“ზესტაფონის” ამხანაგური მატჩი ბოლნისელებთან

2014 წლის 21 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის დაწყებისათვის ემზადება, მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი ბოლნისის ”სიონს” დაუპირისპირდა.

“ზესტაფონის” დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გამოჩენის შესაძლებლობა გუნდის 21 ფეხბურთელს მისცა, შესვენების შემდეგ მარგველთა რიგებში 10 ცვლილება განხორციელდა. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ საქმეს ზესტაფონელთათვის დანაკლისის გარეშე არც ამჯერად ჩაუვლია – სხვადასხვა მიზეზის გამო იმერულ გუნდს ვერ ეხმარებოდნენ თეიმურაზ ღონღაძე, ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი ფანცულაია, ნიკა საბანაძე, გიორგი კუხიანიძე და დავით კუპატაძე.

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: პავლოვიჩი (მეშველიანი, 46), თედორე გრიგალაშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი, 63), ფერეირა (ჭელიძე, 46), ჩავესი, გურული (ენდელაძე, 63), ჭანტურიშვილი (შარიქაძე, 46), გეწაძე (გვალია, 46), დოლიძე (ჭანკოტაძე, 46), ჯერემია (სარდალიშვილი, 63), ტატანაშვილი (კაპანაძე, 63), დვალი (ტუღუში, 46).

შეხვედრის სადებიუტო ნაწილი იმერელთა უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ ანგარიშის გახსნა მხოლოდ 30-ე წუთზე მოხერხდა – თავი “ზესტაფონის” რიგებში ახლახან დაბრუნებულმა ჯაბა დვალმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის მიწურულს უკვე ბოლნისელები გააქტიურდნენ და 44-ე წუთზე მათ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს. მარგველთა გოლკიპერმა ბოიან პავლოვიჩმა ქვემოქართლელთა ნახევარმცველის ალეკო გოგობერიშვილის 11-მეტრიანი ნიშნულიდან დარტყმული კი მოიგერია, თუმცა ბურთი ისევ ბოლნისელს მიუვიდა და ანგარიშიც გათანაბრდა 1-1.

მეორე ტაიმის დებიუტში (53-ე წუთი) წინ უკვე ბოლნისელები გავიდნენ – თავი ზუსტი თავურით დავით იმედაშვილმა გამოიჩინა. 65-ე წუთზე კი ჯაბა უგულავამ ბოლნისელთა უპირატესობა კიდევ უფრო თავლსაჩინო გახადა. დარჩენილი დროში ზესტაფონელები გააქტიურდნენ, მეტოქის კარის სიახლოვეს სახიფათო მომენტებიც შექმნეს, პენალტის შესრულების უფლებაც მოიპოვეს (ბექა ტუღუშის დარტყმა “სიონის” გოლკიპერმა მოიგერია), თუმცა ანგარიში აღარ შეიცვლა – მარცხი ანგარიშით 1-3.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” დონეცკის “შახტარს” და კიევის “დინამოს” დაუპირისპირდება

მიმდინარე წლის 24 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”, ახალი სეზონისათვის მზადების მეორე ეტაპის გასავლელად, ავსტრიის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ავსტრიული ალპების კარგად ნაცნობ გარემოში საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ხუთ საკონტროლო შეხვედრას გამართავენ.

თუმცა, დავიწყოთ იმით, რომ მარგველები ტიროლის მხარის ქალაქ ზანქტ-იოჰანიდან ჩრდილოეთით სულ რაღაც 3 კილომეტრში მდებარე დაბა კირხდორფის სასტუმრო ”Das Seiwald ”-ში დაბანაკდებიან. ამ სასტუმროს სტუმართა განკარგულებაშია ულტრათანამედროვე კონფერენც-დარბაზები, აუზები, საუნა და სატრენაჟორო დარბაზი. უნდა ითქვას, რომ 2011 წელს, ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის მზადებისას, იმერლები სწორედ ამ სასტუმროში ცხოვრობდნენ…

ალპურ შეკრებაზე პირველ საკონტროლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” კიევის საფეხბურთო კლუბ “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. საბჭოთა კავშირისა და უკრაინის 13-13-გზის ჩემპიონ, სსრკ-ს თასის 9-გზის და უკრაინის თასის 10-გზის მფლობელ, უეფას თასების მფლობელთა თასის 2-გზის და უეფას სუპერთასის მფლობელ კიეველებთან იმერელთა დაპირისპირება 26 ივნისს გაიმართება.

თავის მეორე სპარინგ-მატჩს მარგველები 30 ივნისს ჩაატარებენ. ჩვენი მეტოქე ამჯერადაც უკრაინული ფეხბურთის წარმომადგენელი – უკრაინის 9-გზის ჩემპიონი და ამდენივეჯერ თასის მფლობელი, უეფას ევროპალიგის 2009 წლის გამარჯვებული, დონეცკის საფეხბურთო კლუბი “შახტარი” იქნება. ქართველთათვის რიგით მესამე საკონტროლო შეხვედრა 3 ივლისს გაიმართება, ამ შეხვედრაში ქართველთა მეტოქის ვინაობა ჯერაც ზუსტდება და ის უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ავსტრიაში გასამართ მეოთხე შეხვედრას იმერლები რუმინული “ბოტოშანის” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი რუმინეთის ჩემპიონატის მერვე გუნდთან 6 ივლისსაა დანიშნული. წლევანდელი ალპური “ვოიაჟის” დასკვნითი, რიგით მეხუთე სპარინგი კი 9 ივლისს გაიმართება. სამშობლოში დაბრუნებამდე ზესტაფონელები საბერძნეთის ჩემპიონატის წარმომადგენელ დაპირისპირებაში “ასტერას ტრიპოლისთან ” მოსინჯავენ ძალებს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” დაბადების დღე და ორმხრივი მატჩი

2014 წლის 18 ივნისს საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა ბანაკში საზეიმო განწყობა სუფევდა – მარგველები კლუბის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” დღეს დაარსებიდან ათი წელი შეუსრულდა. საღამოს კი გია გეგუჩაძემ პირველი გუნდის ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად – ”თეთრებად” და ”ლურჯებად” დაჰყო და დავით აბაშიძის სახელობის არენაზე საინტერესო მატჩი გაიმართა.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:
”თეთრები”: პავლოვიჩი (მეშველიანი, 60) , გაგოშიძე, ჩავესი, ფერეირა, თორნიკე გრიგალაშვილი, შარიქაძე, კუხიანიძე, გეწაძე, სარდალიშვილი, კაპანაძე, ფანცულაია.

”ლურჯები”: მეშველიანი (კუპატაძე, 41) , თედო გრიგალაშვილი, ჭელიძე, გურული, ტუღუში, ჭანკოტაძე, ჭანტურიშვილი, ჯერემია, ენდელაძე, კაკუშაძე, ტატანაშვილი.

შეხვედრა, რომელშიც გუნდებმა ორი 40-წუთიანი ტაიმი ითამაშეს, ”ლურჯების” შეტევებით დაიწყო, თუმცა ანგარიში “თეთრებმა” გახსნეს – 26-ე წუთზე თორნიკე კაპანაძის წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად რევაზ გეწაძემ აქცია. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ”ლურჯების” კარში კიდევ ერთი პენალტი დაინიშნა და გიორგი კუხიანიძემ თავის გუნდი კიდევ უფრო დააწინაურა 2-0.

მართალია, მეორე ტაიმის დებიუტში, ზაზა ჭელიძის ზუსტი დარტყმის შემდეგ, ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა, თუმცა 56-ე წუთზე გიორგი ფანცულაიამ ორბურთიანი “სტატუს-ქვო” ისევ აღადგინა. სწორედ ფანცულაიას “გასროლა” გამოდგა დღევანდელ დაპირისპირებაში გატანილი ბოლო გოლი – “თეთრებმა” გაიმარჯვეს ანგარიშით 3-1.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ დღევანდელ ”შიდა დაპირისპირებაში” მონაწილეობა არ მიუღიათ ნიკა საბანაძეს, გრიგოლ დოლიძეს, ლაშა გვალიას, თეიმურაზ ღონღაძეს, ჯაბა დვალსა და ნიკა გელაშვილს. ყველა ეს ფეხბურთელი ამ ეტაპზე ინდივიდუალური პროგრამით ემზადება და საერთო ჯგუფს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ნიკოლოზ გელაშვილი “ზესტაფონში” დაბრუნდა

2014 წლის 18 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ევროპალიგის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – 28 წლის თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი კარიერას იმერულ კლუბში გააგრძელებს. გამოცდილი ფორვარდი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 პრინციპით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
ნიკოლოზ გელაშვილი – თავდამსხმელი: დაბადებულია- 05.08.1985; სიმაღლე – 185 სმ, წონა – 73 კგ.

წარმატებული კარიერის მანძილზე ნიკას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია:”კახეთი” (თელავი) – 2003 – 2004, ”ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) – 2005 – 2007, ”ზესტაფონი” – 2008 – 2012, ”ბოხუმი” (გერმანია) – 2012 – 2013, ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) – 2013 – 2014.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ გელაშვილი ზესტაფონელთა რიგებში პირველად 2008 წლის 23 იანვარს ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლის 30 იანვრამდე იასპარეზა. იმერელთა რიგებში გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის თასი, ორჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, შემდეგ კი ჩემპიონის ტიტულიც (ოქროს მედლების მეორე კომპლექტის მოპოვების გზაზე მდგარ მარგველებს (2011-2012 წ.) ფორვარდი 11 ჩატარებულ შეხვედრაში 7 გატანილი გოლით შეეწია).

ნიკოლოზ გელაშვილი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს – ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 107 შეხვედრაში 63 გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 10 გოლი, 2008-2009 და 2010-2011 წლების სეზონებში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ახლახანს დასრულებულ სეზონში ნიკამ აზერბაიჯანის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, რაც შეეხება საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, გუნდის მაისურით ფორვარდს 19 მატჩი აქვს ჩატარებული.

მარგველთა რიგებში დაბრუნებული ნიკოლოზ გელაშვილი საწვრთნელ პროცესს დღესვე შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

სიახლეები მარგველთა ბანაკიდან

ერთდღიანი შესვენების შემდეგ, მარგველები ისევ შეიკრიბნენ და ახალი სეზონისთვის მზადება კლუბის ბაზაზე განაგრძეს.

საინტერესოა, რომ დღეს ზესტაფონელთა ბაზაზე ორი ახალი სახე გამოჩნდა – 24 წლის კომლუმბიელმა მცველმა ედუარ ზეა ჩავესმა და 20 წლის ნიგერიელმა ფორვარდმა ჯონ ჯერემიამ იმერელთა რიგებში პირველად ივარჯიშეს. უნდა ითქვას, რომ დღემდე ლათინოამერიკელი საკუთარი ქვეყნის კლუბებში ასპარეზობდა, ხოლო აფრიკელმა ფეხბურთის მოყვარულთ თავი ჯერ საფეხბურთო კლუბ “გაგრაში” წარმატებული ასპარეზობით დაამახსოვრა, შემდეგ კი სომხურ “მიკაშიც” იასპარეზა.

ხვალისთვის გია გეგუჩაძეს ორმხრივი მატჩის გამართვა აქვს დაგეგმილი – საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა სამწვრთნელო შტაბი გუნდს ორ პირობით “კოლექტივად” დაჰყოფს და ერთმანეთს დაუპირისპირებს. ეს “მატჩი” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC_0229

DSC_0297

DSC_0312

DSC_0317

DSC_0338

DSC_0346

DSC_0371

DSC_0378

DSC_0402

DSC_0430

DSC_0434

DSC_0454

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” მატჩი რეგიონალური ლიგის წარმომადგენელთან

2014 წლის 15 ივნისს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა”, რომელიც ახალი სეზონის დაწყებისათვის ემზადება, პირველი ამხანაგური მატჩი გამართა. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ სპარინგ-შეხვედრაში ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი რეგიონალური ლიგის წარმომადგენელს, თანაქალაქელ ”მარგვეთი-2006”-ს დაუპირისპირდა.

მარგველთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თავის გუნდი ორი შემადგენლობით ათამაშა. შესვენებისას “ზესტაფონის” რიგებში ერთბაშად 10 ცვლილება განხორციელდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ საქმეს გარკვეული დანაკლისის გარეშეც არ ჩაუვლია – სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარ გუნდს თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა, ბოიან პავლოვიჩი, თედო გრიგალაშვილი და ბექა კაკუშაძე ვერ ეხმარებოდნენ.

როგორც მოგახსენეთ, შეხვედრა დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა და მატჩს, საკმაოდ მაღალი ტემპერატურის მიუხედავად, 250-მდე ადგილობრივი ქომაგი და ფეხბურთის სპეციალისტი დაესწრო. ქვეყნის ორგზის ჩემპიონებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს:

”ზესტაფონი”: მეშველიანი (კუპატაძე, 46), სარდალიშვილი (თორნიკე გრიგალაშვილი, 46), ჭელიძე (გურული, 46), გაგოშიძე, ენდელაძე (ტუღუში, 46), ჭანკოტაძე ( კუხიანიძე, 46), შარიქაძე (გვალია, 46), დოლიძე (ფანცულაია, 46), გეწაძე (ჭანტურიშვილი, 46), კაპანაძე (დვალი, 46), ტატანაშვილი (საბანაძე, 46).

შეხვედრა უმაღლესლიგელთა უდიდესი უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ დიდი ანგარიშით 9-0 დასრულდა. უშუალოდ შეხვედრის მიმდინარეობაზე დეტალური საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ. გეტყვით მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონთა რიგებში გატანილი გოლებით თავი თორნიკე კაპანაძემ (3-ჯერ), გიორგი ჭანკოტაძემ, დიმიტრი ტატანაშვილმა, გრიგოლ დოლიძემ, გიორგი ფანცულაიამ, ლაშა გვალიამ და ნიკა საბანაძემ გამოიჩინეს.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” გლაზგოს “სელტიკს” დაუპირისპირდება

საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” გლაზგოს “სელტიკს” დაუპირისპირდება. როგორც ირკვევა, ქართული და შოტლანდიური კლუბები ერთმანეთს 3 ივლისს უცხოურ შეკრებაზე დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ “ზესტაფონმა” საქართველოს უმაღლესი ლიგის გასულ სეზონში მეორე პოზიცია დაიკავა და ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. ზესტაფონელები “სელტიკთან” მატჩს სწორედ ევროპის ლიგისათვის მოსამზადებელ პერიოდში გამართავენ.

00Header_Top_komp (1)

ჯერემია ზესტაფონში?

სომხური პრესის ცნობით ერევნის “მიკას” ფორვარდი ჯონ ჯერემია კლუბს ტოვებს და საქართველოში ბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ ნიგერიელი ფეხბურთელი “გაგრას” ეკუთვნის და სომხეთში იჯარის წესით თამაშობდა. სომხური პრემიერლიგაში ჯერემიამ 13 შეხვედრა ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, არსებობობს ვარაუდი, რომ ჯერემიას გადაბირებით “ზესტაფონია” დაინტერესებული.

პირველი სპარინგ-მატჩის მოლოდინში

მცირე შესვენების შემდეგ, მარგველები ისევ ზესტაფონში შეიკრიბნენ და ახალი სეზონის მატჩებისათვის მზადება განაგრძეს. ხვალ საქართველოს ვიცე-ჩემპიონები პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ – საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” თანაქალაქელ “მარგვეთი-2006”-ს დაუპირისპირდება.

ახალ სეზონში პირველ საკონტროლო მატჩს მარგველთა პირველ გუნდი 15 ივნისს ჩაატარებს – საქართველოს ორგზის ჩემპიონები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონალურ ლიგაში მოასპარეზე “მარგვეთი-2006”-ს დაუპირისპირდებიან. მატჩი 18:00 საათზე დაიწყება.

ჩვენ კი გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” საწვრთნელი ბაზაზე გუნდის ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

DSC_0277

DSC_0279

DSC_0284

DSC_0364

DSC_0515

DSC_0545

ჯაბა დვალი “ზესტაფონში” დაბრუნდა

2014 წლის 9 ივნისს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც ევროპალიგის მოახლოვებული მატჩებისათვის საკუთარ ქალაქში ემზადება, კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა – ”ზესტაფონსა” და თბილისის საფეხბურთო კლუბ ”დინამოს” შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, 29 წლის თავდამსხმელი ჯაბა დვალი კარიერას ისევ იმერულ კლუბში გააგრძელებს. გამოცდილი ფორვარდი იმერული კლუბის ღირსებას მომდევნო 2 (1+1 პრინციპით) წლის განმავლობაში დაიცავს.

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ:
ჯაბა დვალი – თავდამსხმელი: დაბადებულია- 08.02.1985; სიმაღლე – 176 სმ, წონა – 70 კგ.

წარმატებული კარიერის მანძილზე ჯაბას შემდეგ საფეხბურთო კლუბებში უასპარეზია: ”დინამო” (თბილისი) – 2003-2005, 2006. ”სიონი”(ბოლნისი) – 2005, ”ჩიხურა” (საჩხერე) – 2007, ”ოლიმპი” (რუსთავი) – 2007, ”დაჩია” (კიშინიოვი, მოლდოვა) – 2007-2009, ”ზესტაფონი” – 2009-2012, ”დინამო” (თბილისი) – 2012-2013, ”ყარაბახი” (აგდამი, აზერბაიჯანი) – 2014.

როგორც მოგეხსენებათ, ჯაბა დვალი ზესტაფონელთა რიგებში 2009 წლის 10 ივნისს ჩაირიცხა და გუნდში 2012 წლის 21 აგვისტომდე ასპარეზობდა. იმერელთა რიგებში გატარებული პერიოდის განმავლობაში ფეხბურთელმა კლუბთან ერთად მოიპოვა ჯერ ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლები, შემდეგ კი ზედიზედ ორი “ოქრო”.

ჯაბა დვალი თავს მრავალი ინდივიდუალური მიღწევითაც იწონებს – ეროვნულ ჩემპიონატში ფეროელთა მაისურით ჩატარებულ 98 შეხვედრაში 45 (აქედან 1 გოლი რუსთავის “ოლიმპთან” 2010 წლის 20 მარტს გამართულ, თუმცა დაუსრულებელ შეხვედრაში) გატანილი გოლი, უეფას საკლუბო ტურნირების 18 მატჩში გატანილი 12 გოლი, 2011-2012 წლების სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტული. ჩრდილოირლანდიური “ლისბურნის” კარში გატანილი 3 გოლის წყალობით ჯაბა უეფას ევროპალიგის ისტორიაში პირველი ჰეთ-თრიკის ავტორი გახლავთ…

მარგველთა რიგებში დაბრუნებული ჯაბა დვალი საწვრთნელ პროცესს დღესვე შეუერთდება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

მარგველები მზადებას განაგრძობენ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებისათვის მზადებას საკუთარ ბაზაზე განაგრძობს.

მზადების ამ ეტაპზე ზესტაფონელები ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე მუშაობენ – აქცენტი კი ძალისა და გამძლეობის მაჩვენებლების ამაღლებაზე გათვლილ ვარჯიშებზე კეთდება. ვარჯიშების დასკვნით ნაწილში ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც ეძლევათ.

გუნდთან ერთად იმყოფება და ვარჯიშობს 22 წლის ნახევარმცველმა ლაშა გვალიამ, რომელიც ბოლოს რუსულ “ურალში” ირიცხებოდა, მანამდე კი ფოთის “კოლხეთისა” და გორის ”დილას” რიგებში ასპარეზობდა.

DSC_0266

DSC_0275

DSC_0306

DSC_0321

DSC_0357

DSC_0375

DSC_0522

DSC_0575

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

ვიცე-ჩემპიონთა პირველი ვარჯიში

მიმდინარე წლის 5 ივნისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” უეფას ევროპალიგის 2014-2015 წლების გათამაშებაში ასპარეზობისათვის მზადებას შეუდგა. ორკვირანახევრიანი შვებულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში ზემოიმერული კლუბის ზესტაფონის ბაზაზე გაიმართა.

როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპალიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდების კენჭისყრა მიმდინარე წლის 23 ივნისს შვეიცარიულ ნიონში გაიმართება. მარგველებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა არ უწევთ, ხოლო მეორე ეტაპის შეხვედრებს მარგველები 17 და 24 ივლისს გამართავენ …

როგორც მოგეხსენებათ, მცირე არდადეგების შემდეგ გუნდი გუშინ შეიკრიბა – 4 ივნისს თბილისის სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ “სიტი-სპორტში” ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს. პრესტიჟული საკლუბო ტურნირისათვის მომზადების პირველი ეტაპი ზესტაფონში დღეიდან დაიწყო და 22 ივნისამდე გასტანს. ხოლო 24 ივნისს, მეორე მოსამზადებელი ეტაპის გასავლელად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” გაემგზავრება ავსტრიის რესპუბლიკაში, სადაც ხუთი საკონტროლო შეხვედრის გამართვა იგეგმება.

ზემო იმერეთი გუნდს თბილი ამინდით შეეგება და ამის გამო პირველი ვარჯიში საკმაოდ გვიან (19:00 საათზე) დაინიშნა. ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა დღევანდელ ვარჯიშს ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზების გამო რენე ფერეირა დოს სანტოსი გამოაკლდა. ბრაზილიელი ლეგიონერი გუნდს უახლოეს დღეებში შეუერთდება.

დღევანდელი დღე ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო – ხანმოკლე ”კროსის” შემდეგ, ფეხბურთელები ივან ვუჩეტიჩმა ”დაისაკუთრა” და ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე გაამახვილებინა. ვარჯიშის მეორე ნაწილი კი ბურთთან მუშაობას დაეთმო.

გუნდთან ერთად ივარჯიშა 25 წლის ბექა ტუღუშმა, რომელიც საკმაოდ წარმატებული ფორვარდი გახლავთ და ბოლოს რუსთავის “მეტალურგისა” და ქუთაისის ”ტორპედოს” რიგებში ასპარეზობდა. მოგახსენებთ იმასაც, რომ რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” რიგები დატოვა ნაემეკა აჯურუმ.

ხვალიდან გია გეგუჩაძეს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი გთავაზობთ საქართველოს ვიცე-ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს.

1

2

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური