სუპერლიგაში პლეი ოფები დაიწყო

თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის პლეი ოფები დაიწყო. პირველ მეოთხეფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ,,შსს აკადემია’’ და ,,სოხუმი’’ დაუპირისპირდნენ და მაყურებელს ნამდვილი სანახაობა შესთავაზეს.

შეხვედრა, რომელიც საკმაოდ თანაბრად, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა საბოლოოს სოხუმელთა გამარჯვებით, 81-78 დასრულდა და “სოხუმი” სერიაში 1:0 დაწინაურდა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სოხუმელთა ლეგიონერი პელეი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 32 ქულა შესძინა. გამოირჩეოდა ჩლაიძეც, რომლის აქტივში 22 ქულაა. წაგებული გუნდის შემადგენლობაში კი ყველაზე შედეგიანი 16 ქულით გიორგი შარაბიძე იყო.

დაძაბულობით პირველს არც მეორე მატჩი ჩამორჩა, რომელშიჩ “დინამომ” “მგზავრები-არმია” 2 ქულით, 84-82 დაამარცხა. მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებაში ტრადიციულად დიდი წვლილი გამყრელიძემ, ლეჟავამ, ლონდარიძემ და შერმანმა შეიტანეს. “მგზავრებში” კი იოსებ ლეჟაცა, ჯექსონი და მაკინი გამოირჩეოდნენ. ამ უკანასკნელმა 17 ქულასთან ერთად 19 მოხსნა შეასრულა.

დღის უკანასკნელი მატჩი კი რუსთავში შედგა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა “ოლიმპი” მიიღო. მაყურებელმა ამ შემთხვევაშიც დაძაბული ბრძლა იხილა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 78-75 დასრულდა.

სუპერლიგაში გადამწყვეტი ეტაპი იწყება

გუშინ თბილისის სპორტის სასახლეში სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა და პლეი ოფის წყვილებიც გაირკვა, სატურნირო ცხრილში დაკავებული ადგილების მიხედვით მეოთხედფინალში შემდეგი წყვილები ითამაშებენ:

დინამო(1) – მგზავრები-არმია(8)

შსს აკადემია(2) – სოხუმი(7)

ქუთაისი(3) – ბათუმი(6)

რუსთავი(4) – ოლიმპი (5)

პლეი ოფი სტარტს 4 მაისს აიღებს. მეოთხედფინალური სერია 3 მოგებამდე გაგრძელდება. მოედნის უპირატესობით ცხრილის ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდები, “დინამო”, “შსს”, “ქუთაისი” და “რუსთავი” ისარგებლებენ, რომელბიც პირველ ორ შეხვედრას მასპინძლის სტატუსით ჩაატარებენ. თუმცა, რეალურად  ხსენებული უპირატესობის გამოყენებას მხოლოდ ქუთაისელები და რუსთაველები შეძლებენ.

ტუღუში: „პლეიოფში ყველა მატჩი რთულია“

„შსს არმია“ – „ქუთაისის“ მატჩის დასრულების შემდეგ თბილისის სპორტის სასახლის საპრესკონფერენციო დარბაზში ორივე გუნდის წარმომადგენლებმა განვლილი შეხვედრა შეაფასეს. წარმოგიდგენთ „აშშ არმიის“ მთავარი მწვრთნელის კოტე ტუღუშის კომენტარს.

„დღევანდელი მატჩი ძალიან რთული გამოდგა. ორივე გუნდი პლეიოფისთვის ემზადება და საკუთარი მოედნის ფაქტორის გამოყენებას ვცდილობდით. „ქუთაისი“ ძლიერი მეტოქეა, მიმდინარე სეზონში მას პირველად მოვუგეთ.

პლეიოფის არც ერთი ეტაპი ადვილი არაა. თანაც, არის შანსი, კვლავ ნახევარფინალში შევხვდეთ.

დღევანდელი მატჩის მნიშვნელობაზე მსაჯების განხილვაც მეტყველებს, იმ ქულასაც დიდი მნიშვნლობა ჰქონდა. მოსაგებად ორი ქულა გვჭირდებოდა.

„ქუთაისს“ პლეიოფში წარმატებას ვუსურვებ. იმედია, გუნდი ამ ეტაპს ჯანმრთელი შეხვდება“, – განაცხადა ტუღუშმა.

სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩები 28 აპრილს გაიმართება

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩები (“შსს აკადემია” -“ქუთაისი”, “სოხუმი”-“დინამო”, ‘’მგზავრები-არმია’’ – ‘’რუსთავი’’), რომლებიც 25 აპრილს სპორტის  სასახლეში იყო დაგეგმილი, 25 აპრილის ნაცვლად 28 აპრილს გაიმართება.

“ოლიმპი” – ‘’ბათუმის’’ შეხვედრა კი, რომელიც 25 აპრილს სპორტკომპლექს  “არენაში” იყო დაგეგმილი, 25 აპრილის ნაცვლად 28 აპრილს   ”არენაში”  11:45 წუთზეგაიმართება.

უკანაკსნელი ტურის წინ რეგულარულში პირველი პოზიციის დასაკავებლად “დინამო” და “ქუთაისი” იბრძოლებენ. თბილისელთა წარუმატებლობის და საკუთარი მატჩის მოგების შემთხვევაში პირველ პოზიციაზე იმერლები გაინაღდებენ, “დინამოს” კი ლიდერობის შესანარჩუნებლად “სოხუმის” დამარცხება მართებს.

ღონისძიებების კალენდარი და ცვლილება დებულებებში

გამომდინარე იქიდან, რომ სეზონის დაწყებისთვის არ იყო ცნობილი, თუ როგორი ფორმით შეიქმნებოდა „ა“ ლიგა და ამ შეჯიბრმა სტარტი შუა სეზონში აიღო, საჭირო გახდა დებულებებსა და ჩემპიონატების კალენდრებში ცვლილებების შეტანა. ეს ყველაფერი სეზონის დაწყებამდე შეთანხმებული იყო ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან. ჩემპიონატების სიმრავლემ და სეზონის მსვლელობისას ახალი ტურნირების დაწყებამ განაპირობა კალენდრებში გარკვეული ცვლილებების განხორციელება.

აღსანიშნავია საპრიზო ფონდის მნიშვნელოვნად გაზრდა. წინა სეზონში საპრიზო თანხა შეადგენდა 25 000 ლარს, რომელიც საუკეთესო სამეულმა გაინაწილა, მიმდინარე სეზონის საუკეთესო 4 გუნდი კი დაკავებული ადგილების შესაბამისად 250 000 ლარს გაინაწილებს.

დებულებებისა და კალენდრების ახალ რედაქციას ქვემოთ გთავაზობთ:

kalendari_gonisdziebebi_new

 

cvlileba_superligis_debulebashi

 

a_ligis_cvlileba

სოხუმმა ბათუმი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა (მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია)

გუშინ ქუთაისსა და რუსთავში დაწყებული სუპერლიგის მე-13 ტური დღეს თბილისში გრძელდება. სპორტის სასახლემ უკვე უმასპინძლა ერთ მატჩს, რომელშიც ერთმანეთს „სოხუმი“ და „ბათუმი“ დაუპირისპირდნენ.

„ბათუმს“ 3 ამერიკელი ლეგიონერი ჰყავს, ამ გუნდს დიდი პოტენციალი გააჩნია და რამდენიმე ძლიერ მეტოქესაც სძლია, თუმცა ზღვისპირელებს სტაბილურობა აკლიათ. მას შემდეგ, რაც გუნდი გასულ თვეში დავით უსტიაშვილმა ჩაიბარა, ბათუმელებმა ქუთაისში იმარჯვეს და შინ „შსს-აკადემიას“ მოუგეს, თუმცა აუტსაიდერებთანაც დამარცხდნენ.

„ბათუმმა“ 3 კვირის წინ შინ ბოლო ადგილზე მყოფ „მგზავრები-არმიასთან“ წააგო, დღეს კი კიდევ ერთ აუტსაიდერთან დათმო შეხვედრა. სოხუმელებმა იბრძოლეს, ბოლომდე დაუდგნენ ცხრილში შედარებით  მაღლა მყოფ ბათუმელებს და გამარჯვებას მიაღწიეს – 87:84. მატჩის ბედი ბოლო წამებამდე გაურკვეველი იყო. მასპინძლებმა უფრო მობილიზებულად ჩაატარეს დასკვნითი, გადამწყვეტი ეპიზოდი და დამსახურებულად გაიმარჯვეს.

სოხუმელებს 19 ქულითა და 20 მოხსნით ბექა ბექაურმა ულიდერა. 19 ქულა დააგროვა გიორგი ჯგერენაიამაც, ხოლო ირაკლი ჩლაიძემ და პელე პეილეიმ 17-17 ქულა მიითვალეს. „ბათუმში“ ტრადიცულად ბიჯეი იანგი გამოირჩა, რომელმაც თავი 32 ქულას მოუყარა. 15-15 ქულით დაასრულეს შეხვედრა კრის ფელჩერმა და ნიკ კელოგმა.

მე-13 ტურის ბოლო მატჩში ერთმანეთს სუპერლიგის ლიდერები – „დინამო“ და „შსს-აკადემია“ შეხვდებიან.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მადლობა ბათუმის გუნდს კარგი თამაშისთვის, ფავორიტად ითვლებოდნენ, თუმცა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო თამაში. მადლობას ვეტყვი ჩემს ბიჭებს, ყველა დავალება შეასრულეს და ბოლომდე იბრძოლეს გამარჯვებისთვის.

დავით უსტიაშვილი(,,ბათუმის’’ მთავარი მწვრთნელი): ვულოცავ ,,სოხუმს’’ გამარჯვებას, დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გამოვიდა. სამწუხაროდ, მესამე თამასი წავაგეთ ბოლო წუთებზე, ,,მგზავრებთან’’, ,,რუსთავთან’’, დღეს ,,სოხუმთან’’ – ყველაფერს, ფაქტობრივად, ერთი ბურთი წყვეტდა. ბევრი შეცდომა დავუშვით, 87 ქულა მივიღეთ, რაც დაცვაში ხარვეზებზე მეტყველებს. ბევრი 3-ქულიანი ვასროლინეთ და ჩავაგდებინეთ მეტოქეს და ეს ვერ გავაკონტროლეთ. კიდევ ერთხელ ვულოცავ მეტოქეს, ჩვენ კი ვიმუშავებთ შეცდომების გამოსწორებაზე.

გიორგი ჯგერენაია(,,სოხუმი’’): პირველ რიგში, მადლობა ,,ბათუმს’’. ფავორიტები იყვნენ, თუმცა მიხარია, რომ მოვახერხეთ თამაშის ჩვენს სასარგებლოდ დამთავრება. მიუხედავად ცუდი სტარტისა, ნელ-ნელა ფორმაში შევდივართ და იმედია, პლეი ოფებს სათანადოდ მომზადებულები შევხვდებით.

ნოდარ თენიეშვილი(,,ბათუმი’’): მინდა მადლობა გადავუხადო ,,სოხუმს’’ კარგი თამაშისთვის და მივულოცო გამარჯვება. ძალიან ბევრი შეცდომა გვქონდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ამ ყველაფერზე ვიმუშავებთ და იმედია, გამოვასწორებთ. ,,ოლიმპთან’’ თამაშამდე თითქმის 1 თვე გვაქვს, ეს საკმაო დროა, რომ კარგად მოვემზადოთ.

ბოლოსწინა ტური რუსთავის და ქუთაისის გამარჯვებებით დაიწყო (მატჩისშემდგომი კომენტარები)

სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის ბოლოსწინა, მე-13 ტური დღეს რეგიონებში დაიწყო. მატჩებს რუსთავმა და ქუთაისმა  უმასპინლეს, სადაც სათამაშოდ შესაბამისად „ოლიმპი“ და „მგზავრები-არმია“ ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ „ოლიმპმა“ გასულ ტურში ჩემპიონატის ფავორიტი „შსს-აკადემია“ დაამარცხა. ამ გუნდის საამაყო გამარჯვებების სიაში ამ რეზულტატთან ერთად პირველ წრეში თბილისში „რუსთავის“ დამარცხებაც გახლდათ. მიხეილ ბერუაშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა „ოლიმპს“ რევანში აუღო და დღეს, რუსთავის დარბაზში 82:69 დაამარცხა.

„ოლიმპმა“ ტრადიციისამებრ სწრაფად დაიწყო თამაში და მისი წევრები შედეგიანადაც ირჯებოდნენ. გია კაზანჯიანის გუნდმა პირველი მეოთხედი 25:19 მოიგო და ლიდერობას დიდი შესვენებისთვისაც ინარჩუნებდა. მესამე პერიოდში მასპინძლებმა თამაშში გარდატეხა შეიტანეს. შედეგიანად ამოქმედდა რუსთაველთა როგორც წინა, ისე უკანა ხაზი და 8-ქულით მოგებული მესამე ათწუთეულის შემდეგ ქვემოქართლელებმა გამარჯვებისთვის საჭირო უპირატესობა მოიპოვეს.

რუსთაველთა გამარჯვებაში უდიდესი წვლილი გოგა ცეკვავას მიუძღვის, რომელმაც 23 ქულა, 7 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. 19 ქულა მიხეილ ჭოჭუას ანგრიშზეა, 8 ქულა და 10 მოხსნა აკაკი დვალიშვილმა მოინაგრა. „ოლიმპში“ 16 ქულით ბომბარდირი მარკო დუიკოვიჩი გახდა, 15 ქულა ნოდარ გოგოძის ანგარიშზეა.

ქუთაისში დაგეგმილი გამარჯვება მოიპოვა მალხაზ კოხრეიძის გუნდმა. იმერულმა კლუბმა სუპერლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ „მგზავრები-არმიას“ უმასპინძლეს და 78:71 დაამარცხეს. ქუთაისელებმა პირველი ტაიმი 18 ქულით მოიგეს და საბოლოოდ გამარჯვებამდე მისვლა აღარ გასჭირვებიათ.

გუნდურად მოთამაშე ქუთაისელებში გიორგი ბარბაქაძე 16 ქულით გამოირჩა, ხოლო სენეგალელმა აბდულაი ნდოემ 10 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა. „მგზავრები-არმიაში“ 20 ქულითა და ამდენივე მოხსნით თავი ადრიკ მაკკინმა გამოიჩინა, მეორე ამერიკელმა ტამირ ჯექსონმა კი თბილისელებს 18 ქულა და 9 მოხსნა შესძინა.

სუპერლიგის მე-13 ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა ხვალ, 28 მარტს თბილისის სპორტის სასახლეში გაიმართება.

რუსთავი – ოლიმპი  82:69

მატჩისშემდგომი კომენტარები:

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„როგორც მოსალოდნელი იყო, „ოლიმპმა“ იბრძოლა. ამ გუნდში ძირითადად ახალგაზრდა კლათბურთელები თამაშობენ, რომლებსაც ყველაფერი წინ აქვთ და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ვულოცავ ჩვენს გუნდს ამ გამარჯვებას, რომლითაც მე-4 ადგილი შევინარჩუნეთ და სავარაუდოდ რეგულარულ ჩემპიონატს ამ პოზიციაზე დავასრულებთ“.

გია კაზანჯიანი, „ოლიმპის“ მთავარი მწვრთნელი:

„პირველ ტაიმში 5 სამქულიანი ჩავაგდეთ, ხოლო მეორეში არც ერთი. სწრაფი თამაში, რომელიც პირველ ტაიმში გამოგვდიოდა, მეორეში აღარ გამოგვივიდა, დაცვაშიც მოვიკოჭლეთ და წაგებაც ამ მიზეზებმა განაპირობა“.

ქუთაისი – მგზავრები-არმია   78:71

ანატოლი ბერიშვილი, „მგზავრები-არმიას“ მთავარი მწვრთნელი:

„ჩვენი მეტოქე ფავორიტი იყო. გვაკლდა რეზო ათანელიშვილი, ტატო ჩაჩიბაიას კი ფეხი ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი და სათანადოდ ვერ დაიხარჯა. პირველ ტაიმში ვერ შევასრულეთ ის, რაც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მეტოქეს ვაჯობეთ და დიდი ჩამორჩენა შევამცირეთ. თავიდანვე რომ ისეთივე შედეგიანად გვეთამაშა, როგორც მეორე ტაიმში, სასურველი შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნებოდა“.

მედეა მხეიძე, „ქუთაისის“ მწვრთნელი:

„მიუხედავად იმისა, რომ „მგზავრები-არმია“ ცხრილში ბოლო ადგილზე იყო, მე არ მეგონა, რომ იოლად გავიმარჯვებდით. პირველ ტაიმში 24-ქულიან უპირატესობას მივაღწიეთ და ეს ფაქტიურად გამარჯვებას ნიშნავდა, თუმცა მეორე ტაიმში მოხდა ის, რასაც ვვარაუდობდი. სტუმრებმა იპოვეს საკუთარი თამაში და მეორე ნახევარში გვაჯობეს. საბოლოოდ გამარჯვებამდე მაინც მივედით და მთავარი ესაა – გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. ვულოცავ ჩვენი გუნდის წევრებს ამ გამარჯვებას და მათ მადლობას ვუხდი.

სუპერლიგა: ტური მოულოდნელი შედეგით დასრულდა

სპორტკომპლექს არენაში საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურის შეხვედრა შედგა, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს “ოლიმპი” და “შსს-აკადემია” დაუპირისპირდნენ.

გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტის და ყველაზე ახალგაზრდული გუნდის დაპირისპირება დაძაბული გამოდგა და საბოლოოდ “ოლიმპის” მოულოდნელი გამარჯვებით დასრულდა.

გადამწვყეტი უპირატესობა კაზანჯიანის შეგირდებმა უკანასკნელ მეოთხედში მოიპოვეს, რომელიც 19-10 მოიგეს და საბოლოო ანგარიში, 69-66 დააფიქსირეს.

მასპინძელთა შემადგენლობაში 15 ქულით საუკეთესო დენის ნოსკოვი გახდა, ხოლო მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე აკადემიელი გიორგი ცინცაძეა, რომლის ანგარიშზეც 18 ქულა დაფიქსირდა.

ოლიმპი 69-66 შსს-აკადემია

მედეა მხეიძე: „დიდი მადლობა კრიტიკისთვის“

„ქუთაისის“ მწვრთნელმა მედეა მხეიძემ „დინამოსთან“ მოგებული მატჩი შეაფასა.

„დინამოს“ მსურს მადლობა გადავუხარო, რადგან სამივე მატჩი ძალიან დაძაბული და კარგი იყო, იმ მხვრივ, რომ ძლიერი გუნდების თამაშისას კალათბურთელთა და მწვრთნელთა შესაძლებლობებში ვრწმუნდებით. რაც შეეხება დღევანდელ თამაშს, ორი წაგების შემდეგ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას ვცდილობდით. ვერ ვიტყვით, რომ თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან უამრავი შეცდომა დავუშვით. ფაქტობრივად, „დინამოს“ უპირატესობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მაღალი მოთამაშეები გვყავს. ფარზე ბურთის მოხსნა და სწრაფი შეტევები – ის კომპონენტებია, რომელთა დახმარებითაც მოვიგეთ.

ვულოცავ ყველას, ვინც ჩვენს კლუბში და მის გარშემოა. საინტერესო იყო, „დინამოსთან“ ორი წაგების შემდეგ როგორ ვითამაშებდით.  ასევე დიდი მადლობა კრიტიკისთვის, ეს გუნდის ხვალინდელი დღეზეც აისახება “, – განაცხადა მხეიძემ.

ხოშტარია: „ეს მარცხი ტრაგედია არ არის“

„დინამო“ – „ქუთაისის“ მატჩის დასრულების შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელმა სპორტკომპლექს „არენას“ საპრესკონფერენციო დარბაზში განვლილი შეხვედრა შეაფასა.

წარმოგიდგენთ თბილისელთა თავკაცის ირაკლი ხოშტარიას კომენტარს.

„ორი კვირის განმავლობაში „ქუთაისთან“ სამი მატჩი ვითამაშეთ. თასზე ორი მოგებული შეხვედრის შემდეგ ვამბობდი, რომ ეს ძლიერი გუნდია, რომელთანაც ადვილი თამაში ვერ გამოვა. წინასამატჩო პრესკონფერენციაზეც აღვნიშნე, რომ რთული მატჩი გვექნება. რა თქმა უნდა, შეცდომები გვქონდა, თუმცა მეტოქეს კარგ თამაშს ვერ დავუკარგავ. ეს მარცხი ტრაგედია არ არის, რეგულარულში მხოლოდ მეორედ დავმარცხდით. ხვალიდან შემდეგი თამაშისთვის მოვემზადებით“, – განაცხადა „დინამოს“ დამრიგებელმა.

სუპერლიგა განახლდა: რუსთავმა ბათუმში იმარჯვა (მატჩისშემდგომი კომენტარები)

თასის გათამაშებაში გამართული 2 მატჩის შემდეგ „ბათუმი“ და „რუსთავი“ სუპერლიგაშიც შეხვდნენ. ეროვნული ჩემპიონატის მე-12 ტური დღეს სწორედ ამ გუნდების მატჩით გაიხსნა. ბათუმში ქვემოქართლური გუნდი ჩავიდა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა ვერც ერთი გუნდი ვერ ახერხებდა სოლიდურად დაწინაურებას. თავიდან სტუმრები იგებდნენ. რუსთაველებმა საწყისი მეოთხედი 17:13 მოიგეს, თუმცა ეს ლიდერობა მეორე მეოთხედში გაანიავეს. „ბათუმმა“ მეორე ათწუთეული 24:20 მოიგო და დიდ შესვენებაზე ფრე დაფიქსირდა – 37:37.

მეორე ტაიმში ვითარება არ შეცვლილა. ბათუმელები მცირედით ლიდერობდნენ, თუმცა სტუმრები არ რჩებოდნენ და ბოლო წუთებზე დაწინაურდნენ კიდეც. გადამწყვეტ მომენტში უფრო მობილიზებულად რუსთაველებმა ითამაშეს და გამარჯვებაც მათ დარჩათ.

გამარჯვებულთაგან გამორჩეული სტატისტიკა ჰქონდა და გამარჯვებაშიც უდიდესი წილი დაიდო აკაკი დვალიშვილმა, რომელმაც 23 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. 17 ქულით დაასრულა შეხვედრა ლევან ცეკვავამ, ხოლო მიხეილ ჭოჭუამ თავი 16 ქულას მოუყარა.

დამარცხებულთაგან ბიჯეი იანგი გამოირჩა, რომელმაც „რუსთავთან“ წინა 2 სათასო მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა. იანგმა 27 ქულა მიითვალა, მეორე ამერიკელმა, ნიკ კელოგმა თავი  18 ქულასა და 11 მოხსნას მოუყარა. ბათუმელთა მესამე ამერიკელმა – კრის ფელჩერმა შეხვედრა 13 ქულითა და 18 მოხსნით დაასრულა.

სუპერლიგის მიმდინარე ტურის 3 მატჩი ხვალ, 21 მარტს თბილისში, სპორტკომპლექს „არენაში“ გაიმართება.

 

ბათუმი – რუსთავი  79:83

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

– რთული, დაძაბული მატჩი გამოვიდა თავიდან ბოლომდე. ჩვენი გუნდის წევრებმა კარგად იმუშავეს დაცვაში. რაც ვარჯიშებზე დავგეგმეთ, თითქმის ყველაფერი შევასრულეთ, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ და ვულოცავ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას. იმედი მაქვს, იმ ჩავარდნას, რომელიც ახლო წარსულში გვქონდა, თავს დავაღწევთ.

დავით უსტიაშვილი, “ბათუმის მთავარი მწვრთნელი:

– საინტერესო, დაძაბული მატჩი იყო. ორივე გუნდს შეეძლო მოგება და საბოლოოდ რუსთაველებმა იმარჯვეს. ჩვენ არ გაგვიმართლა, რისი მიზეზიც მოკლე სათადარიგოთა სკამიცაა. „რუსთავთან“ და სუპერლიგის ლიდერებთან დარჩენილ ტურებში ჩამორჩენის შემცირება გამორიცულია. ჩვენ უფრო წინ უნდა ვიყუროთ და პლეი ოფისთვის მოვემზადოთ.

superleague.ge

“დინამომ” რუსთავში მოიგო

სუპერლიგის მე-11 ტურში “რუსთავმა” საკუთარ დარბაზში თბილისის “დინამოს” უპასუხო.

„რუსთავს“ რთული ამოცანა ჰქონდა გადასაჭრელი. ლიდერ „დინამოს“ ამერიკელი ლეგიონერის, ტრავმირებული ტერენს ოგლსბის გარეშე დაუხვდა და წარმატების მისაღწევად ძალისხმევასთან ერთად იღბლის წყალობაც სჭირდებოდა. ამ უკანასკნელს რუსთაველები პირველ მეოთხედში ნამდვილად არ უჩივოდნენ. მასპინძლებმა „დინამოს“ კალათი სამქულიანებით „ამოავსეს“ – ქაქუაცა აბაიშვილმა, მიხეილ ჭოჭუამ და ლევან ცეკვავამ ჯამში 5 სამქულიანი ჩააგდეს და პირველ პერიოდში ქვემოქართლელები 16 ქულით დაწინაურდნენ – 24:8.

დინამოელებმა ვითარების გამოსწორება დაცვიდან დაიწყეს და უკანა ხაზში საიმედო თამაშმა მათ შეტევაშიც გაუხსნა  გზა. გარიკ შერმანმა, მარკო პოპოვიჩმა, ბესიკ ლეჟავამ მიზანი გაისწორეს და პირველი მეოთხდის დასრულებამდე სტუმრებმა ჩამორჩენა 9 ქულამდე შეამცირეს – 21:30. თამაშის განახლებისთანავე დინამოელებმა შედეგიანობა გააგრძელეს და ანგარიში ჯერ გაათანაბრეს (30:30), ხოლო დიდი შესვენებისთვის საიმედოდ დაწინაურდნენ კიდეც – 54:45.

მესამე პერიოდში გამოჩნდა, რომ „რუსთავი“ თამაშის შემომტრიალებელი აღარ იყო. აღნიშნული პერიოდი თბილისელებმა 15:9 მოიგეს და მასპინძლები საბოლოოდ გატყდნენ. „დინამოს“ უპირატესობამ 20 ქულას გადააჭარბა და გამარჯვებულის ვინაობაც საფინალო სირენამდე საკმაო ხნით ადრე გაირკვა.

დინამოელთა შორის საუკეთესო შედეგი გარიკ შერმანმა დააფიქსირა – 20 ქულა და 9 მოხსნა. 17 ქულა დააგროვა ბესიკ ლეჟავამ, ლაშა გამყრელიძის ანგარიშზე კი 16 დაგროვდა. მასპინძელთაგან გამორჩეული შედეგი დააფიქსირა მიხეილ ჭოჭუამ, რომელმაც 34 წუთში 34 ქულა დააგროვა. აკაკი დვალიშვილმა მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი – 10 ქულა და 14 მოხსნა მიითვალა.

რუსთავი – დინამო   81:91

მატჩისშემდგომი კომენტარები

მიხეილ ბერუაშვილი, „რუსთავის“ მთავარი მწვრთნელი:

„ვულოცავ „დინამოს“ გამარჯვებას. რაც შეეხება მატჩს, თამაში ცუდად არ დავიწყეთ და დიდი სხვაობითაც ვიგებდით, მაგრამ მეორე პერიოდიდან ვეღარ მოვახერხეთ გარედან ჩაგდება და ამით მეტოქემ ისარგებლა. გამოჩნდა ხარვეზები, რომლებზეც სამუშაო გვაქვს“.

ირაკლი ხოშტარია, „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი:

„რუსთავი“ ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია და თან საკუთარ ქალაქში თამაშობდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ ყოფილა, რაც დასაწყისში მოხდა. რუსთაველებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა ჩვენ სწორი ტაქტიკა დავუპირისპირეთ და მეორე მეოთხედიდან ვითარება გამოვასწორეთ. შეგვეძლო უფრო დიდი სხვაობითაც მოგება, თუმცა თავის გამოჩენის საშუალება ყველა მოთამაშეს მივეცი“.

superleague.ge