საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, UNFPA-სა და თბილისის “ლოკომოტივს” შორის მემორანდუმი გაფორმდება

30 მაისი 12:00 საათზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივსა“ და UNFPA – გაეროს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს მოაწერენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, UNFPA-ს წარმომადგენელი თურქეთში და საქართველოს ოფისის დირექტორი, კარლ კულესა და თბილისის „ლოკომოტივის“ ტექნიკური დირექტორი გიორგი ყიფიანი.

მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი თანამშრომლობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: მამაკაცების ჩართულობის გაზრდას გენდერული თანასწორობის მისაღწევად და  გოგონების ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას მოზარდი გოგონების გაძლიერებისათვის.

ფეხბურთის ფედერაციისა და „ლოკომოტივის“ ხელშეწყობით, ფეხბურთელები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ UNFPA-ს ისეთ აქტივობებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანაწორობის იდეისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, გენდერული თანასწორობის მიღწევის პროცესში მამაკაცების ჩართულობის გაზრდას კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, ახალგაზრდების გაძლიერებას და მათი პოტენციალის რეალიზებას.

თანამშრომლობა ითვალისწინებს ფეხბურთში გოგონების ჩართულობის წახალისებას, სპორტში თანასწორობის დამკვიდრების ხელშეწყობას და მოზარდი გოგონებისა და ბიჭებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას. ასევე, მწვრთნელებისთვის, მსაჯებისა და მოთამაშეებისთვის შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას UNFPA-ს მიერ დანერგილი და აპრობირებული მეთოდოლოგიების გამოყენებით, მათი გენდერული სენსიტიურობის გაზრდისა და ცნობიერების ამაღლების გზით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და  UNFPA-ს შორის თანამშრომლობა 2017 წელს დაიწყო. ერთობლივი ძალისხმევით, 2017 წელს ჩატარდა „მამების თასი“, ხოლო 2018 წლის მაისში „ეროვნული ლიგის“ ფეხბურთელები შეუერთდნენ კამპანიას „კაცები ზრუნავენ“, რომელიც მიმდინარეობს UNFPA-სა და არასამთავრობო ორგანიზაცია We Care-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც შვედეთის ფინანასური ხელშეწყობით ხორციელდება.

Gff.Ge

მსაჯთა აკადემიაში სასწავლო პროცესი სრულდება

28 მაისს 12 საათზე, სასტუმრო „მოხალისეში“ სფფ-ისა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ერთობლივი პროექტის „მსაჯთა აკადემიის“ დასკვნითი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც საქართველოს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან ერთად კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრებიან. კურსის მონაწილეებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სასწავლო პროცესი, შესაბამისი დიპლომი გადაეცემათ.

შეგახსენებთ, რომ მსაჯთა აკადემიის პროექტი საქართველოში პირველად განხორციელდა და მასში საწყის ეტაპზე მონაწილეობას 30 კურსანტი იღებდა, მათ შორის 7 გოგონა. აკადემიაში სასწავლო პროცესი 20 დეკემბერს დაიწყო და რამდენიმე თვის განმავლობაში კურსის მონაწილეები მსაჯის პროფესიას, როგორც თეორიული ისე პრაქტიკული სავარჯიშოების დახმარებით ეუფლებოდნენ. მსაჯთა აკადემიაში სწავლა სრულიად უფასოა, კურსანტებს ეკიპირება და სასწავლო მასალები საჩუქრად გადაეცემათ. სწავლის დამთავრების შემდეგ კურსდამთავრებულებს ექნებათ რეალური შანსი, სამსაჯო კარიერა დაიწყონ.

Gff.Ge

15-წლამდე ნაკრებმა ლუქსემბურგთან ფრე გააგორა

საქართველოს 15-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა სტუმრად ლუქსემბურგთან და უგოლოდ დაშორდა მეტოქეს – 0:0.
გიორგი ჩიტაურის გუნდს 24 მაისს კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ექნება და ამის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში.

პირველ შეხვედრაში ჩვენი ნაკრების შემადგენლობა ასეთი იყო: ასათიანი, ვაზაგაშვილი, ფერცულიანი, კვაშილავა, ზოსიაშვილი, ავალიანი, გაგნიძე, სიხარულაშვილი, ჩხეტიანი, მამაგეიშვილი, დეისაძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ონიანი, ქუნთელია, თელია, მეხტიევი, სიჭინავა.

Gff.Ge

ფეხბურთი სკოლებში – საფეხბურთო ეკიპირება რეგიონის საჯარო სკოლებს გადაეცემა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უპრეცედენტო პროექტი  “ფეხბურთი სკოლებში“ გრძელდება. საქართველოის ფეხბურთის ფედერაცია პროექტის ამ ეტაპზე რეგიონის საჯარო სკოლებს საფეხბურთო ვარჯიშების ჩასატარებლად  შესაბამის ეკიპირებასა და ატრიბუტიკას გადასცემს.

პროცესი თვის დასაწყისში კახეთიდან დაიწყო – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მასობრივი ფეხბურთის განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შესაბამისი საფეხბურთო აღჭურვილობა კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონალურ რესურს-ცენტრებს უკვე გადასცეს.

18 მაისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გორის რესურს-ცენტრს პირადად ესტუმრა. ლევან კობიაშვილი რამდენიმე საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებლებს შეხვდა და პროექტის მნიშვნელობაზე ესაუბრა. სფფ-ის პრეზიდენტმა სასწავლო პროცესში მასწავლებელთა როლზე გაამახვილა ყურადღება და ასევე სახელმწიფოს ერთერთი უპირველესი პრიორიტეტი – ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტულ აქტივობებში ახალგაზრდების ჩართვის აუცილებლობაც აღნიშნა.

„თქვენ იცით, თუ რამხელა მნიშვნელობას ვანიჭებთ თითოეული ჩვენგანი ფეხბურთის მასობრიობას და რამდენად მნიშვნელოვანია ეს არამხოლოდ სპორტის ამ სახეობის განვითარებისათვის, არამედ ზოგადად, ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებისა და მათი ჯანმრთელობისთვის. მიხარია, რომ ეს სახელმწიფოს უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენის მხრივ, პირობას გაძლევთ, რომ მუდმივად იგრძნობთ ჩვენს მხარდაჭერას, ხოლო თქვენგან პრობლემებზე ხშირ საუბარსა და ვითარების გასაუმჯობესებელი გზების ერთად ძიებას ვითხოვთ. წარმატებას გისურვებთ სასწავლო პროცესში, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის მთავარი ძალაც თქვენ ხართ,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა

პროექტის მნიშვნელობაზე სპორტის მასწავლებლებმაც ისაუბრეს. გორის 1 საჯარო სკოლის სპორტის მასწავლების დავით ტეტუნაშვილის თქმით, ასეთი ინიციატივები ძალიან დიდი მოტივაციაა მათთვის და იმ ბავშვებისათვის, რომელთაც ეს პროექტი საშუალებას აძლევს სრულიად უფასოდ ისწავლონ ურთიერთობა ბურთთან და შეიყვარონ ფეხბურთი.

ეკიპირების დარიგების პროცესი მომავალი კვირიდან იმერეთის რეგიონით განახლდება. ივნისის ბოლომდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა რეგიონის ათვისებას გეგმავს.

Gff.Ge

მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის პირველი მოდული დასრულდა

2 მაისს, სასტუმრო „მოხალისეში“ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის პირველი მოდულის დასკვნითი დღე გაიმართა.

სასწავლო კურსის პირველი მოდული ზოგად შესავალსა და მწვრთნელთა ტექნიკურ-ტაქტიკურ მომზადებას ეხებოდა. მოდული ძირითადად ჯგუფური სამუშაოებისგან და პრაქტიკული სავარჯიშოებისგან შედგებოდა.

შეგახსენებთ, რომ უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსმა განახლებული ფორმატით სტარტი 30 აპრილს აიღო. ამიერიდან კურსი 6 მოდულისგან შედგება და ლიცენზიის მაძიებლები მას ერთი წლის განმავლობაში შეისწავლიან. მიმდინარე კურსზე 20 მსმენელი ირიცხება.

უეფას მწვრთნელთა განათლების „B“ ლიცენზიის კურსის მეორე მოდული მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება.

Gff.Ge

საქართველოს 16-წლამდე საფეხბურთო ნაკრები თურქულ შეკრებაზე იმყოფება

საქართველოს 16-წლამდე ნაკრები თურქულ შეკრებაზეა, სადაც ორი ამხანაგური მატჩი აქვს დაგეგმილი მასპინძელთა ნაკრებთან. ზვიად ჯელაძის გუნდმა პირველი შეხვედრა სტამბოლში ჩაატარა და 0:3 დამარცხდა.

მეორე ამხანაგურ მატჩს ჩვენი 16-წლამდელები ხვალ, 12 აპრილს ჩაატარებენ.

მთავარმა მწვრთნელმა თურქეთთან პირველ შეხვედრაში ასეთი შემადგენლობა ათამაშა:

ხარატიშვილი, კვარაცხელია, ჭინჭარაული, ერაძე, გ. ტალახაძე, ნ. ტალახაძე, აბუაშვილი, ოგბაიძე, მორჩილაძე, მირზიკაშვილი, ზურაბიანი.

შეცვლაზე შევიდნენ: დევდარიანი, სიჭინავა, ფოცხვერია, ტორონჯაძე, ომარაშვილი, ხვედელიძე, ტეფნაძე.

Gff.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება 8 აპრილს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

„თამაში ყველასთვის – Equal Game“ – ამ სლოგანით საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საერთაშორისო საფეხბურთო ორგანიზაციებთან ერთად, როგორც სანაკრებო, აგრეთვე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებს და ტურნირებს პერიოდულად ატარებს. ამასთან, არაერთი სოციალური აქტივობა გასულ და მიმდინარე წელს, სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში განხორციელდა. ფეხბურთი,როგორც სოციალური მოვლენა ყველა საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი მთავარი გზავნილი როგორც მოედანზე,აგრეთვე მის ფარგლებს გარეთ, არის თანასწორობა,რომელიც საზოგადოების ერთიანობის ერთგვარი სიმბოლოა.

მივესალმებით დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინიციატივას, ჩატარდეს საფეხბურთო, ამხანაგური შეხვედრა 8 აპრილს, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ. მატჩი ჩვენს მოქალაქეებსა და დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებს შორის შედგება. ფეხბურთის ფედერაცია გიწვევთ შეხვედრაზე, რომელიც 14 აპრილს, 18 საათზე, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე საფეხბურთო მოედანზე ჩატარდება, რადგან ყველას უნდა შეეძლოს ისიამოვნოს ფეხბურთით.

Gff.Ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ითანამშრომლებენ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს შორის გაფორმებული ურთიერთნამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, სამოყვარულო და ბავშვთა ფეხბურთში ჩართული პირები სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ქსელში სპეციალური პირობებით ისარგებლებენ.

თანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფისში პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა ლევან გიორგაძემ მოაწერეს.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ჰყავს ძლიერი პარტნიორი სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის სახით, რომელიც ჩვენი სტრატეგიული მიმართულებების – სამოყვარულო ფეხბურთისა და ბავშვთა ფეხბურთის მხარდამჭერია. მიხარია, რომ ჩვენი თანამშრომლობით ის ადამიანები, რომლებიც თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის უმნიშვნელოვანეს გათამაშებას – „მოყვარულთა თასს“ და ასევე 10-წლამდე საფეხბურთო სკოლაში რეგისტრირებულ ბავშვთა მშობლები, სოკარისგან სპეციალურ ფასდაკლების ბარათებს მიიღებენ. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ჩვენთვის ადამიანების ფეხბურთში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი და სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან სწორედ ფეხბურთის მასობრიობა არის მყარი საფუძვლისა და მომავალი წარმატების საწინდარი,“- აღნიშნა ლევან კობიაშვილმა.

თანამშრომლობის დეტალებზე გაამახვილა ყურადღება ლევან გიორგაძემ, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის დირექტორმა: „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი ფეხბურთის ფედერაციასთან და ფეხბურთის განვითარების ფონდთან თანამშრომლობს. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოყვარულთა თასის მონაწილეებსა და 10 წლამდე ფეხბურთელი ბავშვების მშობლებს გადავცემთ 15 თეთრიან ფასდაკლების ბარათს ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე,”-აღნიშნა მან.

მემორანდუმის თანახმად, პირველი პროექტი, რომელსაც სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელებს, ორი განსხვავებული ტიპის ფასდაკლების ბარათის შექმნას გულისხმობს. ბარათებს, შესაბამისად, სამოყვარულო ფეხბურთში ჩართული ადამიანები, კერძოდ კი ფეხბურთის ფედერაციის მასობრივი პროექტის „მოყვარულთა თასის“ მოთამაშეები და 10- წლამდე იმ ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც საფეხბურთო სკოლაში ირიცხებიან.
ორივე ბარათის მომხმარებლები სოკარის ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ბენზინისა და დიზელის ტიპის საწვავზე 15-თეთრიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

აღნიშნული პროექტი პირველია, რომელიც ამ თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდება.

Gff Ge

საქართველო – ლიტვა: ჩვენი ნაკრების სასტარტო შემადგენლობა

დღეს “მიხეილ მესხზე” საქართველოს ეროვნული ნაკრები ლიტვას მასპინძლობს. ამხანაგური შეხვედრისთვის ჩვენი ნარების შემადგენლობა ცნობილია.

საქართველოლორია, ნავალოვსკი, კვერკველია, კაშია, კაკაბაძე, კანკავა, გვილია, ანანიძე, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, ქვილითაია.

 

საქართველო – ლიტვა: პრევიუ

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა წლის სადებიუტო მატჩამდე ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი კვლავ თბილისში მდებარე ს.კ. ზესტაფონის ბაზაზე შედგა. ჩვენი გუნდი ლიტვასთან და ესტონეთთან მატჩისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. ტრავმის გამო ნაკრებს დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარება. მას შენცინის “პოგონის” ფეხბურთელი, ლაშა დვალი ჩაანაცვლებს. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 24 მარტს, 19:00 საათზე დაიწყება. ამხანაგურ მატჩს მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანჟი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (რიუ ავე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო,ქუთაისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (სკა ენერგია, რუსეთი), ლაშა შერგელაშვილი (რიგასი, ლატვია), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (პოგონი, პოლონეთი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა, ნიკა კვეკვესკირი, (ორივე ტობოლი, ყაზახეთი), ვაკო გვილია (ლუცერნი, შვეიცარია), გიორგი აბურჯანია (სევილია, ესპანეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერსქვიკსი, აშშ), გიორგი მერებაშვილი (ვისლა, პლოცკი, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა,ესპანეთი), ჯაბა ჯიღაური (ორდაბასი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია), ნიკა კაჭარავა (კორონა, პოლონეთი), ბაჩანა არაბული (ბალმაზუივაროში, უნგრეთი)

Gff.Ge

ფეხბურთის ფედერაციამ 1000-მდე მასწავლებელი გადაამზადა

24 მარტს, 17:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე ფეხბურთის ფედერაცია გამართავს შეხვედრას ფედერაციის მიერ გადამზადებულ 1000-მდე მასწავლებელს, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იმუშავებენ. ღონისძიებას დაესწრებიან ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და კულტურისა და სპორტის სამინისტროს აქტიური მხარდაჭერით, ხორციელდება მნიშვნელოვანი პროგრამა – ათასი სკოლა. პროგრამის პირველ ეტაპზე ქვეყნის რეგიონების 1000-მდე სკოლის სპორტის მასწავლებელი უკვე გადამზადდა და ისინი მზად არიან განსაკუთრებული როლი შეასრულონ მომავალი თაობების აღზრდის პროცესში.

ფეხბურთის ფედერაციამ შეადგინა და გამოსცა სპეციალური წესების წიგნი, რომელიც გადამზადებულ სპეციალისტებს გადაეცათ და მზადების პროსეცში დაეხმარებათ. წიგნში დეტალურად არის გაწერილი 6-11 წლამდე ბავშვებისთვის მზადების პროცესის წარმართვის გეგმა, რის მიხედვითაც მასწავლებლები სავარჯიშო პროცესს ჩაატარებენ.

პედაგოგებს შესაბამისი ეკიპირება გადაეცემათ, მოგვიანებით კი საჯარო სკოლები მიიღებენ, სრულფასოვანი სავარჯიშო პროცესის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინვენტარს. მასწავლებლები იმუშავებენ 1-2 კლასის მოსწავლეებთან, რადგან ეს პერიოდი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების განვითარების მიმართულების განსასაზღვრად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ჯანმრთელი მომავლის შექმნის თვალსაზრისით. მასწავლებლების გადამზადებაზე იმუშავეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისმა ინსტრუქტორებმა.

კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური

Gff.Ge

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა, 22 მარტს 23 ფეხბურთელის შემადგენლობით ღია ვარჯიში გამართა. გუნდთან ერთად პირველად ივარჯიშა „პოგონის“ მცველმა ლაშა დვალმა,რომელიც ტრავმირებულ დავით ხოჭოლავას შეცვლის. საწვრთნელი პროცესი კვლავ თბილისში მდებარე ს.კ. „ზესტაფონის“ ბაზაზე წარიმართა. ამ ეტაპზე ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ამხანაგურ მატჩებში საკუთარი შანსის მოლოდინშია. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე ვლადიმირ ვაისმა, ეროვნული ნაკრების დებიუტანთან, 18 წლის გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ვლადიმირ ვაისი: „ჩვენი დონის გუნდებისთვის ერთა ლიგა დიდი შანსია. წილისყრის შედეგად ჯგუფში ყაზახეთის, ლატვიისა და ანდორის ნაკრებებთან ერთად მოვხვდით, ჩვენი მიზანი კი, ამ ჯგუფიდან გასვლაა. ეს ყველას საერთო მიზანია, ხელმძღვანელობის, მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და ქართველი გულშემატკივრის.

ძალიან მიხარია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე ჩვენთან ერთადაა. პირველად მისი თამაში 16 წლის ასაკში ვნახე და ორ წელში მან დაუჯერებელი პროგრესი განიცადა. ჩაკვეტაძე მხოლოდ 18 წლისაა და ქართული ფეხბურთის ერთერთი ყველაზე დიდი ტალანტია. რა თქმა უნდა, მე ის გამოვიძახე იმისთვის, რომ ვათამაშო და დავაკვირდე. გიორგი ნაკრებში ვარჯიშით სიამოვნებას იღებს და გამოცდილებას აგროვებს. ვფიქრობ, მისი ნიჭი და საფეხბურთო შესაძლებლობები მას დიდ კარიერას უწინასწარმატყველებს. რაც მთავარია, სწორად აზროვნებს.გუშინ მის მშობლებს ვესაუბრე და გიორგის ჯერ ყველაფერი წინ აქვს. გიორგი ჩაკვეტაძე ლიტვასთან ძირითად შემადგენლობაში იქნება.

ჩვენი დონის გუნდებთან მოგება უნდა ვისწავლოთ. ლიტვა და ესტონეთი რეიტინგში ჩვენზე მაღლა არიან, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ დროებით. ჩვენი მიზანია შემტევი, ხარისხიანი ფეხბურთი ვითამაშოთ. მოგება თუ გვინდა ჭკვიანურად და პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. ეს ნიშნავს შემტევ ფეხბურთს და კარგ ბალანსს დაცვასა და შეტევაში. შეკრებაზე, მეკარეების გარდა, ოცი ფეხბურთელია. მსურს, შანსი თითქმის ყველას მივცე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისწავლოთ მოგება ფსიქოლოგიური დატვირთვის ქვეშ“.

გიორგი ჩაკვეტაძე: „ოპტიმალური შემადგენლობით შევიკრიბეთ, სამწუხაროდ, ტრავმის გამო დავით ხოჭოლავა დაგვაკლდა. ვფიქრობ, რომ ლიტვისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ორივე თამაში მოსაგები გვაქვს. გამარჯვება ჩვენთვის და ქართველი გულშემატკივრისთვის ძალიან კარგი იქნება. რა თქმა უნდა, ამხანაგური მატჩები ერთა ლიგაში საასპარეზოდ დაგვეხმარება.

რაც შეეხება ჩვენს შანსებს ერთა ლიგაში, გამორჩეული გუნდი არც ერთი არაა და თამაში ყველასთან შეგვიძლია. ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამ ტურნირის ფავორიტია.“

საქართველოს ნაკრების წლის პირველი მეტოქე, თბილისში 21 მარტს ჩამოვიდა, შეხვედრა საქართველოსა და ლიტვას შორის 24 მარტს შედგება. მეორე ამხანაგური მატჩი კი ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ 27 მარტს გაიმართება.

ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება, მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

Gff.Ge