პირველი წრის შეჯამება – ცხინვალის „სპარტაკი“

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, ცხინვალის „სპარტაკზე“ ვისაუბრებთ.

გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატი გორში „დილასთან“ მარცხით დაიწყო, თუმცა ყველაფერი მალევე გამოასწორა – შემდგომ ორ ტურში „სპარტაკმა“ „მერანი“ და „ვიტ-ჯორჯია“ დაამარცხა. ორივე შემთხვევაში ცხინვალელებმა მინიმალური სხვაობით 1:0 იმარჯვეს. შემდეგ იყო ნულოვანი ფრე ქუთაისის „ტორპედოსთან“. ზედიზედ სამ მატჩში კარის მშრალად შენახვის შემდეგ „სპარტაკი“ გასვლაზე „სამტრედიასთან“ ანგარიშით 3:1 დამარცხდა.

საერთოდ, ანგარიში 1:0 „სპარტაკისთვის“ ყველაზე პოპულარული და წარმატებული გამოდგა – „მერანისა“ და „ვიტ-ჯორჯიას“ გარდა, ამ ანგარიშით კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა ბათუმის „დინამო“ და „შუქურა“ დაამარცხეს.

„სამტრედიასთან“ ხსენებული მარცხის შემდეგ გუნდს ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია ჰქონდა, რომელიც თბილისის „დინამოსთან“ გამანადგურებელი ანგარიშით – 6:1 მარცხით დასრულდა. ხსენებულ შეხვედრაში „სპარტაკმა“ გოლი უკვე მე-12 წუთზე გაუშვა, თუმცა ცამეტ წუთში მერაბ გიგაურმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. 30-ე და 38-ე წუთებზე პარუნაშვილისა და ძარიას გოლებით „დინამომ“ პირველი 45 წუთი ანგარიშით 3:1 მოიგო, რის შემდეგაც კაჭარავას გუნდმა მეტოქეს ვერაფერი შესთავაზა და მეორე ნახევარში კიდევ 3 გოლი მიიღო.

დიდი ანგარიშით „სპარტაკმა“ „დინამოსთან“ მარცხის შემდეგ ორ კვირაშიც წააგო. ამჯერად კაჭარავას გუნდს „ზესტაფონმა“ მოუგო, რომელმაც ანგარიშით 3:0 იმარჯვა.

ასეთი ანგარიშებით მარცხის მიუხედავად, გუნდმა, უმაღლესი ლიგის პირველი წრის შედეგების მიხედვით, მეოთხე ადგილი დაიკავა. ამჟამად „სპარტაკს“ 24 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ თბილისის „დინამოს“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება. სხვათაშორის, ქულების იგივე რაოდენობა ბათუმის „დინამოსაც“ აქვს, თუმცა ამ გუნდების ურთიერთშეხვედრაში, როგორც უკვე მოგახსენეთ, გამარჯვებული სწორედ ცხინვალური კლუბი აღმოჩნდა.

ჯანო ანანიძე “სპარტაკის” პირველ გუნდში დააბრუნეს

მოსკოვის “სპარტაკის” ნახევარმცველი ჯანო ანანიძე მოსკოვის “სპარტაკის” პირველ გუნდში დააბრუნეს.

შეგახსენებთ, რომ 24 სექტემბერს ქართველმა ფეხბურთელმა რუსეთის თასის 1/16 ფინალში “სმენას” წინააღმდეგ თამაშზე უარი განაცხადა და გუნდს კომსომოლსკში არ გაყვა. აღნიშნულ მატჩს “სპარტაკი” მეორე შემადგენლობით ატარებდა, ანანიძემ კი მაშინ განაცხადა, რომ თავს ძირითადი გუნდის ფეხბურთელად თვლის.

აღნიშნული ინციდენტის გამო ქართველი ფეხბურთელი “სპარტაკის” დუბლებში გადაიყვანეს და ფინანსური სანქციითაც დასაჯეს.

რუსული პრესის ცნობით, ჯანო ანანიძემ მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა, რის შემდეგაც ის “სპარტაკის” პირველ გუნდში დააბრუნეს. ქართველმა ფეხბურთელმა დღეს ძირითად შემადგენლობასთან ერთად ივარჯიშა.

 

„დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს რუსული კლუბის წინააღმდეგ გამართავს

თურქეთში შეკრებაზე მყოფი „დინამო თბილისი“ მორიგ საკონტროლო მატჩს დღეს, რუსეთის პირველ დივიზიონში მოასპარეზე ნალჩიკის „სპარტაკის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

„სპარტაკი“ ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება. რუსული გუნდისთვის ეს თურქულ შეკრებაზე გასამართი რიგით მეორე შეხვედრა იქნება. პირველი მატჩი „სპარტაკმა“ ბულგარულ „მონტანასთან“ ანგარიშით 0:2 დათმო. შეგახსენებთ, რომ რუსული კლუბის ღირსებას ქართველი თავდამსხმელი დავით სირაძე იცავს.

რაც შეეხება „დინამოს“, თბილისური გუნდისთვის ეს ამ შეკრებაზე რიგით მეხუთე მატჩი იქნება. წინა შეხვედრები ამ შედეგებით დასრულდა:

„დინამო თბილისი“ 1:1 „პოდბესკიძიე“ (28 იანვარი);
„დინამო თბილისი“ 1:2 სპლიტის „ჰაიდუკი“ (31 იანვარი);
„დინამო თბილისი„ 1:2 „მლადა ბოლესლავი“ (3 თებერვალი);
„დინამო თბილისი“ 1:0 „ჩერნომორეცი“ (შეწყდა 65-ე წუთზე; 6 თებერვალი).

„დინამოსა“ და ნალჩიკის „სპარტაკს“ შორის გასამართი მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

ბექა დოგრაშვილი

ჯანო ანანიძე „როსტოვში“ სეზონის ბოლომდე დარჩება

დღეს საფეხბურთო კლუბ „როსტოვის“ ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრ შიკუნოვასი მოსკოვის „სპარტაკის“ ხელმძღვანელებს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა ქართველი ლეგიონერის ჯანო ანანიძის საკითხი განიხილეს. შედეგად, გადაწყდა, რომ ანანიძე „როსტოვში“ სეზონის ბოლომდე დარჩება. მასთან ერთად „სპარტაკში“ მიმდინარე სეზონის დასრულებამდე არც თავდამსხმელი არტიომ დიუბა დაბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ „როსტოვში“ საქართველოს ნაკრების მოთამაშე მიმდინარე წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს იჯარის წესით გადავიდა.

ალექსანდრე მატევოსოვი

ანანიძეს ზამთარში „სპარტაკში“ დაბრუნება არ სურს

„როსტოვში“ იჯარის წესით მოთამაშე ჯანო ანანიძემ კლუბის პრესსამსახურისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მთავარი მწვრთნელისგან ნდობას გრძნობს. გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვის „სპარტაკს“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ქართველი ფეხბურთელის დაბრუნება სურს, თუმცა თავად ანანიძეს უნდა, რომ სეზონის ბოლომდე „როსტოვში“ იასპარეზოს.

„პირველ ორ ტურში სასტარტო განაცხადში არ ვყოფილვარ, შეცვლებზე შემოვდიოდი, თუმცა შემდეგ რეგულარულად თამაში დავიწყე. ვხედავ, რომ მიოდრაგ ბოჟოვიჩი („როსტოვის“ თავკაცი) მენდობა და ეს ძალას მმატებს. ახლა ყველაზე მთავარი სათამაშო პრაქტიკაა. გუნდში კარგი ატმოსფეროა, საქმეები კარგად მიმდის, ამიტომ ზამთარში „სპარტაკში“ დაბრუნებას არ ვისურვებდი.

„სპარტაკის“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ იანვარში მათ შეკრებაზე უნდა გავყვე, თუმცა ვთხოვ, რომ არ დამაბრუნონ. მინდა, რომ „როსტოვში“ სრული სეზონი გავატარო, სასურველ ფორმაში ჩავდგე, საჭირო გამოცდილება შევიძინო და ზაფხულში მოსკოვს ჩემს ძალებში დარწმუნებული დავუბრუნდე. ამის შემდეგ გადაწყდება ჩემი მომავალი, მოქმედი კონტრაქტი 2015 წელს მეწურება“, – განაცხადა ჯანო ანანიძემ.

ბექა დოგრაშვილი