თურქულ შეკრებაზე „საპოვნელას“ ორი მეტოქის ვინაობა ცნობილია

თერჯოლის „საპოვნელა“ უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის მზადებას თურქეთში გააგრძელებს. როგორც ცნობილია, კლუბი თურქეთში ორ თებერვალს ჩავა.

დღეს „საპოვნელას“ პრესსამსახურმა ხსენებულ შეკრებაზე ორი მეტოქის ვინაობა დაასახელა. 4 თებერვალს თერჯოლელთა მეტოქე სერბული „ნოვი პაზარი“ იქნება, 11 თებერვალს კი ზვიად ჯელაძის გუნდი ბულგარულ „ბეროეს“ შეხვდება.

„ცხინვალი“ მორიგ მოსამზადებელ მატჩს „გაგრასთან“ ჩაატარებს

საქართველოს უმაღლესი ლიგის კლუბი „ცხინვალი“ სეზონის მეორე ნახევრისთვის მზადებას ამხანაგური მატჩებით აგრძელებს. ხვალ კახა კაჭარავას გუნდი იანვარის მეოთხე მოსამზადებელ მატჩს ჩაატარებს. ამჯერად მისი მეტოქე პირველი ლიგის მონაწილე „გაგრა“ იქნება.

ცნობისთვის, „ცხინვალი“ ამჟამად უმაღლესი ლიგის მესამე ადგილზე იმყოფება, „გაგრა“ კი პირველ ლიგაში მეცხრე პოზიციას იკავებს.

„ცხინვალი“ „დილასთან“ მოსამზადებელ მატჩში დამარცხდა

დღეს, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე, „ცხინვალმა“ და გორის „დილამ“ საკონტროლო მატჩი ითამაშეს, რომელიც გორელთა გამარჯვებით 0:1 დასრულდა. ერთადერთი გოლი მეკარე ნადირაძის კარში შეხვედრის 26-ე წუთზე გიორგი ერისთავმა გამოიტანა, რომელმაც თავი ზუსტად შესრულებული პენალტით გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ უმაღლესი ლიგის მეორე წრეს, რომელიც სტარტს 19 თებერვალს აიღებს, გორის „დილა“ ფოთის „კოლხეთთან“ გასვლით მატჩით დაიწყებს, „ცხინვალი“ კი „საბურთალოს“ შეხვდება.

ამჟამად „დილა“ და „ცხინვალი“ სატურნირო ცხრილში ერთმანეთის მეზობლად იმყოფებიან – გორელები 35 ქულით მეორე ადგილზე იკავებენ და მესამე საფეხურზე მყოფ „ცხინვალს“ 3 ქულით უსწრებენ.

საქართველოს ჩემპიოანტის მეორე წრის დაწყების თარიღი ცნობილია

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიოანტის მეორე წრის დაწყების თარიღი ცნობილია. როგორც სფფ-ს ოფიციალური ვებსაიტი იუწყება, უმაღლესი ლიგა 19 თებერვალს განახლდება.

ჩემპიოანტი მეთქვსმეტე ტურით განახლდება, რომლის განრიგი ასეთია:

საბურთალო (თბილისი) – ცხინვალი (ცხინვალი)
ლოკომოტივი (თბილისი) – ჩიხურა (საჩხერე)
ზუგდიდი (ზუგდიდი) – დინამო (ბათუმი)
საპოვნელა (თერჯოლა) – დინამო (თბილისი)
შუქურა (ქობულეთი) – სამტრედია (სამტრედია)
მერანი (მარტვილი) – ტორპედო (ქუთაისი)
კოლხეთი (ფოთი) – დილა (გორი)
სიონი (ბოლნისი) – გურია (ლანჩხუთი)

 

სფფ-მ ჩემპიონატის მეორე წრის სრული კალენდარიც გამოაქვეყნა, რომელიც ასე გამოიყურება.

სკანდალი – „საპოვნელას“ არარსებული მატჩი დაანონსდა

დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის მონაწილე თერჯოლის „საპოვნელა“ ბულბარულ „მონტანასთან“ ამხანაგურ მატჩს ატარებს. აღნიშნული ინფორმაცია, თურმე, მცდარი აღმოჩნდა, რასთან დაკავშირებითაც კლუბმა თავისი „ფეისბუქის“ გვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„გვინდა დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაუროთ თითქოს საფეხბურთო კლუბი „საპოვნელა“ ამხანაგურ მატჩს ეთამაშება ბულგარულ „მონტანას“, რომელსაც ბულგარული კლუბის ოფიციალური საიტიც აანონსებს.

ინფორმაცია არაზუსტია და ზამთრის პაუზის შემდეგ „საპოვნელა“ პირველად ხვალ შეიკრიბება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ვარჯიშებს განაახლებს“.

„ცხინვალმა“ 17-წლამდელთა ნაკრებს მოუგო

დღეს „ცხინვალმა“ 2016 წლის პირველი მოსამზადებელი მატჩი გამართა. სპარინგ შეხვედრაში კახა კაჭარავას გუნდის მეტოქე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები იყო. მატჩი „ცხინვალის“ გამარჯვებით, 3:0 დასრულდა.

მე-4 წუთზე ანგარიში გიგა ბეჭვაიამ გახსნა. სხვაობა ორამდე 26-ე წუთზე ზვიად ლობჯანიძის გოლის შემდეგ გაიზარდა, საბოლოო ანგარიში კი 51-ე წუთზე უჩა ბერძენიძის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტის შემდეგ დაფიქსირდა.

„ცხინვალის“ შემადგენლობა:
პირველი ტაიმი: ნადირაძე, ცერცვაძე, მაისაშვილი, კაკუბავა, ჯაფარიძე, ქარდავა, ბურძენაძე, ქოჩლაძე, ბეჭვაია, ლობჯანიძე, ივანიშვილი.
მეორე ტაიმი: ჩუჩალოვი, შენგელია, ცერცვაძე, ჯაფარიძე, ჯიშკარიანი, უღრელიძე, ნოზაძე, ფირცხალავა, ჯაყელი, ლექვთაძე.

„საპოვნელამ“ ახალი მთავარი მწვრთნელი წარადგინა

დღეს, თერჯოლის ცენტრალურ სტადიონზე, „საპოვნელას“ ხელმძღვანელებმა გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ზვიად ჯელაძე წარადგინეს, რის შესახებაც „საპოვნელას“ ოფიციალური „ფეისბუქის“ გვერდი იუწყება.

წარდგენას გულშემატკივრებიც დაესწრნენ და ახალ თავკაცს კითხვები დაუსვეს, თანაც ჯელაძეს სრულ თანადგომას დაპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს უმაღლესი ლიგის პირველი წრის შემდეგ თერჯოლელები რვა ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან.

„კოლხეთმა“ ორი ფეხბურთელი გაუშვა

ფოთის „კოლხეთი“ ორმა ფეხბურთელმა დატოვა. 19 წლის ნახევარმცველი იონა კალაჯიშვილი და 23 წლის თავდამსხმელი ლევან კუხალეიშვილი დღეიდან გელა სანაიას გუნდის მოთამაშეები აღარ არიან. მხარეებმა კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს, რაც ფოთური კლუბის ოფიციალურმა „ფეისბუქის“ გვერდმა დაადასტურა.

ორივე ფეხბურთელი ფოთურ კლუბში მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „ვიტ-ჯორჯიადან“ ჩაირიცხა. კალაჯიშვილმა უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთხელ ითამაშა, კუხალეიშვილმა კი – სამჯერ.

თავის ოფიციალურ განცხადებაში „კოლხეთმა“ ორივე ფეხბურთელს სამომავლოდ წარმატება უსურვა.

„საბურთალომ“ ვარჯიში დაიწყო

დღეს თბილისის „საბურთალომ“ 2016 წელს პირველად ივარჯიშა, რის შესახებაც კლუბის ოფიციალური გვერდი წერს.

ფეხბურთელები „ბენდელაზე“ შეიკრიბნენ, სადაც 40 წუთის განმავლობაში მსუბუქად ირბინეს, მანამდე კი ფიტნეს დარბაზშიც ივარჯიშეს.

ოთხ დღეში „საბურთალოელები“ სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და რამდენიმე მოსამზადებელ მატჩსაც ჩაატარებენ. მათი მეტოქეთა ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა. უმაღლესი ლიგის მეორე წრისთვის მზადებას „საბურთალო“ თურქეთში შეკრებით დაასრულებს.

„ცხინვალი“ სამ მოთამაშეს დაემშვიდობა

„ცხინვალი“ ერთდროულად სამმა მოთამაშემ დატოვა. როგორც კლუბი ადასტურებს, ხედლმძღვანელობამ კონტრაქტი ომარ მიგინეიშვილთან, აკაკი შულაიასთან და მიხეილ გორელიშვილთან გაწყვიტა.

შულაია „ცხინვალში“ ზაფხულში იჯარით „მერანიდან“ გადავიდა. იმავე პერიოდში კლუბთან ერთწლიანი ხელშეკრულება მეკარე მიგინეიშვილმა გააფორმა. რაც შეეხება გორელიშვილს, ის „ცხინვალს“ მხოლოდ რამდენიმე კვირის წინ შეუერთდა.

თავის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოპქვეყნებულ განცხადებაში „ცხინვალმა“ გაშვებულ მოთამაშეებს წარმატება უსურვა.

„ლოკომოტივი“ – „ცხინვალი“ 0:1 (ფოტომიმოხილვა)

წარმოგიდგენთ თბილისის „ლოკომოტივსა“ და „ცხინვალს“ შორის საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-15 ტურის მატჩის ფოტომიმოხილვას. შეგახსენებთ, რომ მატჩი ცხინვალელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები:

„ცხინვალმა“ „ლოკომოტივს“ მძიმე მატჩში მოუგო

საქართველოს უმაღლესი ლიგის მე-15 ტურში „ლოკომოტივმა“, რომელმაც ბოლო დროს სატურნირო ცხრილში მდგომარეობა გამოასწორა, სამეულისთვის მებრძოლი „ცხინვალი“ მიიღო. შეხვედრა კახა კაჭარავას გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

პირველი ნახევარი თანაბარი გამოდგა, გუნდებს მეტოქეთა კართან სახიფათო მომენტები არ შეუქმნიათ. 23-ე წუთზე მხოლოდ ქანთარიას საჯარიმოს მისადგომებთან არაზუსტი დარტყმის გამორჩევა შეიძლება.

შედარებით საინტერესო მეორე ნახევარი გამოდგა. 48-ე წუთზე „ლოკომოტივის“ კარისკენ ცერცვაძემ დაარტყა, თუმცა არაზუსტად. ორ წუთში კი, კუთხურის შემდეგ, მეტოქის საჯარიმოში არეულობით დავით მაისაშვილმა ისარგებლა, რომლის დარტყმულს მეკარე ლაზარე კუპატაძე ვერ გაუმკლავდა – 0:1. მე-60 წუთზე მეტოქის კარს შორიდან უბილავამ დაუმიზნა, ნადირაძე ბურთს დაეუფლა. ცოტა ხანში შორიდან დარტყმა ქიქავამაც სცადა, ნადირაძეს ამჯერად ცოტა გაუჭირდა, მაგრამ დარტყმულის მოგერიება მაინც შეძლო. „ლოკომოტივი“ ანგარიშის გათანაბრებას შემდგომშიც ცდილობდა, ასე, 73-ე წუთზე გავაშელიშვილის თავური ძელს მოხვდა. შემდეგ ეპიზოდში იმავე გავაშელიშვილმა მარცხენა ფლანგზე ბურთ მიიღო, მაგრამ საბოლოოდ, სუსტად დაარტყა და ბურთს ნადირაძე დაეუფლა.

სატქმელია, რომ მატჩი საკმაოდ უხეში იყო, რაც ბარათებზე აისახა. შეხვედრის ბოლოს ლევან კაკუბავამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და დარჩენილ დროში „ცხინვალი“ კაცნაკლული იყო. შეხვედრის ბოლოს „ლოკომოტივს“ ანგარიშის გათანაბრება შეეძლო, მაგრამ ჩიხლაძის მიერ შესრულებული დარტყმული კედელში მდგომ მოთამაშეებს მოხვდათ. მსაჯს ხუთი წუთის დამატება მოუწია, მაგრამ დარჩენილ დროში „ლოკომოტივმა“ ღირებული ვერაფერი გამოუვიდა.

ამ გამარჯვებით „ცხინვალმა“ 32 ქულა დააგროვა და მინიმუმ ხვალამდე სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე ავიდა. რაც შეეხება „ლოკომოტივს“, ჟერარდ სარაგოსას გუნდი 14 ქულით მე-12 პოზიციაზე იმყოფება.

„ლოკომოტივი“ – „ცხინვალი“ 0:1
გოლი: მაისაშვილი 50′