„ტორპედოს“ ესპანელი სპეციალისტი ეწვია

ქუთაისის „ტორპედოსთან“ ურთიერთობების დასამყარებლად დღეს, ქუთაისურ კლუბს ესპანელი სპეციალისტი ფერნანდო გასპარი ეწვია, რომელსაც წლების მანძილზე ესპანურ კლუბებში: „რეალში“, „მალაგაში“, „რასინგში“, „ვალიადოლიდში“ „რაიოსა“ და პორტუგალიურ „ბენფიკაში“ უმუშავია მთავარი მწვრთნელის ასისტენტად. ასევე, იყო ჩინეთის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც. ამჟამად კი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელ-ინსტრუქტორი გახლავთ. იგი ერთ-ერთ უძლიერეს ფიზმომზადების სპეციალისტად ითვლება ევროპაში.

სტუმარი უკვე დაესწრო „ტორპედოს“ დღევანდელ ვარჯიშს და ხვალ, კვლავ ადევნებს თვალს მისი თანამემამულე ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით გამართულ სამწვრთნელო პროცესს. გასპარი ზეგინდელ „ქართულ კლასიკოზე“ დასწრების შემდეგ გაემგზავრება საქართველოდან.

გთავაზობთ მის კომენტარს:

„მოხარული ვარ საქართველოში ჩამოსვლით, თქვენი ქვეყანა ძალიან ლამაზია. „ტორპედოს“ ვარჯიშს დავესწარი, რისთვისაც მადლობა კლუბის ხელმძღვანელობას, რომ ამის საშუალება მომეცა და ამაყი ვარ, რომ ამ გუნდს ესპანელი მწვრთნელები თავკაცობენ. ნიჭიერი ბიჭები გყავთ და ასეთი კურსით აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგებს. შაბათს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გაქვთ და როგორც ამ თამაშში, ასევე ზოგადად ყველა ტურნირზე წარმატებებს გისურვებთ. აქ მოპატიჟება იმდენად გამიხარდა, რომ ესპანურ „კლასიკოს“ ქართული ვამჯობინე და იმედია, ამ შეხვედრაში „ტორპედოსგან“ გაწბილებული არ დავრჩები“.

„ტორპედოს“ ოფიციალური ვებ-გვერდი

დინამო VS ტორპედო – ბილეთები ინტერნეტით

26 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ჩვენი გუნდი დინამო არენაზე საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის X ტურის შეხვედრას ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთების ელექტრონული ვერსიის შეძენა ინტერნეტის მეშვეობით – www.biletebi.ge-ზე შეგეძლებათ.

გაყიდვაშია ყველა ბილეთი გარდა I იარუსის, 4, 5, 6, 7, 8, 10 და მე-17 სექტორებისა.

ბილეთის ფასი: 2 ლარი.

12 წლამდე ბავშვების დასწრება უფასოა

სიახლე: გაყიდვაშია აგრეთვე VIP Lounge-ის ბილეთები ლიმიტირებული რაოდენობით, ფასი 50 ლარი. (მოიკითხეთ არენის სალაროში)

FCDinamo.GE

დინამო VS ტორპედო – ურთიერთშხვედრები

შაბათს 26 მაისს დინამო თბილისი საკუთარ არენაზე ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპიდება. ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება. შეხვედრა, რომელსაც საქართველოში “ქართულ კლასიკოს” უწოდებენ, ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ყოველი მატჩი უკომპრომისო ბრძოლით და თავდადებული თამაშით აღინიშნება, მომავალი მატჩი კი ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირებაში 56–ე იქნება.

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 55 მატჩიდან, 26-ჯერ გამარჯვება მტკვრისპირელებმა იზეიმეს, 14 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 15 დაპირისპირებიდან რიონისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. ბურთების შეფარდება 90:54 თბილისელთა სასარგებლოდ არის.

ამ შეხვედრებიდან აღსანიშნავია დინამოელთა საშინაო გამარჯვება ანგარიშით 5:1. ეს შედეგი ეროვნულ ასპარეზობაზე ორჯერ დაფიქსირდა. მეორე ჩემპიონატის მეოთხე ტურში 1991 წლის პირველ აპრილს და მეშვიდე ჩემპიონატის მესამე ტურში 1995 წლის 17 სექტემბერს. ოთხბურთიანი სხვაობით დინამოელებმა მეტოქე გასულ სეზონში დაამარცხეს, XXIV ეროვნული ჩემპიონატის მეოარე ეტაპის მერვე ტურის მატჩში დინამომ ქუთასის ტორპედოს 4:0 აჯობა. 2000 წლის 27 აგვისტოს კი თბილისელები დიდი ანგარიშით 0:3 მეთორმეტე ჩემპიონატის მეორე ტურში დამარცხდნენ. ამ თამაშებს შორის ყველაზე დიდი სხვაობა თბილისელებმა ქუთაისში დააფიქსირეს. მეთვრამეტე ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურში 2007 წლის 17 მარტს ეროვნული გათამაშების ფლაგმანმა ანგარიშით 5:0 გაიმარჯვა.

დინამო – ტორპედოს დაპირისპირება მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით არ შემოიფარგლბა. ეს გუნდები საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში 26-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და აქაც უპირატესობა დინამოელთა მხარესაა. ამ დაპირისპირებებიდან დინამომ ცამეტ თამაშში მიაღწია წარმატებას, 9 შეხვედრა დასრულდა ფრედ და 4-ჯერ ტორპედომ მოიგო. ბურთების შეფარდება 38:21. თბილისელებმა სამჯერ გაიმარჯვეს ანგარიშით 3:1, აქედან ერთხელ სტუმრად. შესაბამისად 1966 წლის 26 აპრილს, 1969 წლის 26 მაისსა და 1962 წლის 25 მაისს. მეტოქემ ანგარიშით 4:2 მიაღწია წარმატებას 1968 წლის 31 ივლისს. აღნიშვნის ღირსია უხვგოლიანი ფრე 3:3 რომელიც დაფიქსირდა ქუთაისში 1966 წლის 30 ნოემბერს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო შეხვედრა, რომელიც თბილისში 4 მაისს გაიმართა, ჩვენი გუნდის გამარჯვებით – 4:0 დასრულდა. ქუთაისელთა კარში ორი გოლი გაიტანა ჯაბა დვალმა, თითო ბურთი კი მიკელ ალვარომ და პეტერ გრაიციარმა გაიტანეს. ტორპედოსთან მოგებული მატჩის შემდეგ დინამომ 2012/2013 წლების სეზონის ჩემპიონის ტიტული გაინაღდა.

FCDinamo.GE

ვაჟა ტაბატაძის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

დღეს, ქალაქ სტამბულში ოპერაცია ჩაუტარდა ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელს ვაჟა ტაბატაძეს. როგორც ჩვენი კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი პაპიაშვილმა თურქეთიდან გვაცნობა ყველაფერმა გაგმისამებრ ჩაიარა და ექიმებიც დადებითად აფასებენ 3–საათიან ოპერაციას.
ს/კ „ტორპედო“ ქუთაისი მადლობას უხდის საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელსა და ამჟამად თურქული “კაშიმფაშას” მთავარ მწვრთნელს შოთა არველაძეს გაწეული დახმარებისთვის.

FCTorpedo.GE

“ტორპედოს” დუბლებმა “სიონი” დაამარცხეს

21 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედოს“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნუსაფარიან მოედანზე „ტორპედო-2“-მა ბოლნისის „სიონის“ რეზერვისტებს უმასპინძლა.

შეხვედრა, რომელსაც თვალყური „ტორპედოს“ ძირითადი გუნდის ესპანელმა თავკაცმა ჟერარდ სარაგოსა მულეტმაც ადევნა, ერთიანობაში მასპინძელთა სათამაშო უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა პირველი ტაიმის ერთადერთი გოლი ბოლნისელებმა მე-5 წუთზე თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით გაიტანეს – 0:1. გარდა ამისა, თავისი ოსტატობა გამოავლინა ტორპედოელმა მეკარე კუპატაძემაც, რომელმაც ორჯერ იხსნა მისი გუნდი გაშვებული გოლისგან. მეორე ტაიმში კი ქუთაისელებმა 2 უპასუხო გოლი აგემეს მეტოქეს: 56-ე წუთზე მისივე წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მამია გავაშელიშვილმა აქცია გოლად. 83-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი ოლეგ მამასახლისმა დაუსვა, რომელმაც კაკუშაძის გადაცემით დალაშქრა სტუმართა კარი და ლაშა ჭაღიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმაც 3 ქულა მიითვალა – 2:1.

„ტორპედო-2“: კუპატაძე, ჩიტეიშვილი(ზ. გელაშვილი 73), ჭანტურია(გოგიჩაიშვილი 30), მამასახლისი, კუსიანი, სულთანიშვილი, ყანჩაშვილი, ახვლედიანი(კაკუშაძე 46), მარკოზაშვილი(ალეფირენკო 73), მზევაშვილი(გუგუშვილი 46), გავაშელიშვილი.

FCTorpedo.GE

სიუჟეტი “ტორპედოს” საწვრთნელი ბაზიდან

ქუთაისის „ტორპედომ“ ბოლნისის „სიონის“ წინააღმდეგ საკუთარ სტადიონზე გასამართ დაპირისპირებამდე ბოლო ვარჯიში საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე გამართა. გთავაზობთ სიუჟეტს, რომელშიც ჩვენი გუნდის ფეხბურთელ თორნიკე კაპანაძისა და მთავარ მწვრთნელ ჟერარდ სარაგოსა მულეტის მატჩისწინა კომენტარებიც შედის.

FCTorpedo.GE

იტალიური „რომადან“ ქუთაისის „ტორპედომდე“

გუშინ, Goal.com-მა ევროპის მასშტაბით ყველაზე ძლიერი დაცვის მქონე გუნდების ათეული გამოაქვეყნა. აღნიშნულმა პორტალმა ჩატარებული მატჩებისა და გაშვებული გოლების რაოდენობა ერთმანეთს შეადარა და მიღებული კოეფიციენტით შესაბამისი რეიტინგი შეადგინა. სიაში ქუთაისის „ტორპედოც“ მოხვდა, რომელმაც 8 ჩატარებულ შეხვედრაში მხოლოდ 4 გოლი გაუშვა. ამ შედეგით ქართული კლუბი სიის მე-10 პოზიციას იკავებს.

გთავაზობთ სრულ სიას:

N. კლუბი გაშვებული
 მატჩი
 კოეფ.
1.   „რომა” 1 7 0.14
1-2.   „ოლიმპიაკოსი” 1
7 0.14
3.   „საუთჰემპტონი” 2 7 0.29
4-6.   „ბაიერნი” 3 8 0.38
4-6.   „ფოლა” 3
8 0.38
4-6.
  „ჩუკარიჩკი”
3 8 0.38
7.
  „პარტიზანი ტირანა”
3 6 0.43
8.
  „სტანდარდი”
4 10 0.40
9.
  „ლილი”
4 9 0.44
10.
  „ტორპედო ქუთაისი”
4 8 0.50

ალბერტო ბეროკალ კორეას ინტერვიუ Futmadrid.com-ზე

ესპანურმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა Futmadrid.com-მა ქუთაისის „ტორპედოს“ ფიზმომზადების სპეციალისტ ალბერტო ბეროკალ კორეას სამშობლოში ჩასვლით ისარგებლა და მასთან საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა. ვრცელ პუბლიკაციაში რესპონდენტი დღემდე მის განვლილ პროფესიულ კარიერას იხსენებს და ჩვენს გუნდთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემებზე საუბრობს.

გთავაზობთ მცირე ციტატას ინტერვიუდან:

„საქართველოდან კარგი შანსი მივიღე, რომ მემუშავა ამ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ საფეხბურთო კლუბში, ჩემს უახლოეს მეგობარ ჟერარდ სარაგოსასთან ერთად. ჩვენ გვყავს ძალიან ახალგაზრდული გუნდი, საიდანაც 19, 21-წლამდელებსა და ეროვნულ ნაკრებში არიან ფეხბურთელები მიწვეულნი. სხვათა შორის, შესაძლოა, სამშაბათს, ჩვენი გუნდის მცველმა გიორგი ხიდეშელმა ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, მისი ძალიან გვეიმედება და დაამტკიცებს, რომ უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლია.

ქართულ და ესპანურ ფეხბურთს შორის უდიდესი განსხვავებაა, როგორც თამაშის ხარისხით, ასევე ორგანიზაციული საკითხებით. ქვეყნის ნომერ პირველ საფეხბურთო დაპირისპირებად შერაცხულია ქუთაისის „ტორპედოსა“ და თბილისის „დინამოს“ შორის მატჩები, რომლებზეც გულშემატკივართა გაცილებით უფრო მაღალი დასწრებაა, ვიდრე სხვა შეხვედრებზე.

ქუთაისში ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს, გარდა იმისა, რომ აქ ყველგან თბილად გვხვდებიან, მახსენდება ერთი შემთხვევა, როცა ქუჩაში სეირნობისას ჩემი შვილი წაიქცა და უმალვე 5 ადამიანი გაჩნდა მის დასახმარებლად“.

FCTorpedo.GE

ქუთაისი “ტორპედოს” დანიიდან ესტუმრნენ

დღეს, ჩვენს გუნდს საკმაოდ საპატიო სტუმარი, დანიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი(66 მატჩი-3 გოლი) ბრაიან სტინ ნილსენი ეწვია. იგი საკლუბო დონეზე: თურქულ „ფენერბახჩეში“, დანიურ „ვეჟლესა“ და „ოდენსეში“, იაპონურ „ურავაში“ და შვედურ „მალმიუში“ ასპარეზობდა. ამჟამად კი დანიური „ორჰუსის“ სპორტული დირექტორი გახლავთ, შეგახსენებთ, რომ ამ გუნდში ქართველი ფეხბურთელები: დავით დევდარიანი, დავით სხირტლაძე და მათე ვაწაძე გამოდიან. ბრაიანი „ტორპედოს“ დღევანდელ ვარჯიშსაც დაესწრო, რის შემდეგ კომენტარიც გააკეთა:

„ძალიან მომეწონა თქვენი სამუშაო პროექტი, ვარჯიშს ვუყურე და ვიტყოდი, რომ „ტორპედო“ პერსპექტიული გუნდია, რომელიც დღითიდღე გაიზრდება და თანდათან უფრო მეტად გაძლიერდება. ასევე, შესანიშნავი მთავარი მწვრთნელი გყავთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გუნდისთვის. საქართველოს კვალობაზე კარგი პირობები გაქვთ და მომავალში დიდ წარმატებებს გისურვებთ“ – განაცხადა მან.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, დანიურ ჩემპიონატში მოღვაწე უკვე მეორე პიროვნების ვიზიტი შედგა „ტორპედოში“, ნილსენამდე ქუთაისურ გუნდს საფეხბურთო კლუბ „ვიბორგის“ სპორტული დირექტორი მორტენ იენსენიც სტუმრობდა.

FCTorpedo.GE

“მერანი-2” – “ტორპედო-2” 1:1

7 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მონაწილე გუნდების დუბლშემადგენლობათა ტურნირის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. გუნდების ურთიერთშეთანხმებით, მარტვილის „მერანი-2“-ის(მწვრთნელი – პაატა ლურსმანაშვილი) წინააღმდეგ ქუთაისის „ტორპედოს“ დუბლშემადგენლობამ(მწვრთნელი – ლაშა ჭაღიაშვილი) სტუმრის რანგში ჩვენი გუნდის სავარჯიშო ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ითამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ ტორპედოელთა თამაშში ხარვეზები შეინიშნებოდა, მატჩი მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და ანგარიშიც მათ გახსნეს, 23-ე წუთზე, გუგუშვილის პასით ხელსაყრელ პოზიციაზე მყოფმა მამია გავაშელიშვილმა პირადი ქუთაისური შედეგიანი სერია გააგრძელა(მე-10 გოლი) – 1:0. მეორე ტაიმში ქუთაისელთა დამწინაურებელი 3-ჯერ იყო მიზანთან ახლოს, მაგრამ მარტვილელთა შეცვლაზე შესულმა მეკარემ მოახერხა დარტყმული ბურთების „მონადირება“. კვლავ ამ უკანასკნელმა გადაარჩინა მისი გუნდი მაშინ, როცა ყანჩაშვილი დარჩა მასთან ერთ-ერთზე. კიდევ ერთი რეალური საგოლე მომენტი 75-ე წუთზე შეიქმნა, მამასახლისის მიერ ბურთის ვარდნაში დარტყმით ანგარიშის სხვაობა არ გაზრდილა. ამდენი გაცუდებული მომენტის შემდეგ, ალოგიკური იყო მერანელთა გოლი, რომელიც მათ მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გაიტანეს, მარჯვენა მხრიდან გადაცემის შემდეგ თამაში ფრედ ლაშა ჯღამაიამ დაასრულა – 1:1. უნდა ითქვას, რომ ამ გოლამდე ერთი წუთით ადრე მასპინძლები ფეხბურთელის შეცვლას ითხოვდნენ, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა რატომღაც ამის დროული რეაგირება არ მოახდინა, არა და იყო იმის ალბათობა, რომ მოვლენები ასე დრამატულად არ განვითარებულიყო… წინა შეხვედრის მსგავსად, რომელშიც „ვიტ ჯორჯია-2“-მა ქუთაისში ბოლო წუთზე გაათანაბრა(1:1), ჩვენმა სარეზერვო გუნდმა ამჯერადაც ძალზედ დასანანი ქულები დაკარგა.

„მერანი-2“: ბერია(ხარშილაძე 46), ი. ციცხვაია, ჯღამაია, ლ. ღონღაძე, მელიავა(ფაილოძე 46), ი. ქათამაძე, ქაჯაია(თაკვარელია 46), აშორტია(ბარბაქაძე 46), წულაია, კურტანიძე, კრისტელ ბანება(ბასილაია 70).

„ტორპედო-2“: ტყემალაძე, ზ.გელაშვილი, სულთანიშვილი, მამასახლისი, ჩიტეიშვილი, ყანჩაშვილი, გოგიჩაიშვილი, მარკოზაშვილი(კანდელაკი 90), ალეფირენკო(ქიქავა 70), გუგუშვილი, გავაშელიშვილი.

მსაჯი: ვახტანგ ბასილაია(ზუგდიდი)

“მერანი” – “ტორპედო” 0:3

6 ოქტომბერს საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-8 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის “მერანს” სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრა.

შეხვედრის დაწყებამდე გუნდები სპეციალურად დამზადებული თეთრი მაისურებით შემოსილები გავიდნენ მოედანზე, რითაც ერთის მხრივ, სოფელ დიცსა და დვანის მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადეს და მეორეს მხრივ, პროტესტიც გამოხატეს ბოლოდროინდელი მოვლენების გამო.

თამაში პირველივე წუთებიდანვე „ტორპედოს“ მიჰყავდა. ჩვენი გუნდი თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში ჯაბნიდა მეტოქეს და უკვე მე-8 წუთზე ანგარიშიც გაიხსნა, მარცხენა ფლანგიდან უბილავას ჩინებული ჩაწოდებით ოპონენტს საჰაერო ორთაბრძოლა თორნიკე კაპანაძემ მოუგო და მისი მორიგი შედეგიანი თავური დარტყმა განახორციელა – 0:1. დაწინაურება ქუთაისელებს ერთი წუთით ადრეც შეეძლოთ, მაგრამ ცინცაძის შესრულებული “სტანდარტით“ ბურთი ძელმა აისხლიტა. 24-ე წუთზე, ფანცულაიას მიეცა გატანის შანსი, მაგრამ მერანელმა მეკარემ არ გაუშვა გიორგის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი. საწყისი მუხტი მოსაგებად მოტივირებულ ტორპედოელებს არ „ჩაუქვრიათ“ და ორთაბრძოლებში თავგანწირული თამაშით მათ აპლოდისმენტებით ხშირად აჯილდოვდებოდნენ „ტორპედოს“ გულშემატკივრები, რომლებიც სამტრედიაში საკმაო რაოდენობით იყვნენ ჩასულნი. ანგარიში 28-ე წუთზე გაორმაგდა, გიგაურის მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ ყველას საჯარიმოში მყოფმა ზაზა ჭელიძემ დაასწრო და ბურთს საგოლედ დაუხვედრა თავი – 0:2. სტუმართა მტკიცე დაცვის დამსახურებით გუნდები ისე გავიდნენ შესვენებაზე, რომ „მერანს“ ერთი რეალური საგოლე მომენტიც კი არ შეუქმნია.

ორბურთიანი უპირატესობის მიუხედავად მეორე ტაიმის დაწყებისთანავე „ტორპედო“ მეტოქის მოედნის ნახევარზე „პრესინგის“ შესრულებას ცდილობდა, რასაც შედეგიც მოჰქონდა. 2-3-ჯერ მარტვილელებმაც დაარტყეს ბურთი ქვილითაიას კარში, თუმცა „ტორპედოს“ კაპიტანმა დროული რეაქციები გამოავლინა და დარტყმულები გააუვნებელყო. 59-ე წუთზე, მაღალი ტრაექტორიით მერანელთა საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კაპანაძემ თავით დაუგდო გიორგი კუხიანიძეს, რომელმაც 20 მეტრიდან გამოზომილი დარტყმით წერტილი დაუსვა მატჩს – 0:3. ჟერარდ სარაგოსას შეგირდებმა თამაშის სადავეები არც ამის შემდგომ გაუშვეს ხელიდან და მშვიდად მიიყვანეს მატჩი ლოგიკურ დასასრულამდე, რითაც „მერანთან“ სტუმრის რანგში ჩამოყალიბებული უსიამოვნო ტრადიცია დამაჯერებლად დაარღვიეს(3:0) და მიმდინარე ჩემპიონატში წაუგებელი სერიაც გააგრძელეს.

ქუთაისის “ტორპედო” მარტვილის “მერანთან” ნავსის გასატეხად

6 ოქტომბერს, ქუთაისის „ტორპედო“ მარტვილის „მერანს“ სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე(სადაც „მერანი“ საშინაო მატჩებს ატარებს) დაუპირისპირდება. თამაში 15:00 საათზე დაიწყება.

მარტვილელები მიმდინარე სეზონშიც ამართლებენ ე.წ. „სახლის გუნდის“ ტენდენციას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი თავიანთ ქალაქში ვერ თამაშობენ, მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა ამ ჩემპიონატში ყველა საშინაო მატჩის მოგება მოახერხეს: „სპარტაკთან“(2:1), „ზუგდიდთან“(2:0), „ჩიხურასთან“(3:2) და „სიონთან“(2:0), ხოლო საგარეო მატჩებში კი ქულის მოპოვებაც კი ვერ შეძლეს: „გურიასთან“(0:1), „ვიტ ჯორჯიასთან“(0:3) და ბოლოს, მძიმე ბრძოლაში თბილისის „დინამოსთან“(2:4). აღსანიშნავია, რომ ეროვნული თასის მერვედფინალში მოასპარეზე ჩვენმა უახლოესმა მეტოქემ, პირველი მატჩი გასვლაზე „გურიას“ მოუგო(2:1) და შემდეგი ეტაპის საგზურისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა.

რაც შეეხება ქუთაისურ-მარტვილურ „სტუმარ-მასპინძლობებს“, სულ გუნდებს შორის უმაღლეს ლიგაში 6 მატჩია გამართული, აქედან სამ-სამი შეხვედრა თითოეულმა მათგანმა საშინაო კედლებში დაასრულა გამარჯვებით – „მერანმა“ 1:0, 3:0 და 3:0 მოგვიგო, ქუთაისში კი 2:1(გოლები: რევაზ გოცირიძე, გრიგოლ დოლიძე), 2:0 (ნიკა საბანაძე, ვალერი ბოლქვაძე) და 4:0 (მერაბ გიგაური, ნიკა საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე) დავამარცხეთ მეტოქე.

FCTorpedo.GE