“ზესტაფონი” “დილასთან” გასამართ დღევანდელ მატჩზე არ გამოცხადდა (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში “ზესტაფონსა” და გორის “დილას” შორის დღეს გასამართ მატჩზე იმერული გუნდი არ გამოცხადდა.

მიმდინარე სეზონის მეორე ნახევრიდან ზესტაფონური კლუბი ფინანსურ კრიზისში იმყოფება. ადგილობრივი ხელისუფლება კი, კლუბისთვის გამოყოფილი თანხების გუნდის ბიუჯეტში ჩარიცხვას იურიდიული საკითხების გამო ვერ ახერხებს.

21 აპრილს ზესტაფონის საკრებულოს წევრთა ინიციატივით ქალაქის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც განხილული იქნება ერთადერთი საკითხი, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაფინანსების შესახებ.

გუკა სამუშია: „ზესტაფონი“ საქართველოს ჩემპიონატს სჭირდება“

საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია – კლუბი თითქმის ყველა მოთამაშემ და მწვრთნელმა დატოვა.

არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით იმერული კლუბის უკვე ყოფილ მოთამაშეს გუკა სამუშიას დავუკავშირდით, რომელმაც რამდენიმე კითხვაზე გვიპასუხა.

– ზესტაფონში 2011/2012 წლების სეზონიდან ირიცხებოდი. შეგიძლია შეაფასო გუნდთან განვლილი პერიოდი?

„კარგის მეტი „ზესტაფონში“ არაფერი მახსენდება. აქ კარგი წლები მქონდა, რომლებსაც არასდროს დავივიწყებ. გული მწყდება, რომ ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად ვერ გამოვავლინე. ამ გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონი გავხდი და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“.

– მიმდინარე სეზონი გუნდმა ნორმალურად დაიწყო, მაგრამ, შემდგომ, ცხრილის შუაში აღმოჩნდა…. ფინანსური პრობლემის გარდა, კიდევ რას დააბრალებდი ამ რეგრესს?

„უბრალოდ, გუნდი ფორმაში არ იყო. რაღაც გვაკლდა, წაგებულ თამაშებში ვიბრძოდით და ვერც ერთ ამ შეხვედრაში მეტოქემ ვერ გვაჯობა, მაგრამ ასე ხდება ხოლმე, არ გვიმართლებდა“.

– შენი აზრით, გუნდის ბოლო შემადგენლობის შენარჩნების შემთხვევაში, „ზესტაფონი“ უმაღლესი ადგილებისთვის ბრძოლის გაგრძელებას შეძლებდა?

„რატომაც არა? სამეულისთვის ბრძოლა შეგვეძლო. ამჟამად დიდი სხვაობა არაა, „ზესტაფონი“ სამეულს მხოლოდ ექვსი ქულით ჩამორჩება“.

– „ზესტაფონში“ ფინანსური კრიზისი წინა წლებშიც იყო, მაგრამ ყველაფერი, საბოლოოდ, კარგად სრულდებოდა, რასაც ამჯერად ვერ ვიტყვით, რადგან კლუბი ყველა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა დატოვა… როგორ ფიქრობ, შეძლებს თუ არა გუნდი ამჯერადაც ამ პრობლემების მგოვარებას?

„როგორც ვიცი, კლუბი ყველას არ დაუტოვებია. მე, რამდენიმე სხვა ფეხბურთელის მსგავსად, კონტრაქტი დამიმთავრდა. იმედია, ყველა პრობლემა მოგვარდება და ეს კლუბი იარსებებს, რადგან იგი საქართველოს ჩემპიონატს სჭირდება. ალბათ, ყველაფერი კარგად იქნება“.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვს ან რომელიმე კლუბისგან თუ გქონია შემოთავაზება?

„ჯერჯერობით შემოთავაზებები არ მაქვს“.

– გულშემატკივრებს შენი თამაში ჯერ კიდევ ასაკობრივი ნაკრებებიდან ახსოვს. ამჟამინდელი ასაკობრივი გუნდების რომელიმე ფეხბურთელს თუ გამოყობდი?

„ძალიან მომწონს ლუკა ზარანდიასა და გიორგი პაპუნაშვილის თამაში. ეს ბიჭები ძალიან ნიჭიერები არიან და მათ დიდი მომავალი აქვთ. შემტევები იმიტომ აღვნიშნე, რომ მეც ამ პოზიციაზე ვთამაშობდი. მცველებიდან ნიკა ჭანტურიასა და ლაშა დვალს გამოვყოფდი“.

– რას უსურვებდი ყოფილ თანაგუნდელებსა და ზესტაფონის გულშემატკივრებს?

„ეს გუნდი ყოველთვის მეყვარება და მას ვუგულშემატკივრებ. აქ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. გულშემატკვირებს თანადგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ამ ადამიანებს პატივს ვცემ და წარმატებას ვუსურვებ“.

შორტზე 19, მაისურზე 20 ნომერი

საქართველოს უმაღლესი ლიგის V ტურში “ზესტაფონისა” “სამტრედიას” შორის გამართული მატჩის მიმდინარეობისას უჩვეულო რამ მოხდა. სტუმართა გუნდის კაპიტან გიორგი მელქაძეს მაისურზე სათამაშო ნომერი აღარ ეტყობოდა, რის გამოც მას მთავარმა არბიტრმა ფორმის გამოცვლა მოსთხოვა. მელქაძეს 19-ის ნაცვლად 20-ნომრიანი მაისური ჩააცვეს, შორტზე 19 ნომერი ეწერა, მაისურზე კი – 20.

მატჩი “სამტრედიას” გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

გთავაზობთ ამ უჩვეულო ფაქტის ამსახველ ვიდეოს.

„ზესტაფონი“ ევროსარბიელს გამოეთიშა

საჩხერის „ჩიხურასგან“ განსხვავებით, „ზესტაფონმა“ ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. მარგველები სტუმრად ტრნავის „სპარტაკთან“ ანგარიშით 0:3 განადგურდნენ და ევროსარბიელს გამოეთიშნენ. როგორც მოგეხსენებათ, პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

სლოვაკები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. გოლი მე-4 წუთზე „სპარტაკის“ კაპიტანმა მარეკ იანეჩკამ გაიტანა. მანვე 43-ე წუთზე ძლიერი დარტყმით დუბლი შეასრულა. შეხვედრის მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში „ზესტაფონის“ ბრაზილიელმა მცველმა რენე ფერეირამ საკუთარ საჯარიმოში ხელით ითამაშა და თურქმა მთავარმა არბიტრმაც უმალ თერთმეტმერიანის ნიშნულისკენ მიუთითა. პენალტი ერიკ საბომ შეასრულა და ანგარიში გამანადგურებელი გახდა — 3:0.

უეფას ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი:
„სპარტაკი“ ტრნავა — „ზესტაფონი“ 3:0 (პირველი მატჩი 0:0)

სპარტაკი“: რუსოვი, სივა, იანეჩკა (ხოვანეცი 83′), ბორტელი, ტოტი, ჩონკა, მიკოვიჩი (მიკინიჩი 79′), ვლასკო, კასადო, საბო, შრანცი (შპალეკი 76′).
მთავარი მწვრთნელი: იურაი იარაბეკი.

ზესტაფონი“: პავლოვიჩი, ღონღაძე (თედორე გრიგალაშვილი 72′), გურული, რენე ფერეირა, ჭელიძე, შარიქაძე, გეწაძე (ფანცულაია 53′), დოლიძე, კუხიანიძე, გელაშვილი, დვალი (გვალია 46′).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე.

გოლები: იანეჩკა 4′, 43′, საბო 59′ (პენ).

მთავარი მსაჯი: მატე კალკავანი (თურქეთი).

ფოტო: „ზესტაფონის“ ოფიციალური ვებგვერდი

 

უმაღლესი ლიგის I წრის სიმბოლური გუნდი

დასრულდა საქართველოს XXV ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის I წრე. ტრადიციულად, ყოველდღიურმა სპორტულმა გაზეთმა „ლელომ“ განვლილი პერიოდი შეაჯამა და სიმბოლური გუნდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ გუნდში ყველაზე მეტი ფეხბურთელი „დინამო თბილისიდან“ არის მოხვედრილი და ეს არც არის გასაკვირი, რადგან გუნდი სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.

გაზეთ  „ლელოს“ ვერსიით, I წრის სიმბოლური გუნდი ასე გამოიყურება (4-4-2):

მეკარე: გიორგი ლორია („დინამო“);
მცველები: არნაუდ ჩუენსუ („გურია“), გიორგი ხიდეშელი („ტორპედო“), რენე ფერეირა („ზესტაფონი“), დავით კვირკველია („დინამო“);
ნახევარმცველები: დავით კირკიტაძე („მეტალურგი“), დორინ გოგა („დინამო“), გიორგი მერებაშვილი („დინამო“), კობა შალამბერიძე („გურია“);
თავდამსხმელები: ირაკლი მოდებაძე („დილა“), დიმიტრი ტატანაშვილი („ჩიხურა“).
მთავარი მწვრთნელი: დუშან უჰრინი („დინამო“).

I წრის სარეზერვო სიმბოლური (3-5-2):

მეკარე: როინ კვასხვაძე („ზესტაფონი“);
მცველები: ვაჟა ტაბატაძე („ტორპედო“), გულვერდ თომაშვილი („დილა“), თენგიზ ჩიკვილაძე („გურია“);
ნახევარმცველები: გრიგოლ დოლიძე („დილა“), გიორგი კუხიანიძე („ტორპედო“), გიორგი ჯანელიძე („ვიტ ჯორჯია“), გოგი ფიფია („მეტალურგი“), რევაზ გეწაძე („მეტალურგი“);
თავდამსხმელები: თორნიკე კაპანაძე („ტორპედო“), ჩისკო („დინამო“).
მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე („ჩიხურა“).

 

გია გეგუჩაძე „ზესტაფონს“ უბრუნდება?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფეხბურთის სერბი სპეციალისტი რატკო დოსტანიჩი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლა.

ამასთან ერთად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ კლუბი მოლაპარაკებებს აწარმოებს გია გეგუჩაძესთან, რომელიც მარგველებს 2008-დან 2011 წლამდე თავკაცობდა. ამ პერიოდში იმერული გუნდი საქართელოს ჩემპიონის ტიტულს შეწვდა.

როგორც მოგეხსენებათ, „ზესტაფონი“ საქართველოს თასის გათამაშებას მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. გუნდს უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში მე-7 პოზიცია აქვს დაკავებული.

შეგახსენებთ იმასაც, რომ დოსტანიჩი „ზესტაფონს“ მიმდინარე წლის ივლისიდან თავკაცობს.

ბექა დოგრაშვილი

მწვრთნელებმა „მერანი“ – „ზესტაფონი“ შეაფასეს

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეათე ტურში მარტვილის „მერანმა“ „ზესტაფონს“ უმასპინძლა. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გამართული მატჩი მარგველების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. შეხვედრის ძირითადი მომენტები მეორე ტაიმში განვითარდა. ანგარიში 75-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილმა გახსნა, რომელმაც მეტოქის მეკარესთან ერთი ერთზე გასვლისას გამოიყენა შანსი. 77-ე წუთზე „ზესტაფონის“ უპირატესობა საბა ლომიამ განამტკიცა, რომელიც წინა სეზონში სწორედ „მერანის“ რიგებში გამოდიოდა და საკმაო შედეგიანობითაც გამოირჩეოდა.

მატჩის შემდეგ ტრადიციული პრესკონფერენცია გაიმართა. გუნდების მთავარი მწვრთნელების განცხადებები „ზესტაფონის“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გამოაქვეყნა.

რატკო დოსტანიჩი („ზესტაფონი“): “საკმაოდ რთული შეხვედრა იყო, ”მერანი” დაცვითი ტაქტიკით გვეთამაშა, თუმცა მეორე ტაიმში შევძელით გოლის გატანა და თამაშის სასურველი შედეგით დასრულება. ვულოცავ ბიჭებს, ”მერანს” კი წარმატებებს ვუსურვებ”.

კახა ჩხეტიანი („მერანი“): “პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ, 5 მცველით გამოვედით მოედანზე და შევეცადეთ “ზესტაფონისთვის” თამაში ჩაგვეკეტა, გვქონდა გოლის გატანის კარგი შანსები, მაგრამ ვერ შევძელით. “არ გაიტან – გაგიტანენ”. მომდევნო მატჩი “გურიასთან” გვაქვს და შევეცდებით გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან”.