ირაკლი სიხარულიძე კარიერას ჩეხეთში გააგრძელებს

ირაკლი სიხარულიძემ თბილისის ლოკომოტივი დატოვა. 27 წლის თავდამსხმელი კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. სიხარულიძემ სლოვაცკოსთან 2 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

ეროვნული ლიგის, 2017 წლის გათამაშებაში ირაკლიმ, ლოკომოტივის მაისურით, 33 მატჩი ჩაატარა და 25 გოლი გაიტანა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, 2017 წლის, ეროვნული ლიგის საუკეთესო ფეხბურთელის, ბომბარდირისა და თავდამსხმელის პრიზი ირაკლი სიხარულიძემ მიიღო.

Fcloco.Ge

“საბურთალო”: თბილისლებმა ამხანაგურ შეხვედრაში “სეპსისთან” ფრე ითამაშეს

გატანილი გოლების გარეშე დასრულდა ამხანაგური მატჩი “საბურთალოსა” და რუმინულ “სეპსი”-ს შორის, რომელიც ქალაქ სიდეში შედგა.

მთლიანობაში მატჩი თბილისელთა უპირატესობით წარიმართა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხეს. პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა, მეორე ტაიმში კი გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს რამდენჯერმე ჰქონდათ ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა – ჯერ ბექა გვარაძის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მეტოქის კარს. მატჩის 69-ე წუთზე გიორგი ჯინჯოლავამ ბოლომდე იბრძოლა, მეტოქეს ბურთი დააკარგვინა, პირისპირ კი დიმიტრი ტატანაშვილი გავიდა. ამ უკანასკნელმა მეკარე მოატყუა და კარშიც დაარტყა, მაგრამ მცველებმა ბურთი ცარიელ კარიდან გამოიტანეს. ბოლოს კი ნოდარ იაშვილის მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი, ძელს მოხვდა.

სასიამოვნოა, რომ რამდენიმეხნიანი პაუზის შემდეგ, მინდორს დაუბრუნდა გიორგი ხარაიშვილი, რომელმაც ბოლო 19 წუთი ითამაშა.

თბილისელები პირველ შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 29 იანვარს ბულგარეთს უმაღლესი ლიგის ბინადარ პლოვდივის “ბოტევთან” გამართავენ.

საბურთალო:

პირველი ტაიმი.
ქურდაძე, მალი, ცნობილაძე, მარგველაშვილი, ჩაბრაძე, თარხნიშვილი, ელვინ ტერა, ვაგნერი, გვარაძე, ალთუნაშვილი, ვოლკოვი.

მეორე ტაიმი:

სომხიშვილი, იაშვილი, გრიგალაშვილი, ცნობილაძე (ჯინჯოლავა 61), ლაკვეხელიანი, თარხნიშვილი (ხარაიშვილი 71), მამუჩაშვილი, გორგიაშვილი, ტატანაშვილი, ვაგნერი (გვარაძე 61), ვოლკოვი (მალი 61).

“საბურთალოს” ოფიციალური გვერდი

თბილისის “საბურთალო” რუმინულ “სეპსის” დაუპირისპირდება

დედაქალაქური “საბურთალო” თურქეთში მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს.

25 იანვარს თბილისელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ – ჩვენი კლუბის მეტოქე რუმინეთის უმაღლესი ლიგის “სეპსი” იქნება. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

გუშინ “საბურთალომ” ორი ვარჯიში გამართა – დილასა და საღამოს. დღეს, თბილისის დროით 11:00 საათზე დაახლოებით ერთ საათიანი საწვრთნელი პროცესი შედგება, საღამოს კი როგორც მოგახსენეთ, მორიგი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, რომ პირველი საკონტროლო შეხვედრა რუმინეთის “კონკორდიასთან” შედგა და “საბურთალოს” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

გიორგი ივანიშვილი ეროვნული ლიგის რეფორმისა და შვეიცარიაში გატარებული წლების შესახებ საუბრობს

თბილისის დინამოს ერთ-ერთი პირველი ახალწვეული გიორგი ივანიშვილია – 28 წლის თავდამსხმელი, რომელიც ფეხბურთელად შვეიცარიაში ჩამოყალიბდა, საქართველოში კი რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა და დინამომდე ცხინვალისა და საჩხერის ჩიხურას ღირსებას იცავდა. პირველი ქართული ტიტული ივანიშვილმა სწორედ საჩხერული კლუბის შემადგენლობაში მოიგო – გასულ სეზონში საქართველოს თასს დაეუფლა.

ციურიხის და შაფჰაუზენის ყოფილ ფორვარდს იმედი აქვს, რომ ეს მისი დიდი მიღწევების მხოლოდ დასაწყისია და წარმატებებს ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბშიც მიაღწევს “შეიძლება, დღეს დინამოს საუკეთესო დროება არ უდგას, მაგრამ იქ მოხვედრა დღესაც რჩება ძალიან ბევრი ქართველი ფეხბურთელის ოცნებად. ასე რომ, ბედნიერი ვარ, ეს პატივი რომ მხვდა წილად. ვისარგებლებ შემთხვევით და დიდ მადლობას გადავუხდი საჩხერის ჩიხურასა და მის გულშემატკივრებს, თუმცა ჩემს კარიერაში ახალი გამოწვევების დროა და მაქსიმალურად ვეცდები, დინამოსთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე”- გვითხრა გიორგიმ.

რა არის მისი უმთავრესი მიზანი 2018 წელს? “საქართველოს თასი უკვე მოვიგე, ახლა კი დროა, ჩემპიონობისთვის ვიბრძოლო. დინამო რომ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი იქნება, ამაზე საუბარიც ზედმეტია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, გუნდმა თავისი სიტყვა თქვას ევროასპარეზზე. ზაფხულამდე გვექნება იმის დრო, რომ ევროპა ლიგას სათანადო ფორმაში შევხვდეთ და იქ რაც შეიძლება მეტი ეტაპი გადავლახოთ.”

ივანიშვილი შვეიცარიის მოქალაქეა და შესაბამისად, ფორმალურად, დინამოს ლეგიონერია. საინტერესოა, რა შესძინა მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანაში გატარებულმა წლებმა.

“შვეიცარია, რა თქმა უნდა, სამაგალითო ქვეყანაა და ფეხბურთშიც საკმაოდ წარმატებულია. თუმცა იყო დრო, როცა იქაურ ნაკრებსა და კლუბებს ცუდი შედეგები ჰქონდათ. 1998 წელს ფეხბურთის განვითარების ახალი პროგრამა შეიმუშავეს და შედეგებმაც არ დააყოვნა. კი, შვეიცარიას ფინანსებში არ უჭირს, მაგრამ პროგრესისთვის მხოლოდ ეს არ კმარა.

როგორც ფეხბურთელსა და პიროვნებას, იქაურმა საფეხბურთო სისტემამ ბევრი რამ შემძინა – ვიცი, რაც არის სწორი საფეხბურთო აზროვნება, აღარაფერს ვამბობ პროფესიონალიზმსა და საქმისადმი დამოკიდებულებაზე, რომელიც შვეიცარიის თითოეულ მოქალაქეს უბრალოდ, შესისხლხორცებული აქვს. ყოველივე ამის შემდეგ ქართულ რეალობაზე გადმოწყობა ცოტა გამიჭირდა, მაგრამ აქ დაბრუნება ცალსახად სწორი გადაწყვეტილება იყო. ქართველი ვარ და მინდა, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ჩემი ქვეყნის წინსვლაში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩემი კარიერა რიგიანად წარიმართა, აქ ჩამოსვლის შემდეგ დავოჯახდი, ასე რომ, შვეიცარია მოიცდის.”

შვეიცარიამ კი გიორგის მართლაც ბევრი შესძინა – თავისუფლად ფლობს ინგლისურ, გერმანულ და იტალიურ ენებს, მერე დანიაში მიიღო უმაღლესი განათლება სპორტული მენეჯმენტის განხრით. ასე რომ, ბუცებს ლურსმანზე რომ ჩამოჰკიდებს, წარმატებული კარიერა, ფაქტობრივად, მერეც გარანტირებული აქვს.

2015 წელს, თბილისში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი რომ ჩატარდა, პროექტის ორგანიზებაში აქტიურად იყო ჩართული, თუმცა დღეს მთლიანად ფეხბურთზეა კონცენტრირებული და თავისი განათლებასა და ენების ცოდნას აქტიურად მომავალში გამოიყენებს. დინამომ მხოლოდ კვალიფიციური თავდამსხმელი არ შეიძინა – ასეთი ინტელექტუალური რესურსის მქონე ფეხბურთელის ყოლა ნებისმიერი გუნდისთვის დიდი აქტივია.

ქართული ფეხბურთის მომავალს გიორგი ოპტიმისტურად უყურებს: “მთელი გულით მინდა, რომ 2018 წელი ჩვენი ფეხბურთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს. მჯერა, რომ ეროვნული ლიგის რეფორმა იმუშავებს და უკეთესი შედეგი გვექნება. შარშანდელი ჩემპიონატი მაღალი კონკურენციის ფონზე ჩატარდა და დინამო-ტორპედოს საჩემპიონო მატჩით დაგვირგვინდა. ასეთი დრამატული მატჩები აუცილებლად მიგვიყვანს ხარისხის ამაღლებამდე, კონკურენცია აუცილებლად უნდა გადაიზარდოს ხარისხში.“

გიორგი ივანიშვილს დინამოში გადასვლის შანსი 2012 წელსაც ჰქონდა, როცა გუნდს ალექს გარსია ხელმძღვანელობდა, თუმცა მაშინ ახალგაზრდა შემტევმა სეზონი შვეიცარიის სუპერლიგაში, ბელინცონაში განაგრძო.

Eliga.Ge

“დინამომ” სპარინგ-მატჩი “დილასთან” გამართა

გუშინ ქართულმა გუნდებმა, თბილისის “დინამომ” და გორის “დილამ” ამხანაგური შეხვედრა გამართეს.

დაძაბული დაპირისპირება დიღმმის საწვრთნელ ბაზაზე გაიმართა. თბილისელთა მწვრთნელმა, კახი კაჭარავამ, ძირითადად, ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა და უმეტესად სინჯებზე მყოფი და აკადემიის ფეხბურთელები დატვირთა, სპარინგი “დილას” გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

გეტყვით, რომ სინჯებზე მყოფი ფეხბურთელებიდან “დინამოელები” შეკრებაზე უკრაინელ ნახევარმცველს – დმიტრო ივანისენიას იახლებენ, რომელსაც თურქეთში დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებასაც შემდეგ მიიღებენ. 24 წლის ნახევარმცველი დონეცკის შახტარის აღზრდილია, იგი ასევე “ილიჩივეცსა” და “მარიუპოლში” გამოდიოდა.

“დინამო” შეკრებაზე თურქეთში მიემგზავრება

“დინამო თბილისი” ზამთრის შეკრების გასავლელად 22 იანვარს თურქეთში გაემგზავრება. 2018 წლის სეზონისთვის მზადების პირველ ეტაპს დედაქალაქელები სიდეში გაივლიან.

გეტყვით, რომ შეკრებაზე თბილისელები 4 ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. 26 იანვარს ისინი ლუგანსკის “ზორიას” შეხვდებიან, 29 იანვარს სპარინგს ნოვი სონჩის “სანდეციასთან” გამართავენ, 2 თებერვალს “დინამო” პოლტავის “ვორსკლას” შეხვდება, 6 თებერვალს კი ტულის “არსენალს.” კახი კაჭარავას გუნდი თბილისში 7 თებერვალს დაბრუნდება, რამდენიმე დღეში კი მეორე შეკრებაზე გაემგზავრება.

შეგახსენებთ, რომ “დინამომ” წინა სეზონში ეროვნულ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა.

“საბურთალო” შეკრებაზე მიემგზავრება

დედაქალაქური “საბურთალო”, რომელიც აგრძელებს მზადებას ახალი სეზონისთვის, დღეს თურქეთის ქალაქ სიდეში გაემგზავრება, სადაც ორი კვირის განმავლობაში დარჩება. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები, როგორც გასულ წელს, წლეულსაც სასტუმრო “სენსი”-ში დაბინავდებიან.

თბილისელები პარალელურად ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ. 20 და 25 იანვარს რუმინეთის უმაღლესლიგელ კლუბებს – “კონკორდიასა” და “სეპსის” დაუპირისპირდებიან, ხოლო პირველ შეკრებას 29 რიცხვში ბულგარეთის უმაღლესლიგელ “ბოტევთან” თამაშით დაასრულებენ.
კლუბთან ერთად შეუდგება ვარჯიშს გურამ გოშთელიანი, რომელმაც ტრავმის გამო დიდი დრო გამოტოვა.

“საბურთალო” შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით მიემგზავრება:
ლაზარე კუპატაძე, ბექა ქურდაძე, გიორგი სომხიშვილი, ნიკოლოზ მალი, ნოდარ იაშვილი, გრიგოლ ჩაბრაძე, დაჩი ცნობილაძე, გაგი მარგველაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა, ლუკა ლაკვეხელიანი, ცოტნე ნადარაია, თორნიკე თარხნიშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ელვინ ტერა, ბექა გვარაძე, თორნიკე გორგიაშვილი, გონსალეს ვაგნერი, გიორგი დიასამიძე, გიორგი ხარაიშვილი, დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი კოხრეიძე, დავით ვოლკოვი, გურამ გოშთელიანი.

“საბურთალოს: ოფიციალური გვერდი

თბილისის “დინამო” შეიკრიბა

დღეს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე კახი კაჭარავამ მიმდინარე წლის პირველი ვარჯიში ჩაატარა. დინამო ტრავმირებული გიორგი თევზაძის და გიორგი ზარიას გამოკლებით თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბა. ვარჯიშში ახალწვეულთა გარდა, 19 წლამდელთა გუნდის ფეხბურთელებიც იღებდნენ მონაწილეობას.

კლუბში ასევე სინჯებზეა 4 ფეხბურთელი: 25 წლის ფორვარდი, უკრაინის მოქალაქე ევგენი ბოხაშვილი, რომელიც დნიპროს აღზრდილია. მას დნიპროს გარდა სხვადასხვა დროს კრივბასის, კარპატის, ვოლინის, ნაფტოვიკის და რუხის რიგებში უთამაშია; ბელარუსის მოქალაქე, 18 წლის ნახევარმცველი ნიკა ბასარია; იგი დინამო მინსკის და ესპანური კორნელიას ღირსებას იცავდა; 23 წლის ნახევარმცველი ლაშა მანაგაძე, რომელიც ბოლნისის სიონში გამოდიოდა და 22 წლის შემტევი ნახევარმცველი გურამ ლუკავა. ლუკავა ფოთის კოლხეთში და პოლონურ ლეგიონოვიაში თამაშობდა.

სამწვრთნელო შტაბი დააკვირდება ფეხბურთელებს და ამის შემდეგ გადაწყდება შეკრებაზე წამსვლელთა ვინაობაც. დინამოელები მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ზამთრის თასზე მიიღებენ მონაწილეობას, 22 იანვრიდან კი თურქეთში გაივლიან შეკრებას.

Fcdinamo.Ge

ოფიციალურად: გიორგი გოროზიამ “ლოკომოტივი” დატოვა

გიორგი გოროზიამ თბილისის “ლოკომოტივი” დატოვა. 22 წლის ნახევარმცველი, გუნდიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავიდა.

გოროზია “ლოკომოტივში” 2017 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ჩაირიცხა, მანამდე კი აზერბაიჯანულ “ზირასა” და ნორვეგიულ “სტაბეკში” თამაშობდა.

ეროვნული ლიგის, 2017 წლის გათამაშებაში, მან “ლოკოს” მაისური 16-ჯერ მოირგო და ორი გოლი გაიტანა.

Fcloco.Ge

ოფიციალურად: ბუდუ ზივზივაძე “დინამოში” ითამაშებს

ბუდუ ზივზივაძე დინამოში დაბრუნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

23 წლის ფორვარდი დანიური ესბიერგის კუთვნილებაა და თბილისურ გუნდში ერთწლიანი იჯარით იასპარეზებს. ბუდუმ გასული 2017 წელი სწორედ სკანდინავიურ გუნდში გაატარა, დანიაში წასვლამდე კი საქართველოს ჩემპიონი, ეროვნული პირველობის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა.

ბუდუ ესბიერგში ჩარიცხვამდე სამტრედიასა და ტორპედოში გამოდიოდა. 2011-2014 წლებში კი დინამოში თამაშობდა.

Fcdinamo.Ge

დავით ჯიქია “ლოკომოტივში” დაბრუნდა

თბილისის ლოკომოტივს კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. კლუბმა კონტრაქტი 22 წლის ნახევარმცველ, დავით ჯიქიასთან გააფორმა. ჯიქია ლოკოში 2019 წლის ბოლომდე ითამაშებს, მხარეების სურვილის შემთხვევაში, კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაგრძელდება.

მან, პროფესიონალური კარიერა 2011 წელს, სწორედ ლოკომოტივში დაიწყო. ეროვნულ ლიგა 2-ში, ლოკოს მაისურით ჩატარებულ 51 მატჩში, 34 გოლი გაიტანა.
2014 წელს ჯიქიამ კარიერა ქუთაისის ტორპედოში გააგრძელა, საიდანაც კვლავ ლოკომოტივში დაბრუნდა. 2015 წელს იგი დინამო თბილისში გადავიდა, ნახევარი სეზონის შემდეგ კი საბურთალოს ფეხბურთელი გახდა, სადაც 18 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

2015 წლიდან, დავითი სამტრედიას შემადგენლობაში თამაშობდა. 2016 წელს, იგი ქვეყნის ჩემპიონი და სუპერ თასის მფლობელი გახდა. სამტრედიის მაისურით, ჯიქიამ ეროვნულ ლიგაში, 63 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა.

უბილავა: “ზამთრის თასზე მაყურებელს კარგი სანახაობა ელოდება”

მიმდინარე წლის 12, 13 და 14 იანვარს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, ზამთრის თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირის მიზანი, რომელიც დავით პეტრიაშვილის სახელს ატარებს, ჩემპიონატებს შორის შესვენების გამრავალფეროვნება და ფეხბურთის პოპულარიზაციაა.

ეროვნული ლიგის ვებგვერდთან, ზამთრის თასის შესახებ, თბილისის ლოკომოტივის კაპიტანმა, დავით უბილავამ ისაუბრა.

“მსგავსი ტურნირები ყოველთვის დაძაბულობით და სანახაობით გამოირჩევა. კარგია, რომ ზამთრის თასზე ბევრი გუნდი და ფეხბურთელი მონაწილეობს. მინი ფეხბურთი უფრო დინამიური და სწრაფია, შესაბამისად მაყურებლს კარგი სანახაობა ელოდება. გარდა ამისა, მსგავსი ტურნირები ფეხბურთელებისთვისაც დამატებითი მოტივაციაა. თანაც, სეზონის საწყის ეტაპზე ვარჯიშების დროს აქცენტი ძირითადად ფიზიკურ მომზადებაზე კეთდება, აქ კი მუდმივად ბურთთან მოგვიწევს ყოფნა და ვფიქრობ, ეს თამაშები მომზადების პირველ ეტაპზე აუცილებლად წაგვადგება”. – ამბობს უბილავა.

ზამთრის თასზე, ლოკომოტივი დ ჯგუფში, საბურთალოსთან, მარტვილის მერანთან და ცხინვალთან ერთად იასპარეზებს.

Fcloco.Ge