დღეს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველი მატჩი ჩაატარა. პირველ დღეს გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე ესპანეთის 19-წლამდელთა ნაკრები იყო, რომელთანაც ქართველები, სამწუხაროდ, ანგარიშით 1:4 დამარცხდნენ.
არადა, უკვე მეექვსე წუთზე საქართველოს ანგარიშის გახსნა შეეძლო – გიორგი ხარაიშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ესპანელთა კედელში მდგომ ერთ-ერთ ფეხბურთელს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა. მე-14 წუთზე მარკო ასენსიომ მარჯვენა ფლანგიდან შეუტია და შორიდანაც დაარტყა, ბურთი რიკოშეტით მის ერთ-ერთ თანაგუნდელს მოხვდა და ანგარიშიც გაიხსნა – 1:0
ხუთ წუთში ასენსიომ საქართველოს კარის მიმართლებით დარტყმა კიდევ ერთხელ სცადა – ამჯერად არაზუსტად. 25-ე წუთზე იმავე ასენსიომ საჯარიმო დარტყმა შეასრულა, რომელსაც მეკარე გოშაძე უპრობლემოდ დაეუფლა. ექვს წუთში საქართველოს კარის მიმართლებით თავდამსხმელმა კარასკომაც დაარტყა, თუმცა ბურთი კერძევაძეს მოხვდა და კუთხურზე გადავიდა, ორ წუთში კი საპირისპირო ფლანგიდან ხესუს ვალეხომ მცველებს აჯობა და ზუსტად დაარტყა – 2:0.
35-ე წუთზე საქართველოს ანგარიშის სხვაობის შემცირების შანსი ჰქონდა, როდესაც ხარაიშვილი მეტოქის საჯარიმოსკენ სწრაფად მიეშურა, თუმცა მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. ცოტა ხანში ხარაიშვილმა მეტოქის კარისკენ კვლავ დაარტყა, მეკარისთვის პრობლემა არც ამ დარტყმულის აღება ყოფილა.
პირველი ნახევრის ბოლო წუთზე კი გიორგი თევზაძემ მეტოქის საჯარიმოში ბურთი მიიღო და მცველების უყურადღებობით ისარგებლა და ზუსტადაც დაარტყა – მეკარე ამჯერად უძლური აღმოჩნდა – 2:1.
აღსანიშნავია, რომ მეორე ნახევარში საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების თამაშის ხარისხი გაცილებით კარგი აღმოჩნდა. დევდარიანის გუნდს არაერთი მომენტი შეექმნა, რაზეც დიდი გავლენა ორმაგმა ცვლილებამაც იქონია. მეორე ნახევრის პირველივე წუთიდან გუნდის მთავარმა მწვრთნელმა კერძევაძის ნაცვლად მოედანზე ლადო მოხევლიშვილი-ჩიკვილაძე გამოიყვანა, ხოლო ჭანტურიას ადგილი გოშთელიანმა დაიკავა.
48-ე წუთზე ასენსიოს დარტყმული გოშაძის კარს დიდი მანძილით ასცდა. 56-ე წუთზე ხარაიშვილი ცენტრიდან დაიძრა და ყველა მეტოქეს გასცდა, თუმცა მისი დარტყმული ესპანელთა ერთ-ერთ მცველს მოხვდა, დანიშნული კუთხურის შედეგად კი მეკარე სალვა ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. ცოტა ხანში გიორგი ბერიძის დარტყმა მეტოქის კარს სულ მცირე მანძილით ასცდა. მეორე ნახევარში აქტიურ ფეხბურთელთა შორის დავდარიანის გუნდის რიგებიდან გიორგი თევზაძის, გოშთელიანისა და ბერიძის გამორჩევა შეიძლება.
65-ე წუთზე მოია მეკარესთან პირისპირ გავიდა, თუმცა გოშაძემ მას დასწრებაზე აჯობა. 72-ე წუთზე გოშთელიანმა და ბერიძემ კარგი შეტევა გაითამაშეს, თუმცა საბოლოო დარტყმის შემდეგ მხოლოდ კუთხურით დავკმაყოფილდით. ერთ წუთში ჯემალ ტაბიძემ „მაკრატელა“ დაარტყა, თუმცა დარტყმული საკმაოდ ნელი აღოჩნდა.
79-ე წუთზე კი ესპანელებმა საქართველოს ნახევარზე არეულობით ისარგებლეს და სხვაობის გაზრდა კვლავ შეძლეს.
დარჩენილ დროში დევდარიანის შეგირდებს მეტოქის კარის აღების კარგი შანსი ჰქონდათ – ხარაიშვილის კუთხურის შემდეგ მარგველაშვილმა თავით დაარტყა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა.
მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის მეორე წუთზე კი ესპანელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს – თავი შეცვლაზე შესულმა საგმა გამოიჩინა.
საბოლოოდ, 4:1 და ჩვენმა 19-წლამდელებმა ელიტრაუნდი დასანანი მარცხით დაიწყეს. შემდეგ შეხვედრას ჩვენი გუნდი კვირას, 31 მაისს, პორტუგალისთან გამართავს, რომელმაც დღეს თურქეთი ანგარიშით 6:1 გაანადგურა.
ესპანეთი – საქართველო 4:1 (2:1)
გოლები: ვილემსენი 14′, ვალეხო 27′, მნაიორალი 79′, საგი 90+2′ – თევზაძე 45′
ესპანეთი: სალვა, მარინი, კარისოლი, პერესი, ფერნანდესი (სასონი, 56), სალასი, მოია, ვილესმენი, ლასარო, გუიე (კასკანტე, 68), კარასკო (საგი, 68).
საქართველო: გოშაძე, მალანია, ჩაბრაძე (შულაია, 80), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურია (მოხევიშვილი-ჩიკვილაძე), კერძევაძე (გოშთელიანი, 46), ბერიძე.
გაფრთხილება: ტაბიძე 27′ , შულაია 81′ – ფერნანდესი 41′, ლასარო 63′