დღეს ეროვნული ლიგის მეექვსე ტურის მატჩები გაიმართა. ერთ-ერთ შეხვედრაში, “ჩელე არენაზე” ბათუმის “დინამო” თბილისის “დინამოს” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. დედაქლააქელთა მხრიდან გამარჯვების გოლის გატანა 90-ე წუთზე ბექა მიქელთაძემ მოახერხა.
Fanebi.Com-ი ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
– შეაფასე შეხვედრა…
– არ შემიძლია, არ აღვნიშნო მინდვრის საფარი. ეს საშინელება იყო. ასეთ პირობებში თამაში, უბრალოდ, არ შეიძლება. მაგრამ, დღეს აუცილებლად უნდა მოგვეგო. ვერაფერმა შეგვაჩერა და ასეც მოხდა. სანამ ჩემპიონატი დაიწყებოდა, ბევრს ეგონა, რომ ასეთ შედეგებს ვერ მივაღწევდით, თუმცა ორი წაგების შემდეგ ყველაფერი გავაანალიზეთ და ერთიანობით აქამდე მოვედით. ზედიზედ სამი თამაშის მოგება, მით უმეტეს, ასეთ გუნდებთან ადვილი ნამდვილად არაა.
– ორი წაგებული მატჩი ახსენე. იმ თამაშების შემდეგ, სამ ისეთ კლუბს მოუგეთ, რომლებმაც წინა ჩემპიონატი შესანიშნავად ჩაატარეს და ევროტურნირების შესარჩევ ეტაპებზეც გავიდნენ. რამ განაპირობა ეს? რა შეცვალეთ თამაშში?
– გადაავლეთ თვალი ფეხბურთელებს, ისინი ძალიან ახალგაზრდები არიან. ჩვენი საშუალო ასაკი, მგონი, 21 წელია. ზოგი პირველად თამაშობს უმაღლეს ლიგაში. გაიხსენეთ, 17 წლის ჩაკვეტაძე, 18 წლის ლოჩოშვილი. სხვა 16-17 წლის სპორტსმენები არ გამოგრჩეთ, კუცია, ნინია. სწორედ გამოუცდელობამ განაპირობა იმ ორ მატჩში წაგება. თუმცა, შემდეგ ყველა ერთად დავსხედით, მთავარი შეცდომები გავაანალიზეთ, მათ აღმოფხვრაზე გავაკეთეთ აქცენტი. ცოტა გამოცდილებაც მოვიდა. შედეგიც არის! ამაზე გაჩერებას არ ვაპირებთ.
– მიზანი? ჩემპიონობა?
– რა თქმა უნდა! თბილისის “დინამოს” მიზანი, აბა, რა იქნება.
– კაჭარავამ გუნდში ჯარიმები შემოიღო. რას ფიქრობ ამაზე?
– ეს ჯარიმა არავის დაკისრებია. ამ საკითხზე მეტის თქმა არ მსურს.
– პირად კარიერაზე გკითხავ: ჯერ უცხოეთიდან გქონდა რაიმე შემოთავაზება?
– სერიოზული არაფერი. ჯერჯერობით, “დინამოს” ფეხბურთელი ვარ და აქაც ბევრი რამე მაქვს დასამტკიცებელი.