დინამომ ბათუმი დაამარცხა

საკალათბურთო სუპერლიგის მორიგი ტური დღეს ბათუმში დაიწყო. აჭარის მთავარ ქალაქში თბილისის “დინამო” ჩავიდა და ადგილობრივი გუნდი ზედმეტი გართულებების გარეშე – 72:59 დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა თბილისში დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა. მაშინ ბათუმელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს და მოგებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა ბოლო წუთზე დაშვებული შეცდომების გამო 93:95 დამარცხდნენ. დღეს კი, მიუხედავად იმისა, რომ “ბათუმი” შინაურ დარბაზში თამაშობდა, “დინამოს” სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და შეიძლება ითქვას, უბრძოლველად დამარცხდა.

დინამოელებმა თამაში შედეგიანად დაიწყეს და პირველივე მეოთხედში ცხადი გახდა რომ სტუმრები გამარჯვებას ხელიდან არ გაუშვებდნენ. სტევან მილოშევიჩი, ქიენ კარტერის და მის თანაგუნდელთა სიზუსტის წყალობით “დინამომ” საწყისი პერიოდი 25:9 მოიგო. 14-ქულიანი  ლიდერობა თბილისელებმა ტაიმის ბოლოსთვის 1-ით გაზარდეს და დიდ შესვენებაზე დაარხეინებულნი გავიდნენ.

მასპინძლებმა მესამე პერიოდში თამაში გამოაკეთეს. ლეგიონერების წყალობით ჩამორჩნის შემცირებას შეუდგნენ და მეოთხედის შუაწელში მეტოქეს 5 ქულამდე მიუახლოვდნენ – 37:42. ეს იყო მაქსიმუმი, რასაც ბათუმელებმა მიაღწიეს. დინამოელებმა ათწუთეულის ბოლომდე ლიდერობა 9 ქულამდე გაზარდეს და დარჩენილ პერიოდში მასპინძლები ახლოს აღარ გაიკარეს.

დინამოელებს მეფარეთა ტანდემმა ულიდერა – ქიენ კარტერმა 15 ქულა და 16 მოხსნა მიითვალა, ხოლო სტევამ მილოშევიჩმა ანგარიშზე 14-14 ქულა-მოხსნა ჩაიწერა. 13 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიაშველა გამარჯვებულებს გიორგი გამყრელიძემ. ბათუმელებში კანადელი ლეგიონერი ჯუნიორ ქედუგინი 19 ქულით გამოირჩა, ჯეიმი ჯექსონმა თავი 14 ქულასა და 8 მოხსნას მოუყარა.

ტურის დარჩენილი 3 შეხვედრა ხვალ, 15 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ივანე მაისურაძე(,,ბათუმის” მოთამაშე-მწვრთნელი): დღეს სრული შემადგენლობით ვიასპარეზეთ, დიდი შემართებით გავედით მოედანზე, მაგრამ ,,დინამო”, როგორც ყოველთვის, დღესაც მოწოდების სიმაღლეზე იყო. ხოშტარიას გუნდს ეტყობოდა, რომ კარგად იყო მომზადებული და კონკრეტულად დღევანდელი თამაშისთვისაც სათანადო ფორმაში იყვნენ, ეს შედეგზეც აისახა. მცირე შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყეთ და იმედი გვაქვს, ,,ქუთაისთან” მოვიპოვებთ გამარჯვებას.

 

ირაკლი ხოშტარია(,,დინამოს” მთავარი მწვრთნელი): კარგად დავიწყეთ თამაში, თავიდანვე მოვიპოვეთ უპირატესობა, ბიჭებმა დავალება ზუსტად შეასრულეს. გვქონდა ჩავარდნა მესამე მეოთხედში, თუმცა მალევე გამოვასწორეთ თამაში და მოვახერხეთ უპირატესობის შენარჩუნება.

superleague.ge

შსს აკადემია-მაქაბის შეხვედრა გადაიდო

სუპერლიგის მეორე წრის პირველი ტურის შეხვედრა ,,შსს აკადემიასა’’ და ,,მაქაბს’’ შორის, რომელიც დღეს, 14:00 საათზე უნდა გამართულიყო, გადაიდო. აღნიშნული შეხვედრა დღეს აღარ გაიმართება, რადგან თბილისის სპორტის სასახლეში ტრანსფორმატორი გადაიწვა და მისი აღდგენითი სამუშაოებისთვის გარკვეული დროა საჭირო.

შეხვედრა შსს აკადემიასა და მაქაბს შორის, 3 თებერვალს, ვაკეში მდებარე საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 16:00 საათზე გაიმართება.

ბათუმის გამარჯვება ოლიმპთან

სტატისტიკა 

თვენახევრიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი განახლდა. მეორე წრის პირველი ტური დღეს და ხვალ, ოთხ ქალაქში გაიმართება. უკვე ჩატარდა შეხვედრა ბათუმში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა “ოლიმპს” უმასპინძლა და 10 ქულის სხვაობით – 71:61 დაამარცხა.

სუპერლიგაში კიდევ 2 ახალი ლეგიონერის დებიუტი სწორედ ამ მატჩში შედგა. ბათუმელებმა სერბი ნემანია მიშკოვიჩი და ამერიკელი კემერონ მაკკევრი დაიმატეს, რომლებმაც აჭარელთა დღევანდელ გამარჯვებაში დიდი როლი შეასრულეს.

აღსანიშნავია, რომ “ბათუმს” აკლდა 2 ამერიკელი ლეგიონერი – ჯეიმი ჯექსონი და ჯერემი სეფოლდი, რომლებიც 25 იანვარს, რუსთავში გამართულ “ყველა ვარსკვლავის” მატჩზე არ გამოცხადდნენ. ჯექსონს და სეფოლდს ამის გამო 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია აქვთ.

ახალ ლეგიონერებს ურიგოდ არ უთამაშიათ, მიშკოვიჩმა და მაკკევრიმ ჯუნიორ ქედუგინთან და ნიკა რამიშვილთან ერთად მასპინძლების გამარჯვება განსაზღვრეს. “ოლიმპმა” შესანიშნავად ითამაშა პირველი მეოთხედი, რომელიც 18:10 მოიგო და ლიდერობას პირველი ტაიმის შემდეგაც ინარჩუნებდა – 30:27.

მესამე პერიოდში მასპინძლებმა მატჩზე სრული კონტროლი დაამყარეს და სოლიდურ ლიდერობას დაეპატრონნენ. ქედუგინი შეტევაში ეფექტური იყო, მიშკოვიჩი ფარქვეშ მარჯვობდა, მაკკევრი და რამიშვილი სწრაფი გარღვევებით გამოირჩეოდნენ. მესამე ათწუთეული ბათუმელებმა 27:8 მოიგეს და გადამწყვეტ პერიოდს 16-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ.

ოლიმპელებმა ძალების მოკრება მოახერხეს, თუმცა დასკვნითი მეოთხედის მოგებით ჩამორჩენა მხოლოდ 10 ქულამდე შეამცირეს. ბათუმელებმა დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვეს, რაშიც ლომის წილი 25 ქულის მომგროვებელ ჯუნიორ ქედუგინს მიუძღვის. 17 ქულა დააგროვა ნიკა რამიშვილმა, 14 – მაკკევრიმ, ხოლო მიშკოვიჩმა 8 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ოლიმპელთა შორის 26 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი რიჩარდ მათიაშვილმა მოაგროვა, ირაკლი გულისაბედაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა დაგროვდა.

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ივანე მაისურაძე (”ბათუმის” მოთამაშე-მწვრთნელი): ჩვენი ორი ლეგიონერი, ჯეიმი ჯექსონი და ჯერემი სეფოლდი დისკვალიფიცირებულნი არიან ოლ სტარის მატჩში გამოუცხადებლობის გამო. ამას გარდა გუნდში ორი ახალი ლეგიონერი გვყავს, რომლებიც სულ 2 დღეა რაც შემოგვიერთდნენ, ამიტომ  ჯერ შეთამაშებულნი არ ვართ. მეტოქემ დიდი წინააღმდეგობა გაგვიწია და მატჩი ჩვენზე მობილიზებულად  დაიწყო. საბედნიეროდ მესამე მეოთხედიდან თამაშში გარადატეხის შეტანა მოვახერხეთ და  შეხვედრა ჩვენს სასარგებლოდ დავასრულეთ. მეტი ანგარიშითაც შეგვეძლო გამარჯვება, მაგრამ როგორც აღვნიშნე ჯერ შეთამაშება გვაკლია.

დავით თორთლაძე (”ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): ვიცოდით რომ ბათუმს ორი ძლიერი ლეგიონერი არ ეყოლებოდა და გარკვეული იმედით ვიყავით განწყობილნი, მაგრამ აღმოჩნდა რომ სხვა ახალი ლეგიონერებით იყვნენ გაძლიერებულნი და ფაქტიურად იგივე გუნდს შევხვდით. მიუხედავად წაგებისა, ვთვლი რომ კარგი თამაში ჩავატარეთ და პირველ წრეში ნათამაშები მატჩისგან განსხვავებით უშანსოდ არ დავმარცხებულვართ. მხოლოდ მესამე მეოთხედში გვქონდა ჩავარდნა და ვეცდებით  მეორე წრეში მსგავსი შეცდომები აღარ გავიმეოროთ.

superleague.ge

თასის გათამაშება: სოხუმი და ქუთაისი ნახევარფინალში არიან

საქართველოს თასის გათამაშების 2 ნახევარფინალისტი ცნობილია. მეოთხედფინალური სერიების საპასუხო მატჩები დღეს ქუთაისსა და ბათუმში გაიმართა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ მომდევნო ეტაპზე “სოხუმი” და “ქუთაისი” გავიდნენ.

დავიწყოთ ბათუმით, სადაც სათამაშოდ 23-ქულიანი მარაგით “სოხუმი” ჩავიდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა 2 დღის წინ თბილისში აჭარლები 109:86 დაამარცხა და სერიაში სოლიდური ფორა მოიპოვა. სოხუმელებს ფინანსური პრობლემები აქვთ და ბათუმში მათი წასვლა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. საბოლოოდ “სოხუმი” 8 კალათბურთელით ჩავიდა აჭარის დედაქალაქში და თბილისში კარგად დაწყებული ნახევარფინალური სერია წარმატებით დააგვირგვინა.

“ბათუმმა” “სოხუმი” 80:73 დაამარცხა, მაგრამ ეს საქმეს არ ეყო. როგორც თავში ვთქვით, კვარაცხელიას გუნდს 23-ქულიანი ფორა ჰქონდა და ხსენებულ სხვაობაზე ნაკლებით დამარცხება ხელს აძლევდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სოხუმელები ნახევარფინალში იოლად არ გასულან – მესამე მეოთხედის მიწურულს მასპინძელთა უპირატესობამ 20 ქულას მიაღწია და სტუმრები სერიის წაგების რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.

სოხუმელებს პერიოდის დასასრულმა მოუსწრო და 2-წუთიანი შესვენება მათ კარგად გამოიყენეს. ძალები მოიკრიბეს და პრაგმატული სტრატეგიაც შეიმუშავეს. შესვენებიდან დაბრუნებულმა “სოხუმის” კალათბურთელებმა ჩამორჩენის შემცირებას მიჰყვეს ხელი. ირალი ჩლაიძის, ჯერემი საიმონსის, ვახტანგ ქადარიას და რატი ბააკაშვილის შედეგიანობას “ბათუმის” ლიდერობის 6 ქულამდე შემცირება მოჰყვა და სერიის ბედიც აქ გაირკვა – მატჩის დასრულებამდე 4 წუთი რჩებოდა და მასპინძელთა 23 ქულაზე მეტით გამარჯვება ფანტასტიკის ტოლფასი იყო.

7 ქულით გამარჯვებულ “ბათუმს” 26 ქულით ჯეიმი ჯექსონმა ულიდერა, არანაკლები სამუშაო გასწია ჯერემი სეფოლდმა (24 ქულა, 12 მოხსნა), მესამე ლეგიონერმა კი აჭარლებს 19 ქულა და 10 პასი შესძინა. დამარცხებული, თუმცა მთლიანობაში გამარჯვებულ “სოხუმში” კი საუკეთესო ამერიკელი საიმონსი იყო – 26 ქულა, 19 მოხსნა. 10-ქულიანი ბარიერი ჩლაიძემ, ბააკაშვილმა და ქადრიამ დაძლიეს.

ქუთაისში “შსს-აკადემია” ბოლომდე ებრძოლა ადგილობრივ გუნდს, მაგრამ სასურველი ანგარიშის დაფიქსირება ვერ შეძლო. აკადემიელებს მარაგში 3 ქულა ჰქონდათ, რაც არ იყო საიმედო უპირატესობა. არჩილ ჟღენტის გუნდმა თბილისში 79:76 მოუგო იმერულ გუნდს, რაც თავისთავად უკვე წარმატება გახლდათ. “შსს-აკადემიამ” სუპერლიგის პირველ წრეში მხოლოდ 4 თამაში მოიგო და მე-6 ადგილზე მყოფს “ქუთაისთან” სათასო დაპირისპირებაში ფავორიტად არ მიიჩნეოდა. თუმცა 2 ლეგიონერის დამატებით აკადემიელები ისე გაძლიერდნენ, რომ იმერულ კლუბთან ტოლ-სწორად იბრძოლეს და ღირსეულად დამარცხდნენ.

ქუთაისელები მთელი თამაშის განმავლობაში ლიდერობდნენ, თუმცა “შსს-აკადემია” არ რჩებოდა და წარმატების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა. გადამწყვეტი მეოთხედის წინ “ქუთაისი” 16 ქულით იგებდა, მაგრამ თბილისელებმა მოიწადინეს და თამაშის დასრულებამდე წუთნახევრით ადრე რეალური შანსი გამოუჩნდათ, როცა ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირეს. დარჩენილ დროში სტუმრებს 5 ქულის გაბათილება ჰყოფნიდათ, მაგრამ ქუთაისელებმა ამის საშუალება არ მისცეს და 102:91 იმარჯვეს. ორი მატჩის ჯამში ქუთაისელებმა 178:170 იმარჯვეს და თასის გათამაშების ნახევარფინალში გავიდნენ.

ქუთაისელთა შორის საუკეთესო ბომბარდირი 24 ქულით დავით ბარბაქაძე გახდა, აზერბაიჯანელი ზაურ ფაშაევის ანგარიშზე 21 ქულაა და 8 პასი დაგროვდა, ხოლო გოგა ცეკვავამ 19 ქულა და 8 პასი მიითვალა. შსს-ელთაგან საუკეთესო 24 ქულით ბექა ჩიკვილაძე გახლდათ, ამერიკელმა პერიშ ბრაუნმა კი 23 ქულა და 7 პასი მიითვალა.

თასის მეოთხედფინალების დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, თბილისში, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. “არმია” “რუსთავს” უმასპინძლებს, “დინამო” კი “ოლიმპს” დაუპირისპირდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

ბათუმი -სოხუმი  80:73

ვაჟა კვარაცხელია (სოხუმის მთავარი მწვრთნელი): დიდი მადლობა მინდია გულუას, რომელმაც ფინანსური პრობლემები გადაგვიჭრა. რაც შეეხება თამაშს, ველოდით რომ უაღრესად დაძაბული იქნებოდა და ასეც მოხდა. ჩვენი ბათუმში გამგზავრება გვიან გადაწყდა, ბიჭებს მთელი ღამე არ უძინიათ და გადაღლილები იყვნენ. ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ საბედნიეროდ შევძელით და გავიმარჯვეთ. 23-ქულიანი უპირატესობა ადვილად დასათმობი არ იყო და მან დიდი დამაჯერებლობა შეგვძინა.

ლაშა ოჩხიკიძე (ბათუმის მწვრთნელი): რთული თამაში იყო, 20 ქულას ვიგებდით თუმცა მარცხი განვიცადეთ. არადა სულ ცოტა დაგვაკლდა გამარჯვებამდე. მადლობა ბიჭებს ჩინებული თამაშისთვის და თავდადებისთვის.

 ქუთაისი -შსს აკადემია  102:91

არჩილ ჟღენტი (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): ძალიან ცუდად  ვითამაშეთ დაცვაში, ნამდვილი კატასტროფა იყო.  უნდა აღვნიშნო ზაზა მაჩალაძის არაობიქტური მსაჯობა, რომელიც აშკარად მოწინააღმდეგე გუნდს ემხრობოდა. ვფიქრობ ქუთაისში მისი მსაჯობა ყოვლად დაუშვებელია, მით უმეტეს რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის მისი მხრიდან. ტრავმირებულია მილე ილიჩი, რომელსაც წინა შეხვედრაზე ტრავმა გაუმიზეზდა და ჯერჯერობით სათანადო ფორმაში არ იმყოფება. სამწუხაროა რომ თასის გათამაშებას გამოვეთიშეთ, თუმცა სუპერლიგისთვის მაქსიმალურად მოვემზადებით და ჩემპიონატს უფრო შეთამაშებულნი და გაძლიერებულნი შევხდებით.

მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): კარგად გავისარჯეთ,  მადლობა  ბიჭებს გუნდური თამაშისთვის, რომელმაც შედეგი გამოიღო. შსს აკადემიას წარმატებას ვუსურვებ, წინ სუპერლიგაა და ვფიქრობ ეს გუნდი სერიოზულ შედეგს აუცილებლად აჩვენებს. მადლობა “ქუთათურ”გულშემატკივარს, რომელიც ყოველთვის მხურვალედ გვქომაგობს და მხარს გვიჭერს.

superleague.ge

ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვის შუალედური შედეგები

სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.superleague.ge მიმდინარეობს ყველა ვარსკვლავის მატჩის გამოკითხვა, რომელიც 15 იანვარს 15:00 საათზე დაიწყო და 23 იანვარს ღამის 12:00 საათზე დასრულდება.

გთავაზობთ, შუალედური გამოკითხვის შედეგებს. დღევანდელი მონაცემებით,  მოთამაშეებმა ჯამში 18 000-ზე მეტი ხმა მიიღეს.

ირაკლი ხოშტარიას გუნდი:

უკანახაზელები: გიორგი გამყრელიძე (903 ხმა), ჯოშუა ჯექსონი(880 ხმა)

ფორვარდები: ბესიკ ლეჟავა (636 ხმა), ჯემი ჯექსონი (579 ხმა)

ცენტრი: სტევან მილოშევიჩი (684 ხმა)

კოტე ტუღუშის გუნდი:

უკანახაზელები: ლევან ცეკვავა (751 ხმა), ზაურ ფაშაევი (607 ხმა).

ფორვარდები: გიორგი ბარბაქაძე (622 ხმა), ანატოლი ბოისა (608 ხმა)

ცენტრი: აკაკი დვალიშვილი (619 ხმა)

ხმის მისაცემა აღნიშნულ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ:  http://superleague.ge/ge/allstar/vote//guards/?X

ოლიმპი თასის მეოთხედფინალში გავიდა

თბილისის “ოლიმპი” თასის გამათამაშების ძირითად, მეოთხედფინალურ ბადეშია. დავით თორთლაძის გაწვრთნილმა გუნდმა საკვალიფიკციო ეტაპის მეორე მატჩშიც დაამარცხა “მაკაბი” და სერიაში ჯამში 54-ქულიანი გამარჯვება მოიპოვა.

ოლიმპელებმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩში გუშინ “მაკაბი” 81:60 დაამარცხეს, დღეს კი კიდევ უფრო იოლი გამარჯვება მოიპოვეს. თორთლაძის გუნდმა პირველივე მეოთხედში მოიპოვა ხელჩასაჭიდი უპირატესობა და გამარჯვებამდეც იოლად მივიდა.

პირველი მეოთხედი “ოლიმპმა” 20:9 მოიგო, დიდ შესვენებამდე კი უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდა. მაკაბელთა წინააღმდეგ შეუჩერებელი იყო ნოდარ თენიეშვილი, რომელმაც საბოლოოდ 26 ულა დააგროვა. მასთან ერთად ოლიმპელთა შორის რიჩარდ მათიაშვილი, დავით ხიზანიშვილი  და ირაკლი ალხანაიძე გამოირჩეოდნენ, რომლებმაც შესაბამისად 15, 12 და 11 ქულა დააგროვეს. “მაკაბიში” წინა მატჩის მსგავსად ლევან რევაზაშვილი გამოირჩა, რომელიც 27 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა, გიორგი ფერიაშვილის ანგარიშზე 16 ქულა დაგროვდა.

“ოლიმპი” მეოთხედფინალში “დინამოს” შეუწყვილდა. დანარჩენი წყვილები კი ასე გამოიყურება: “არმია” – “რუსთავი”, “ქუთაისი” – “შსს-აკადემია”, “ბათუმი” – “სოხუმი”. პირველი მატჩები 20 იანვარს, საპასუხო კი 22 და 23 იანვარს გაიმართება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით თორთლაძე: ვფიქრობ,  მოულოდნელი არ ყოფილა მე-8 ადგილოსნის ვინაობა. ისევ და ისევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ საქართველოს თასის გათამაშება ჩვენთვის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი იქნება მეორე წრისთვის და აქ ჩვენი გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე სერიოზული შედეგისთვის ვერ ვიბრძოლებთ.

ნოდარ თენიეშვილი: საკვალიფიკაციო ეტაპი შედარებით მარტივად დავძლიეთ, იქიდან გამომდინარე, რომ დაგვიბრუნდა მათიაშვილი და დაგვემატნენ ახალი მოთამაშეები. ამან თავისთავად ჩვენი გუნდი გააძლიერა.  წინ სერიოზული მატჩები გველის “დინამოსთან” და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის რომ ერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომა დაგვიფასდეს და გავამართლოთ ჩვენი მწვრთნელების და გულშემატკივრების იმედები.

superleague.ge

ოლიმპმა თასის საკვალიფიკაციო მაკაბის ძლევით დაიწყო

საქართველო თასის 2014 წლის გათამაშება დღეს, საკალათბურთო აკადემიაში დაიწყო. სანამ  ნახევარფინალური მატჩები დაიწყებოდეს, ტურნირის ძირითადი ბადის ბოლო მონაწილე საკვალიფიკაციო დაპირისპირებამ უნდა გამოავლინოს. დღეს საკვალიფიკციო ეტპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც მეოთხედფინალის ბოლო საგზურისთვის ერთმანეთს სუპერლიგის ცხრილის  ბოლო ადგილებზე მყოფი გუნდები – “ოლიმპი” და “მაკაბი” ეცილებიან.

პირველად, თასის გათამაშებების ისტორიაში, აღნიშნული ტურნირი განსხვავებული ფორმატით ტარდება. აქამდე მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთი მატჩისგან შედგებოდა, 2014 წლიდან კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდმა 2 მატჩის ჯამში უნდა იმარჯვოს.

“ოლიმპისა” და “მაკაბის” 2-მატჩიანი დაპირისპირების პირველი შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და დიდ შესვენებამდე საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობდა, მეორე ნახევარში კი დავით თორთლაძის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა იძალეს და საბოლოოდ 81:60 იმარჯვეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხვალ გასამართ მეორე მატჩში “ოლიმპს” 21-ქულიანი უპირატესობა აქვს. “მაკაბი” რომ თასის გათამშების მეოთხედფინალში გავიდეს, მინიმუმ 22 ქულით უნდა იმარჯვოს.

ჯამლეტ და მიხეილ ხუხაშვილების გუნდს აღნიშნული ჩამორჩენის გაბათილება გაუჭირდებათ, რადგან წარმატების მისაღწევად რესურსი რომ აკლია, დღვანდელ მატჩშიც გამოჩნდა. მაკაბელების ბრძოლისუნარინობა მხოლოდ პირველ ტაიმს გაწვდა, რომელიც “ოლიმპმა” 5 ქულის სხვაობით – 38:33 მოიგო. დიდი შესვენების შემდეგ თორთლაძის გუნდმა თამაში დაალაგა და მატჩის ბოლომდე პრობლემა აღარ შექმნია.

დღევანდელი შეხვედრის ბომბარდირი “ოლიმპის” უკანახაზელი , ირაკლი გულისაბედაშვილი გახდა, რომელმაც 16 ქულა და 6 პასი მოაგროვა. რიჩარდ მათიაშვილი კი ფარქვეშ დომინირებდა და მთლიანობაში 21 მოხსნა მოაგროვა, რასაც 13 ქულაც მოაყოლა და ოლიმპელთა გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. მაკაბელთა შორის 17 ქულით გიორგი ფერიაშვილი გამოირჩა, ლევან რევაზაშვილმა კი პირად ანგარიშზე 15 ქულა ჩაიწერა.

თასის გათამაშების საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრა საკალათბურთო აკადემიის დარბაზში 18 ინვარს, 16 საათზე გაიმართება. სერიის გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც სუპერლიგის ლიდერ, პირველ ნომრად განთესილ “დინამოს” შეუწყვილდება.

მატჩისშემდგომი კომენტარები

დავით თორთლაძე(,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): მათიაშვილი დაგვიბრუნდა, მასთან ერთად დაგვემატნენ მიხეილ ჩიტაშვილი და ირაკლი ალხანაიძე. საქართველოს თასის გათამაშება დაგვეხმარება იმაში, რომ მოთამაშეები გუნდს შეეწყონ და მეორე წრეს მომზადებულები შევხვდეთ.

ჯამლეტ ხუხაშვილი(,,მაკაბის” მთავარი მწვრთნელი): საქართველოს თასი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია და მასში მონაწილეობაც საპატიოა, გამარჯვება კი დიდი წარმატება. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი ვართ, რევაზაშვილების და ფერიაშვილის აღზრდაზე გათვლილი. პრაქტიკულად, ჩვენ არ გვაქვს  გამარჯვების შანსი, მითუმეტეს ,,ოლიმპთან”, რომელიც მათიაშვილის დაბრუნების შემდეგ გაძლიერდა და საკმაოდ კარგად გამოიყურება. პირველ ტაიმში ბიჭებმა იბრძოლეს და თანაბარი თამაში ანახეს, ეს ჩვენთვის საკმარისია. გიორგი რევაზაშვილი სულ ახლახან დაბრუნდა 1-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველი თამაში ჩაატარა და მისგან სასწაულს არ მოველოდით. დღეს დაგვაკლდა ყველაზე ახალგაზრდა და პერსპექტიული მაიზერ რევაზაშვილი ტრავმის გამო. ამ ყველაფერის გათვალისწინებით, კმაყოფილები ვართ. მივულოცავ მეტოქეს გამარჯვებას.

superleague.ge

საქართველოს თასი 2014 იწყება

პირველად, თასის გათამაშებების ისტორიაში, აღნიშნული ტურნირი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. საპლეიოფო რაუნდის დაძლევა 2 მატჩის ჯამში იქნება შესაძლებელი. აქამდე მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ერთი მატჩისგან შედგებოდა, 2014 წლიდან კი მომდევნო ეტაპზე გასასვლელად გუნდმა 2 მატჩის ჯამში უნდა იმარჯვოს.

სუპერლიგის პირველი წრის ცხრილის საუკეთესო 7 გუნდი მეოთხედფინალში პირდაპირ დაიშვება, ბოლო 2 ადგილზე მყოფები კი მეოთხედფინალის ბოლო, მე-8 საგზურისთვის ერთმანეთს საკვალიფიკაციო ეტაპში დაუპირისპირდებიან. შესაბამისად, თასზე მონაწილეობას მიიღებენ – დინამო, არმია, ქუთაისი, ბათუმი, სოხუმი, შსს-აკადემია და რუსთავი. მეოთხედფინალის ბოლო მონაწილე “ოლიმპისა” და “მაკაბის” ორმატჩიან დაპირისპირებაში გამოვლინდება.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 და 18 იანვარს გაიმართბა. გამომდინარე იქიდან, რომ “ოლიმპიც” და “მაკაბიც” თბილისის გუნდები არიან, ორივე შეხვედრა დედაქალაქში, კონკრეტულად კი საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება. მეოთხედფინალის საგზურს ის გუნდი მოიპოვებს, რომელიც 2 მატჩის ჯამში უკეთეს შედეგს აჩვენებს. თუკი გუნდებმა მოგებები გაიყვეს, უპირატესობა ბურთების შეფარდებას მიენიჭება.

მეოთხედფინალური მატჩები 20 და 22 იანვარს, მიმოსვლით გაიმართება. რეგიონის გუნდები 2-დან 1 შეხვედრას საკუთარ მოედანზე ჩაატარებენ. წყვილში მოედნის უპირატესობა სუპერლიგის ცხრილში დაწინაურებულ გუნდს მიენიჭება, რომელიც პირველ მატჩს სტუმრად, ხოლო მეორეს – შინ გამართავს.

მეოთხედფინალში გუნდები სუპერლიგის ცხრილის ადგილების შესაბამისად, შემდეგნაირად დაწყვილდნენ: არმია (2)- რუსთავი (7), ქუთაისი (3) – შსს აკადემია (6), ბათუმი (4) – სოხუმი (5), დინამო (1)- ოლიმპი (8)/მაკაბი (9).

superleague.ge

ქართული “ოლსტარი” რუსთავში გაიმართება

სუპერლიგის ყველა ვარკსლვავის მატჩ-აქციას რუსთავი 25 იანვარს უმასპინძლებს. აღნიშნულ შეხვედრაში ერთმანეთს სუპერლიგის გამორჩეული მოთამაშეებისგან შეკრებილი გუნდები დაუპირისპირდებიან, რომლებსაც მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერთა მწვრთნელები – ირაკლი ხოშტარია (დინამო) და კოტე ტუღუში (არმია) უთავკაცებენ.
შესვენებების დროს ტრადიციულად ჩატარდება სამქულიანებისა და ჩატენვების კონკურსები.
წლევანდელი გათამაშება განსახვავებული ფორმატით გაიმართება. ლეგიონერთა არასაკმირის რაოდენობის გამო, გუნდები შერეული შემადგენლობებით ითამაშებენ. ანუ, ორივე გუნდის ღირსებას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მოთამაშეები დაიცავენ.

სასტარტო ხუთეულების შერჩევა გულშემატკივარს სუპერლიგის ოფიციალურ ვებ გვერდზე შეუძლია. ხმის მიცემა დღეს 15:00 საათზე დაიწყო და გამოკითხვა 23 იანვრის ღამის 12 საათმდე გასტანს.
თქვენი ფავორიტებისათვის ხმის მიცემა ამ ბმულზე გადასვლით შეგიძლიათ:
http://superleague.ge/ge/allstar/vote//guards/?X

გამოკითხვის დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელები თავისი გემოვნებით 7-7 მოთამაშეს შეარჩევენ, რომლებიც განაცხადს შევასებენ.

ყველა ვარსკვლავის მატჩის საუკეთესო მოთამაშე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება. ასევე სოლიდური პრიზები გადაეცემათ კონკურსებში გამარჯვებულებს.

ოლსტართან დაკავშირებით, დღეს სპორტის სამინისტროში გუნდების მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს. ლატვიაში “არმიასთან” ერთად შეკრებაზე მყოფი კოტე ტუღუში პრესკონფერენციას ონლაინ-რეჟიმში ჩაერთო.

კოტე ტუღუში: მოგესალმებით და გილოცავთ ყველა დღესასწაულს. მზადება კარგად მიდის, შესანიშნავ პირობებში ვართ და მეორე ეტაპისათვის ვემზადებით.
რაც შეეხება შეკრების თემას. მოხარული ვარ, რომ წელს შევძლებ ყველა ვარსკვლავის მატჩი მონაწილეობის მიღებას. ჩემთვის განსაკუთრების სასიამოვნოა, რომ შეხვედრა რუსთავში ჩატარდება. ამ ქალაქში რამოდენიმე კარგი სეზონი მაქვს გატარებული და იქაური გულშემატკივრები ამ სანახაობას იმსახურებენ. მათ გასახარად მაქსიმუმს გავაკეთებთ.

ირაკლი ხოშტარია: მინდა ყველას მოგილოცოთ ახალი წელი.
ყველა ვარსკვლავის მატჩზე ჩემი პირვლი მიზანი ლამაზი, სანახაობრივი თამაშის ჩვენებაა. ამასთან ერთად სასურველია, რომ ჩემმა გუნდმა გაიმარჯვოს.

 

შოთა არველაძის „ქასიმფაშამ“ „ბეშიქთაშს“ სძლია

თურქეთის სუპერლიგის XV ტურში შოთა არველაძის „ქასიმფაშა“ თანაქალაქელ „ბეშიქთაშს“ დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. არადა, სტუმრები შეხვედრის მე-3 წუთზე დაწინაურდნენ – გოლი უგო ალმეიდამ გაიტანა. არველაძის გუნდმა მატჩში გარდატეხის შეტანა მეორე ტაიმში მოახერხა და 47-ე წუთზე ჯერ ჰალილ ჩოლაქმა გაათანაბრა ანგარიში, შემდეგ კი 71-ე წუთზე ესეკიელ სკარიონემ გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა – 2:1. აღსანიშნავია, რომ მატჩის 82-ე წუთზე მთავარმა მსაჯმა მოედნიდან სტუმართა გუნდის ერთბაშად ორი ფეხბურთელი – რამონი და უგო ალმეიდა გააძევა. შეხვედრის 30-ე წუთზე საინტერესო ფაქტი მოხდა, როდესაც „ბეშიქთაშის“ შეტევა „ქასიმფაშას“ ჰოლანდიელმა მცველმა რაიან დონკმა მოედანზე არსებული მეორე ბურთით შეაჩერა. როგორ განვითარდა აღნიშნული ეპიზოდი, ეს ქვემოთ მოცემული ვიდეოში შეგიძლიათ იხილოთ. მატჩის შემდეგ შოთა არველაძემ დონკს საქციელი დაუწუნა და აღნიშნა, რომ ჰოლანდიელი ფეხბურთელი არასწორად მოიქცა.

15 ტურის შემდეგ „ქასიმფაშა“, რომელსაც აქტივში 30 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა, ლიდერ „ფენერბაჰჩეს“ 8 ქულით ჩამორჩება. „ბეშიქთაში“ 26 ქულით მეოთხე ადგილზეა.

აღსანიშნავია ისიც, რომ არველაძის „ქასიმფაშა“ სუპერლიგაში უკანასკნელად 29 სექტემბერს, „ესკიშეჰირსპორთან“ დამარცხდა.

ბექა დოგრაშვილი

“დინამოს” პირველი მარცხი და ათუაშვილის რეკორდი

დღეს ქუთაისსა და რუსთავში სუპერლიგის პირველი წრის ბოლო ტურმა აიღო სტარტი.

ბრძლა მეშვიდა ადგილისათვის

ბოლო ტურის პირველი მატჩი რუსთავში გაიმართა სადა ადგილობრივ კლუბს “ოლიმპი” ესტუმრა. ორივე გუნდს აქამდე მხოლოდ ერთი გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, ისიც გამოკვეთი აუტსაიდერ “მაკაბისთან”. მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, თუმცა მთელი შეხვედა “რუსთავის” უპირატესობით მიმდინარეობდა. თუმცა “ოლიმპი” მესამე პერიოდში გამოცოცხლდა. სტუმრებმა პრესინგს მიმართეს, რამაც შედეგი გამოიღო და ჩამორჩენა მინიმუმამდე შემცირდა. მიუხედავად ამისა, “რუსთაველებმა” შესძლეს გამოფხიზლება და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო სერგო ათუაშვილი იყო 19 ქულით და 22 მოხსნთ, ხოლო “ოლიმპში” 15 ქულა ჰქონდა ირაკლი გულისაბედაშვილს. ათუაშვილის 22 მოხსნა მიმდინარე სეზონის საუკეთესო შედეგია.

სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=754

მატჩისშემდგომი კომენტარები:

ოთარ ხმელიძე (“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი):

ძალიან დაძაბული მატჩი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სხვაობით ვლიდერობდით, მეტოქემ ბოლოს კინაღამ მოგვიგო. ეს იმის ბრალი იყო, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და ამის გამო კინაღამ დაისაჯნენ. მეტოქემ ჩამორჩნა გააბათილა და მატჩის მოგება ხელმეორედ მოგვიხდა. მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ მაინც მოვახერხეთ მობილიზება და გამარჯვება მოვიპოვეთ.

 დავით თორთლაძე (,,ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი):

მნიშვნელოვანი მატჩი იყო ორივე გუნდისთვის და საკმაოდ დაძაბულადაც წარიმართა. თავიდან მეტოქემ დიდი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ ბრძოლის ხარჯზე “ოლიმპმა” მოახერხა შანსის მოპოვება, რომელიც ბოლო წუთზე ვერ გამოვიყენეთ. ვულოცავ რუსთაველებს ამ პრინციპული გამარჯვების მოპოვებას.

პირველი მარცხი

სუპერლიგაში დაუმარცხებელი გუნდი აღარ დარჩა. თბილისი “დინამომ” ქუთაისში სეზონის პირველი მარცხი იგემა. თუმცა, მიუხედავად ამ წაგებისა, ხოშტარიას გუნდი არდადეგებზე პირველი პოზიციიდან გადის.  თბილისელებს დღევანდელ შეხვედრაში გამყრელიძის სახით დიდი დანაკლისი ჰქონდათ, რაც მასპინძლებმა შესანიშნავად გამიყენეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ზაურ ფაშაევისა და გოგა ცეკვავას კარგი თამაში. გადამწყვეტი უპირატესობა “ქუთაისმა” მესამე პერიოდში მოიპოვა რაც თამაშის მოგების გარანტიც გახდა. 83-78 “ქუთაისის” სასარგებლოდ.

სტატისტიკა: http://superleague.ge/results.php?lang=ge&gameid=753

მატჩისშემდგომი კომენტარები

მალხაზ კოხრეიძე (ქუთაისის მთავარი მწვრთნელი): ძალიან დაძაბული მატჩი იყო და ეს მოსალოდნელიც იყო. მიკერძოებაზე საუბარი ზედმეტია, ასეთი მატჩი ჯერ არ ჩატარებულა. “დინამო” ძალიან შეკრული, დახვეწილი გუნდია, რომელსაც შემადგენლობაში 2-2 მოთამაშე მაინც ჰყავს  ერთ ამპლუაში.  დიდი მადლობა მოწინააღმდეგეს ასეთი ბრწყინვალე თამაშისთვის.

კალათბურთი გუნდური თამაშია და მოხარული ვარ რომ ჩვენმა ბიჭებმა დღეს ეს გუნდურობა შესანიშნავად აჩვენეს.  ვფიქრობ 1-ელ წრეში რევაზ დიდია რომ აქტიურად დაგვხმარებოდა,  ბევრად კარგი შედეგი გვექნებოდა.

 

ირაკლი ხოშტარია (დინამოს მთავარი მწვრთნელი): თავიდანვე დაძაბულად და ემოციურად წარიმართა თამაში. ჩვენი ბრალია რომ აქამდე მივიყვანეთ საქმე. სამწუხაროდ თამაშის მოსაგებად ყველაფერი იკადრეს.

ხვალ თბილისის სპორტის სასახლეში ტურის დარჩენილი ორი შეხვედრა გაიმართება:

11:45 შსს აკადემია – ბათუმი

14:00 არმია – სოხუმი

ფოტო: http://superleague.ge/

“სოხუმის” დამატებითი დრო: ირაკლი ჩლაიძე და ვახტანგ ქადარია

“სოხუმი” მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ამბიციური გუნდია, რომელმაც არსებობის მანძილზე პირველი ტიტული გასულ ოქტომბერს მოიგო. სოხუმელებმა დუდუ დადიანის სახელობის თასი მოიგეს, რაშიც სხვებთან ერთად ირაკლი ჩლაიძისა და ვახტანგ ქადარიას დამსახურებაცაა. ეს 2 კალათბურთელი “სოხუმის” ძირითადი ხუთეულის წევრები არიან და ამ გუნდის წარმატებაც მათ კარგ თამაშზეც მნიშვნელოვან წილადაა დამოკიდებული. ჩლაიძე და ქადარია დღეს “ოვერტაიმის” წევრები არიან, რომლებსაც სასაუბროდ “სოხუმის” სავარჯიშო დარბაზში, სახელმწიფო კანცელარიის შენობაში ვესტუმრეთ.

 

 სუპერლიგის ახალი სეზონი

ირაკლი ჩლაიძე: წელს ჩემპიონობა გვსურს და ვფიქრობ, შეგვიძლია კიდეც. შარშანდელთან შედარებით გაძლიერებულნი ვართ, მაგრამ გუნდში არსებულისხვადასხვა პრობლემის გამო ჯერ ხარვეზების გარეშე ვერ ვასპარეზობთ. რაც შეეხება სუპერლიგას, შარშან უფრო ძლიერი ჩემპიონატი გვქონდა. წელს ბევრი გუნდი შედარებით შესუსტდა და ლეგიონერების რაოდენობაც შემცირდა. იმედია, იანვრიდან მეტი ხალისი და დაძაბულობა შეემატება ჩემპიონატს. ჩვენს მთავარ კონკურენტად”დინამოს” მივიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ “არმია”, “ბათუმი” და “ქუთაისიც” ძლიერი გუნდები არიან.

ვახტანგ ქადარია:  საჩემპიონო გუნდისთვის წლევანდელი სეზონი ძალიან ცუდად დავიწყეთ, დასანანი მარცი განვიცადეთ ქუთაისშიც და ბათუმშიც. არ უნდა წაგვეგო არცერთი მატჩი, მაგრამ იმედია ცუდად დაწყებულს კარგად დავამთავრებთ.

ირაკლი ჩლაიძე:  წელს სუპერლიგაში უფრო ცოტა ლეგიონერია. ვფიქრობ, ლეგიონერები საჭიროა, ჩემპიონატი ძლირდება ამით. ჩვენც, მოთამაშები ბევრ რამეს ვსწვალობთ მათგან და ვფიქრობ, რომ მათი ყოფნა სუპერლიგაში აუცილებელია.

ვახტანგ ქადარია: ბევრი გამოცდილება შემძინა ლეგიონერებთან ერთადაც და მათ წინააღმდეგ თამაშმა, დიდი გამოცდილება მივიღე. დავეთანხმები ირაკლის – ლეგიონერების თამაში სუპერლიგაში ნამდვილად საჭიროა.

 

სოხუმის საკალათბურთო სკოლა

ვახტანგ ქადარია: წელს ჩვენი 20-წლამდელთა გუნდი ისეთი ძლიერი არ არის, როგორც შარშან. არადა მოგეხსენებათ, ზედიზედ 2-ჯერ გახდნენ ჩემპიონები. წელს კი ბევრმა ძლიერმა მოთამაშემ დატოვა გუნდი, ზოგიერთმა ასაკობრივი ზღვარის გამო და დუბლების გუნდში ძირითადად უფრო პატარა ასაკის ბიჭები გვყავს. სოხუმის ახალგაზრდები ჩვენთან ერთად ხშირად ვარჯიშობენ, მათთვის მნიშვნელოვანია, როცა  უფროს მოთამაშესთან ერთად იზრდებიან და ბევრს სწავლობენ.  ბიჭებს სულ უნდათ ჩვენთან თამაში და  1X1-ზე ხშირად ვთამაშობთ ხოლმე, ვარჯიშების დროსაც გვემატებიან.  ხან ვაჟა კვარაცხელიას  ვეხმარებით ბიჭების მომზადებაში.  მაგალითად, მე ცენტრებს ვავარჯიშებ და შესაბამის რჩევებს ვაძლევ ხოლმე. შეკრებაზეც წავსულვართ  ერთად და ჩვენი გამოცდილება გაგვიზიარებია მათთვის.

ირაკლი ჩლაიძე: მათთვის დიდ გუნდთან ერთად ვარჯიში, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სტიმულია.  როცა მათი ასაკის ვიყავი, ყოველთვის მინდოდა უფროსი მოთამაშეებისგან რჩევების მიღება. გამოცდილი კალათბურთელებისგან ბევრ რამეს სწავლობ.

 ეროვნული ნაკრები

ვახტანგ ქადარია: წელს ევრობასკეტზე არ გაგვიმართლა, ზაზა და თორნიკე რომ გვყოლოდა, სულ სხვა შედეგი გვექნებოდა. ვფიქობ, ამ რესურსებით მაქსიმუმი გააკეთეს ბიჭებმა და ბევრი იბრძოლეს.

ირაკლი ჩლაიძე: ბოლომდე ვეთანხმები ვახოს.

 საკალათბურთო კარიერა

 ირაკლი ჩლაიძე: 8 წლის ვიყავი, როცა თამაში დავიწყე ნუგზარ მარკოიშვილთან. ჩემი ძმა დადიოდა კალათბურთზე და როგორც უმცროსს, სულ მინდოდა მას დავმსგავსებოდი. მივხვდი, რომ სწავლაში ვერ მივბაძავდი, ამიტომ ვცდილობდი კალათბურთით დავმსგავსებოდი, თან ეს სპორტი ბავშვობიდან უზომოდ მიყვარდა.  ნუგზარ მარკოიშვილთან ავიდგი კალათბურთში ფეხი და  3 წელი ვიყავი მასთან. სწორედ მან გამიასმაგა ამ სპორტისადმი სიყვარული და მისი დამსახურებაა, რომ კალათბურთელი ვარ.  შემდეგ თამაზ ოქრუაშვილთან წავედი, “კაკტუსში” ვთამაშობდი. ბოლოს კი ვაჟა კვარაცხელიასთან აღმოვჩნდი და მას შემდეგ სოხუმის კლუბში ვიზრდები. ძალიან სასიამოვნოა, როცა ბავშვობიდან იწყებ გარკვეულ საქმეს, დროთა განმავლობაში უმატებ და მუდმივად ცდილობ, რომ უკეთესი გახდე.   მადლობელი ვარ ჩემი მწვრთნელების, რომლებმაც ბევრი რამ მომცეს, განსაკუთრებით ნუგზარ მარკოიშვილის, რომელმაც, როგორც გითხარით, კალათბურთი  უზომოდ შემაყვარა.

 ვახტანგ ქადარია:  საკმაოდ გვიან, 16  წლის ასაკში დავიწყე კალათბურთზე სიარული ვაჟა კვარაცხელიასთან. თავიდან ორ ნაბიჯს ვერ ვაკეთებდი და ბურთს კალათში საერთოდ ვერ ვაგდებდი J შემდეგ  წავედი ლევან ინწკირველთან, მერე თბილისის “თბილისში”, ნუგზარ კანდელაკთან ვვარჯიშობდი და პირველი ხელფასიც სწორედ აქ მქონდა  – 150 ლარი. ცოტა ხნით “დინამოშიც” ვითამაშე, მერე კი 2 წლით ამერიკაში ვიყავი და როცა დავბრუნდი ისევ ვაჟასთან,  “სოხუმში” გავაგრძელე ასპარეზობა.

ემოციური გამარჯვება 

ირაკლი ჩლაიძე: ყველაზე დასამახსოვრებელი იყო დუდუ დადიანის მოგება, მაშინ ჩემპიონობის გემო გავიგე. მანამდე ასაკობრივებშიც გავმხდარვარ ჩემპიონი, თუმცა უმაღლეს ლიგაში ეს სულ სხვა გრძნობაა. ასევე არ დამავიწყდება 3 წლის წინ მოგება შსს აკადემიასთან, როცა პლეიოფის სერიაში 1:1 იყო ანგარიში.  აინარს ბაგატსკისი იყო ჩვენი მწვრთნელი, წაგებული თამაში შემოვატრიალეთ და მოვიგეთ.  ეს გამარჯვება დაუვიწყარი იყო ჩემთვის, არა მხოლოდ  იმიტომ, რომ მეც ჩემი წვლილი შევიტანე ამ თამაშში, არამედ იმიტომ, რომ საოცრად  დაძაბული და ემოციური იყო მთლიანად ის სერია.

ვეცდებით ამაზე არ გავჩერდეთ, კიდევ მრავალი გამარჯვება გვქონდეს მოსაგონარი და მომავალში უფრო ვრცლად გიპასუხოთ ამ შეკითხვაზე.

ვახტანგ ქადარია: ყველაზე დასამახსოვრებელი იყო დუდუ დადიანის მემორიალში გამარჯვება. “სოხუმის” პირველი ტიტული ავიღეთ და ჩემპიონები გავხდით. ეს მოგება მთელი ცხოვრება გვემახსოვრება. იმედია, ეს არ იქნება ერთადერთი ტიტული და წინ  კიდევ უფრო დიდი წარმატებები გველოდება.

 სირთულეები

ირაკლი ჩლაიძე: ყველაზე რთულია, როცა ტრავმის გამო ტრიბუნაზე ხარ და შენს გუნდს ვერ ეხმარები. როცა მონაწილეობას ვერ იღებს თამაშში – ეს არის ყველაზე დიდი ტანჯვა ნებისმიერი სპორტსმენისთვის.

ვახტანგ ქადარია:  ყველაზე დიდი სირთულე, რა თქმა უნდა, ტრავმაა.  საშინელებაა, როცა  სრულად  ვერ იტვირთები, ვერ ვარჯიშობ, ვერ დარბიხარ, რადგან რაღაც გაწუხებს და ხელს გიშლის. სპორტსმენებს რთული გრაფიკიც გვაქვს, თუმცა გვიყვარს ეს სპორტი და ეს საკმარისი მიზეზია ყველაფრის ასატანად. კალათბურთი არა მარტო სიამოვნებას გვანიჭებს, არამედ ჩვენი სამუშაო და შემოსავლის წყაროცაა.

ირაკლი  ჩლაიძე: კალათბურთი ჩემთვის მთელი ცხოვრებაა და ყველფერზე მეტად მიყვარს ჩემი საქმე. მსურს, იმდენს მივაღწიო ამ სფეროში, რომ უდიდესი სიამოვნება მივიღო და როცა ამ საქმეს   თავს დავანებებ, თავაწეული გამოვდიოდე დარბაზიდან – ვიცოდე, რომ ჩემი მაქსიმუმი გაკეთებული მაქვს. არ მაქვს უაზრო ამბიციები და ნბა-ზე  ტყუიალად არ ვფიქრობ, უბრალოდ მინდა, დიდხანს მივიღო ამ სპორტით სიამოვნება.

 

საოცნებო კლუბი და გამორჩეული მოთამაშე

ირაკლი ჩლაიძე: ჩემი ფავორიტი არის კევინ დურანტი, ადრე   მაიკლ ჯორდანი იყო – ერთადერთი  და განუმეორებელი ლეგენდა. ძალიან მიყვარდა ტრეისი მაკრგეიდიც. ახლა ბევრი ძლიერი მოთამაშეა, ლებრონ ჯეიმსი და ასე შემდეგ, მაგრამ კევინ დურანტის სათამაშო სტილი ზუსტად ისეთია,  როგორიც მე მომწონს. საოცნებო გუნდებიდან “ბოსტონს” გამოვარჩევდი. ძალიან დიდი ოცნება მაქვს  – ვთამაშობდე “ბოსტონში” რაჟან რონდოსთან ერთად და მე ვიყო მე-2 ნომერი. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ოცნებაა.  ასევე ძალიან მომწონს “ბარსელონა”, თუმცა არ მინდა ამას ოცნება დავარქვა.  მსურს, რომ “ბარსელონაში” თუ არა, ოდესმე   მის წინააღმდეგ მაინც ვითამაშო. ვუყურებ ნბა-საც და ევროპულ კალათბურთსაც. ნბა უფრო სანახაობრივია, იქ ყველაფერი ფანტასტიკამდეა აყვანილი, მაგრამ პირადად მე, ევროლიგის ყურება უფრო მსიმოვნებს. ალბათ, ჯერ ევროპაში უნდა ითამაშო, ძლიერ პროფესიონალად ჩამოყალიბდე და მერე წახვიდე ნბა-ში.

ვახტანგ ქადარია: ძალიან ვგულშემატკივრობ თორნიკეს და ზაზას გუნდებს – “ბრუკლინს” და “მილოუკის”. ისე კი  “ლეიკერსი” და კობი ბრაიანტი მომწონს. და, რა თქმა უნდა, ოცნების დონეზე სწორედ იქ ვითამაშებდი. მიმაჩნია, რომ ევროპული კალათბურთიდან უფრო ბევრს ისწავლი, სულ კომბინაციები და დაცვაში თამაშია. ორივეს ვუყურებ. მაგრამ ბევრი რამ, რასაც ნბა-ში  გააკეთებ, ევროლიგაში დაუშვებელია. ნბა თავიდან ბოლომდე ნამდვილია შოუა.

 

 სამომავლო გეგმები

ირაკლი ჩლაიძე: კალათბურთის გარდა არაფრით ვარ დაკავებული. ჯერჯერობით არც იმაზე ვფიქრობ, მომავალში რას გავაკეთებ. ჯერ არც მინდა კალათბურთელის კარიერაზე თავის დანებებაზე ფიქრი. როცა მივხვდები, რომ აღარ შემიძლია თამაში, მერე დავიწყებ ამაზე ზრუნვას.  ძალიან დიდი სურვლი მაქვს, რომ უცხოეთში წავიდე, მაგრამ საქართველოში ისევ “სოხუმში” მირჩევნია დარჩენა. სხვა გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანს არაფერს მომცემს. ევროპაში კი  დიდი სიამოვნებით წავიდოდი, ჩემს კარიერას ეს დიდად წაადგებოდა.

ვახტანგ ქადარია: არ მინდა არსად გადასვლა, “სოხუმში” უკვე 3 წელია ვარ და ამ გუნდმა ის მომცა, რაც ძალიან მჭირდებოდა. მომეცა სათამაშო დრო და როგორც კალათბურთელი, ამ  გუნდში გამოვჩნდი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა შეთავაზებებიც მაქვს სუპერლიგის გუნდებიდან,  გადასვლას ჯერჯერობით  არ ვფიქრობ.  თუ წავალ ალბათ უფრო საზღვარგარეთ… ვნახოთ როგორ იქნება.

 

ჰობი და თავისუფალი დრო

ირაკლი ჩლაიძე:  ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ კალათბურთთან ახლოსაც ვერ მოვა, ბუნებრივია, რომ ამას კალათბურთელის პოზიციიდან ვამბობ.  ფეხბურთში 90 წუთის მანძილზე შეიძლება ის სიამოვნება ვერ მიიღო, რასაც კალათბურთით იღებ. თუმცა, ფეხბურთს ვუყურებ, მომწონს ეს სპორტი და გარკვეულიც ვარ.

ვახტანგ ქადარია: მეც მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ თამაში არ გამომდის J

ირაკლი ჩლაიძე:  თავისუფალ დროს, როგორც ალბათ ყველა ადამიანი, მეგობრებთან ერთად ვატარებ. მიყვარს მუსიკა  და ვცდილობ სიამოვნება მივიღო მუსიკისგან. არ მიყვარს მძიმე რეპი, უფრო მსუბუქი ჰიპ-ჰოპი მომწონს. მომწონს ისეთი მუსიკა, რომელსაც ყველგან სიამოვნებით მოუსმენ –  მეგობრებთან, ბარში, მანქანაში… მომწონს სხვა მიმდევრობა, რომელსაც საიდუმლოდ დავიტოვებ. ძალიან მიყვარს მოგზაურობაც.

ვახტანგ ქადარია: ძირითად დროს მეც მეგობრებთან ერთად ვატარებს. ამას გარდა, მიყვარს ნადირობა და თევზაობა.  როცა დასავლეთში მივდივარ,  ამ საქმით ვერთობი. ხშირად ვთამაშობ X-box-საც. 

რჩევები ახალგაზრდა კალათბურთელებს

ირაკლი ჩლაიძე: ყველა ახალგაზრდას ვურჩვედი, რომ ბევრი იშრომონ და  ივარჯიშონ. შეიძლება ნიჭიერი იყოს მოთამაშე, მაგრამ შრომისმოყვარეობა აკლდეს. ამ შემთხვევაში წარმატებას ვერ მიაღწევ. თუმცა, როცა იმდენად დიდი ნიჭი არ გაქვს, თუმცა ბევრს შრომობ, ეს აუცილებლად დაგიფასდება. ამიტომ  მათ ყველაფერი გვერდზე უნდა გადადონ და ნიჭი შრომით განავითარონ, თუ უნდათ რომ რაიმეს მიაღწიონ. თუ არადა დარჩებიან ისეთ მოთამაშებად, როგორებიც დღეს ბევრი გვყავს საქართველოში.

ვახტანგ ქადარია: ძალიან ბევრი შრომა და ვარჯიშია საჭირო წარმატების მისაღწევად. ასევე, უფროს და გამოცდილ მოთამაშეებთან ურთიერთობა, მათთან საერთოს პოვნა და გამოცდილების მიღება.

 

მოლოდინი და სურვილები

ირაკლი ჩლაძე: ძალიან მინდა დარბაზი გაივსოს და გულშემატკივრებით სავსე სპორტის სასახლეში ვიასპარეზოთ. ყველა მოთამაშე სულ სხვა სტიმულით ასპარეზობს,  როცა დარბაზი მაყურებლების შეძახილებით გუგუნებს და ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან  გვაკლია. იმედია, მეორე წრიდან ბევრი ადამიანი მოვა სუპერლიგაზე, არა მხოლოდ მოთამაშეების მეგობრები და ნათესავები, არამედ ისინი, ვისაც უბრალოდ ეს სპორტი უყვას და ისიამოვნებს თამაშებით. როცა ხალხი ივლის თამაშებზე, კალათბურთიც სულ სხვა ელფერს შეიძენს. მოთამაშეებს  მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ, რადგან გულშემატკივარი ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს შენგან.

ვახტანგ ქადარია: ჩვენი ერთადერთი მიზანი წელს, როგორც გითხარით, ჩემპიონობაა, თუმცა  გუნდის გაძლიერებაზე ვერაფერს გეტყვით, ლეგიონერებს ალბათ ვერ დავიმატებთ. გულშემატკივრის როლი კი ძალიან დიდია. ყველაზე დიდი სიამოვნებით ვთამაშობთ ბათუმსა და ქუთაისში, სადაც დარბაზი ყოველთვის სავსეა ყოველთვის და სულ სხვა ატმოსფეროა. სოხუმში რომ ვიყოთ, დარწმუნებული ვარ ჩვენი დარბაზიც გაივსებოდა გულშემატკივრებით…:) მხარდაჭერა ყველა გუნდს ძალიან სჭირდება, ამიტომ მოვუწოდებთ ხალხს, კალათბურთზე იარონ და თავიანთ გუნდებს უქომაგონ.

http://superleague.ge