გუშინ ეროვნული ლიგის მეცხრამეტე ტურის შეხვედრაში, “მიხეილ მესხზე” “საბურთალომ” “სიონი” მიიღო.
ანგარიში დედაქალაქელებმა 29-ე წუთზე გიორგი დიასამიძის გოლის წყალობით გახსნეს. 77-ე წუთზე დიმიტრი ტატანაშვილმა მეორე გოლის გატანა შეძლო. ხოლო, შეხვედრის მესამე დამატებულ წუთზე გაგი მარგველაშვილმა საბოლოო ანგარიში, 3-0 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ “საბურთალო” 46 ქულით პირველია. ხოლო, “სიონს” 13 ქულა აქვს და მერვე ადგილს იკავებს.
დღეს ეროვნული ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” ივანწმინდაში, “ცენტრალურ სტადიონზე” ბოლნისის “სიონი” მიიღო.
ანგარიში მეოთხე წუთზე ირაკლი ლექვთაძემ გახსნა. ზუსტად ოც წუთში გიორგი გაბედავას გადაცემის შემდეგ ლექვთაძემ დუბლი შეასრულა. მეორე ნახევარში, 64-ეზე იმავე მოთამაშემ მესამეჯერ აიღო სტუმართა კარი. ხოლო, 73-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძემ საბოლოო ანგარიში, 4-0 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ იმერული კლუბი 31 უქლით მეოთხეა. რაც შეეხება “სიონს”, ბოლნისლები 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან.
“დინამო არენაზე” ეროვნული ლიგის მეთექვსმეტე ტურის შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის “დინამომ” ბოლნისის “სიონს” უმასპინძლა.
ძლიერმა წვიმამ, რომელიც მატჩის სტარტამდე დაიწყო, თავისი დაღი დაასვა მთლიანად პირველ ტაიმს. 20 წუთი მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით მიილია, მაგრამ რეალურ ხიფათამდე საქმე არ მისულა. ტაიმის ბოლოსკენ “დინამო”, რომელსაც სრული სათმაშო უპირატესობა ჰქონდა, კიდევ უფრო გააქტიურდა. 39-ე წუთზე კი ნიკა ნინუას ჩამოწოდებულ კუთხურს ლევან ხარაბაძის ზუსტი თამაში მოჰყვა, რომელმაც თავით დაარტყა და გახსნა ანგარიში. პირველი ტაიმი ასე დასრულდა.
მეორე ნახევრის დებიუტი დედაქალაქელთა სახიფათო შეტევით დაიწყო: ბუდუ ზივზივაძემ კარგად ითამაშა მეტოქის საჯარიმოსთან, ზუსტი გადაცემით ოთარ კიტეიშვილი მოძებნა, რომელმაც სახიფათოდ ჩააწოდა. ბურთს დმიტრო ივანისენია ვერ შეწვდა, ნიკა ნინუას თავური კი მეკარემ უკუაგდო. საპასუხო შეტევაში კი “სიონმა” აღარ გაუშვა ხელიდან თავისი შანსი, ზუსტი დარტყმა გიორგი მიქაბერიძემ შეასრულა 1:1. 62-ე წუთზე თბილისელებმა კიდევ ერთხელ გაუშვეს ხელიდან კარის აღების რეალური შესაძლებლობა. კიტეიშვილის გადაცემას ერთი შეხებით გიორგი ივანიშვილი აგვირგვინებდა, ბურთი კი ზევიდან გადაცდა კარს. კიდევ ორიოდე წუთში უკვე ბუდუ ზივზივაძის დასწრებაზე თამაში და მისი თავურიც სანტიმეტრებში აცდა თორნიკე ზარქუას კარს. მატჩის ბოლოსკენ ოთარ კიტეიშვილის საჯარიმო დარტყმა ბოლო წამს ზარქუამ კუთხურზე მოიგერია. ამ მომენტის შემდეგ კი დმიტრო ივანისენიას მართებდა გოლის გატანა და ისევ უიღბლობა, მან ახლო მანძილიდან ააცილა ბურთი. საბოლოოდ “დინამოს” მასირებულ შეტევებს შედეგი მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეორე წუთზე მოჰყვა. კიტეიშვილის ჩაწოდებული ბურთი ლუკა ლოჩოშვილმა კარში გადაგზავნა და დინამომ 2:1 იმარჯვა. მომდევნო შეხვედრას კახი კაჭარავას გუნდი 29 ივნისს ზესტაფონში, ფოთის კოლხეთთან გამართავს.
დღეს ეროვნული ლიგის მეთხუთმეტე ტურის მატჩში ბოლნისის “სიონი” “მიხეილ მესხი 2”-ზე თბილისის “ლოკომოტივს” დაუპირისპირდა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ერთადერთი გატანილი გოლით დასრულდა. მისი ავტორი 44-ე წუთზე ბოლნისელთა ფეხბურთელი, ზვიად სიხარულია გახდა. საბოლოოდ, “სიონმა” მინიმალური ანგარიშით იმარჯვა.
ამ მოგების შემდეგ კობა ჟორჟიკაშვილის შეგირდები 13 ქულით მეცხრე პოზიციაზე არიან. ხოლო, “ლოკო” 15 ქულით მეშვიდეა.
დღეს ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “რუსთავმა” “სიონი” “მიხეილ მესხზე” მიიღო.
საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში ანგარიში მეცხრე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა გახსნა. ამ შემთხვევაში “რუსთაველთა” მოთამაშეს საგოლე გადაცემა თამაზ მაქაცარიამ გაუკეთა. თუმცა, 43-ეზე ლაშა ლეჟავას პასით ალექსანდრე გურეშიძემ გაათანაბრა.
მეორე ნახევარში, 48-ე წუთზე ციცქიშვილმა კიდევ ერთხელ გაიყვანა მასპინძლები წინ. მაგრამ 76-ეზე ლაშა მანაგაძის გადაცემის შემდეგ, ჯაბა უგულავამ საბოლოო ანგარიში, 2:2 დააფიქსირა.
“რუსთავი” 15 ქულით მეექვსეა. ხოლო, “სიონს” ათი ქულა აქვს და მეცხრე ადგილს იკავებს.
დღეს ეროვნული ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩები იმართება.
ზესტაფონში, “დავით აბაშიძეზე” “კოლხეთმა” “სიონი” მიიღო. ანგარიში მეექვსე წუთზე გიორგი კახელიშვილმა გახსნა. მან საჯარიმო დარტყმიდან მოახერხა მიხეილ მუჯრიშვილის კარის აღება. მეორე ნახევარში, უკვე მატჩის მეხუთე დამატებით წუთზე ლუკა იმნაძე გავიდა მეკარესთან პირისპირ. მან ცრუმოძრაობით ჩამოიცილა კარისდარაჯი და საბოლოო ანგარიში, 2-0 დააფიქსირა.
ამ გამარჯვების შემდეგ მეგრული გუნდი 12 ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. ხოლო, “სიონს” რვა ქულა აქვს და ცხრილში მეცხრეა.
დღეს ეროვნული ლიგის მეთერთმეტე ტურის მატჩები გაიმართა.
ერთ-ერთ მათგანში ბოლნისის “სიონმა” სამტრედიის “სამტრედია” “მიხეილ მესხი 2”-ზე მიიღო. ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე გახსნეს. გოლის ავტორი ალექსანდრე გურეშიძე გახდა. თუმცა, ზუსტად რვა წუთში გიორგი ერისთავმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან გაათანაბრა. მეორე ნახევარში, ერთ-ერთ მომენტში ლაშა მანაგაძე შევიდა იმერელთა საჯარიმოში და კარისკენ დაარტყა, თუმცა გივი ქარქუზაშვილს ბურთი ხელში მოხვდა. ამაზე მთავარმა არბიტრმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა, რამაც “სიონის” მოთამაშეთა და სამწვრთნელო შტაბის აღშფოთება გამოიწვია. მათ შორის იყო ალექსანდრე კოშკაძე (უკვე შეცლილი მოთამაშე), რომელმაც ზედმეტი საუბრის გამო, წითელი ბარათი მიიღო და სათადარიგოთა სკამის დატოვებაც მოუწია. საბოლოოდ, ფრე – 1-1.
ამ მატჩის შემდეგ ბოლნისლებმა რვა ქულა დააგროვეს და მეცხრე ადგილზე არიან. ხოლო, იმერლებმა უკვე ზედიზედ მეათე შეხვედრა ვერ მოიგეს. “სამტრედია” რვა ქულით მერვეა.
დღეს ეროვნული ლიგის მეორე წრემ აიღო სტარტი. მეათე ტურის პირველი მატჩი “მიხეილ მესხი 2”-ზე ბოლნისის “სიონსა” და თბილისის “საბურთალოს” შორის გაიმართა.
შეხვედრის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყდა. 33-ე და 39-ე წუთებზე გიორგი კოხრეიძემ ბოლნისელთა კარი ორჯერ აიღო. პირველ შემთხვევაში ახლაგაზრდა თავდამსხმელს ასისტენტობა გიორგი რეხვიაშვილმა გაუწია, ხოლო შემდეგ კი, ამავე როლში თორნიკე გორგიაშვილი მოგვევლინა. საბოლოოდ, გათამაშების ლიდერმა ანგარიშით, 2-0 იმარჯვა.
ამ მარცხის შემდეგ “სიონმა” ზედიზედ მეოთხედ წააგო და ახლა შვიდი ქულით ცხრილში მერვეა. ხოლო, დედაქალაქურ გუნდს 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა. ის მეორეადგილოსან “დინამოს” ხუთი ქულით უსწრებს, თუმცა ამ უკანასკნელს მეათე ტურის მატჩი არ ჩაუტარებია – იგი ხვალ “რუსთავს” შეერკინება.
დღეს ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში ქუთაისში, “რამაზ შენგელიაზე” ადგილობრივი “ტორპედო” ბოლნისის “სიონს” დაუხვდა.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათ მიერ სამი გატანილი გოლით დასრულდა. პირველ შემთხვევაში ალექსანდრე გურეშიძემ ავტოგოლი გაიტანა. ეს მე-16 წუთზე მოხდა. მეორე ნახევარში, 50-ე და 52-ე წუთებზე კუტალიამ და წიქარიძემ გამოიჩინეს თავი. საბოლოოდ, 3-0.
ამ გამარჯვების შემდეგ “ტორპედო” 12 ქულით მეხუთე ადგილზეა. “სიონს” კვლავ შვიდი ქულა აქვს და მეშვიდე საფეხურზე იმყოფება.
დღეს ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის ერთ-ერთი შეხვედრა “მიხეილ მესხი 2”-ზე ბოლნისის “სიონსა” და თბილისის “დინამოს” შორის შედგა.
ანგარიში 56-ე წუთზე გიორგი მიქაბერიძემ გახნსა. დედაქალაქურმა კლუბმა ჩამორჩენა 70-ე წუთზე გუჯა რუხაიას გოლის შემდეგ აღადგინა. ხოლო, სამ წუთში ნიკა ნინუამ საერთოდ წინ გაიყვანა “დინამო”. საბოლოოდ, მატჩი, ანგარიშით, 1-2 დასრულდა.
ამ მარცხის შემდეგ “სიონი” შვიდი ქულით მეშვიდე პოზიციაზეა. ხოლო, თბილისურ კლუბს 15 ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს.
დღეს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის ორი მატჩია. ერთ-ერთ მათგანში, “მიხეილ მესხი 2”-ზე “ლოკომოტივმა” “სიონი” მიიღო.
ანგარიში 35-ე წუთზე გაიხსნა: ამ შემთხვევაში ნიკა ჭანტურიამ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. პირველი ტაიმის მიწურულს კიდევ ორი გოლი გავიდა. 44-ე წუთზე ჯაბა დვალმა ზვიად სიხარულიას პასის შემდეგ ორამდე გაზარდა ბოლნისლების უპირატესობა. თუმცა, ზუსტად ერთ წუთში ვატო არველაძის გადაცემის მერე, მამია გავაშელიშვილმა მინიმუმამდე შემაცირა სხვაობა. მეორე ტაიმში აღარაფერი შეცვლილა და მატჩიც “სიონის” გამარჯვებით, ანგარშით, 2-1 დასრულდა.
ამ მარცხის შემდეგ “ლოკოს” ოთხი ქულა აქვს და მერვე პოზიციაზეა. რაც შეეხება “სიონს”, მას ამჟამად შვიდი ქულა აქვს და მეშვიდე ადგილს იკავებს.
დღეს ეროვნული ლიგის მეხუთე ტურის მატჩები იმართება.
“მიხეილ მესხი” ორზე ბოლნისის “სიონმა” რუსთავის “რუსთავი” მიიღო. მატჩის ორივე ტაიმში თითო-თითო გოლი გავიდა – 39-ე წუთზე გოლი მამუკა კობახიძემ შეაგდო. მას ზაზა ციცქიშვილმა გაუკეთა საგოლე გადაცემა. მეორე ტაიმში, 89-ე წუთზე ბქა მიქელთაძემ ოთარ მარცვალაძის პასის შემდეგ შეაგდო და, საბოლოოდ, “რუსთავმა” ანგარიშით, 2-0 მოიგო.
ამ გამარჯვების შემდეგ “რუსთავს” ექვსი ქულა აქვს და მეექვსე პოზიციაზეა. “სიონი” ოთხი ქულით მეშვიდეა.