ოფიციალურად: კროოსი „რეალის“ ფეხბურთელია

როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს მადრიდის „რეალმა“ ოფიციალურად დაადასტურა ტონი კროოსის ტრანსფერი.

გერმანელმა ნახევარმცველმა „სამეფო კლუბთან“ ექვსწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

„რეალში“ გადავედი, რითაც ჩემი ოცნება ახდა. კრიშტიანუ რონალდუ დიდებული ფეხბურთელია, თუმცა ამ კლუბში მხოლოდ ის არ თამაშობს“, – ციტირებს კროოსის სიტყვებს ესპანური გამოცემა „ასი“.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება. არაოფიციალური ინფორმაციით, მადრიდელებმა კროოსის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გაიღეს. ფეხბურთელი ჯამაგირის სახით წელიწადში 6 მილიონ ევროს მიიღებს.

„რეალი“ კროოსს თბილისის დროით 19:00 საათზე წარადგენს.

 

რეალი კროოსის პრეზენტაციისთვის მზად არის

ესპანური პრესის ცნობით მადრიდში ტონი კროოსის ხვალინდელი პრეზენტაციისთვის ყველაფერი მზად არის.

წყაროს ცნობით, კლუბის წარმომადგნელება უკვე დაამზადეს ფეხბურთელის მცირე ინტერვიუ და ვიდეორგოლები, რომლებიც სოციალურ ქსელებში გავრცელდება.

შეგახსენებთ, რომ თავად ფეხბურთელს ჯერ არ აუღიარებია მადრიდულ კლუბში გადაბარგება. ამავე დროს წამყავნი ესპანური გამოცემები ირწმუნებიან, რომ კროოსი უკვე “რეალის” ფეხბურთელია.

Bild: „რეალი“ კროოსს ხუთშაბათს წარადგენს

გერმანული გამოცემა „ბილდი“ იუწყება, რომ ხუთშაბათს, 17 ივლისს მადრიდის „რეალი“ ტონი კროოსს ოფიციალურად წარადგენს.

წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბი“ 24 წლის გერმანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იხდის. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მხარეებს შორის ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება, კროოსი წელიწადში ხელფასის სახით 12 მილიონ ევროს მიიღებს.

მიუხედავად ამისა, ფეხბურთელის აგენტი ფოლკერ შტრუგი ამბობს, რომ ჯერ არაფერია გადაწყვეტილი.

„კროოსის მომავალი ჯერ არ გადაწყვეტილა. მინდა, ამაში ყველა დაგარწმუნოთ. სამშაბათს ერთმანეთს შევხვდებით და სამომავლო გეგმებს დავსახავთ“, – აღნიშნა აგენტმა.

გასულ სეზონში კროოსმა მიუნხენის „ბაიერნის“ ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 49 მატჩი ჩაატარა და ოთხი გოლი გაიტანა.

ბრაზილიაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ტონი კროოსმა შვიდივე შეხვედრა ჩაატარა, მხოლოდ ერთხელ შეცვალეს – მეოთხედფინალურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩში. მუნდიალზე გერმანელმა ფეხბურთელმა ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

 

ბრაზილია — გერმანია (მატჩის გმირი)

მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ბრაზილიისა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ევროპელთა დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 7:1 დასრულდა.

შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად „ბუნდესნაკრების“ ნახევარმცველი ტონი კროოსი დაასახელეს, რომელმაც აღნიშნულ მატჩში დუბლი შეასრულა და ერთი საგოლე გადაცემაც გააკეთა.

მიუნხენის „ბაიერნში“ მოთამაშე ფეხბურთელმა შეხვედრა სრულად ჩაატარა, გააკეთა 69 გადაცემა და კარში დაარტყა 3-ჯერ.

 

კროოსი: “ყველაფერს ერთ კვირაში გაიგებთ”

“ბაიერნის” ნახევარმცველს ტონი კროოს მიუნხენურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი რჩება, თუმცა დიდი ალბათობით ფეხბურთელი კლუბს მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოიცვლის.

“გადაწყვეტილები უკვე მივიღე, თუმცა ჯერ ვერ გავახმოვანებ. ამ ეტაპზე ჩემი მთავარი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია და მის დასრულებამდე სხვა თემებზე საუბარი არ მსურს. ყველაფერს ერთ კვირაში გაიგებთ” – განაცხადა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ კროოსის გადაბირებას მადრიდის “რეალი” და ლონდონის “ჩელსი” ცდილობენ.

„რეალმა“ კროოსთან შეთანხმებას მიაღწია

ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტონი კროოსთან შეთანხმებას მიაღწია. 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში „სამეფო კლუბთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონის განმავლობაში კი ჯამაგირის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.

ტრანსფერის საბოლოოდ გასაჩარხად „ბაიერნის“ თანხმობაღა დარჩა. კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კროოსის სავარაუდო ტრანსფერი 25-30 მილიონ ევროდ ფასდება.

შეგახსენებთ, რომ გერმანელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება. კროოსმა ცოტა ხნის წინათ მიანიშნა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.

გერმანელი ფეხბურთელი „ბუნდესთიმთან“ ერთად ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.

 

“ბაიერნი” კროოსს არ გაუხანგრძლივებს

დიდი ალბათობით ტონი კროოსი “ბაიერნს” დატოვებს. გასული სეზონის შემდეგ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობა ფეხუბრთელისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ბაიერნის” პრეზიდენტი, კარლ ჰოფნერიც ადასტურებს.

“ჩვენ გვაქვს გარკვეული ფინანსური შეზღუდვები, რომელსაც ვერ გადავაჭარბებთ” – განაცხადა “ბაიერნის” პრეზიდენტმა.

უცხოური პრესის ცნობით ტონი კროოსი კარიერას “მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს.

„Sky Germany“-ს ჟურნალისტი: „კროოსი თავისუფალი აგენტი გახდება“

„Sky Germany“-ს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა იან ოგე ფიორტორფმა მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველის ტონი კროოსის სხვა კლუბში შესაძლო წასვლის შესახებ ისაუბრა.

„კროოსი „ბაიერნთან“ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და, დიდი ალბათობით, კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა.

ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ სიტუაცია არ შეიცვლება“, – დაწერა ფიორტორფმა თავისი ტვიტერის გვერდზე.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, კროოსის შეძენა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელებს სურთ.

ალექსანდრე მატევოსოვი

„მანჩესტერ იუნაიტედი“ კროოსში 40 მილიონს იხდის

ბრიტანული პრესის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედი“ მზად არის, მიუნხენის „ბაიერნს“ ნახევარმცველ ტონი კროოსის სანაცვლოდ 40 მილიონი ფუნტ სტერლინგი შესთავაზოს.

24 წლის გერმანელ ფეხბურთელს ბავარიულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც მას „ბაიერნის“ დატოვება თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, „რეკორდმაისტერს“ თანხას არავინ არ გადაუხდის.

„მანჩესტერ იუნაიტედში“ უკვე მყარად აქვთ გადაწყვეტილი კროოსის შეძენა. შესაძლო ტრანფერის გაჩარხვის ალბათობას გერმანელი ნახევარმცველის განცხადებაც ზრდის, რომელმაც მიმდინარე სეზონის ბოლოს „ბაიერნიდან“ აბარგება და ინგლისის პრემიერლიგის რომელიმე კლუბში გადასვლა არ გამორიცხა.

შეგახსენებთ, რომ დევიდ მოიესმა „ოლდ ტრაფორდზე“ მუშაობის პირველ სეზონში ორი ნახევარმცველი უკვე დაიმატა: ჯერ ყოფილი კლუბიდან მარუან ფელაინი გადმოიყვანა, შემდეგ კი ლონდონის „ჩელსიდან“ ხუან მატა დაიბევა.

ბექა დოგრაშვილი

კროოსი “ბაიერნიდან” წასვლას არ გამორიცხავს

“ბაიერნის” ნახევარმცველი ტონი კროოსი კარიერის სხვა კლუბში გაგრძელებას არ გამორიცხავს.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელის კოტნრაქტი 2015 წელს იწურება და მიუხედავად “ბაიერნის” მცდელობისა, ნახევარმცველი მის გახანგრძლივებას არ ჩქარობს.

“უკვე ყველამ იცის, რომ შესაძლოა ინგლისური პრემიერლიგის რომელიმე კლუბში აღმოვჩნდე. თუმცა, მე ჯერ არაფერი არ გადამიწყვეტია და ეს საკითხი ზაფხულამდე უნდა გადაწყდეს” – განაცხადა კროოსმა.

კვირის კარიკატურები – კროოსი, იგუაინი

მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილი ნახევარმცველი მეჰმედ შოლი ტონი კროოსს მოუწოდებს, რომ კლუბში დარჩენა-არდარჩენის საკითხზე ბავარიელებს პოკერს ნუ ეთამაშება. 24 წლის ფეხბურთელის მიმართ სერიოზულად დაინტერესდა „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი დევიდ მოიესი. კროოსს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი 2015 წლის ზაფხულში ეწურება.

„ტონის მხრიდან ჭკვიანური არ არის „ბაიერნთან“ პოკერის თამაში. სწორედ ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ახლა. კროოსის ამჟამინდელი ხელფასი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ დღეში ცხელი კერძი ორჯერ ჰქონდეს“, – აღნიშნა შოლმა.

ეს განცხადა ომარ მომანის შთაგონების წყაროდ იქცა და კარიკატურისტმა მორიგი ნახატი შექმნა: კროოსი პოკერის მაგიდას  „ბაიერნის“ ხელმძღვანელებთან ერთად უზის, თუმცა მას უკან  შოლი ექაჩება.

ომარ მომანის კიდევ ერთი კარიკატურა გონსალო იგუაინსა და დიეგო მარადონას ეძღვნება. სურათის შთაგონების წყარო იგუაინის განცხადებაა.

„მინდა გავაკეთო ის, რაც თავის დროზე მარადონამ გააკეთა. პირველ რიგში, მინდა, მოვიგო მსოფლიოს ჩემპიონატი და შემდეგ სკუდეტო. მარადონამ 1986 წელს მექსიკაში მუნდიალი მოიგო, ერთი წლის შემდეგ კი „ნაპოლი“ გადაიყვანა ჭკუიდან. მინდა, რომ „ნაპოლიში“ კიდევ დიდ ხნის განმავლობაში დავრჩე. აქ მეფესავით ვარ“, – განუცხადა გონსალო იგუაინმა „ლა გაძეტა დელო სპორტს“.

კარიკატურაზე აღბეჭდილია გონსალოს კორონაცია, მარადონა მას მეფის გვირგვინს ადგამს და არც არის წინააღმდეგი, რომ მისი მიღწევები გაიმეოროს. განზე დგანან „ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი რაფა ბენიტესი და პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი. მსხვილი ხედით კი გამოსახულია გახარებული მარეკ ჰამშიკი.

ბექა დოგრაშვილი
ჟურნალი Fanebi.com

იუვენტუსი კროოსით დაინტერესდა

ტურინის იუვენტუსის ინტერესთა გრძელ სიას მიუნხენის ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი შეემატა.

ტურინელებს ყველაფერს ისიც უადვილებს რომ კროოსს კონტრაქტი 2015 წელს ეწურება,მიუნხენელები კი კროოსისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას დიდად არ ჩქარობენ.