ანრიმ “მონაკოში” პირველი ვარჯიში ჩაატარა (ვიდეო)

“მონაკოს” ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ტიერი ანრიმ გუნდში პირველი ვარჯიში ჩაატარა. საწვრთნელ პროცესში იმ ფეხბურთელებმა მიიღეს მონაწილეობა, რომლებიც სანაკრებო პაუზის დროს ეროვნულ გუნდებში გამოძახებულნი არ არიან.

როგორც მოგეხსენებათ, ტიერი ანრის დამოუკიდებელ სამწვრთნელო კარიერაში “მონაკო” პირველი გუნდია. მანამდე 41 წლის სპეციალისტი ბელგიის ნაკრების თავკაც რობერტო მარტინესს ეხმარებოდა.

საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშების ცხრა ტურის შემდეგ “მონაკოს” ექვსი ქულით მე-18 პოზიცია უკავია.

ტიერი ანრი: “ამ კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მოგებისათვის უნდა იბრძოლოს”

ლონდონის “არსენალისა” და საფრანგეთის ნაკრების ლეგენდამ, ტიერი ანრიმ პრესასთან “პარი სენ-ჟერმენზე” ისაუბრა, რომელმაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე რეკორდული ტრანსფერები განახორციელა.

“ნეიმარისა და მბაპეს ტრანსფერებმა “პარი სენ-ჟერმენის” დონე მნიშვნელოვნად აწია და ჩემპიონატზეც დადებითად იმოქმედა. ზაფხულის დასაწყისში რომ გეთქვათ ამ ტრანსფეერებზე, ვიფიქრებდი, რომ გაგიჟდით.

რა თქმა უნდა, ამიერიდან კლუბზე გაცილებით უფრო დიდი ზეწოლა იქნება, რადგანაც ისინი იმ გუნდების რიგში ჩაირიცხნენ, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის მოგება მოეთხოვებათ. სწორედ ეს უნდა იყოს მათი მთავარი მიზანი, “პსჟ”-მ ლიგისთვის უნდა იბრძოლოს,” – აცხადებს ანრი.

ტიერი ანრი: “კოუტინიო ლუის სუარესის გზას უნდა გაჰყვეს”

“ბარსელონასა” და “არსენალის” ყოფილი ფეხბურთელი, ტიერი ანრი ფილიპე კოუტინიოს მომავალზე საუბრისას აცხადებს, რომ უმჯობესი იქნება, თუ ბრაზილიელი ფეხბურთელი “ლივერპულს” დაუბრუნდება და კატალონიაში მომავალ წელს გადავა.

“რთულია კოუტინიოს მდგომარეობაზე საუბარი, რადგანაც მე მის ადგილას არასოდეს ვყოფილვარ. როდესაც წასვლა მომინდა, მაშინვე დავტოვე კლუბი.

მე მას “ბარსელონაში” გადასვლას ვურჩევ, ის ლუის სუარესის გზას უნდა გაჰყვეს. სუარესს წასვლა უნდოდა, თუმცა კლუბმა ის არ გაუშვა. ლუისი პროფესიონალურად მოიქცა და შესანიშნავი სეზონიც ჩაატარა. ვფიქრობ, ფილიც ასეთი ტიპის ადამიანია.

შესაძლოა, მას ძალიან უნდა წასვლა, მაგრამ ვალდებულია “ლივერპულში” დაბრუნდეს – ფანებს ის ძალიან უყვარს და მასაც ძალიან უყვარს თავისი კლუბი.

დაბრუნდი, ჩაატარე კარგი სეზონი და დაელოდე, რა მოხდება მომავალ წელს. სუარესის გზას გაჰყევი,” – აცხადებს ტიერი ანრი.

ანრი: “ნეტავ, ჟირუს გვერდით მეთამაშა”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, ტიერი ანრიმ “მეთოფეთა” ამჟამინდელ თავდამსხმელზე, ოლივიე ჟირუზე ისაუბრა. მან ფრანგი შეაქო და მის გვერდით თამაშის სურვილი გამოთქვა.

“სასიამოვნო იქნებოდა, რომ თავის დროზე ოლივიეს გვერდზე მეთამაშა. ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელსაც აქვს განსხვავებული სათამაშო სტილი. ჟირუს ის მნიშვნელოვანი თვისებები გააჩნია, რომლებსაც ბევრი ფორვარდი ინატრებდა.”

“ყოველთვის ვსამ ასეთ კითხვას: რა უნდა შეცვალოს “არსენალმა”, რომ პრემიერ ლიგის ჩემპიონი გახდეს? ამისთვის, ჩემი აზრით, კიდევ მეორე, მაღალი დონის ფორვარდია საჭირო.”

“ჟირუს არასდროს ვაკრიტიკებ. მას მუდამ ვაქებ, რადგან თავის საქმეს მშვენივრად აკეთებს. მაგრამ, უდავოა, რომ “მეთოფეებს” კიდევ ერთი შემტევი უნდათ, რათა სრულყოფილი შემადგენლობა ჰყავდეთ. შემადგენლობა, რომელიც ჩემპიონობის რეალური კანდიდატი იქნება. ასეთი კოლექტივის შესაკვრელად, ასევე, ძლიერი საყრდენიცაა საჭირო. ამგვარი ფეხბურთელის არსებობა მესუთ იოზილს დაეხმარება, რათა ბოლომდე გამოავლინოს მისი ტალანტი.”

“ამ პრობლემების მოგვარების შემთხვევაში, დიდი მიზნების მიღწევაზე საუბარი რეალურია,” – აცხადებს ანრი.

ტიერი ანრი: “უოლკოტს ამ დროისთვის არა ასი, არამედ 150 გოლი უნდა ჰქონდეს დაგროვებული”

ლონდონის “არსენალის” ლეგენდამ, ტიერი ანრიმ ტეო უოლკოტის მიერ საკლუბო კარიერაში გატანილი მეასე გოლი განსხვავებული კუთხიდან შეაფასა.

“ვფიქრობ, რომ ეს აქამდეც, ძალიან დიდი ხნით ადრე უნდა მომხდარიყო. ტეოს ამ პერიოდის მანძილზე არა ასი, არამედ 150, 160 ან 170 გოლი უნდა ჰქონდეს დაგროვებული.

ათ წელზე მეტია, რაც უოლკოტი ამ კლუბშია. საუბარი არ მაქვს ახალგაზრდაზე, რომელიც ახალგაზრდაზე, რომელიც ახლახან მოვიდა კლუბში. ამ შემთხვევაში, შექება დასაშვები იქნებოდა.

უოლკოტი რეგურალურად თამაშობს ძირითად შემადგენლობაში. ის მეტს იმსახურებს, რადგანაც წარმატებისთვის დაუღალავად შრომობს.”

ტიერი ანრიმ გერმანიისა და საფრანგეთის მატჩი შეაფასა

ახლახან დასრულდა ევრო 2016-ის ნახევარფინალური მატჩი გერმანიისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის. ამ მატჩში გამარჯვება და ფინალის საგზური საფრანგეთის ნაკრებმა მოიპოვა გრიზმანის დუბლის დახმარებით.

აღნიშნული მატჩი ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, ტიერი ანრიმ შეაფასა:” სიმართლე გითხრათ, ძალიან აღელვებული ვარ. ძალიან კარგია, როცა ხედავ, თუ რამხელა ერთობაა გუნდსა და ფანებს შორის.

ისინი მართლაც რომ ბრწყინვალენი იყვნენ. მთავარი კი ანტუან გრიზმანი იყო, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ მას ასეთი მატჩი უნდა ჩაეტარებინა. ჩვენ კვლავ გვყავს გმირი – ფორვარდი, რომელსაც შეუძლია ტურნირი მოგვაგებინოს.”

ევრო 2016-ის ფინალი, საფრანგეთისა და პორტუგალიის ნაკრებების მონაწილეობით 10 ივლისს გაიმართება.

ტიერი ანრი: “სიტი” რონალდუს გავლენის ქვეშ არ უნდა მოექცეს”

ტიერი ანრიმ “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელები გააფრთხილა, რომ რონალდუსთან ფრთხილი თამაში მართებთ. “არსენალისა” და არა მარტო “არსენალის” ლეგენდამ, ეს განცხადება ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩამდე გააკეთა.

“მანჩესტერ სიტიმ” ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა კრიშტიანო რონალდუს ნაბიჯიც არ გადაადგმევინონ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.

მაგრამ, თუ ის უეცრად გადაწყვეტს 40 იარდის (36.58 მ.) გარბენას, მაშინ მის წინააღმდეგ ვერავინ ვერაფერს გახდება. მცველებს მხოლოდ იმის თქმა შეეძლებათ, ‘ყოჩაღ, კარგი იყოო’.

რადგანაც სწორედ ეს არის ის, რის გამოც რონალდუ ასეთი ძლიერია – ამის გამო მოახერხა მან 7 სეზონში წარმოუდგენელი შედეგის დადება – 360 გოლის გატანა.

თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ “სიტი” რონალდუს გავლენის ქვეშ უნდა მოექცეს. მადრიდელებს გაცილებით ბევრი, მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავს თითოეულ პოზიციაზე.”

ტიერი ანრიმ “კლასიკოს” შემდეგ: “ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

როგორც იცით, 2 აპრილს, “კამპ ნოუზე” ესპანეთის პრიმერადივიზიონის ეგიდით ორი ყველაზე პრინციპული მეტოქე დაუპირისპირდა, რომელთაგან გამარჯვებული მადრიდის “რეალი” გამოვიდა.

ამასთან დაკავშირებით კომენტარი “ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, ტიერი ანრიმ გააკეთა: “წაგების მიუხედავად, არამგონია “ბარსამ” ტიტული ხელიდან გაუშვას.

თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მსგავსი რამ პრემიერ ლიგაში უკვე ვნახეთ. თუმცა ვფიქრობ, რომ “ბარსა” ამ ჰანდიკაპს ბოლომდე შეინარჩუნებს.

ჩემი აზრით “ბარსასთვის” მთავარი “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩია. ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რამაც შესაძლოა გუნდს პრობლემები ჩემპიონატშიც შეუქმნას. თუმცა ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.”

Sky Sports

ანრი: „ნაკრებში ფლანგზე თამაში არ მიყვარდა“

საფრანგეთის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა ტიერი ანრიმ გაიხსენა, რომ ეროვნულ გუნდში ფლანგზე თამაში არ უყვარდა.

„ნაკრებში გუნდის ინტერესების გამო პირადი სურვილები გვერდზე უნდა გადადო. უფრო ადვილად რომ ვთქვათ, სხვა პოზიციაზე თამაშიც საჭიროა. გუნდის გამო უცხო როლის მორგება მნიშვნელოვანია. ყველა, ვისაც თავისი ეროვნული გუნდის რიგებში თამაშის შანსი აქვს, ასე უნდა იქცეოდეს.

საფრანგეთის ნაკრებში ფლანგზე თამაში არ მიყვარდა, მაგრამ საერთაშორისო კარიერის დიდი ნაწილის ჩატარება ზუსტად იქ მომიწია. შესაძლოა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი ვიყავი, თუმცა მწვრთნელის აზრით, ჩემი ფლანგზე გადასვლა გუნდში ბალანს გამოიწვევდა“, – ციტირებს ანრის „The Sun“-ი.

ანრიმ “მანჩესტერ სიტისა” და “პარის სენ-ჟერმენის” წყივლზე ისაუბრა

როგორც იცით, ახლახან დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის კენჭისყრა. ინგლისურ “მანჩესტერ სიტის” ფრანგულ “პარის სენ-ჟერმენთან” მოუწევს ურთიერთობების გარკვევა.

ამ წყვილზე “არსენალის” ლეგენდამ, ტიერი ანრიმ გააკეთა კომენტარი :”განსხვავება ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე “მანჩესტერ სიტისა” და პრემიერ ლიგაში მოთამაშე გუნდს შორის საკმაოდ დიდია. განსაკუთრებული მატჩი გველის. “ქალაქელებს” აუცილებლად დასჭირდებათ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: დავიდ სილვა, სერხიო აგუერო და იაია ტურე.

რაც შეეხება “პარის სენ-ჟერმენს”, ეს გუნდი დიდ ძალას წარმოადგენს, რაც “ჩელსისთან” მატჩშიც გამოჩნდა. პარიზელებმა “ჩელსი” აშკარად დაჯაბნეს. “სტემფორდ ბრიჯზე” სიტუაციას სწორედ ისინი აკონტროლებდნენ.

“სიტი” დიდი ალბათობით ბურთის დაჭერა ვერ მოახერხებს, მანჩესტერელებმა სხვა მიდგომა უნდა სცადონ. “სიტის” ამ მატჩებში გუნდის შემადგენელი თითოეული ფეხბურთელი დასჭირდება.” – განაცხადა ანრიმ.

ტიერი ანრის ინტერვიუ კობი ბრაიანტთან

საფრანგეთს ნაკრებისა და „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ უკანახაზელთან კობი ბრაიანტთან ინტერვიუ ჩაწერა, რის შესახებაც NBA იუწყება.

„გოლდენ სტიეტ უორიორსის“ გამთამაშებლის სტეფ კარის ლიონელ მესისთან შედარებისას ანრიმ კობის ჰკითხა, თუ ვინ არის ფეხბურთის ბრაიანტი. „შავი მამბას“ თქმით, ფეხბურთის კობი ბრაიანტი სწორედ ტიერი ანრია.

„ეს ადამიანი ზუსტად ჩემ წინ ადგილას“, – განაცხადა ბრიანტმა. „პასუხი მიღებულია“, – გაიცინა ანრიმ.

“გვარდიოლას “არსენალში” უნდოდა გადასვლა, მისი ასისტენტი კი ანრი უნდა ყოფილიყო”

ლონდონის “არსენალის” არასახარბიელო ასპარეზობის გამო არსენ ვენგერი კრიტიკის საგანი გახდა. შინ, “სუონსისთან” დამარცხების (1-2) შემდგომ ტვიტერში მრავლად გამოჩნდა ახალი ჰეშთეგი: #WengerOut.

ბევრის აზრით არსენ ვენგერი კლუბს უახლოეს მომავალში დატოვებს. ამას გამოეხმაურა პირს მორგანი, რომლის თქმითაც “მეთოფეები” თავკაცობა პეპ გვარდიოლას სურდა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

პირს მორგანს სანდო წყარომ აცნობა, რომ პეპ გვარდიოლას “არსენალში” ტიერი ანრისთან ერთად სურდა მუშაობა, თუმცა აღნიშნული ტრანსფერი გარკვეული მიზეზების გამო ჩაიშალა.