„ზესტაფონო, ზესტაფონო გშორდები“ – ანუ უიმედოდ დარჩენილი კლუბი

ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა ამ სტერეოტიპს ქართული ფეხბურთი საკმაოდ ადვილად ამსხვრევს. დრო მიდის, ჩვენი ფეხბურთის პრობლემების რაოდენობა კი სულ უფრო და უფრო მატულობს. ბოლო თვეების და რამდენიმე სეზონის ერთ-ერთ მთავარ სალაპარაკო თემად საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ რჩება, რომლის ირგვლივ უსიამოვნებები არ წყდება.

არადა, ქართულ ფეხბურთზე საუბრისას და მისი ყველაზე წარმატებული გუნდების გახსენების დროს თბილისის „დინამოს“ შემდეგ, ალბათ, სწორედ იმერული კლუბი ახსენდებათ. გასაკვირი ამაში არაფერია – წინა სეზონების შედეგების გათვალისწინებით, „ზესტაფონი“ ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს. ორი მოგებული ჩემპიონატის, ერთი თასისა და ორი სუპერთასის გარდა, იმერული კლუბი ევროთასებზე ღირსეულად არაერთხელ წარსდგა. ყველაზე დასამახსოვრებელი 2011 წელს ევროპის ლიგის პლეიოფამდე მისვლა იყო.

ხსენებული მიღწევების მიუხედავად, „ზესტაფონს“ მოედნის გარეთ კარგი დღეები იშვითად ჰქონია. მაშინაც კი, როცა იმერული კლუბი მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, მის შინაურ სამზარეულოში ფინანსებთან დაკავშირებული არაერთი უსიამოვნება იყო. არადა, ლოგიკურად, ეს ასე მარტივი მიზეზების გამო არ უნდა ყოფილიყო: კლუბი ლიდერებს შორის იყო და არაერთ სხვა კლუბთან შედარებით, ილია კოკაიას სახით კერძო მფლობელი ჰყავდა, რაც განსაკუთრებით საქართველოში, ნებისმიერი გუნდისთვის ძალიან დიდი პლიუსია.

ყველაზე დიდი ძალა ხალხს აქვსო… ამ შემთხვევაში, ეს სტერეოტიპი მართლდება. გასაჭირში მყოფ „ზესტაფონს“ ადგილობრივი მოსახლეობა მხარში ყოველთვის ედგა. საქართველოს ქალაქებში მოსახლეობის ადგილობრივი კლუბისადმი სიყვარულს მატჩებზე დასწრებაც ადასტურებს. სამწუხაროდ, ამას დედაქალაქზე ვერ ვიტყვით, თუმცა ხშირად სხვა ქალაქების პატარა სტადიონების ტრიბუნების 70% მაინც სავსეა. განსაკუთრებით ეს ზესტაფონს ეხება, რაშიც გასაკვირი არაფერია. ორმაგი სიამოვნებაა, როცა შენი ქალაქის გუნდი მაღალი მიზნებისვის იბრძვის და ქალაქის სახელის დაცვას ცდილობს. ამიტომ, „ზესტაფონს“ მხარდაჭერა არასდროს აკლდა. თუნდაც 2006 წელს დაშლის პირას მყოფმა კლუბმა, არსებობა, შესაძლოა, სწორედ გულშემატკივართა ძალისხმევით გააგრძელა. აქციები შარშანაც იყო და, სამწუხაროდ, მათი გამართვის საფუძველი ზესტაფონელებს წელსაც ჰქონდათ. მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილებულა. რიგითმა ბიზნესმენმა კოკაიამ ფეხბურთით მოგება ვერ ნახა – გასაკვირი ამაში პრინციპში არც არაფერია. ამ დრომდე ის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ომს აგრძელებს, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვათ, საფუძვლიანიანიც კი არის და პირად დაპირისპირებაშიც დიდი ხნის წინ გადავიდა.

21 აპრილს მუნიციპალიტეტის სპეციალური სხდომა შედგა, სადაც კლუბის დაფინანსების ან დაუფინანსებლობის საკითხი უნდა მოეგვარებინათ. საბოლოოდ, კლუბის დაფინანსებას მხარი ცამეტმა ადამიანმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი ჩვიდმეტი აღმოჩნდა, რამაც „ზესტაფონის“ მომავალი კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დასვა.

გორის „დილასთან“ ჩაშლილი მატჩის შემდეგ კი სკანდალი კიდევ უფრო ფართომასშტაბური გახდა. „ზესტაფონი“ მატჩზე არ გამოცხადდა, რის შემდეგაც საკმაოდ სკანდალური განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც როგორც ილია კოკაია, ისე ზესტაფონური კლუბი „დილას“ მხრიდან ფეხბურთელების მოსყიდვაზე საუბრობდნენ. კოკაიამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ მატჩამდე სფფ-საც შეატყობინა, თუმცა რეაქცია ფედერაციის მხრიდან არ ყოფილა. გარდა ამისა, ჩვენს საიტთან საუბრისას „ზესტაფონის“ პრესატაშეს სერგო ფუტკარაძის თქმით, კლუბმა ამ მიზეზით ფეხბურთის ფედერაციას მატჩის გადატანაც კი სთხოვა, მაგრამ უარყოფით პასუხი მიიღო. არ გამოცხადების შემდეგ იმერულმა კლუბმა ამ და შემდგომ შეხვედრებში ტექნიკური მარცხის გარდა, ასევე ფულადი ჯარიმაც მიიღო და უმაღლესი ლიგიდან მოიკვეთა. გორის „დილას“ მიერ საპასუხოდ გამოქვეყნებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კლუბს მეტოქის რომელიმე ფეხბურთელის მოსყიდვა, ლოგიკურად, არ უნდა აწყობდეს და ყველანაირი მსგავსი ბრალდება აბსურდულია. ერთი მხვრივ, ისედაც მძიმე სიტუაციაში მყოფი „ზესტაფონის“ ფეხბურთელის მოსყიდვა ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდის მხრიდან ალოგიკურია. სხვა მხვრივ, ქართულ ფეხბურთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებული სკანდალები აქამდეც არაერთხელ ყოფილა, რის გამოც ჭორის არსებობის შემთხვევაშიც კი, ფედერაციამ გამოძიება დაუყონებლივ უნდა დაიწყოს. ეს შემთხვევა სფფ-ს მხოლოდ მინუსად შეგვიძლია ჩავუთვალოთ. თუმცა, შეცდომების გამოსასწორებლად დრო ჯერ კიდევ არსებობს. სხვათაშორის, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით, თურქეთის მაგალითიც გაიხსენეს, როდესაც გაჩემპიონებული „ბეშიქთაში“ სწორედ ამ მიზეზით ჩემპიონთა ლიგიდან მაინც მოკვეთეს.

„ზესტაფონის“ დაშლა ქართული ფეხბურთის რეგრესს ხელს, ალბათ, კიდევ უფრო შეუწყობს. იმერელთა ადგილს უმაღლეს ლიგაში ის კლუბი დაიკავებს, რომელიც, წესით, პირველ ლიგაში უნდა ასპარეზობდეს, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობა კი არ შემცირდება და კვლავ 16 დარჩება, აქედან უმეტესობა კვლავ მუნიციპალიტეტის დახმარებით დაფინანსდება, რაც 16-გუნდიანი ჩემპიონატის უარყოფი მხარეს ხაზს კიდევ ერთხელ გაუსვამს. საქმეს, ოდნავ, შესაძლოა, „საბურთალოს“ ამოსვლამ უშელოს, რომელმაც უმაღლესი ლიგის საგზური სწორედ გუშინ მოიპოვა.

სიტუაცია მართლაც ძალიან უსიამოვნოა, მისი შესაძლო გაგრძელება კი, უფრო ცუდია. ფაქტია, რომ ქართულ ფეხბურთი ასეთ სიტუაციაში აქამდეც იყო და, სავარაუდოდ, მომავალშიც იქნება.

ცოტა პოზიტივისთვის ქალაქ ზესტაფონზე საქვეყნოდ ცნობილი სიმღერა გავიხსენოთ, რომელიც გარკვეულწილად მის მდგომარეობასაც ასახავს, რადგან ის როგორც მუნიციპალიტეტმა და პრეზიდენტმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციამ მიატოვა…

ბაქოს ტურნირზე ახლა გოგონების ჯერია – 16-წლამდე ნაკრები დღეს იწყებს

როგორც უკვე იცით, ბაქოში დასრულდა 16-წლამდე ნაკრებების ოთხთა ტურნირი – UEFA Development Cup, სადაც საქართველოს ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა.

UEFA Development Cup-ი კი, ამჯერად, გოგონების ასპარეზობით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას საქართველოს 16-წლამდე გოგონათა ნაკრებიც მიიღებს. ჩვენი მეტოქეები, როგორც ვაჟების შემთხვევაში, ახლაც აზერბაიჯანის, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებები იქნებიან.

ჩვენი გოგონები ასპარეზობას დღეს დაიწყებენ. ტურნირის კალენდარი კი, ასე გამოიყურება:

16 აპრილი

საბერძნეთიU16 vs ყაზახეთიU16

აზერბაიჯანი U16 vs საქართველოU16

 

17 აპრილი

საბერძნეთიU16 vs საქართველოU16

აზერბაიჯანი U16 vs ყაზახეთიU16

 

19 აპრილი

ყაზახეთიU16 vs საქართველოU16

აზერბაიჯანი U16 vs საბერძნეთიU16

 

სფფ-ის პრესსამსახური

სანაკრებო თამაშების ბილეთები ორშაბათიდან გაიყიდება

ორშაბათიდან, 23 მარტიდან, იწყება ბილეთების გაყიდვა საქართველო – მალტის ამხანაგურ და საქართველო – გერმანიის ოფიციალურ მატჩებზე.

საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების ამხანაგურ მატჩზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება „მიხეილ მესხის“ სტადიონის სალაროებში, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდე. ბილეთის ფასი – 5 ლარი.

საქართველოსა და მალტის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი გაიმართება 25 მარტს, 21:00 საათზე, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩზე საქართველოსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის დასასწრები ბილეთები გაიყიდება ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენას“ სალაროებში, ყოველდღე 11:00-დან 18:00 საათამდებილეთის ფასი – 10,15, 20 და 30 ლარი.

საქართველოსა და გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთები, ასევე, ორშაბათიდან გაიყიდება ონლაინ რეჟიმში.ბილეთების ონლაინ შეძენას შეძლებთ სფფ-ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან – www.gff.ge.

აქვე, გვინდა გაცნობოთ, რომ საქართველოსა და გერმანიის მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენისას იმოქმედებს საგანგებო ლიმიტებიერთი ფიზიკური პირი შეძლებს მხოლოდ 15 ბილეთის შეძენას.

საქართველოსა და გერმანიის ეროვნული ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი გაიმართება 29 მარტს, 20:00 საათზე, “დინამო არენაზე”.

ბილეთების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას უშუალოდ სალაროებთან გაეცნობით.

გისურვებთ წარმატებებს და გელოდებით სტადიონზე!

სფფ-ის პრესსამსახური

სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აღარ აპირებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის შესახებ სიჭინავამ გაზეთ “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

“არ ვაპირებ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. ადამიანს უნდა ჰქონდეს გრძნობა, რომ ამოწურე შენი მაქსიმუმი. დამრჩა ორი საქმე, რომელიც მართლა მინდა, რომ ბოლომდე მივიყვანო. ერთია ბაზის მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში დასრულდება და მეორე – მინდა, 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალი წამოვიღო საქართველოში. ამას გავაკეთებ და თავისუფალი ვიქნები. ფინალის წამოღება საქართველოში 4 ქალაქის ამუშავებას ნიშნავს: გორის, მცხეთის, რუსთავის და თბილისის. ეს არის მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვუყურებ. არ შემიძლია, რადგან რამდენიმე თვე დამრჩა, ხელები ჩამოვყარო. უფრო მეტად უნდა ვიაქტიურო, მეტი გავაკეთო, რადგან, ვინც ჩემ შემდეგ მოვა, მან უფრო მეტს მიაღწიოს”, – ციტირებს სიჭინავას სიტყვებს “პრაიმტაიმი”

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და მისი პრეზიდენტის – ზვიად სიჭინავას საახალწლო მილოცვა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დამდეგ, ახალ 2015 წელს ულოცავს სრულიად საქართველოს, სპორტის ქომაგებს, ქართული ფეხბურთისა და ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებს და მათთან ერთად გამოთქვამს იმედს, რომ ახალი წელი ახალი წარმატებების, ქართული ფეხბურთის განვითარების წელი იქნება.

2014 წლის მიწურულს, უკვე შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ისტორიის კუთვნილება ხდება კიდევ ერთი, სპორტული თვალსაზრისით დაძაბული წელი, რომელიც სავსე იყო როგორც წარმატებული ნაბიჯებით, სიხარულის მომტანი გამარჯვებებით, ასევე, იმედგაცრუებებით.

2014 წლის შედეგების შეჯამებისას, შეუძლებელია სიხარულით არ გავიხსენოთ ასაკობრივი ნაკრები გუნდების წარმატებები. მწვრთნელთა შტაბის, თითოეული ფეხბურთელის სწრაფვა გამარჯვებისკენ, სპორტული ჟინი და თავდადება. ასევე, გულშემატკივართა საოცარი მობილიზება და მხარდაჭერა, რამაც, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი შედეგი განაპირობა.

ასაკობრივი ნაკრებების მიერ მიღწეული წარმატება გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ ქართულ ფეხბურთში ღირსეული, ბრძოლისუნარიანი თაობა მოდის. ეს კი, ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ქვეყნისთვის; მითუმეტეს, ისეთი სპორტული ტრადიციების მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის ნაკრების ფეხბურთელებს, მწვრთნელებსა და გულშემატკივრებს და იმედს გამოთქვამს, რომ ნაკრებები კიდევ უფრო მეტი შემართებით გააგრძელებენ ბრძოლას ევროპული მასშტაბებით, ფინალურ ეტაპებზე. ვისურვებთ, 2015 წელი ასაკობრივი ნაკრებებისთვის გამარჯვებების მომტანი ყოფილიყოს.

2014 წელი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვისაც. როგორც წინა წლებში, 2014 წელსაც ნაკრების სატურნირო მდგომარეობა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფში აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი გახდა. ამიტომ, კარგად გვესმის იმ გულშემატკივრების, რომლებიც საყვარელი ნაკრებისგან მეტს ითხოვენ; იმის მიუხედავად, რომ ტრადიციულად, ჯგუფში სერიოზულ მეტოქეებთან გვიწევს საფინალო საგზურისთვის ბრძოლა.

2014 წელს, ნაკრებს დაემშვიდობა მთავარი მწვრთნელი – თემურ ქეცბაია, რომელმაც გუნდის განვითარებაში მართლაც კოლოსალური შრომა ჩადო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობას უხდის მას გაწეული მუშაობისთვის და წარმატებას უსურვებს ახალ მწვრთნელს – კახი ცხადაძეს, რომელმაც ნაკრები წლის მიწურულს ჩაიბარა და რომელსაც 2015 წლის მარტიდან, ძალიან მნიშვნელოვან ორთაბრძოლებში მოუწევს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდა.
სირთულეებითა და წარმატებებით სავსე წლის მიწურულს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს ულოცავს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე ყველა კლუბს, მათ გულშემატკივრებს, მსაჯებს. ვისურვებდით, 2015 წელი გამთლიანებულ ქვეყანაში ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების წელი ყოფილიყოს, სადაც დღეს არსებული კლუბების ფეხბურთელებს მშობლიურ, ამჟამად ოკუპირებულ მხარეებში თამაშის საშუალება მიეცემათ.

2014 და 2015 წლების მიჯნაზე შეუძლებელია სიამაყით არ აღინიშნოს, რომ 2015 წელს უმნიშვნელოვანესი საფეხბურთო მოვლენის – ევროპის სუპერთასის ფინალის მასპინძელი საქართველოს დედაქალაქია. ის, რომ ამის მიღწევა გახდა შესაძლებელი, სწორედ, 2014 და წინა წლებში გაწეული დაუღალავი შრომის, ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, საქართველოს პერსპექტივაში ევროპელი კოლეგების დარწმუნების შედეგია. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მოხარულია, რომ გარკვეული ბარიერების არსებობის მიუხედავად, ეს ღონისძიება, სწორედ, თბილისში, ჩვენი უშუალო ძალისხმევით ჩატარდება.

სამწუხაროდ, 2014-მა წელმა არ ჩაიარა დანაკარგის გარეშეც… ტრაგიკულად დაიღუპა ლანჩხუთის „გურიას“ ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელი ნიკა კილაძე. ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ იხრის ქედს მისი ხსოვნის წინაშე.

დამდეგი 2015 წელი მნიშვნელოვანი წელია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის. მოგეხსენებათ, სწორედ 2015 გახლავთ ის წელი, როცა ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩატარდეს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ძალების, მათ შორის, არცთუ იშვიათად, ხელისუფლების შტოს წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ მომხდარა ამ თემით სპეკულირება, ფეხბურთის ფედერაცია იმედოვნებს, რომ არჩევნები ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, გამჭვირვალედ, დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კვლავ ღირსეული პრეზიდენტი ეყოლება.

დაბოლოს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ახალ წელს ულოცავს საქართველოს ფეხბურთელ ქალებს, ფეხბურთის გულშემატკივრებს, სპორტულ ჟურნალისტებს, ფედერაციის თითოეულ თანამშრომელ; იმ გუნდს, რომელიც არ იშურებს ენერგიას და ძალას საერთო საქმის კეთებაში. ვულოცავთ მათ, ვინც გამოირჩევიან კონსტრუქციულობითა და ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობის სურვილით.

ვისურვებთ, 2015 წელი ფეხბედნიერი ყოფილიყოს ქართული ფეხბურთისთვის და სრულიად საქართველოსთვის.

საუკეთესო სურვილებით – ზვიად სიჭინავა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი

 

სფფ-მ წლის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა

დღეს, რესტორან “ქალაქურში” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ 2014 წელი შეაჯამა და ოთხ ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები გამოავლინა. სულ რამდენიმე წუთის წინათ გახდა ცნობილი გამარჯვებულთა ვინაობა.

საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველია დასახელდა, რომელმაც თორნიკე ოქრიაშვილი (“გენკი”) და ჯაბა კანკავა (“დნიპრო”) ჩამოიტოვა. ამ ნომინაციაზე წარდგენილ ფეხბურთელთა შორის გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ერთმა ხმამ გადაწყვიტა.

წლის საუკეთესო ლეგიონერი ასევე ყაზანის “რუბინის” მცველი სოლომონ კვირკველია გახდა, რომელმაც ამ შემთხვევაშიც თორნიკე ოქრიაშვილსა (“გენკი”) და ჯაბა კანკავას (“დნიპრო”) აჯობა.

ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო “დინამო თბილისის” ყოფილ თავდასხმელ ჩისკო მუნიოსს გადასცეს, რომელმაც “ზესტაფონის” ყოფილი თავდასხმელი ჯაბა დვალი და გორის “დილას” ფორვარდი ირაკლი მოდებაძე ჩამოიტოვა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად “დინამო თბილისის” ნახევარმცველი გიორგი პაპუნაშვილი დაასახელეს, რომელმაც ლუკა ზარანდიასა (“გენკი”) და ოთარ კიტეიშვილს (რუსთავის “მეტალურგი”) აჯობა.

გამარჯვებულთა გამოსავლენად სფფ-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელშიც მონაწილეობა უმაღლესი და პირველი ლიგის გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ასევე ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა მიიღეს.

 

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი წლის ბოლომდე დასახელდება

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი კვლავ ვაკანტურია.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელთა განცხადებით, კონსულტაციები უკვე ერთი თვეა რამდენიმე კანდიდატთან აქტიურად მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება უახლოეს ორ კვირაში გახდება ცნობილი.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი 15 ნოემბერს გათავისუფლდა, როდესაც ქვეყნის პირველი გუნდი თემურ ქეცბაიამ დატოვა.

GFF.GE

ზვიად სიჭინავა სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას არ გამორიცხავს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის შემოდგომაზე გასამართ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.

“რამდენიმე ხნის წინათ განვაცხადე, რომ კანდიდატურის დაყენებას არ ვაპირებდი, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და უკვე დაყენებული კანდიდატურების გამო არ გამოვრიცხავ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი მეც ვიყარო.

რაც შეეხება ეროვნული ნაკრების ახალ თავკაცს, ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია. აგენტები მუშაობენ და გვყავს რამდენიმე ვარიანტი”, – აღნიშნა დღეს ზვიად სიჭინავამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინათ ლევან კობიაშვილმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.

 

კობიაშვილი ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლევან კობიაშვილმა დღეს გადაცემა „არენას“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

„იქ, სადაც ვარ, თავს კარგად ვგრძნობ, თუმცა ჩემთვის ქართული ფეხბურთი უფრო პრიორიტეტულია. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში“, – განაცხადა კობიაშვილმა.

სრული ინტერვიუ იხილეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემის ვიდეოში:

თემურ ქეცბაიამ პოლონეთისთვის 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრები სეზონის მეოთხე ოფიციალურ შეხვედრას
თბილისში ჩაატარებს. თემურ ქეცბაიას გუნდი 14 ნოემბერს, პოლონეთის
ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. ქვეყნის პირველი გუნდი საწვრთნელ
შეკრებას 10 ნოემბრიდან ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გაივლის. ნაკრების
მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა.

მეკარეები: გიორგი ლორია („ოფი“, საბერძნეთი), როინ
კვასხვაძე(„ოთელოსი“, კვიპროსი), ომარ მიგინეიშვილი („დინამო“, თბილისი)

მცველები: გურამ კაშია („ვიტესი“, ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე
(„ომონია“,კვიპროსი), აკაკი ხუბუტია („სპარტაკი“,ცხინვალი), სოლომონ
კვერკველია(„რუბინი“, რუსეთი), გია გრიგალავა („ანჟი“, რუსეთი), ლაშა
დვალი („სკონტო“,ლატვია), ლევან კაკუბავა („სამტრედია“)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი“, უკრაინა), სანდრო კობახიძე
(„ვოლინი“, უკრაინა) ჯაბა კანკავა („დნიპრო“,უკრაინა), თორნიკე
ოქრიაშვილი („გენკი“,ბელგია), ჯანო ანანიძე („სპარტაკი“,რუსეთი) მათე
ცინცაძე, გიორგი პაპუნაშვილი, გიორგი პაპავა, ირაკლი ძარია (ყველა
„დინამო“, თბილისი), ნიკა ძალამიძე („იაგელონია“, პოლონეთი)

თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი“, იტალია), ნიკოლოზ გელაშვილი
(„ფლამურტარი“,ალბანეთი), გიორგი ჭანტურია („კლუჟი“, რუმინეთი)

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი საქართველოსა და
პოლონეთს შორის, „დინამო არენაზე“ 14 ნოემბერს, 21 საათზე დაიწყება.
მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი კი 5,7,10 და 15 ლარი იქნება.

GFF.GE

სფფ-ის აღმასკომმა კლუბებს ფინანსური დახმარება დაუმტკიცა

დღეს, სფფ-ის ოფისში ფედერაციის აღმარულებელი კომიტეტი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად შეიკრიბა. სხდომის დღის წესრიგიში იყო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების დაფინანსების საკითხი.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, უახლოეს დღეებში ფეხბურთის ფედერაციისგან უმაღლესი ლიგის 16 კლუბიდან თითოეული 200 ათასს, ხოლო პირველი ლიგის 20 კლუბიდან ყველა 50-50 ათასს მიიღებს. კლუბები თანხებს ხელშეკრულებების საფუძველზე მიიღებენ, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი თანხების მიზნობრიობა. ფინანსური დახმარების გამოყენებას კლუბები შეძლებენ ფეხბურთელებისა და კლუბის მომსახურე პერსონალის ხელფასებისთვის; ასევე, ტრანსპორტირება, კვება, ეკიპირება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვენტარი. კლუბები ფინანსურ დახმარებას ვერ გამოიყენებენ პრემიალური თანხების გასაცემად. ხელშეკრულებაში ჩადებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ხელშეკრულების საფუძველზე კლუბს თანხა ჩამოერთმევა. მონიტორინგს სფფ თავად განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ კლუბების ფინანსური დახმარებისთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კრედიტი უეფასგან აიღო იმ სატელევიზიო უფლებების გაყიდვის სანაცვლოდ, რომელიც 2015 და 2016 წელს ქართულ მხარეს ეკუთვნის. შესაბამისად, წელიწადში 2 მილიონის ნაცვლად, სფფ სატელევიზიო უფლებებში მხოლოდ მილიონს აიღებს და დანარჩენი თანხით მოხდება ამ 3-პროცენტიანი კრედიტის დაფარვა, რომელიც თავად უეფამ ერთ-ერთი შვეიცარიული ბანკიდან აიღო.

სფფ-ის გადაწყვეტილება უპრეცენდენტოა და გაოცებას ვერც უეფაში მალავენ. მსგავსი რამ უეფას არც ერთ წევრ ასოციაციაში არ მომხდარა. შესაბამისად, სფფ-ის პრეზიდენტსა და გენერალურ მდივანს ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში რამდენიმე ვიზიტი დასჭირდათ სესხის მისაღებად და ოფიციალური წერილი, სადაც დასაბუთებული იყო, რომ დახმარების გარეშე ეროვნულ ჩემპიონატს ჩაშლის საფრთხე ემუქრებოდა.

სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლოსთვის, კლუბებთან ხელშეკრულებების გაფორმება დასრულდება.

სფფ-ის პრესსამსახური

სფფ-ის აკადემია რუსთავში აშენდება

17 ოქტომბერს სფფ-ის პრეზიდენტსა და რუსთავის მერს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე ოფიციალურად დადასტურდა, რომ სფფ-ის საფეხბურთო აკადემია ქალაქ რუსთავში აშენდება.

პროექტის განხორციელებისათვის აუცილებელი ტერიტორია – 8 ჰექტარი მიწის ნაკვეთი სფფ-ის უკვე გადაეცა. დღეისათვის სფფ-ის აკადემია ტექნიკურ ცენტრ „ბასაზეა“ განთავსებული და აკადემიაში ჩარიცხული ბავშვები ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე გადიან ყოველდღიურ მომზადებას.

სფფ-ის აკადემიის მშენებლობა 2015 წლის აგვისტოში დასრულდება და საფეხბურთო აკადემიის აღსაზრდელებს უკვე მომავალი წლიდან შეეძლებათ საკუთარი საწვრთნელი ბაზით სარგებლობა.

სფფ-ის პრესსამსახური