რამოსი: „სამი მცველით არ უნდა ვთამაშობდეთ“

ესპანეთის ნაკრების მცველმა სერხიო რამოსმა საქართველოსთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა სამი მცველით არ უნდა ითამაშოს.

„ჩვენ თამაშის გარკვეული ფილოსოფია გვაქვს, რომლის შეცვლაც საჭირო არ არის. ბელორუსთან შეხვედრაში დელ ბოსკეს ტაქტიკის შეცვლა მოუწია, რადგან თამაში არც ისე ადვილი გამოდგა. ეს სისტემა ჩვენთვის უცხოა. ამიტომაც სჯობს, კვლავ ოთხი მცველით ვითამაშოთ“, – თვლის რამოსი.

ალექსანდრე მატევოსოვი

მდიდარი კლუბები სერხიო რამოსის გადაბირებას შეეცდებიან

Punto Pelota-ს ცნობით, მადრიდის „რეალის“ მცველით სერხიო რამოსით ერთდროულად სამი კლუბია დაინტერესებული. გამოცემის მტკიცებით, ესპანეთის ნაკრების წევრის შეძენაზე „მანჩესტერ სიტის“, ლონდონის „ჩელსისა“ და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელები ფიქრობენ.
ზემოხსენებული კლუბები სერხიოს წლიური ხელფასის სახით 7-9,5 მილიონ ევროს შესთავაზებენ.
ამავე დროს, სავარაუდო ტრანსფერის ფასი ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ აქამდე „სამეფო კლუბის“ მენეჯერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ისინი თავისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გაყიდვას არ გეგმავენ.
ალექსანდრე მატევოსოვი

სერხიო რამოსის ეფექტური გოლი ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე

მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა ესპანეთის ნაკრების ვარჯიშზე ეფექტური გოლი გაიტანა.

იოზილის ტრანსფერი და განსხვავებული ემოციები

მოგეხსენებათ, მესუთ იოზილი მადრიდის „რეალიდან“ ლონდონის „არსენალში“ გადაბარგდა. ჩრდილოლონდონურმა კლუბმა გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 42.5 მილიონი ფუნტი გაიღო. აღსანიშნავია, რომ იოზილი ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებული გერმანელი ფეხბურთელი გახდა. მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. აღნიშნულმა ტრანსფერმა არაერთგვაროვანი ემოციები გამოიწვია – მადრიდელები იოზილს მისტირიან, ლონდონელები კი სიხარულს ვერ მალავენ.

„არსენალის“ თავდამსხმელი თეო უოლკოტი გუნდში მესუთ იოზილის მისვლით ბედნიერია. ინგლისელ ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ იოზილი კლუბს კიდევ უფრო გააძლიერებს.

„დიდებული ამბავია. მის წინააღმდეგ ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრების რიგებში მითამაშია. მაშინ მან თავისი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინა. იოზილი თავის დონეს ამ დრომდე გვიჩვენებს. ის გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. მოუთმენლად ველი მასთან ერთად თამაშს“, – განაცხადა უოლკოტმა.

„რეალის“ მცველი სერხიო რამოსი კი მიიჩნევს, რომ „სამეფო კლუბს“ თუ ვინმე უნდა შეენარჩუნებინა, ეს, პირველ რიგში, სწორედ იოზილი იყო.

„ის შესანიშნავი თანაგუნდელი და კარგი მეგობარი იყო. იოზილი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ამ ტრანსფერის გადაწყვეტა ჩემზე რომ ყოფილიყო დამოკიდებული, მესუთი  უკანასკნელი იქნებოდა, რომელიც „რეალს“ დატოვებდა. სამწუხაროდ, კლუბმა სხვაგვარად გადაწყვიტა. რას ვიზამთ?! მას წარმატებებს ვუსურვებ. მასთან განსაკუთრებული გრძნობები მაკავშირებს. ის მართლაც უნიკალური ფეხბურთელია. ამ ტრანსფერით იმედგაცრუებული დავრჩი“, – ციტირებს რამოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა „მარკა“.

ცნობისთვის, იოზილი „არსენალში“ 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ბექა დოგრაშვილი