რუნი ვან ნისტელროის დაეწია

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ფენერბაჰჩემ” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედის” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. “წითელი ეშმაკების” რიგებიდან ეს ერთადერთი გოლი მატჩის 89-ე წუთზე უეინ რუნიმ გაიტანა.

ინგლისელი ფეხბურთელისთვის აღნიშნული გოლი ევროთასებზე გატანილი 38-ე ბურთი გახლავთ. რუნი ამ მაჩვენებლით “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილ თავდამსხმელ რუდ ვან ნისტელროის დაეწია. სწორედ ჰოლანდიელსა და ინგლისელს აქვთ “წითელი ეშმაკების” ფორმით ევროთასებზე ყველაზე მეტი გოლი გატანილი.

დღევანდელი მარცხის შემდეგ “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჯგუფში ლიდერობა დათმო და მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

იხილეთ რუნის გოლი:

რუნი “ჩელსისთან” ვერ ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი ინგლისის პრემიერლიგის მე-9 ტურში ლონდონის “ჩელსის” წინააღმდეგ შინ გასამართ მატჩს გამოტოვებს. ინგლისელი ფეხბურთელი ვარჯიშზე დაშავდა.

ტრავმის ხარისხი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გადაჭრით შეიძლება იმის თქმა, რომ რუნი “ჩელსისთან” შეხვედრაში ვერ ითამაშებს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში უეინ რუნიმ რვა მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

“მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” შორის შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

რუნი: “რუსებმა გოლი არაფრისგან გაგვიტანეს”

ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ინგლისისა და რუსეთის ნაკრებებს შორის გამართული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. “ლომებმა” გამარჯვება 92-ე წუთზე ვასილი ბერეზუცკის მიერ გატანილი გოლის წყალობით გაუშვეს ხელიდან. მატჩის შესახებ ინგლისელთა კაპიტანმა უეინ რუნიმ ისაუბრა.

“უკეთ ვითამაშეთ, თუმცა შანსები ვერ გამოვიყენეთ. იმედგაცრუებულნი ვართ. მატჩის მიმდინარეობას ვაკონტროლებდით და უნდა მოგვეგო, თუმცა ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო გამარჯვება ხელიდან გავუშვით. ვიცოდით, რომ რუსეთის ნაკრების თავდამსხმელები მეორე სართულზე კარგად თამაშობენ. სამწუხაროდ, სწორედ საჰაერო ორთაბრძოლაში გვაჯობეს და ისე გაიტანეს. ასეთ სიტუაციაში ყოველთვის შეიძლება მიიღო “გოლი არაფრისგან”. სამწუხაროდ, ახლაც ასე მოხდა”, – აღნიშნა რუნიმ.

რუნიმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდულ გუნდში ითამაშა

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელი უეინ რუნი მომჯობინდა.

30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა “წითელი ეშმაკების” ახალგაზრდული გუნდის რიგებში “მიდლსბროს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში ითამაშა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ უეინ რუნიმ მუხლის ტრავმა 13 თებერვალს მიიღო და ნავარაუდევი იყო, რომ იგი მხოლოდ ექვსი კვირით იუქმებდა, თუმცა მისი გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა.

 

პეტერ შმეიხელი: “რუნიმ ნახევარდაცვაში შესაძლოა, სქოულზის მსგავსად ითამაშოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი მეკარე პეტერ შმეიხელი თვლის, რომ გუნდის კაპიტანმა უეინ რუნიმ ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე შესაძლოა, თავი კარგად წარმოაჩინოს. შეგახსენებთ, რომ ინგლისელ ფეხბურთელს ტრავმის გამო 13 თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. შმეიხელი “წითელ ეშმაკებს” ურჩევს, რომ ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე ანტონი მარსიალი ათამაშოს, რომელიც “ევერტონის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (1:0) მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა და შეხვედრაში გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ მის ანგარიშზეა.

“იმედი მაქვს, მარსიალს მეცხრე ნომრის ამპლუას მოარგებენ. მისი ხილვა იმ პოზიციაზე მსურს, სადაც რაშფორდი თამაშობს. მარსიალი მარცხენა ფლანგზე ცუდად არ გამოიყურება, თუმცა ცენტრში უფრო სახიფათოა.

რუნის სხვადასხვა პოზიციებზე შეუძლია თამაში. ვფიქრობ, მას მეათე ნომრად სურს თამაში, თუმცა მე რუნის ცენტრალურ ნახევარმცველად გავამწესებდი. მან ამ პოზიციაზე შესაძლოა, პოლ სქოულზის მსგავსად ითამაშოს”, – ციტირებს შმეიხელის სიტყვებს goal.com-ი.

 

რუნი ვარჯიშს სანაკრებო პაუზის შემდეგ განაახლებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი სრულყოფილად ვარჯიშს სანაკრებო პაუზის შემდეგ განაახლებს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა 13 თებერვალს მიიღო და ნავარაუდევი იყო, რომ იგი მხოლოდ ექვსი კვირით იუქმებდა, თუმცა მისი გამოჯანმრთელების პროცესი გაჭიანურდა.

 

რუნი ევროპის ჩემპიონატამდე სრულყოფილად გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებს?

“მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელმა უეინ რუნიმ ევროპის ჩემპიონატამდე სრულყოფილად გამოჯანმრთელება შესაძლოა, ვერ მოასწროს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ტრავმა 13 თებერვალს მიიღო და ნავარაუდევი იყო, რომ იგი ექვსი კვირის შემდეგ გამოჯანმრთელდებოდა, თუმცა მოედანზე მისი დაბრუნება გაურკვეველი ვადით გადაიდო. საქმე იმაში გახლავთ, რომ აღდგენით პროცესში გარკვეული პრობლემები წარმოიშვა, რამაც ფეხბურთელის გამოჯანმრთელება გააჭინაურა.

ინგლისის ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრები შიშობენ, რომ უეინ რუნი მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის სრულყოფილად მომჯობინებას ვერ მოასწრებს. “სამი ლომის” მედიკოსებმა “მანჩესტერ იუნაიტედს” თხოვნით მიმართეს, რომ 30 წლის ფეხბურთელის აღდგენითი პროცესი ხელოვნურად არ დააჩქარონ.

შეგახსენებთ, რომ ინგლისელები ევრო-2016-ის ჯგუფში რუსებთან, უელსელებთან და სლოვაკებთან ითამაშებენ.

 

რუნი ორი თვე ვერ ითამაშებს

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი უეინ რუნი მუხლის მყესის დაზიანების გამო ორი თვე ვერ ითამაშებს. ამ მიზეზის გამო ინგლისელი ფეხბურთელი არც ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “მიდტიულანდის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის განაცხადში არ შეიყვანეს.

უეინ რუნის პრემიერლიგაში ისეთი მეტოქეების წინააღმდეგ გასამართი შეხვედრების გამოტოვება მოუწევს, როგორებიცაა ლონდონის “არსენალი” (28 თებერვალი), “მანჩესტერ სიტი” (20 მარტი), “ევერტონი” (2 აპრილი) და “ტოტენჰემ ჰოთსპური” (9 აპრილი).

 

ლინდეგორი: “ამიტომ არ სურდა რუნის ჩემთან ერთად ლიფტში შეყოვნება?” (ფოტო)

რამდენიმე დღის წინათ ინგლისელმა ჟურნალისტებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ უეინ რუნის ჰკითხეს, თუ რომელ თანაგუნდელთან ჰქონდა ყველაზე არასასიამოვნო დამოკიდებულება. ინგლისელმა ფორვარდმა “წითელი ეშმაკების” ყოფილი მეკარე ანდერს ლინდეგორი დაასახელა, რომელიც დღესდღეობით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ღირსებას იცავს. რუნის თქმით, ლინდეგორი იმდენად აღიზიანებდა, რომ მასთან ერთად ლიფტშიც არ შედიოდა. როგორც ჩანს, დანიელმა კიპერმა რუნის ნათქვამი გულში ჩაიდო და დღეს სოციალური ქსელის საშუალებით ინგლისელ ფეხბურთელს გამოეხმაურა.

ლინდეგორმა ქსელში ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც რუნი უხერხულ პოზაში დგას.

“ამიტომ არ გინდოდა ჩემთან ერთად ლიფტში შეყოვნება?” – წააწერა ფოტოს ლინდეგორმა.

შესაძლოა, ამ პოსტის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ანდერს ლინდეგორი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

Lindegaard tweet

 

ვან გაალი რუნიზე საუბრით დაიღალა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა “მანჩესტერ სიტისთან” ჩატარებული მატჩის (0:0) შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უეინ რუნის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

“ყოველ კვირას რუნიზე უნდა ვილაპარაკო? რატომ? თქვენ თქვენი აზრი გაქვთ და შეგიძლიათ, დაწეროთ. რუნის შესახებ დასმულ კითხვებს აღარ ვუპასუხებ. დავიღალე”, – ციტირებს ვან გაალის კომენტარს “დეილი მეილი”.

 

რუნის “ოქროს ბუცი” გადაეცა

ინგლისელ თავდამსხმელ უეინ რუნის ინგლისის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოპოვებისთვის “ოქროს ბუცი” გადაეცა. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში 29 წლის ფორვარდმა 50-ე სანაკრებო გოლი გაიტანა და “სამი ლომის” ყველა დროის საუკეთესო მეგოლე გახდა. რუნიმ ბობი ჩარლტონის რეკორდი მოხსნა. სწორედ ჩარლტონმა გადასცა ახალ რეკორდსმენს “ოქროს ბუცი”.

ცნობისთვის, ბობი ჩარლტონის შედეგი მიუღწეველი იყო 47 წლის განმავლობაში.

უეინ რუნის კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 669 მატჩში სულ 300 გოლი აქვს გატანილი: “ევერტონის” შემადგენლობაში 17, “მანჩესტერ იუნაიტედის” რიგებში 233, ხოლო ინგლისის ნაკრებში 50 გოლი გაიტანა.

 

რონალდუ: “რუნისთან ერთად თამაში მენატრება”

მადრიდის “რეალის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ “მანჩესტერ იუნაიტედის” ფორვარდ უეინ რუნის შესახებ BBC-ს მიერ გადაღებულ ფილმში მიიღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ ისინი ერთად თამაშობდნენ “მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ ინგლისელთან ერთად თამაში კიდევ მოუწევს.

“რუნისთან ერთად თამაში მენატრება. შესაძლოა, ჩვენ კიდევ ვითამაშოთ ერთად. რა მახსენდება მასზე? იგი ყველას უყვარდა. რუნი იმდენად ძლიერია, რომ მას “პიტბულს” ეძახდნენ. მისი ძალა მის ფორმასა და ხასიათშია. რუნი არასდროს არ ჩერდება. იგი ფანტასტიური მოთამაშეა. როდესაც მანჩესტერში გადავბარგდი, უეინი დიდად დამეხმარა”, – რონალდუს სიტყვებს ესპანური სპორტული პორტალი sport.es ციტირებს.