“პარი სენ-ჟერმენის” მცველმა დავიდ ლუისმა “ბასტიას” თავდამსხმელ ბრანდაოსა და პარიზული გუნდის ნახევარმცველ ტიაგო მოტას შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდეგ ბრანდაომ მოტას სახეში თავი ჩაარტყა და შემდეგ თავს გაქცევით უშველა. დარტყმის შემდეგ იტალიელ ფეხბურთელს ცხვირი გაუტყდა.
“ჩვენ სერიოზული მისია გვაკისრია: ჩვენ, ფეხბურთელებმა კარგი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა. ვფიქრობ, ბევრი ბავშვი გვბაძავს, სურთ, რომ ჩვენნაირები იყონ და ჩვენს თითოეულ ქმედებას ყურადღებით აკვირდებიან.
ბრანდაოს მოქმედება ფეხბურთს სცდება. ხანდახან მოედანზე უფრო დაუცველი ხარ რაღაცებისგან, თუმცა ეს ფეხბურთის ნაწილია და ნორმალურია. ცუდია, როდესაც მოედნის გარეთ ვინმეს ელოდები. ეს სრულიად მიუღებელია”, – ციტირებს დავიდ ლუისის სიტყვებს Goal.com-ი.