“დინამოს” პრეზიდენტი: “იარმოლენკოს შეუძლია წავიდეს, თუმცა არა ისეთ კლუბებში როგორებიც “ევერტონი” და “სტოკია”

“დინამო კიევის” პრეზიდენტის თქმით, ის მზადაა გაუშვას უკრაინელი ვარსკვლავი კლუბიდან, თუმცა აღნიშნავს, რომ მას ისეთ კლუბებში არ გაუშვებს, როგორიც “სტოკ სიტი” ან “ევერტონია”.

“დარწმუნებული არ ვარ, რომ იარმოლენკო კლუბს ზაფხულში დატოვებს. გასულ წელთან შედარებით, სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. მაგალითად, დორტმუნდის “ბორუსიამ” მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 2 დღით ადრე წამოიწყო.

შეთანხმებას იმ შემთხვევაში მივაღწევთ, თუ წინადადებით როგორც იარმოლენკო, ასევე “დინამოც” კმაყოფილი იქნება. მე მას გავუშვებ, თუმცა არა ისეთ კლუბებში, როგორებიც “ევერტონი” და “სტოკ სიტია”.

“დინამო” “დინამოა” და “სტოკ სიტი” “სტოკი”. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვთამაშობთ, “სტოკი” კი გადარჩენისთვის იბრძვის.

მე, როგორც კლუბის პრეზიდენტი, ვაცხადებ, რომ ზამთარში შემოთავაზება ჩინური კლუბისაგან მივიღე, თუმცა იარმოლენკო შეხვედრაზეც კი არ მოსულა. მან მითხრა, რომ გერმანულ ან ინგლისურ კლუბში სურდა კარიერის გაგრძელება.

მაგრამ, მოლაპარაკებები მხოლოდ ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დაიწყება. მჯერა, რომ იქ ისინი თავის შესაძლებლობებს სრულფასოვნად წარმოაჩენენ.

26 წლის ასაკში დროა ტოპ კლუბში გადახვიდე. ის ტოპ ფეხბურთელია და თავისი თავი ტოპ კლუბში უნდა გამოსცადოს.” – განაცხადა სურკისმა.

მალიშევი: “იარმოლენკო წაგებას ვერ შეეგუა, ამიტომაც წამოიწყო ჩხუბი”

უკრაინული “შახტარის” ნახევარმცველმა, მაქსიმ მალიშევმა კომენტარი გააკეთა “შახტარისა” და “დინამოს” შორის გამართულ მატჩში მომხდარ ჩხუბზე, რომელშიც კიეველთა ლიდერი, ანდრეი იარმოლენკო ფიგურირებდა.

“იარმოლენკო უბრალოდ ვერ შეეგუა წაგებას, ამიტომაც წამოიწყო ჩხუბი.

მანამდე მან სტეპანენკოს მაისურზე მოქაჩა, თუმცა შემდეგში ბოდიში მოიხადა და უთხრა, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ახლა კი ყველასათვის ნათელია, რომ ეს შემთხვევითობა არ ყოფილა.

მინდა ძალიან ბევრი რამ ვთქვა, თუმცა ეს ამ სიტუაციას კიდევ უფრო გაამძაფრებს.” – განუცხადა მალიშევმა უკრაინულ ტელეკომპანიას.

ვიდეოს სანახავად დააკლიკეთ აქ!

ლენსი: “არ ვფიქრობ, რომ ცუდი შედეგია”

“დინამოს” თავდამსხმელმა, ჯერმეინ ლენსმა გუშინდელი შეხვედრა შეაფასა.

“არსებობს რთული მატჩები, ეს ერთ-ერთ მათგანი იყო,”-განაცხადა ჰოლანდიელმა UEFA-ს ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

“ფიორენტინა ძალიან ძლიერი გუნდია, ეს გუშინაც დამტკიცდა. ჩვენ კარგი კონტრ-შეტევა გამოგვივიდა. საბოლოოდ, ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ, თუმცა ერთ გოლზე მეტის გატანა ვერ შევძელით. გუნდის ყველა ფეხბურთელი ფოკუსირებული იყო იმაზე, თუ როგორ დაგვეცვა თავი, მაგრამ სამწუხაროდ, გოლი მაინც გავუშვით. მეტოქე კარგად გვყავს შესწავლილი, დაველოდოთ მომდევნო მატჩს”.

“ვიცი, რომ გულშემატკივრები ჩვენგან მეტს ელიან, მაგრამ “ფიორენტინას” დამარცხება არც ისე იოლია, როგორც ჩანს. ორივე მხარე ღირსეულად იბრძოდა, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ გუშინ ცუდი შედეგი დაფიქსირდა”.

ჭოხონელიძე: “რებროვი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელია”

კიევის “დინამოს” გენერალურმა დირექტორმა, რევაზ ჭოხონელიძემ ევროპა ლიგის 1/8 ფინალურ კენჭისყრაზე ისაუბრა.

“ფეხბურთი ინგლისში დაიბადა, ხოლო “ევერტონი” ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური ადგილობრივი გუნდი ინგლისში. მათ ბოლო წლებში უეფას თასი და ასოციაციის თასი მოიგეს. ისინი ძალიან სერიოზული მეტოქეები იქნებიან,”-განაცხადა ჭოხონელიძემ UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან ინტერვიუში.

“ევროპა ლიგაზე “დინამოს” მიზნები? “დინამოსთვის” ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენი ახალგაზრდა ბიჭები აქ თამაშით დიდი მოთამაშეები გახდებიან”.

“ევერტონის წინააღმდეგ თამაში სერიოზული იქნება. რებროვი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მწვრთნელია, რომელმაც ინგლისური გუნდების სათამაშო სტილი ძალიან კარგად იცის”.

“დინამოს” დამაჯერებელი გამარჯვება და დაძაბულობა კიევში

კიევში, ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში ადგილობრივმა “დინამომ” ფრანგულ “გენგამს” უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით კიეველებმა შემდეგი ეტაპის საგზურის მოპოვება შეძლეს.

ანგარიში 31-ე წუთზე ტეოდორჩიკმა გახნეს. მეორე ტაიმის დებიუტში “ოლიმპიისკიზე” შეკრებილი გულშემატკივრები ბუიალსკიმ გაახარა. 66-ე წუზე ფრანგებმა მანდანის გოლით ორი მატჩის ჯამში სხვაობა შეამცირეს, თუმცა დამატებით დროის დანიშვნა საჭირო არ გახდა. 75-ე წუთზე ტეოდორჩიკზე ფოლისთვის დანიშნული პენალტი გუსევმა ზუსტად შეასრულა და საკუთარ გუნდს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუპოვა.

მატჩს არც უსიამოვნო ინციდენტის გარეშე ჩაუვლია, რის გამოც შეხვედრის შეჩერებაც კი გახდა საჭირო. საქმე იმაშია, რომ ფრანგული გუნდის გულშემატკივრების ერთ-ერთი ბანერი “დინამოს” ფანებმა პროვოკაციულად ჩათვალეს, რასაც არეულობა და სტიუარდებთან დაპირისპირება მოჰყვა. საბოლოოდ ვითარება “დინამოს” ფეხბურთელებმა განმუხტეს.

“ზესტაფონი” დონეცკის “შახტარს” და კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება

მიმდინარე წლის 24 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, ახალი სეზონისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად, ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ავსტრიული ალპების კარგად ნაცნობ გარემოში საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ მარგველები ტიროლის მხარის ქალაქ ზანქტ-იოჰანიდან ჩრდილოეთით სულ რაღაც 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო ”Das Seiwald ”-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმროს სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი. უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებისას, იმერლები სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ…

ალპურ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კიევის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონ, სსრკ-ს თასის 9-გზის და უკრაინის თასის 10-გზის მფლობელ, უეფას თასების მფლობელთა თასის 2-გზის და უეფას სუპერთასის მფლობელ კიეველებთან იმერელთა დაპირისპირება 26 ივნისს გაიმართება.

თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 30 ივნისს ჩაატარებენ. ჩვენი მეტოქე ამჯერადაც უკრაინული ფეხბურთის წარმომადგენელი – უკრაინის 9-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი, უეფას ევროპალიგის 2009 წლის გამარჯვებული, დონეცკის საფეხბურთო კლუბი “შახტარი” იქნება. ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება, ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ავსტრიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები რუმინული “ბოტოშანის” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი რუმინეთის ჩემპიონატის მერვე გუნდთან 6 ივლისსაა დანიშნული. წლევანდელი ალპური “ვოიაჟის” დასკვნითი, რიგით მეხუთე სპარინგი კი 9 ივლისს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ დაპირისპირებაში “ასტერას ტრიპოლისთან ” მოსინჯავენ ძალებს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ჯაბა კანკავას ოლეგ გუსევის სიცოცხლის გადარჩენისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა

დნეპროპეტროვსკის „დნიპროსა“ და საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯაბა კანკავა კიევის „დინამოსთან“ მატჩის შემდეგ, რომელშიც მან ოლეგ გუსევს დაეხმარა, კიდევ ერთხელ დააფასეს.

ზაპოროჟიეს „მეტალურგთან“ უკრაინის ჩემპიონატის მორიგი მატჩის წინ დნეპროპეტროვსკელთა ქართველ ლეგიონერს უკრაინის სახელმწიფო სამსახურისგან სპეციალური პრიზი გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ხსენებული ჯილდო კანკავას გენერალ-ლეიტენანტმა ვიქტორ ბუტკოვსკიმ გადასცა.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, „დნიპრომ“ მეტოქე მინიმალური სხვაობით – 1:0 დაამარცხა. ერთადერთი გოლი მატჩის 75-ე წუთზე სელზნიოვმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ჯაბა კანკავამ ამ შეხვედრაში 90 წუთის განმავლობაში ითამაშა, რასაც, სამწუხაროდ უჩა ლობჟანიძეზე და ალექსანდრე კობახიძეზე ვერ ვიტყვით, რომლებიც სათადარიგოთა სკამზე დარჩნენ.

ამ გამარჯვებით „დნიპრომ“ უკრაინის ჩემპიონატში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

დნეპროპეტროვსკელთა შემდეგი მეტოქე „ვოლინი“ იქნება, რომელთანაც გუნდი 15 აპრილს მე-19 ტურის გადატანილ მატჩს ითამაშებს.

Jaba Kankava1

ალექსანდრე მატევოსოვი

დინამო – შახტარი: ფეხბურთელების ნაცვლად მოედანზე ფანები გავიდნენ

დღეს, კიევში გადადებული “დინამო” – “შახტარის” მაგივრად “ოლიმპისკის” მოედანზე ამ გუნდების ფანები გავიდნენ და ამხანაგური მატჩი ჩაატარეს.

“ერთიანობის მატჩი” (სწორედ ასე ეწოდა ამ შეხვედრას), წლების მანძილზე ერმანეთისადმი მტრულად განწყობილი გუნდების ფანების ინიციატივით შედგა, რითაც “ულტრასებმა” უკრაინაში არსებული ვითარება გააპროტესტეს და ხალხს ერთიანობისაკენ მოუწედეს.

შეხვედრას ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელებიც დაესწრნენ. მათ შორის ალექსანდრ შოვკოვსკი და ვლადიმერ ეზერსკი.

მატჩი, როგორც მოსალოდნელი იყო, ფრედ 1-1 დასრულდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებები უკრაინის სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

კიევის “დინამოს” მოთამაშე უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დროს დაზარალდა

კიევის “დინამოსა” ახალგაზრდა ნახევარმცველი ვიაჩესლავ კალიტვინცევი უკრაინის დედაქალაქში მიმიდინარე მოვლენების დროს დაშავდა.

უკრაინული პრესის ცნობით, ფეხბურთელს ხელისუფლების მხარდამჭერთა ჯგუფი დაესხა თავს. უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს ყბის მოტეხილობა აღენიშნება.

შეგახსენებთ, რომ კიევში მიმდინარე მოვლენების გამო ადგილობრივი “დინამოსა” და “ვალენსიას” დაპირისპირება კვიპროსზე გაიმართება.

„ვალენსიას“ კიევში თამაში არ სურს

ხუთშაბათს, ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი გაიხსნება. კიევში ადგილობრივი „დინამო“ ესპანურ „ვალენსიას“ უმასპინძლებს. როგორც მოგეხსენებათ, უკრაინის დედაქალაქში მასობრივი არეულობები გრძელდება, სამართალდამცავებსა და ევრომაიდნის აქტივისტებს შორის შეტაკებები დღეს დილიდან დაიწყო. არაოფიციალური ინფორმაციით, 7 ადამიანი დაიღუპა, სამწუხაროდ, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, დაშავებულთა რიცხვი 150 კაცს აღწევს.

ესპანური გაზეთი „ასი“ წერს, რომ „ვალენსიას“ მატჩის სხვა ქალაქში ჩატარება სურს, თუმცა უეფა შეხვედრის ადგილმდებარეობის შეცვლას ან გაუქმებას არ აპირებს.

„დინამოს“ პრეზიდენტი იგორ სურკისი „ვალენსიას“ ინიციატივას ტელეკომპანია „ფუტბოლის“ ეთერში გამოეხმაურა.

„უეფადან მივიღეთ წერილი, აქ შექმნილი მდგომარეობა აინტერესებდათ. ჩვენ მათ გარანტია უნდა მივცეთ, რომ ყველაფერი ზედმეტი გართულებების გარეშე ჩაივლის. ეს სპორტია, ფეხბურთია და არა პოლიტიკა. რომ ვგრძნობდე, რომ მეტოქეს ან ჩემს გუნდს რაიმე ხიფათი ემუქრებოდეს, თავადაც ხვდებით, მატჩის ნეიტრალურ სტადიონზე გამართვის პირველი ინიციატორი მე ვიქნებოდი, თუმცა კიევში ვცხოვრობთ და ვხვდებით, რომ მატჩის მშვიდად ჩატარება შეგვიძლია. შეხვედრა სტადიონ „დინამოზე“ რომ იმართებოდეს, ეს მეორე საკითხი იქნებოდა და გამოვიდოდით ინიციატივით, რომ მატჩი უკრაინის სხვა არენაზე, ან სულაც სხვა ქვეყანაში შემდგარიყო“, – განაცხადა კიევის „დინამოს“ პრეზიდენტმა.

„დინამოსა“ და „ვალენსიას“ შორის კიევის ოლიმპიურ სტადიონზე გასამართი მატჩი ხუთშაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

კიევის “დინამომ” დუდუ “გრემიოში” გაუშვა

ბრაზიულიურმა “გრემიომ” კიევის “დინამოს” ნახევარმცველი, დუდუ ინათხოვრა.

საიჯარო ხელშეკრულების ვადა 2014 წლის ბოლომდეა, რის შემდეგაც “გრემიოს” ფეხბურთელის გამოსყიდვის უპირატესობა ექნება.

დუდუ კიევში სრულიად ახალგაზრდა ჩავიდა და ბრაზილიელზე “დინამოს” ხელმძღვანელობა დიდი იმედებს ამყარებდა, თუმცა 22 წლის ფეხბურთელმა კიევური გრანდის ლიდერობა ვერ შესძლო და სამშობლოში დაბრუნდა.

შოვკოვსკის კურიოზული შეცდომა

3 ნოემბერს, უკრაინის ჩემპიონატში, “ზორიამ” საკუთარ მოედანზე კიევის “დინამო” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, კიეველთა გამოცდილი მეკარის, შოვკოვსკის შეცდომის წყალობით, მასპინძლებმა უპირატესობა ორამდე გაზარდეს.