მიმდინარე წლის 24 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, ახალი სეზონისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად, ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ავსტრიული ალპების კარგად ნაცნობ გარემოში საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.
თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ მარგველები ტიროლის მხარის ქალაქ ზანქტ-იოჰანიდან ჩრდილოეთით სულ რაღაც 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო ”Das Seiwald ”-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმროს სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი. უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებისას, იმერლები სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ…
ალპურ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კიევის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონ, სსრკ-ს თასის 9-გზის და უკრაინის თასის 10-გზის მფლობელ, უეფას თასების მფლობელთა თასის 2-გზის და უეფას სუპერთასის მფლობელ კიეველებთან იმერელთა დაპირისპირება 26 ივნისს გაიმართება.
თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 30 ივნისს ჩაატარებენ. ჩვენი მეტოქე ამჯერადაც უკრაინული ფეხბურთის წარმომადგენელი – უკრაინის 9-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი, უეფას ევროპალიგის 2009 წლის გამარჯვებული, დონეცკის საფეხბურთო კლუბი “შახტარი” იქნება. ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება, ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ავსტრიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები რუმინული “ბოტოშანის” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი რუმინეთის ჩემპიონატის მერვე გუნდთან 6 ივლისსაა დანიშნული. წლევანდელი ალპური “ვოიაჟის” დასკვნითი, რიგით მეხუთე სპარინგი კი 9 ივლისს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ დაპირისპირებაში “ასტერას ტრიპოლისთან ” მოსინჯავენ ძალებს.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური