თბილისის “ლოკომოტივმა” “გაგრა” დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, მორიგ ამხანაგურ მატჩში, ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილე, გაგრა დაამარცხა. 21 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 5:1 მოიგო.

ანგარიში სტუმრებმა, მატჩის დებიუტში გახსნეს. მე-7 წუთზე, გაგრა ლევან პაპავამ დააწინაურა. ტაიმის მიწურულს, ვატო არველაძემ ანგარიში გაათანაბრა. საგოლე გადაცემა გიორგი კიკნაძის ანგარიშზეა.

57-ე წუთზე, გიორგი გაბაძის პასით, ლოკომოტივი ზურიკო დავითაშვილმა დააწინაურა. სამ წუთში, არველაძემ ლაშა გვალიას პასით, დუბლი შეასრულა.

ტრავმის შემდეგ, ზედიზედ მეორედ ითამაშა მამია გავაშელიშვილმა, რომელმაც 70-ე წუთზე, არველაძე შეცვალა.

75-ე წუთზე დავით ჯიქიას ნაცვლად, თამაშში ოთო კობახიძე ჩაერთო, რომელმაც სამ წუთში, დავით უბილავას გაატანინა, 80-ე წუთზე კი მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლოკომოტივი: თევდორაძე, უბილავა (კაპ), ხიდეშელი (გვალია 46), ჭანტურია, გაბაძე, სამურკასოვი, შონია, ჯიქია (კობახიძე 75), დავითაშვილი, კიკნაძე, არველაძე (გავაშელიშვილი 70)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

Fcloco.Ge

თბილისის “დინამომ” ყაზახეთის “შახტიორთან” ფრე ითამაშა (ვიდეო)

დინამოელებმა თურქეთში საწვრთნელ შეკრებაზე მესამე მატჩი ყარაგანდის შახტიორთან გამართეს.

საკმაოდ აქტიური და საინტერესო მატჩი საბოლოოდ გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მატჩის დებიუტში, მეექვსე წუთზე თბილისელებმა სახიფათო შეტევა განახორციელეს. ჯერ ლევან ხარაბაძეს, შემდეგ კი დამატებაზე ბუდუ ზივზივაძეს შეძლოთ თავის გამოჩენა, მაგრამ დინამოელებმა უზუსტოდ ითამაშეს. ოციოდე წუთში თბილისელებმა ლამაზი საგოლე კომბინაცია განახორციელეს, მარჯვენა ფრთიდან გუჯა რუხაიამ ზუსტად გადააწოდა ლევან ხარაბაძეს, ამ უკანასკნელის დარტყმული კი ზევიდან გადაცდა მეტოქის კარს. 35- ე წუთზე ოთარ კიტეიშვილი ხელსაყრელი პოზიციიდან არტყავდა, ოდნავ არაზუსტად. ტაიმის ბოლოს დინამოელებს კიდევ ჰქონდათ სახიფათო მომენტი, კუთხურის შემდეგ აკაკი შულაია ემუქრებოდა შაცკის კარს.

მეორე ტაიმი დინამომ საკმაოდ აქტიურად დაიწყო და მთლიანად სათამაშო-ტერიტორიული უპირატესობაც მოიპოვა. მოედანზე სინჯებზე მყოფი უკრაინელი ფორვარდი მაქსიმ მარუსიჩიც გამოჩნდა, რომელმაც აქტიურად ჩაატარა დარჩენილი 45 წუთი. დინამოელები ბევრს უტევდნენ, რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი იმავე მარუსჩს, კიტეიშვილს, შულაიას ჰქონდათ, მაგრამ ბოლო მომენტში ხან სიზუსტე აკლდებოდათ ჩვენი გუნდის შემტევებს, ხანაც მეტოქის კიპერი თამაშობდა კარგად. შეხვედრის ბოლოსკენ ერთი რეალური საგოლე მომენტი მეტოქემაც შექმნა, თუმცა კარი ბოლო წამს ტერენტი ლუცევიჩმა გადაარჩინა. საბოლოოდ ფრე 0:0. ბოლო შეხვედრას დინამოელები თურქულ შეკრებაზე 25 თებერვალს, ყაზახეთის პირველობის მესამეადგილოსან ორდაბასთან გამართავენ.

დინამო თბილისი 0:0 შახტიორი ყარაგანდა

დინამო: ბულისკერია (გოშაძე 46), რუხაია, ლუცევიჩი, კობოური, ხარაბაძე, ქარდავა (კუცია 46), ივანისენია (ნინუა 83), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 83), ზივზივაძე (მარუსიჩი 46)

შახტიორი ყარაგანდი: შაცკი, ტარასოვი, გაბიშევი, სტოიანოვიჩი, შახმეტოვი, შაფი, მიგუნოვი, ვოლოდკო, ტკაჩუკი, მუჟეკი, კოიაშევიჩი

 

Fcdinamo.Ge

თბილისის “ლოკომოტივმა” ბოლნისის “სიონი” დაამარცხა

თბილისის ლოკომოტივმა, ამხანაგურ მატჩში, ბოლნისის სიონი დაამარცხა. 17 თებერვალს, საგურამოს ბაზაზე გამართული დაპირისპირება, ლაშა ჭაღიაშვილის გუნდმა 2:0 მოიგო. ორივე გოლი პირველ ნახევარში გავიდა. 21-ე წუთზე, დავით ჯიქიას გადაცემით, ანგარიში ლოკოს კაპიტანმა, დავით უბილავამ გახსნა. მატჩის საბოლოო ანგარიში, 33-ე წუთზე ჯიქიამ დააფიქსირა. საგოლე გადაცემა დავით სამურკასოვის ანგარიშზეა.

სასიხარულოა, რომ გუნდს ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მამია გავაშელიშვილი დაუბრუნდა. 23 წლის ფორვარდმა, სიონის წინააღმდეგ, დაახლოებით 20 წუთი ითამაშა.

ლოკომოტივი: თევდორაძე (შეროზია 67), უბილავა (კაპ) (კომახიძე 46), ხიდეშელი (ძებნიაური 70), ქურდაძე, გაბაძე (კიკალიშვილი 46), გვალია , სამურკასოვი (შეწირული 80), შონია (ოზბეთელაშვილი 80), კიკნაძე (კიკაბიძე 56), ჯიქია (კობახიძე 60), არველაძე (გავაშელიშვილი 70)

მთავარი მწვრთნელი: ლაშა ჭაღიაშვილი

Fcloco.Ge

თბილისის “დინამომ” სოლიგორსკის “შახტიორთან” ფრე გააგორა (ვიდეო)

დინამო თბილისი აგრძელებს თურქულ შეკრებას და დღეს მეორე ამხანაგურ მატჩში ჩვენი გუნდი ბელორუსის ჩემპიონატის მესამეადგილოსანს – სოლიგორსკის შახტიორს დაუპირისპირდა. საინტერესო სპარინგი ფრედ 1:1 დასრულდა. პირველმა ტაიმმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა. დებიუტში მეტოქემ მოიპოვა ფორა, როდესაც მეოთხე წუთზე ტომისლავ კიშმა აიღო დინამოელთა კარი. საპასუხოდ ოთარ კიტეიშვილმა სახიფათო საჯარიმო დარტყმა შეასრულა, ბურთი ბოლო წამს ბელორუსთა კიპერმა მოიგერია. 24- ე და 27- ე წუთებზე შახტიორის ფეხბურთელებმა ორი სახიფათო შეტევა განახორციელეს, რაზეც თბილისელებმა აკაკი შულაიას და ბუდუ ზივზივაძის აქტიურობით უპასუხეს.

მეორე ტაიმში დინამომ სათამაშო უპირატესობა მოიპოვა და ინიციატივა მატჩის ბოლომდე აღარ დაუთმია. მეტოქეზე ზეწოლაც გააძლიერა და 50- ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ საჯარიმოს მისადგომებიდან ზუსტი დარტყმით აღადგინა სტატუს ქვო. თბილისელთა არაერთი მცდელობის მიუხედავად დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა 1:1. მომდევნო ამხანაგურ მატჩს ჩვენი გუნდი ყარაგანდის შახტიორთან 22 თებერვალს გამართავს.

დინამო 1:1 შახტიორი

გოლი: 0:1 კიში 4’  1:1 ზივზივაძე 50’

დინამო: ბულისეკრია (გოშაძე 46), რუხაია, ლუცევიჩი, თოთაძე, კობოური, ქარდავა, ივანიშენია, ივანიშვილი, კიტეიშვილი, შულაია, ზივზივაძე

შახტიორი: კლიმოვიჩი, ბურკო, შიმუნოვიჩი, რიბაკი, კოვალევი, სზოკე, სელიავა, კოზლოვი, კიშ, ლაპტევი, ებონგი

 

Fcdinamo.Ge

თბილისის “დინამოს” შეკრებაზე უკრაინელი თავდამსხმელი შეუერთდა

თბილისის “დინამო” თუქეთში იმყოფება და იქ ემზადება ახალი სეზონისთვის.

კახი კაჭარავამ გუნდი გუშინაც ორჯერადი ვარჯიშებით დატვირთა. დილით სახალისო სახის ფიზ. დატვირთვა, საღამოს ტაქტიკურმა წვრთნამ შეცვალა. გუნდს სინჯებზე უკრაინელი თავდამსხმელი მაქსიმ მარუსიჩი შეუერთდა, რომელიც მანამამდე “ვორსკლაში”, “კარპატიში” და ლიტვურ “იონავაში” გამოდიოდა. ასევე უთამაშია უკრაინის 16- და 21-წლამდე ნაკრებებში.

გეტყვით, რომ შეკრება კი სერგეი პეტკომ და იაროსლავ ბოგუნოვმა დატოვეს.

თბილისის “დინამოს” 19-წლამდე გუნდი შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრა

დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობა მოახლოებული სეზონისთვის ემზადება. დედაქალაქელები 16 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით თურქულ ბელეკში გაივლიან შეკრებას. გუნდი სასტუმრო Papillon Ayscha Hotel- ში დაბინავდა. ვლადიმერ კაკაშვილმა შეკრებაზე 18 ფეხბურთელი – ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე, ბექა ხარშილაძე, არჩილ ბასარია, ნიკა გაბელაია, ლაშა უგრეხელიძე, სანდრო კალანდაძე, თორნიკე ძოწენიძე, ლუკა ბერიაშვილი, გიგა გულდედავა, პაატა კიტეიშვილი, გიორგი ხარშილაძე, გიორგი კაკულია, გიორგი გოგობერიშვილი, თემურ გაბუნია, ანრი მექვაბიშვილი, ირაკლი აზაროვი და გიორგი მოისწრაფიშვილი იახლა.

დინამოელები შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩსაც ჩაატარებენ. 23 თებერვალს თბილისელები უკრაინულ დესნას შეხვდებიან, ხოლო 27 თებერვალს ბელგრადის ბროდარაცს დაუპირისპირდებიან. 19 და 25 თებერვალს ჩასატარებელი სპარინგების მეტოქეები უახლოეს მომავალში გაირკვევა. შეგახსენებთ, რომ 19 წლამდე დინამო დასრულებული ეროვნული პირველობის გამარჯვებულია და შემოდგომაზე ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე იასპარეზებს.

Fcdinamo.Ge

თბილისის “საბურთალომ” თურქმენეთის ჩემპიონი დაამარცხა

თურქეთში შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა თბილისის “საბურთალომ”, რომელიც ახალი სეზონისთვის ემზადება. კლუბი თურქმენეთის ჩემპიონ “ალტინ ასირს” დაუპირისპირდა და 6:2 გაიმარჯვა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, მეორე ტაიმში კი რვა გოლი გავიდა.

ანგარიში ბექა გვარაძემ გახსნა, მალევე კი მას მხარი დავით ვოლკოვმა აუბა. 65-ე წუთზე მეტოქემ შეამცირა სხვაობა – გოლი ანადურდიევმა გაიტანა. ორ ბურთიანი ჰადიკაპი ცვლილებაზე შესულმა გურამ გოშთელიანმა დააფიქსირა, რომელმაც ნიკოლოზ მალისგან გამოზომილი გადაცემა მიიღო. შემდეგ კი გეგა დიასამიძის ჯერი დადგა – “საბურთალოს” ახალწვეულმა მორიგი ტექნიკური გოლი შეაგდო. 75-ე წუთზე მეტოქემ კიდევ ერთხელ შეძლო “საბურთალოს” კარის აღება, ეს ბეგმარატ ბაიოვმა მოახერხა. მატჩის დასრულებამდე რვა წუთით ადრე, ცოტნე ნადარაიას ფლანგური გადაცემის შემდეგ, გოშთელიანმა თავური დარტყმით კიდევ ერთხელ აიღო მოწინააღმდეგის კარი და დუბლი გაიფორმა. ხოლო საბოლოო შედეგი ბექა გვარაძემ ტექნიკური თერთმეტმეტრიანი დარტყმით დააფიქსირა – პენალტი კი ნიკოლოზ მალიმ გამოიმუშავა.

მორიგ ამხანაგურ შეკრებას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ხვალ გამართავს. “საბურთალოს” მეტოქე “ნეფტოხიმიკი” იქნება. 19 თებერვალს კი დედაქალაქელები სამშობლოში დაბრუნდებიან.

საბურთალო: სომხიშვილი, მალი, ცნობილაძე, რეხვიაშვილი, ნადარაია, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, თარხნიშვილი, დიასამიძე, გვარაძე, ვოლკოვი.
მეორე ტაიმში ცვლილებაზე შევიდნენ: ქურდაძე, ჯინჯოლავა, გოშთელიანი.
გოლები: 1:0 გვარაძე (49), 2:0 ვოლკოვი (56), 2:1 ანადურდიევი (65), 3:1 გოშთელიანი (67), 4:1 დიასამიძე (71), 4:2 ბაიოვი (75), 5:2 გოშთელიანი (82), 6:2 გვარაძე (90, პენ).

თბილისის “საბურთალოს” ოფციალური გვერდი

თბილისის “დინამომ” რუსულ “ნეფტეხიმიკს” სძლია (ვიდეო)

დღეს თბილისის “დინამომ” მეორე თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც რუსეთის “ნეფტეხიმიკს” დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა მეტოქე. შეხვედრამ მთლიანად კახი კაჭარავას გუნდის უპირატესობით ჩაიარა და შეიძლება ითქვას, რომ ანგარიში უფრო სოლიდურიც უნდა ყოფილიყო. მატჩის დებიუტში აკაკი შულაია და ბუდუ ზივზივაძე სახიფათო პოზიციებიდან უტევდნენ მეტოქის კარს, თუმცა მათ თავურებს სიძლიერე დააკლდათ. თამაშს ოთარ კიტეიშვილი და ლაშა თოთაძეც ამწვავებდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

მატჩის მეორე ნახევარი თბილისელებმა ისევ შეტევებით განაახლეს და 56-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძის აქტიურობას მეტოქის კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი მოჰყვა. პენალტი ზუსტად ოთარ კიტეიშვილმა შეასრულა და როგორც შემდეგში აღმოჩნდა მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. თბილისელებმა დარჩენილ დროში დიდი ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და არაერთი კუთხურიც მოაწოდეს, მაგრამ ყველა უშედეგოდ. მატჩის ბოლოსკენ სერგი პეტკოს ძლიერად გასროლილი მეტოქის კარის ხარიხამ მოიგერია და შეხვედრაც დასრულდა, ანგარიშით 1:0.

გოლი: 1:0 კიტეიშვილი (პენ) 56’

“დინამო”: ბულისკერია (გოშაძე 46), თოთაძე, ლუცევიჩი, რუხაია (პეტკო 46), კობოური (ხარაბაძე 76), ქარდავა, ივანისენია (კუცია 76), შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ბოგუნოვი 76), ზივზივაძე (ერგემლიძე 76)

“ნეფტეხიმიკი”: მალაშენკო, კომისოვი, კიბარდინი, მოროზოვი, კამენშჩიკოვი, კუზნეცოვი, კანაევ, პოტაპოვი, შადრინი, გილიაზეტდინოვი, ბოჩკოვი

თბილისის “საბურთალომ” თურქულ შეკრებაზე მეოთხე შეხვედრაც ფრედ ითამაშა

დედაქალაქურმა “საბურთალომ” თურქეთში, სადაც მეორე შეკრებაზე იმყოფება, მორიგი ამხანაგური მატჩი პოლონეთის პირველი ლიგის მესამე ადგილოსან “ვრაკუვთან” გამართა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე მორჩა, თუმცა დაწინაურება ორივე გუნდს შეეძლო.

მეორე ტაიმის საწყის წუთებში პოლონელებმა გაიტანეს. 72-ე წუთზე კი ანგარიში შეტევაში ჩართულმა ნიკოლოზ მალიმ გაათანაბრა, რომელმაც გეგა დიასამიძისგან გენიალური გადაცემა მიიღო და ახლო მანძილიდან მეკარეს აუღებელი დაურტყა. “საბურთალოელებს” მეორე ნახევარში გოლის გატანის რამდენიმე შესაძლებლობა ჰქონდათ. ერთ-ერთ ეპიზოდში ხარაიშვილის დარტყმულს მცველები გადაეღობნენ, ბოლო წუთებზე კი ნადარაიას ფლანგური ჩაწოდების შემდეგ, თავით გოშთელიანი ურტყამდა, მაგრამ ბურთი ხარიხას მოხვდა.

დღევანდელ შეხვედრაში მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
ქურდაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, რეხვიაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, გვარაძე, ალთუნაშვილი, ვოლკოვი, ვაგნერი, ტატანაშვილი.

მეორე ტაიმი:
კუპატაძე, მალი, ცნობილაძე, გრიგალაშვილი, ნადარაია, თარხნიშვილი, ელვინ ტერა, ხარაიშვილი, დიასამიძე, გორგიაშვილი, გოშთელიანი.

ოფიციალურად: გუჯა რუხაია და დმიტრო ივანისენია თბილისის “დინამოში” ითამაშებენ!

თბილისის “დინამომ” წარმოშობით ქრათველი ფეხბურთელი, გუჯა რუხაია დაიმატა. ამის შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას დედალაქელთა გვერდი ავრცელებს.

30 წლის მარჯვენა მცველთან, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს, ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. სხვა დეტალები საჯარო არაა.

გეტყვით, რომ რუხაია ბათუმში დაიბადა, თუმცა ადრეული ასაკიდანვე მიიღო რუსეთის მოქალაქეობა და იქ დაიწყო თამაშიც. მას ისეთი კლუბების ღირსება აქვს დაცული, როგორებიცაა: სოჭის “ჟემჩუჟინა”, ნალჩიკის “სპარტაკი”, ხაბარკოვსკის “სკა”, “კამაზი”, “სიბირი”. ამიერიდან კი ის ქართულ გუნდში იასპარეზებს.

კიდევ ერთი შენაძენი არის დმიტრო ივანისენია. 24 წლის უკრაინელი ნახევარმცველი დონეცკის “შახტარის” აღზრდილია. სწორედ აქ თამაშობდა იგი 2011 წლიდან 2016 წლის აგვისტომდე. ამ პერიოდში დმიტრო “ილიჩევეცშიც” გაანათხოვრეს. ბოლოს კი “მარიუპოლში” გამოდიოდა. 2017 წლის პირველი ივლისიდან იგი თავისუფალი აგენტი იყო. ამჟამად კი, დედაქალაქურმა კლუბმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა მასთან.

თბილისის “დინამომ” მეორე შეკრება დაიწყო

დღეს დინამო თბილისი ზამთრის მეორე შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ბელეკში გაემგზავრა.

თბილისელები სასტუმრო Tıtanıc Deluxe- ში დაბინავდნენ. გუნდმა დაისვენა და საღამოს მსუბუქად ივარჯიშა. დინამოელები 13 თებერვლიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან. დედაქალაქელებს თურქეთში სინჯებზე მყოფი სერგეი პეტკო და ტერენტი ლუცევიჩი შემოუერთდება. გუნდი შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი კუცია, ნიკა ბასარია, დავით კობოური, ფირუზ გაბიტაშვილი, გუჯა რუხაია, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლევან ხარაბაძე, აკაკი შულაია, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ბუდუ ზივზივაძე და დმიტრო ივანისენია.

აქვე გეტვყით, რომ ლაშა ქოჩლაძე მიკრო ტრავმის გამო თბილისში დარჩა და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება.

Fcdinamo.Ge

გურამ გოშთელიანი 19 თვიანი პაუზის შემდეგ “საბურთალოს” დაუბრუნდა – ინტერვიუ თავდამსხმელთან

19 თვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ, გურამ გოშთელიანი მინდორს დაუბრუნდა – ახალგაზრდა ფორვარდმა “მარიუპოლთან” (2-2) შეხვედრაში 27 წუთი ითამაშა.

გუშინ ფეხბურთელთან ინტერვიუ “საბურთალოს” ოფიციალურმა გვერდმა ჩაწერა.

– თამაშის წინა დღეს, იმდენი ხანი ვიფიქრე და იმდენი ემოცია შევალიე, მინდორზე რომ გავედი სანახევროდ დაღლილი ვიყავი. როდესაც უკვე მოედანზე შევედი და ბურთს შევეხე, სულ სხვა გრძნობა დამეუფლა, დიდი სიხარული იყო. მივხვდი, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია, ეს კი ჩემთვის დიდი ბედნიერება და სიამაყის გრძნობაა.

– იცოდით, რომ გარკვეული დროით მოგიწევდათ თამაში?
– დიახ, ვიცოდი. წინა დღეებში გიორგი ჭიაბრიშვილს ვესაუბრე და მითხრა, რომ “მარიუპოლის” წინააღმდეგ რაღაც დროით ვითამაშებდი. ამ დღისთვის ძალიან დიდი ხანი ვემზადებოდი. 27 წუთი კი ვითამაშე, მაგრამ მინდოდა თამაში კიდევ გაგრძელებულიყო. მონატრებული ვარ ფეხბურთის თამაშს. იმედი მაქვს, ჩემპიონატის დაწყებამდე უფრო ავთამაშდები და დავეხმარები ჩემს საყვარელ გუნდს მიზნის მიღწევაში.

– დიდი ხანი არ ვარჯიშობდით. ორჯერად ვარჯიშებთან შეგუება არ გაგიჭირდათ?

– ყველაფერი ნორმალურად მიმდინარეობს, ვუძლებ დატვირთვებს. უნდა ითქვას, რომ ჯერჯერობით თანაგუნდელებზე მალე ვიღლები, თუმცა ეს არცაა გასაკვირი, კარგა ხანს მოედანს ჩამოშორებული ვიყავი.

– დღევანდელ მეტოქეზე რას იტყვით? უკრაინელები ყოველთვის ათლეტურობით გამოირჩევიან…

– კარგი გუნდი იყო, ფიზიკურად კარგად მომზადებული. უკრაინელებმა შეკრება დღეს უკვე დაასრულეს, რადგანაც ჩემპიონატი რამდენიმე დღეში ეწყებათ, ჩვენ კი შუა მოსამზადებელ ეტაპზე ვართ. მარიუპოლელები მაღალ სისწრაფეებზე და ძალისმიერ ფეხბურთს თამაშობდნენ. მთლიანობაში თანაბარი თამაში გამოვიდა.

– რას უნდა ველოდოთ წლეულს “საბურთალოსგან”?

– “საბურთალომ” ძალიან ძლიერი კლუბი ჩამოაყალიბა. დავიმატეთ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი. ისეთები, რომლებსაც ჩვენს პირველობაზე და არამარტო ჩვენს ჩემპიონატში, გარკვეულ წარმატებებისთვის მიუღწევიათ. მათი გამოცდილება, ვფიქრობ წაგვადგება. წლეულს ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – ჩემპიონობა! ამისთვის მზად ვართ. “საბურთალო” ამ მიზნისთვის წლებია იბრძვის.

– და ბოლოს – რას ეტყვით თქვენს გულშემატკივრებს?

– დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ჩემს ჯანმრთელობის მდგომარეობას კითხულობდნენ, მათ გვერდში დგომას ნამდვილად ვგრძნობდი. ვეცდები ისინი კარგი თამაშითა და გატანილი ბურთებით გავახარო. მადლობა ჩემს საყვარელ “საბურთალოს”, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ფეხბურთი ისევ მეთამაშა. მადლობა კლუბის ყველა ხელმძღვანელს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და ექიმებს. ამ სიკეთეს, არასდროს დავივიწყებ.