მანუჩარ მარკოიშვილის დიდებული თამაში მოსკოვის ცსკა-ს შემადგენლობაში. ქართველმა ლეგიონერმა საბერძნეთში, „ტრიკალას“ წინააღმდეგ ჩატარებულ სპარინგ-მატჩში 17 წუთში 17 ქულა მოაგროვა, თან ისე რომ 5-დან 5 სამქულიანი ჩააგდო.
მარკოიშვილისთვის ეს გახლდათ მეორე მატჩი ცსკა-ში. პირველ შეხვედრაში მან ბერძნულ „პატრასს“ 5 ქულა ჩაუგდო. მანუჩარი არც ამჯერად იყო მოსკოველთა სასტარტო ხუთეულში, თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია, მატჩის საუკეთესო შედეგი დაეფიქსირებინა.
მანუჩარმა 17:01 წუთი ითამაშა, რის განმავლობაშიც 17 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთიც ერთჯერ დაკარგა. ქართველმა სნაიპერმა 5-დან 5 სამქულიანი და 2-დან 1 ორიანი ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 20 ერთეული შეადგინა, რაც მატჩში საუკეთესო გახლდათ.
მას ამ მაჩვენებლით მცირედით (18) ჩამორჩა „ტრიკალას“ გამთამაშებელი ნეით ბოუი, რომელიც 2012-13 წლების სეზონში საქართველოს სუპერლიგაში „რუსთავის“ ღირსებას იცავდა. ცსკა-ში მარკოიშვილის კვალზე 13 ქულა სონი ვიმსმა დააგროვა, ზაზულინმა და ვორონცევიჩმა 11-11 ქულა მოიხვეჭეს, ხოლო აარონ ჯეკსონმა 7 ქულა და 11 პასი მიითვალა.
რაც შეეხება მატჩის შედეგს, მოსკოველებმა „ტრიკალა“ 103:65 გაანადგურეს.
ცსკა-ს დამრიგებელმა, დიმიტრის იტუდისმა ნამატჩევს მცირე კომენტარი გააკეთა: „ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენ ვაძლიერებთ დაცვას და ვიღებთ შემტევ გადაწყვეტილებებს. რასაკვირველია, ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს დასახვეწი. დღევანდელ მატჩში ვიქტორ ხრიაპას დასვენების საშუალება მივეცით, რამაც ახლგაზრდა მოთამაშეებისთვის მეტი სათმაშო დრო გამოათავისუფლა.
gbf.ge