“სანდერლენდი” სემ ელერდაისს ჩააბარეს

“ვესტ ჰემ იუნაიტედის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი “სანდერლენდის” თავკაცის პოსტზე დაინიშნა. 60 წლის სპეციალისტმა “შავ კატებთან” ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ “სანდერლენდის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ვაკანტური 4 ოქტომბერს გახდა, როდესაც დიკ ადვოკატი გაათავისუფლეს.

ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში “სანდერლენდს” 3 ქულით მე-19 ადგილი უკავია. გუნდი უახლოესი ტურის შეხვედრას სტუმრად “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

მსაჯს შეეშალა და ოშის ნაცვლად მოედნიდან ბრაუნი გააძევა

საინტერესო ფაქტი მოხდა ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “სანდერლენდს” შორის გამართულ მატჩში (2:0). სტუმართა მცველმა ჯონ ოშიმ საჯარიმო მოედანზე რადამელ ფალკაოს წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, მთავარმა არბიტრმა როჯერ ისტმა პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა, თუმცა შეცდომით წითელი ბარათი არა ოშის, არამედ უეს ბრაუნს უჩვენა. ორივე ეს ფეხბურთელი თავის დროზე “მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობდა და ნუთუ, მხოლოდ ამიტომ აერია მსაჯს? ანდაც იმიტომ, რომ ბრაუნი ეპიზოდის ეპიცენტრთან ძალზედ ახლოს იყო, თუმცა ფაქტია, რომ თამაშის წესი ოშიმ დაარღვია.

მსგავსი შეცდომა პრემიერლიგის გასული სეზონის გათამაშებაზე არბიტრმა ანდრე მარინერმაც დაუშვა, როდესაც წითელი ბარათი ოქსლეიდ-ჩემბერლენის ნაცვლად კირან გიბსს უჩვენა.

 

როჯერსი: “ამ კვირაში შესაძლო ცხრა ქულიდან შვიდი ავიღეთ, რაც კარგი შედეგია”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ინგლისის პრემიერლიგის XV ტურში “სანდერლენდთან” შინ ნათამაშები მატჩი (0:0) შეაფასა.

“ფეხბურთელები სრულად დაიხარჯნენ. მეორე ტაიმში ისე ჩანდა, თითქოს შეგვეძლო გარღვევა, თუმცა “სანდერლენდმა” ამ სეზონში უკვე დაამტკიცა, რომ მისი დამარცხება რთულია. ფეხბურთელებს ვერაფერში დავდანაშაულებ.

ცოტაოდენ უნდა გაგვმართლებოდა. თუ ვერ იგებ, ის მაინც უნდა მოახერხო, რომ არ წააგო. ამ კვირაში შესაძლო ცხრა ქულიდან შვიდი ავიღეთ, რაც კარგი შედეგია”, – ციტირებს როჯერსის სიტყვებს BBC.

 

ყველაზე დიდი ანგარიშები ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში

მოგეხსენებათ, ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში „საუთჰემპტონმა“ „სანდერლენდი“ საკუთარ მეოდანზე გამანადგურებელი ანგარიშით 8:0 დაამარცხა. მსგავსი ანგარიში პრემიერლიგაში ასევე სხვადასხვა წელს დაფიქსირდა.

1995 წლის ოთხ მარტს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ შინ „იპსვიჩი“ 9:0 გაანადგურა. 2009 წლის 22 ნოემბერს ასევე 9 ბურთი „ტოტენჰემმა“ გაიტანა, თუმცა „იპსვიჩისგან“ შედარებით, „უიგანმა“ მეტოქეს ერთი გოლით უპასუხა. ანგარიში 8:0 ასევე 1999 წლის 19 სექტემბერსა და 2010 წლის 8 მაისს დაფიქსირდა. პირველ შემთხვევაში, „ნიუკასლმა“ „შეფილდ უენსდი“ გაანადგურა, ხოლო მეორე შემთხვევაში, „ჩელსიმ“ „უიგანი“ დაამარცხა.

PremierLeague

პრემიერლიგის აპრილის თვის საუკეთესონი

ინგლისის პრემიერლიგის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელი და მწვრთნელი დაასახელეს.

საუკეთესო მოთამაშედ „სანდერლენდის“ ახალგაზრდა თავდამსხმელი კონორ უიკჰემი დასახელდა, საუკეთესო მწვრთნელად კი – „კრისტალ პალასის“ უელსელი თავკაცი ტონი პიულისი

პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში „სანდერლენდს“ 21 წლის უიკჰემი ეხმარება, რომელმაც აპრილში გატანილი გოლით თავი ხუთჯერ გამოიჩინა, ორჯერ გაუტანა „მანჩესტერ სიტისა“ და „კარდიფს“, ერთხელ კი – ლონდონის „ჩელსის“.

რაც შეეხება პიულისს, მისი თავკაცობით „კრისტალ პალასმა“ აპრილში გამართული ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვებით დაასრულა. გუნდს ამ დროისთვის 43 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილი უკავია და პრემიერლიგის მომდევნო სეზონში ადგილი განაღდებული აქვს.

ბექა დოგრაშვილი

„მანჩესტერ სიტიმ“ მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული მოიგო

ინგლისის ლიგის თასის ფინალურ მატჩში „მანჩესტერ სიტი“ „სანდერლენდს“ დაუპირისპირდა. „უემბლიზე“ გამართული შეხვედრა „ქალაქელთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.

ანგარიში „სანდერლენდის“ იტალიელმა თავდამსხმელმა ფაბიო ბორინიმ მე-10 წუთზე გახსნა. „ქალაქელებმა“ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა მეორე ტაიმის დასაწყისში შეძლეს — იაია ტურემ და სამირ ნასრიმ ორწუთიან მონაკვეთში ორი გოლი გაიტანეს. შეხვედრის ბოლოს ხესუს ნავასმა „სანდერლენდს“ მესამე გოლი გაუტანა და მატჩს წერტილი დაუსვა.

ამრიგად, მანუელ პელეგრინის გუნდმა მიმდინარე სეზონში პირველი ტიტული დაიბევა.

ინგლისის ლიგის თასის ფინალი
„მანჩესტერ სიტი“ — „სანდერლენდი“ 3:1 (0:1)
გოლები: ტურე 55′, ნასრი 56′, ნავასი 90′ — ბორინი 10′.
გაფრთხილებები: ნეგრედო 90+3′ — მარკოს ალონსო 82′.

ბექა დოგრაშვილი

როგორ იქცა ქვასროლია ბიჭი საუკეთესო ბურთსროლია ბიჭად

გიფიქრიათ ოდესმე ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელების ყველაზე ძლიერი მხარეები ერთ ფეხბურთელში რომ გავაერთიანოთ, როგორი მოთამაშე გამოვა? არსებობს ასეთი პროექტი „იდეალურ მოთამაშე“. აღნიშნული პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ევროპის მასშტაბით მოთამაშე სხვადასხვა ფეხბურთელების ცალკეულ, ყველაზე ძლიერ მხარეებს წარმოაჩენენ, ერთ ფეხბურთელში აერთიანებენ და გამოჰყავთ წლის იდეალური მოთამაშის პარამეტრები. 2010 წელს კრიშტიანო რონალდუს ფეხი აირჩიეს, ჩავის – თვალი, კარლეს პუიოლის – თმა, პიტერ კრაუჩის – სიმაღლე, მიხაელ ბალაკის – მკერდი, ხოლო მისი – მკლავები. ითვლება, რომ აუტს მასზე უკეთ ვერავინ აწვდიდა. მისი სახელი რორი დელაპი გახლავთ. ზუსტად ორი კვირის წინათ, 37 წლის დელაპმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი აუტის საუკეთესო მომწოდებლის განვლილი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს.

რორი ჯონ დელაპი
დაიბადა 1976 წლის 6 ივლისს ინგლისის ქალაქ სატონ კოლდფილდში.
ეროვნება: ინგლისი/ირლანდია
ამპლუა: ცენტრალური ნახევარმცველი
საკლუბო კარიერა: „კარლაილ იუნაიტედი“ (1994–1998), „დერბი ქაუნთი“ (1998–2001), „საუთჰემპტონი“ (2001–2006), „სანდერლენდი“ (2006–2007), „სტოკ სიტი“ (2007–2012), „ბარნსლი“ (2013), „ბერტომ ალბიონი“ (2013). კარიერის განმავლობაში ჩაატარა 587 მატჩი და გაიტანა 35 გოლი.
სანაკრებო კარიერა: ირლანდიის ნაკრები – 11 მატჩი.

ციფრები
დელაპის მიერ აუტიდან სროლის საშუალო მანძილი – 38 მეტრი;
დელაპის მიერ ბურთის ყველაზე შორ მანძილზე სროლის დისტანცია – 45 მეტრი (2008 წლის 1 ნოემბერს „არსენალთან“ გამართტულ მატჩში). თუმცა, მსოფლიო რეკორდი არა მას, არამედ დანიელ ტომას გრონემარკს ეკუთვნის, რომელმაც ბურთი 51,33 მეტრის დისტანციაზე ისროლა.
დელაპის მიერ ნასროლი ბურთის მაქსიმალური სიჩქარე – 60 კმ/სთ.

ფაქტები
დელაპი ამბობს, რომ ამ ნიჭით დაიბადა: „დედაც და მამაც მეუბნებოდნენ, რომ ბავშვობაში ფანჯრებს ქვებს ვესროდი. მაშინ ორი ან სამი წლისა თუ ვიქნებოდი. ფეხბურთზე ადრეულ ასაკში შევედი. საშინელი ტექნიკა მქონდა და ბურთს ყოველთვის შორს ვიგერიებდი. დაბადებიდან ასეთი ვიყავი, გესმით? როდესაც „დერბიში“ ვირიცხებოდი, ფიტნეს-მწვრთნელი სამედიცინო ბურთების სროლას მთხოვდა, ეს ბურთები შედარებით პატარაა, ვიდრე ჩვეულებრივი“.

ბავშვობაში რორი შუბის ტყორცნის სექციაზეც შეიყვანეს, სადაც, მისივე თქმით, 40 მეტრის მანძილზე სროლა ისწავლა. 15 წლის ასაკში ამ საქმიანობას შეეშვა, თუმცა საკმაო წარმატებები ჰქონდა. 2008 წელს ირლანდიის მსუბუქი მძლეოსნობის ასოციაცია სერიოზულად იწვევდა დელაპს ნაკრებში ლონდონის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ფეხბურთელმა შეთავაზებაზე უარი განაცხადა.

ინგლისის პრემიერლიგის 2008/09 წლების სეზონში „სტოკ სიტის“ პირველ რვა გოლიდან ხუთი სწორედ დელაპის ორგანიზებულია – ხუთივე გოლი აუტიდან ბურთის სროლას მოჰყვა. დევიდ მოიესმა მას მეტსახელად „კაცი-შურდული“ დაარქვა, ინტერნეტ-სივრცეში კი მას „მექანიკურ ხელებად“ მოიხსენიებდნენ.

მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ისე უფრთხოდნენ მის აუტებს, რომ 2008/09 წლების სეზონში „ჰალ სიტის“ მეკარე ბოაზ მაიჰილმა ერთ-ერთ ეპიზოდში ბურთის არა გვერდით ხაზს იქით, არამედ კუთხურზე მოგერიება ამჯობინა. 2010/11 წლების სეზონში კი, „ვესტ ჰემმა“ დელაპის მიერ მოწოდებული ბურთის მოსაგერიებლად აუტის ხაზთან დამატებითი ფეხბურთელები დააყენა.

2011/12 წლებში დელაპი ყველაზე ნაკლების პასის რაოდენობით პრემიერლიგის სამ უარეს ნახევარმცველთა შორის მოხვდა.

მხრების ვარჯიში და ზურგის კუნთები – დელაპის თქმით, სწორედ ეს არის მისი საიდუმლო. „აუტი კუთხურზე უკეთესია, რადგან ბურთის ხელით სროლა გაცილებით ზუსტად შეიძლება. ამისთვის კი კუნთები უნდა დაიყენოთ“, – ამბობს დელაპი.

ტონი პულისი – „სტოკ სიტიში“ დელაპის მწვრთნელი:
„მისი ნასროლი მეტოქეს ბევრ პრობლემას უქმნის. ბურთი ზემოთ კი არ მიფრინავს, არამედ ბრუნავს და მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს უჭირთ იმის განსაზღვრა, თუ სად დავარდება“.

ნემანია ვიდიჩი – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი (2008 წლის ნოემბერი):
„ასეთ რამეს არასდროს შევსწრებივარ. მას აუტიდან ბურთის სროლა 40 მეტრის მანძილზე შეუძლია! სწორედ ამას ვუფრთხით და ამიტომაც ვატარებთ საგანგებო ვარჯიშებს“.

არსენ ვენგერი – „არსენალის“ თავკაცი (2009 წლის დეკემბერი):
„დელაპი ისე ისვრის ბურთს, თითქოს ფეხით არტყამდეს. ეს უსამართლო უპირატესობაა. ის ისეთ ნიჭს იყენებს, რაც ფეხბურთში არ არის მიღებული. კარგი იქნება, თუ აუტიდან ბურთს ხელით მოწოდების ნაცვლად ფეხით მოწოდებით შევცვლით. ვფიქრობ, ეს თამაშს კიდევ უფრო დააჩქარებს“.

რორი დელაპი:
„ჩემი ნასროლისგან დაცვა შეუძლებელია“.

ბექა დოგრაშვილი

ფაბიო ბორინიმ მატჩის შესვენებისას გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს

ინგლისის პრემიერლიგის XIX ტურში „კარდიფ სიტისა“ და „სანდერლენდს“ შორის გამართული მატჩის (2:2) შესვენების დროს, სტუმრების თავდამსხმელმა ფაბიო ბორინიმ გონება დაკარგა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული „ბიბისი“ ავრცელებს.

იტალიელი ფეხბურთელი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ტაიმში მის ნაცვლად მოედანზე სტივენ ფლეტჩერი შევიდა, რომელმაც 83-ე წუთზე გოლიც გაიტანა.

ბორინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მატჩის შემდეგ „სანდერლენდის“ მთავარმა მწვრთნელმა გუსტავო პოიეტმა ისაუბრა.

„ბორინი მატჩამდე ავად იყო, თუმცა თამაში სურდა. როგორც დავინახეთ, მისთვის ერთი ტაიმიც კი ბევრი აღმოჩნდა. მატჩის შემდეგ ბორინი თავს უკეთ გრძნობდა. ექიმმა მითხრა, რომ ჩვენთან ერთად ვერ იმგზავრებს, ამიტომ ღამეს აქ გაათევს, თუმცა საავადმყოფოდან უკვე გამოწერეს. საბედნიეროდ, სერიოზული არაფერია. ძალიან ვღელავდით. რაღაც ვირუსი თუ ავადმყოფობაა. მოკლედ, პრობლემა მოიხსნა“, – განაცხადა პოიეტმა.

პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში ბორინიმ 16 მატჩში მიიღო მანწილეობა და ორი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იტალიელი ფორვარდი „ლივერპულს“ ეკუთვნის და „სანდელენდში“ იჯარის წესით თამაშობს.

ბექა დოგრაშვილი

„სანდერლენდმა“ დი კანიო გაათავისუფლა

ინგლისურმა „სანდერლენდმა“ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან პაოლო დი კანიო გაათავისუფლა.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში იტალიელი სპეციალისტის თავკაცობით  „სანდერლენდმა“ ხუთი მატჩი ჩაატარა. აქედან ოთხ შეხვედრაში დამარცხდა, ერთი მატჩი კი ფრედ დასრულდა. კლუბს აქტივში მხოლოდ ერთი ქულა და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილი აქვს დაკავებული.

ამრიგად, „სანდერლენდის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დი კანიოსთვის „ვესტ ბრომვიჩ ალბიონის“ წინააღმდეგ გამართული შეხვედრა უკანასკნელი გამოდგა. ცნობისთვის, მატჩი „ვესტ ბრომვიჩმა“ ანგარიშით 3:0 მოიგო.

კლუბს დროებით კევინ ბოლი უხელმძღვანელებს.

ბექა დოგრაშვილი

ჯაკერინი: ”მეტი სათამაშო დრო მჭირდებოდა”

”იუვენტუსის” ყოფილმა ნახევარმცველმა ემანუელე ჯაკერინიმ ”სანდერლენდში” გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

”იუვენტუსიდან” წასვლის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ადვილი ნამდვილად არ ყოფილა. ტურინში ჩემი ბევრი მეგობარი დავტოვე, დავტოვე თანაგუნდელები, რომლებთანაც კარგი ურთიერთობები მაკავშირებს. ანტონიო კონტემ კი ჩემს განვითარებაში დიდი წვრილი შეიტანა. ასეა თუ ისე, ჩემი გადაწყვეტილების გამო არ ვნანობ, მიუხედავად იმისა, რომ ტოპ-კლუბის დატოვება მომიწია”, – განაცხადა ჯაკერინიმ.

”მიზეზები? ფინანსური მხარის გარდა, ყველაფერზე ვიფიქრე. პირველ რიგში, ისეთი რეჟიმი მინდოდა, რომლის წყალობითაც მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მექნებოდა. არა, ”იუვეში” რა თქმა უნდა მაფასებდნენ, უბრალოდ გაცილებით ხშირად მსურდა თამაში და ამავე დროს მინდოდა, რომ გუნდისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიმეცა”, – დაასრულა 28 წლის იტალიელმა.

ალექსანდრე მატევოსოვი