რამოსის ორეული დაცვის თანამშრომელი შენიშნა, ფოტო გადაუღო და შემდეგ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ესპანელი ფეხბურთელი ფოტოს იმავე დღესვე გამოეხმაურა.

“ოფიციალურად უარვყოფ ინფორმაციას, თითქოს კონტრაქტი სუპერმარკეტ “მერკადონასთან” გავაფორმე”, – დაწერა რამოსმა.

რამოსის ორეული

 

წყარო: პერესმა დაადასტურა, რომ დე ხეა “რეალში” გადავა

მადრიდის “რეალის” პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი ყატარში სპორტულ ტელეარხ beIN Sports-ის ხელმძღვანელს, მაროკოელ ჟურნალისტ მოჰამედ ამორს შეხვდა. ჟურნალისტმა “სამეფო კლუბის” ხელმძღვანელს საინტერესო ინფორმაცია დასტყუა.

მხარეებს შორის შემდგარ დიალოგს სოციალურ ქსელ Facebook-ზე არსებული გვერდი Peña Casa Madridista ასაჯაროებს, რომელიც “რეალის” მაროკოელ ქომაგთა გვერდია. როგორც Peña Casa Madridista წერს, მათ ინფორმაცია თავად მოჰამედ ამორმა მიაწოდა, რომელიც მათივე ფანკლუბის საპატიო წევრია.

წყაროს თანახმად, მოჰამედ ამორმა პერესს დავიდ დე ხეას შესაძლო ტრანსფერზე ჰკითხა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: “განვახორციელეთ”.

ამავდროულად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “რეალმა” და “პორტუმ” იკერ კასილასის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწიეს და უახლოეს საათებში ესპანელი მეკარე “დრაკონებთან” კონტრაქტს გააფორმებს.

Perez - Ammor

ჟურნალისტმა პერესს გუნდში სერხიო რამოსის დარჩენა-არდარჩენის შესახებაც დაუსვა კითხვა. “სამეფო კლუბის” პრეზიდენტმა უპასუხა:

“არ ვიცი… პრინციპში რამოსი დარჩება”.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსს “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება სურდა.

გარდა ამისა, ფლორენტინო პერესმა ისიც გაამჟღავნა, რომ ტურინის “იუვენტუსისა” და ჩილეს ნაკრების ნახევარმცველი არტურო ვიდალი “რეალში” არ გადავა.

 

“სერხიო რამოსი “ბარსელონაში” არასდროს არ ითამაშებს”

მადრიდის “რეალის” მცველის, სერხიო რამოსის ძმამ, რომელიც ამავე დროს, მისი აგენტიცაა, უარყო ხმები იმის შესახებ, რომ შესაძლოა, ესპანელი ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადავიდეს.

შეგახსენებთ, რომ კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო კანდიდატი ჟორდი მახო გამარჯვების შემთხვევაში, ფანებს რამოსის შეძენას ჰპირდება.

“სერხიო რამოსი “ბარსელონაში” არასდროს არ ითამაშებს”, – ციტირებს ფეხბურთელის ძმის სიტყვებს “მარკა”.

 

მცველებს შორის საუკეთესო ბომბარდირები

ესპანეთის პრიმერადივიზიონის 32-ე ტურში მადრიდის “რეალმა” “მალაგა” ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

პირველი გოლი “სამეფო კლუბის” მცველმა სერხიო რამოსმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს მე-40 გატანილი ბურთია (აქედან 26 გოლი თავით გაიტანა). რამოსი ევროპის ტოპ-ხუთი ჩემპიონატიდან ბოლო ათწლეულის საუკეთესო ბომბარდირია მცველებს შორის.

ბოლო ათწლეულის საუკეთესო ბომბარდირები მცველებს შორის:

1. სერხიო რამოსი (“რეალი”) – 40 გოლი (26 – თავით)
2. ნალდო (“ვოლფსბურგი”) – 37 (16)
3. კრისტიან მაჯო (“ნაპოლი”) – 31 (10)
4. ჯონ ტერი (“ჩელსი”) – 27 (19)
5. ჰაიკო ვესტერმანი (“ჰამბურგი”) – 26 (12)
6. ლეიტონ ბეინსი (“ევერტონი”) – 26 (0)
7. მარსელ იანსენი (“ჰამბურგი”) – 24 (1)
8. ხავი მარტინესი (“ბაიერნი”) – 23 (16)
9. სებასტიან პიუგრენიე (“ოსერი”) -23 (12)
10. ჟოან კაპდევილა (“ლერსი”) – 23 (5)

 

სერხიო რამოსი: “ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც მიმუშავია”

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა განაცხადა, რომ კლუბის ამჟამინდელი თავკაცი კარლო ანჩელოტი ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, ვისთან ერთადაც ოდესმე უმუშავია.

“ანჩელოტი ფეხბურთელებს ესაუბრება, პრობლემებს მშვიდად აგვარებს. ის ყველანაირად გვეხმარება როგორც პროფესიულ დონეზე, ასევე პირად ცხოვრებაში. აი, ეს არის წარმატების ნამდვილი გასაღები. ის დიდებული მწვრთნელია.

ლუის არაგონესსა და ხოაკინ კაპაროსსაც სჯეროდათ ჩემი მაშინ, როცა ჩემ მიმართ ნდობას არავინ გამოხატავდა. მე ფანტასტიური მწვრთნელები მყავდა, ხოლო ანჩელოტი საუკეთესო სამეულში შედის”, – სერხიო რამოსის სიტყვები ფიფას ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

სერხიო რამოსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა

მადრიდის “რეალის” მცველმა სერხიო რამოსმა, რომელმაც “სევილიას” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (2:1) ტრავმა მიიღო, სამედიცინო შემოწმება გაიარა. “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ესპანელი მცველი მოედანზე დაბრუნებას ხუთი კვირის შემდეგ შეძლებს.

“რამოსის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა. იგი ხუთ კვირას გამოტოვებს, თუმცა ნაჩოსა და ვარანის იმედი გვაქვს. ისინი კარგი ფეხბურთელები არიან, რომლებიც დიდი ენთუზიაზმით თამაშობენ”, – ანჩელოტის სიტყვებს საფეხბურთო ინტერნეტგამოცემა Goal.com-ი აქვეყნებს.