რუსული “სპარტაკის” ქართველმა ნახევარმცველმა, ჯანო ანანიძემ TACC-თან საუბრისას, აღნიშნა, რომ ახალ სეზონში გუნდის მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა.
შეგახსენებთ, რომ რუსული ჩემპიონატის 2015/16 წლების გათამაშებაში “სპარტაკი” მეხუთე პოზიციაზე გავიდა და ევროპა ლიგაზე ბრძოლის უფლება მოიპოვა. ამ დროისთვის, “სპარტაკს” ევროპა ლიგის პლეი-ოფში თამაშამდე ერთი ნაბიჯი აშორებს.
“ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა – სწორედ ასეთი მიზანი დაგვისახა კლუბის ხელმძღვანელობამ მიმდინარე სეზონისათვის. “ზენიტისა” და “ცსკას” თამაშებს ვუყურე (პირველ ტურში).
შეიძლება ითქვას, რომ ისეთი ფეხბურთელების წასვლამ, როგორებიც არიან: ჰალკი, აქსელ ვიტსელი და დანი, “ზენიტი” საკმაოდ დაასუსტა. სწორედ ეს ფეხბურთელები წარმოადგენდნენ მთავარ ძალას მათ შეტევაში. ამ ფეხბურთელების გარეშე “ზენიტს” ნამდვილად გაუჭირდება.
იგივე შემიძლია ვთქვა “ცსკა-ზეც”: კლუბი დატოვა აჰმედ მუსამ, რომელიც გუნდის ლიდერი იყო. მის ჩასანაცვლებლად და გუნდის გადასაწყობად მათ დიდი დრო დასჭირდებათ. მართალია, “ლოკომოტივი” ახალი ფეხბურთელებით არ გაძლიერებულა, მაგრამ ისინი კვლავ განაგრძობენ კარგი ფეხბურთის თამაშს.
ამ მომენტისათვის, რაიმე დასკვნის გაკეთება ძალიან რთულია. ალბათ, 5-7 ტურის შემდეგ გამოჩნდება, თუ ვინ რა მიზნებისთვის აპირებს ბრძოლას.
ჩემთვის, როგორც ფეხბურთელისთვის, მნიშვნელობა არ აქვს, გუნდი ოთხი მცველით ითამაშებს, თუ – ხუთით. მე მაინც განვაგრძობ ფლეიმეიკერის ფუნქციის შესრულებას და შეტევაში ზონების გახსნაზე ვიზრუნებ. უბრალოდ, როდესაც გუნდი 5 მცველით თამაშობს, მე უფრო მეტი ვარიანტი მაქვს შეტევის გასაძლიერებლად.
რაც შეეხება ჩვენი გუნდის ნახევარდაცვას, გასული სეზონისგან განსხვავებით, ამ მხრივ უფრო გავძლიერდით. რომან ზობნინი ძალიან კარგი ფეხბურთელია, ის ხშირად ამოდის წინ და მეხმარება შეტევის წარმოებაში. ფერნანდო კი ჯერ ადაპტაციის პროცესს გადის. იმედი მაქვს, რომ მომავალში ის გუნდს ძალიან დაეხმარება.”
“კარგა ხანია, რაც დუბლი არ გამიფორმებია – 6 წელი”
“ძალიან მიხარია, რომ ბოლო ორ მატჩში სამი გოლის გატანა მოვახერხე. თუმცა, ამაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ გუნდმა დადებითი შედეგის მოპოვება მოახერხა. ცუდია, ევროპა ლიგის პირველი მატჩის მოგება რომ ვერ შევძელით, თუმცა ეს გაუსაძლისი პირობების ბრალი უფროა. განმეორებით მატჩში იმედი მაქვს, მოგებას მოვახერხებთ და შემდეგ ეტაპზეც გავალთ.
ძალიან მესიამოვნა, პირველ ტურში დუბლის გაფორმება რომ მოვახერხე. კარგა ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს ერთ მატჩში ორი გოლი გავიტანე – დაახლოებით 6 წელი. მესამე გოლის გატანაც შემეძლო, მაგრამ არ გამიმართლა. განსაკუთრებით მეორე გოლი მომეწონა – შორი დისტანციიდან დარტყმის საშუალება არც ისე ხშირად მეძლევა.”