მარტვილელებთან მატჩის წინ

კვირას, 9 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მორიგ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის ოცდამეერთე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები მარტვილის საფეხბურთო კლუბ “მერანს” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ამ ორი კლუბის პირველი გუნდების ოფიციალურ შეხვედრათა ისტორია 2011 წლის 10 სექტემბერს იწყება – “ზესტაფონისა” და მარტვილის “მერანის” პირველ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის არენამ უმასპინძლა და ის შეხვედრა მასპინძლებმა 3-1 მოიგეს. მასპინძელთაგან გოლები შოთა გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლი გიგა ამბროლაძემ გაიტანა.

შემდეგი მატჩი 2011 წლის 22 დეკემბერს მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა – გოგი ფიფიასა და შოთა ბაბუნაშვილის გოლების წყალობით გამარჯვება (2-0) მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად მებრძოლმა იმერლებმა მოიპოვეს.

“მერანისა” და “ზესტაფონის” რიგით მესამე დაპირისპირება 2012 წლის 14 აპრილს ისევ მარტვილში გაიმართა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად (მატჩის მიწურულს მატჩის არბიტრმა სტუმართა კარში ზედიზედ 2 პენალტი დანიშნა), საბოლოოდ ის ფრედ 4-4 დასრულდა. გოლები: ჯაბა დვალი – 2 (0-1; 0-2), დავით მუჯირი (1-3), თორნიკე გორგიაშვილი (3-4); პაპუნა ფონიავა (1-2), გიგა ჟვანია – 3 (2-3, 3-3, 4-4).

აღსანიშნავია ამ მეტოქეების მეოთხე ოფიციალური მატჩიც – ის 2012 წლის 20 მაისს გაიმართა და სწორედ ამ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” ზედიზედ მეორე ჩემპიონობა იზეიმა. ის შეხვედრა 3-0 დასრულდა და მასში შოთა გრიგალაშვილმა თავი “ჰეთ-თრიქით” (1-0, 2-0, 3-0) გამოიჩინა.

2012 წლის 11 აგვისტოს “ზესტაფონმა” “მერანს” “დავით აბაშიძეზე” 3-1 მოუგო. ანგარიში ზესტაფონელთა მიერ იმ პერიოდში “მერანში” განათხოვრებულმა საბა ლომიამ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა თორნიკე გორგიაშვილის, თორნიკე აფციაურისა და პატრიკ მილხრაუმის გოლებით უპასუხეს. მორიგი მატჩი 2012 წლის 31 ოქტომბერს შედგა. ზესტაფონელებმა ლევან შარიქაძის, თორნიკე გრიგალაშვილისა და თორნიკე გორგიაშვილის გოლებით მეტოქე დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხეს.

მარტვილელთა და ზემოიმერელთა შორის გამართული სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 26 ოქტომბერს შედგა. ეს მატჩი სამტრედიაში გაიმართა და ზესტაფონელებმა ვახტანგ ჭანტურიშვილისა და საბა ლომიას გოლების წყალობით ანგარიშით 2-0 გაიმარჯვეს.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და მარტვილის “მერანს” ერთმანეთში 7-ჯერ უასპარეზიათ – 6 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 1 კი დასრულდა ფრედ. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერლები ფლობენ – 20:6.

მარტვილელებს დღესდღეობით ახლო წარსულში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონისა” და ზოგადად ეროვნული ჩეპიონატის ერთ-ერთი წარმატებული ფორვარდი ზურაბ იონანიძე წვრთნის. საინტერესოა, რომ ახლახან დასრულებული ზამთრის პაუზის შემდეგ ჩატარებული სამივე შეხვედრა “მერანმა” ფრედ დაასრულა.

მარტვილელებთან შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

იმერლები მზადებას შეუდგნენ

ორდღიანი შესვენების შემდეგ საქართველოს ორგზის ჩემპიონები ზესტაფონში შეიკრიბნენ და ვარჯიშს საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე შეუდგნენ. უნდა ითქვას, რომ დღეს საღამოს გამართულ ვარჯიშს ქვეყნის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული ოთხი ფეხბურთელი აკლდა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოძახებული კახაბერ მეშეველიანის, თედორე გრიგალაშვილის, გიორგი ფანცულაიასა და ავთო ენდელაძის გარდა, სხვადასხვა მიზეზის გამო გუნდთან ერთად არ უვარჯიშიათ ნაემეკა აჯურუსა და დავით კუპატაძეს.

როგორც მოგეხსენებათ, მორიგ შეხვედრას საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მიმდინარე წლის 9 მარტს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის ოცდამეერთე ტურის მატჩში, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, იმერლები მარტვილის ”მერანს” უმასპინძლებენ. ჩვენ კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

DSC05751

DSC05773

DSC05779

DSC05780

DSC05783

DSC05785

DSC05792

DSC05796

DSC05797

DSC05801

DSC05804

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” მეტოქე – ორგზის ჩემპიონი ვეტერინარები

კვირას, 2 მარტს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული საფეხბურთო პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის შეხვედრაში ზემოიმერლები თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” სტადიონ “მცხეთა-პარკზე” ესტუმრებიან.

თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” დაპირისპირებათა ისტორია იმერელთათვის სადებიუტო 2004-2005 წლების სეზონში იღებს სათავეს. ამ გუნდების შეხვედრები ტრადიციულად პრინციპული ხასიათისა გახლავთ, ყოველთვის ძალიან დაძაბულად და უკომპრომისოდ მიმდინარეობს… რაც შეეხება გუნდების ურთიერთშეხვედრების ისტორიას, აქ უპირატესობას სხვადასხვა წლებში ხან ერთი მხარე ეუფლებოდა ხოლმე, ხანაც მეორე…

პირველ წლებში თვალშისაცემი იყო ძალთა სრული თანაფარდობა, რომელიც ვეტერინართა აღზევების პერიოდში თანდათანობით დაირღვა. თბილისური კლუბისათვის მეორე საჩემპიონო სეზონში (2008-2009 წლების პირველობა) თბილისელებმა ზედიზედ 3 შეხვედრა მოუგეს ზესტაფონელებს და პირადი შეხვედრების სტატისტიკაში სოლიდური “ჰანდიკაპიც” შეიქმნეს. ზემოიმერლებმა სიტუაცია კარდინალურად 2010-2012 წლებში შეცვალეს – ორი ზესტაფონური ოქროს “ჭედვისას” მარგველებმა ხუთჯერ დაამარცხეს ოპონენტი, რასაც წინა ჩემპიონატის პირველ წრეში მოპოვებული გამარჯვებაც (3-2) მოაყოლეს და, იმის მიუხედავად, რომ განვლილი სეზონის მეორე (საშინაო) შეხვედრაში მარცხი (1-2) იწვნიეს, სადღეისოდ დადებითი ბალანსით თავს უკვე დასავლელები იწონებენ.

მიმდნარე პირველობის პირველი წრის შეხვედრა, რომელსაც 2013 წლის 30 ოქტომბერს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა, ფრედ 1-1 დასრულდა. მასპინძლები მატჩის დებიუტში საბა ლომიამ დააწინაურა, თუმცა ვეტერინარებმა ლაშა კასრაძის გოლით იხეირეს და ზესტაფონიდან ქულის წაღება მოახერხეს.

სულ, ეროვნული ჩემპიონატის შეხვედრებში, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და თბილისის “ვიტ-ჯორჯიას” ერთმანეთში 26-ჯერ უასპარეზიათ. აქედან 11 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5 დასრულდა ფრედ, 10 კი მოიგეს ვეტერინარებმა. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 40:36 იმერელი ფეხბურთელების სასარგებლოდ.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, ვეტერინართა და მარგველთა გზები აქ ორჯერ გადაიკვეთა – თასის 2005-2006 წლების გათამაშების ნახევარფინალში ზესტაფონელებმა ორჯერ (2-1 და 3-1) დაამარცხეს მეტოქე, ხოლო 2009-2010 წლების გათამაშების მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში სოლიდურ გამარჯვებას (3-0) მეორე მატჩში დამატებით დროში მარცხი (0-4) მოაყოლეს…

საინტერესოა ის, რომ “ვიტ-ჯორჯიას” კარში ზესტაფონელთაგან ყველაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილს გაუტანია – თავის დროზე სწორედ ვეტერინართა რიგებიდან იმერულ კლუბში მოსულ ფეხბურთელს ყოფილი კლუბის ბადე 9-ჯერ აქვს შერხეული. მეორე შედეგი აქვს ნაჩვენები გოგი ფიფიას – 4 გატანილი გოლი…

“ვიტ-ჯორჯიასთან” 2 მარტს მცხეთაში გასამართი შეხვედრა, რომელსაც ეროვნული კატეგორიის არბიტრი არსენ ნონიკაშვილი იმსაჯებს, 15:00 საათზე დაიწყება…

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

უმაღლესი ლიგა – პრევიუ

თასის მატჩების შემდეგ ქართულ სტადიონებს უმაღლესი ლიგაც უბრუნდება. 2014 წლის პირველ ტურში გულშემატკივარს რამდენიმე საინტერესო დაპირისპირება ელის.


„სპარტაკი“ – „ჩიხურა“

 პირველი წრე: 2-1

26 თებერალი, თბილისი, „მიხეილ“ მესხი, 14:00

მსაჯები: გ.კიკაჩეიშვილი, ი.უკლება, ი.კაკაბაძე, თ.გვანცელაძე (სათადარიგო)

“მიხეილ მესხზე” გასამართი აუტსაიდერის და ლიდერის დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს. მეორე ეტაპზე ყველა ქულას ოქროს ფასი აქვს, შესაბამისად გუნდებმა პირველივე ტურიდან უნდა იზრუნონ თავიანთ საბოლოო შედეგებზე.

“სპარტაკმა” თურქეთში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ჩემპიონატს წესით და რიგით კარგ ფორმაში უნდა შეხვდეს. რასაც ვერ ვიტყვით “ჩიხურაზე”. საჩხერელბმა მზადება გვიან დაიწყეს და პრობლემების გამო ვერც შეკრებაზე მოახერხეს გამგზავრება.

 

„დილა“ – „გურია“

პირველი წრე: 2-0

26 თებერვალი, გორი, „თენგიზ ბურჯანაძე“, 14:00

მსაჯები: ჯ.ხორავა, ზ.ბერულავა, ზვ.ერქვანია, ლ.კვარაცხელია (სათადარიგო)

გორის “დილა” საკუთარ მოედანზე ლანჩხუთის “გურიას” უმასპინძლებს. ორივე გუნდში საკმაოდ ბევრი ცვლილება მოხდა და ფაქტია, რომ “დილასაც” და “გურიასაც” პირველ ტურებში შეთამაშების პრობლემა ექნებათ.
გორელებმა 2014-ში ოფიციალური მატჩის გამართვა უკვე მოასწრეს და წარმატებითაც დაასრულეს. შაბათს, საქართველოს თასის ფარგლებში “დილამ” ქუთაისში ადგილობრივ “ტორპედოს” მოგუო 2:1.

 

„ზესტაფონი“ – „ზუგდიდი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ზესტაფონი, „დავით აბაშიძე“, 18:00

მსაჯები: ა.კრიჭაშვილი, დ.ჩიგოგიძე, ზ.ფიფია, დ.სანოძე (სათადარიგო)

ზამთრის შესვენება ორივე გუნდმა ნაყოფიერად გაატარა და თურქეთში მოწყობილი შეკრება გუნდის გასაძლიერებლად გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდები განსხვავებული მიზნებისთვის ირძვიან, გულშემატკივარი დაძაბულ ბრძოლას უნდა ელოდოს. გეგუჩაძე-დარასელიას დუელი ნამდვილად საინტერესო სანახავი იქნება.

ზესტაფონმა წელს ოფიციალური მატჩის გამართვაც მოასწროა. პირველი წრის გადადებულ შეხვედრაში იმერლებმა ცხინვალის “სპარტაკს” 3-0 მოუგეს.

 

„მეტალურგი“ – „ვიტ-ჯორჯია“

პირველი წრე: 5-2

26 თებერალი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

მსაჯები: ა.ბასლეჰლო, გ.ჩიგოგიძე, გ.ელიკაშვილი, გ.ვადაჭკორია (სათადარიგო)

სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი გუნდები ერთმანეთს რუსთავის “ფოლადზე” დაუპირისპრიდებიან. პირველი წრის შეხვედრა “ვეტერინარებისთვის” ერთ-ერთი საუკეთესო იყო მიმდინარე სეზონში და ეს რუსთავალებსაც კარგად ახსოვთ, რომლებიც მოედანზე რევანშის ასაღებად გავლენ.

“მეტალურგში” სეზონის მეორე ნახევარს განახლებული შემადგენლობითა და სამწვრთნელო შტაბით ხვდებიან. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ რუსთაველებმა სათასო მატჩი გამართეს თბილისის “დინამოსთან” და 2-0 დამარცხდნენ.

 

„ტორპედო“ – „მერანი“

პირველი წრე: 0-3

26 თებერვალი, ქუთაისი, „გივი კილაძე“, 14:00

მსაჯები: მ.ბეუქლიშვილი, ბ.ჭიჭინაძე, ს.სპიცინი, ხ.გაგნიძე (სათადარიგო)

გორის “დილასთან” თასზე განცდილი მარცხის შემდეგ, რევაზ ძოძუაშვილის გუნდი საკუთარ მეოდანზე მარტვილის “მერანს” მიიღებს. მარტვლილებმა “ტორპედოს” მსგავსად სეზონი გასულ შაბათს, თასის მატჩით განაახლეს, რომლის ფარგლებშიც იონანიძის ბიჭებმა ქობულეთის “შუქურასთან” გასვლითი მატჩი უგოლო ფრით დაასრულეს.

“ტორპედოში” შესვენების დროს ფაქტობრივად ყველაფერი შეიცვალა და ეროვნული ჩემპიონატის მეორე ეტაპს ქუთათურები განახლებული გუნდით ხვდებიან. “მერანმა” კი, ძირითადი ბირთვის შენარჩუნება მოახერხა და ახალ მთავარ მწვრთნელთან ერთად თურქული შეკრებაც მოიწყო.

 

„დინამო“ – „სიონი“

პირველი წრე: 1-4

26 თებერვალი, თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“, 17:00

მსაჯები: ლ.სილაგავა, ზ.მენთეშაშვილი, ლ.ვარამიშვილი, ა.ნონიკაშვილი (1 დამ.ასისტენტი), გ.ყრუაშვილი (2 დამ.ასისტენტი), დ.ხარიტონაშვილი (სათადარიგო)

ტურის ცენტრალურ დაპირისპირებას დინამო არენა უმასპინძლებს, სადაც ურთიერთბას თბილისის “დინამო” ბოლნისის “სიონს” გაარლვევენ.

ბოლნისელებმა ჩემპიონატის პირველი ეტაპის უკანასკნელი ნაწილი შესანიშნავად ჩაატარეს და საბოლოოდ ცხრილის ზედა ნაწილში დამკვირდრნენ. ბურდულის გუნდმა თურქულ შეკრებაზეც კარგი შედეგები აჩვენა. 2014 წელი კი, “ჩიხურასთან” სათაშო მატჩით გახსნა, რომელმაც გამარჯვებული ვერ გამოავლინა – 1:1.

“სიონის” მსგავსად, გასულ შაბათს სათასო მატჩში ჩემპიონატის ერთპიროვნულ ლიდერ “დინამოსაც” ჰქონდა. როგორც უკვე ავღნიშნეთ, ჟვანიას გუნდმა რუსთავში ადგილობრივი “მეტალურგის” დამარცხება მოახერხა და ეროვნული ჩემპიონატის განახლებას შესანიშნავ ხასიათზე ხვდება.

 

 

“ზესტაფონმა” “სპარტაკს” აჯობა

ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის გადადებულ მატჩში “ზესტაფონმა” დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე “სპარტაკი” მიიღო და 3:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმის 31-ე წუთზე მასპინძლები დიმიტრი ტატანაშვილმა დააწინაურა. 58-ე წუთზე ზესტაფონელთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა სხაობა ორამდე გაზარდა, ხოლო მესამე გოლი “სპარტაკის” კარში “ზესტაფონის” კიდევ ერთმა ახალწვეულმა, გიორგი ფანცულაიამ, 83-ე წუთზე გაიტანა.

ზესტაფონი: პავლოვიჩი, ღონღაძე, რენე ფერეირა, ჭელიძე, გურული, შარიქაძე (გრიგალაშვილი 87′), კუხიანიძე, დოლიძე (ფანცულაია 72′), გეწაძე (ჭანკოტაძე 65′), საბანაძე, ტატანაშვილი

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მგელაძე, იოსელიანი (ცერცვაძე 62′), შონია, პარუნაშვილი, ჩაფიძე (ხიზანეიშვილი 75′), თექთურმანიძე (მეტრეველი 81′), თუხარელი, ეხვაია.

გოლები: ტატანაშვილი 31′ ; რენე ფერეირა 58′ ; ფანცულაია 83′

“ზესტაფონისთვის” სეზონი ცხინვალელებთან გადადებული მატჩით განახლდება

შაბათს, 22 თებერვალს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საგაზაფხულო სტადიის პირველ მატჩს გამართავს. ეროვნული პირველობის მეჩვიდმეტე ტურის უამინდობის გამო გადადებულ შეხვედრაში ზემოიმერლები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” დაუპირისპირდებიან.

ქალაქ ცხინვალის წარმომადგენელ საფეხბურთო კლუბებთან “ზესტაფონის” პირველ დაპირისპირებას 2005-2006 წლების საფეხბურთო სეზონში ჰქონდა ადგილი – მაშინ იმერლებმა ორჯერ (2-0; 3-1) უმაღლეს ლიგაში იმ პერიოდში მოასპარეზე “ცხინვალი” დაამარცხეს. რაც შეეხება უშუალოდ ცხინვალის “სპარტაკს”, ამ კლუბის წინააღმდეგ მარგველებმა პირველად 2007-2008 წლების სეზონში იასპარეზეს.

ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და ცხინვალის “სპარტაკს” ერთმანეთში 16-ჯერ უასპარეზიათ: 10 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა (აქედან 6-ჯერ 3 და მეტი ბურთის სხვაობით), 4 დასრულდა ფრედ, 2 კი მოიგეს ცხინვალელებმა. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ – 40:16.

აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ მარგველთაგან ცხინვალელები სხვაზე ხშირად ნიკოლოზ გელაშვილსა და ჯაბა დვალს დაუმწუხრებიათ – ორივე ექს-ზესტაფონელის ანგარიშზე 9-9 გატანილი გოლია. რატი წინამძღვრიშვილსა და შოთა გრიგალაშვილს კი “ზესტაფონის” მაისურით ასპარეზობისას “სპარტაკის” კარი 4-4-ჯერ აქვთ აღებული …

ცხინვალის “სპარტაკთან” შაბათს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

სეზონის განახლებისათვის მზადება ზესტაფონში გაგრძელდა

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. მიმდინარე სეზონის საგაზაფხულო ნაწილი ჩვენი გუნდისთვის 22 თებერვალს საშინაო მატჩით გაიხსნება – დიდთოვლობის გამო გადადებულ შეხვედრაში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკს” უმასპინძლებენ.

თურქეთიდან ორიოდე დღის წინ დაბრუნებულმა მარგველებმა მზადება დღეს გააგრძელეს და შიდაქართლელებთან მატჩისათვის სწორედ საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. დღევანდელი ვარჯიში სასიამოვნო ამბით დაიწყო – გუნდის კაპიტან თეიმურაზ ღონღაძეს, რომელსაც გუშინწინ ქალიშვილი შეეძინა, ეს სიხარული მთელმა გუნდმა მიულოცა.

ზემოიმერლები სრული შემადგენლობით ვარჯიშობენ. უნდა აღინიშნოს, რომ გუნდთან ერთადაა სერბი გოლკიპერი ბოიან პავლოვიჩიც, რომელმაც გუშინ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

გამოყენებულია დავით ჩაფიჩაძის ფოტომასალა
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

თურქული შეკრების დასკვნითი სპარინგი

2014 წლის 16 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თურქული შეკრების დასკვნითი, რიგით მეექვსე ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა – საქართველოს ორგზის ჩემპიონი იმერლების მეტოქე მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერი საფეხბურთო კლუბი ”ჰორიზონტ ტურნოვო” გახლდათ.

მაკედონიურ-ქართული დაპირისპირება, რომელსაც სასტუმრო “სუსესის” საფეხბურთო კომპლექსმა უმასპინძლა, ადგილობრივი დროით 13:00 (თბილისის დროით – 15:00) საათზე დაიწყო. მაკედონიური გუნდი, რომელსაც ადგილობრივი სპეციალისტი გოჩე სედლოსკი წვრთნის, თავის ქვეყნის მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერი გახლავთ. საინტერესოა, რომ “ტურნოვოს” რიგებში ბულგარელი და სერბი ლეგიონერები ასპარეზობენ.

მარგველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: კუპატაძე, თორ. გრიგალაშვილი, თედ. გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ენდელაძე (ღონღაძე, 81), აჯურუ (ჭანტურიშვილი, 71), ჭანკოტაძე, სარდალიშვილი, კაკუშაძე (მაკარიძე, 46), ფანცულაია (ტატანაშვილი, 81), კაპანაძე.

იმის მიუხედავად, რომ ზესტაფონელებმა მაკედონიელებთან შეხვედრაში, ასე ვთქვათ, ექსპერიმენტალური შემადგენლობით იასპარეზეს, საწყისი 45 წუთი სწორედ მათი უპირობო უპირატესობით წარიმართა. იმერლები ბურთს და ტერიტორიას სრულად აკონტროლებდნენ და მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო იერიშიც განახორციელეს. უკვე 7-ე წუთზე ანგარიშის გახსნა თორნიკე კაპანაძეს შეეძლო, მაგრამ მისი ახლო დისტანციიდან ძლიერად დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა.

მალევე თორნიკე კაპანაძემ და ოდნავ მოგვიანებით ავთო ენდელაძემ კარის დალაშქვრა შორეული დარტყმებით სცადეს, თმცა ორივე ეპიზოდში “ტურნოვოს” გოლკიპერმა საიმედოდ ითამაშა. ტაიმის ბოლოს მიზანთან ახლოს იყვნენ გიორგი ჭანკოტაძე და გიორგი ფანცულაია, თუმცა აქაც მეკარის თამაშია გამოსარჩევი, ორივე ამ ეპიზოდში იმერლებმა მხოლოდ კუთხურის ჩაწოდების უფლება გამოიმუშავეს.

მეორე ტაიმის დებიუტში (50-ე წუთი) ზესტაფონელები მაინც დაწინაურდნენ – პარტნიორებმა მეკარესთან პირისპირ დატოვეს გიორგი ფანცულაია და მან ანგარიში გახსნა. კიდევ 3 წუთში კი იმერლებმა პენალტის შესრულების უფლება მოიპოვეს, თუმცა გიორგი მაკარიძის დარტყმა მეკარე ატანას იოვანოვმა მოიგერია.

59-ე წუთზე პენალტი უკვე “ზესტაფონის” კარში დაინიშნა და ბოიან მლადენოვმა ანგარიში გაათანაბრა. ამას მაკედონიელთა გააქტიურება და დავით კუპატაძის კარში გატანილი კიდევ ორი გოლი მოჰყვა, დუბლი თურნოვოს” ფარვარდის საშკო პანდევის ანგარიშზეა 1-3.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” დაუგეგმავი მატჩი “ორხუსთან”

2014 წლის 15 თებერვალს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს. თურქულ შეკრებაზე ჩასატარებელ ბოლოსწინა, რიგით მეხუთე სპარინგ-შეხვედრაში მარგველთა მეტოქე დანიური საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი სახელოვანი წარმომადგენელი ”ორჰუსი” გახლავთ.

ბელეკში დილიდან გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ მატჩის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე გამოიდარე და დანიურ-ქართული რანდევუ დათქმულ დროს (თბილისის დროით 17:00 საათზე) დაიწყო … ქართველთაგან ორჰუსელთა სასტარტო შემადგენლობაში დავით სხირტლაძემ და დავით დევდარიანმა იასპარეზეს, რაც შეეხება მათე ვაწაძეს, ის დღევანდელ მატჩს რამდენიმე დღის წინ მიღებული მუხლის ტრავმის გამო ტოვებდა.

მარგველებმა მატჩი ასეთი შემადგენლობით დაიწყეს: მეშველიანი, ღონღაძე (თორ. გრიგალაშვილი, 72), თედ. გრიგალაშვილი (ენდელაძე, 85), ფერეირა, გურული, შარიქაძე (ჭანტურიშვილი, 10), კუხიანიძე (ჭანკოტაძე, 78), გეწაძე (სარდალიშვილი, 81), დოლიძე (ფანცულაია, 72), საბანაძე (კაპანაძე, 60), ტატანაშვილი.

თანაბარ ბრძოლაში წარმართული დღევანდელი მატჩის სადებიუტო ნაწილის შემდეგ, თანდათანობით თამაშის სადავეები ზესტაფონელებმა იგდეს ხელთ და ოპონენტთა კართან შექმნილი სახიფათო მომენტების განიავებას შეუდგნენ. ერთმანეთის მიყოლებით გოლის გატანასთან ახლოს იყვნენ ნიკა საბანაძე, დიმიტრი ტატანაშვილი და გრიგოლ დოლიძე, თუმცა დანიელები ხიფათისაგან ხან მეკარემ იხსნა, ხანაც ცარიელი კარიდან ბურთი “ორჰუსის” მცველებმა გამოიტანეს. შედეგად, 41-ე წუთზე ქართველები დაისაჯნენ კიდეც – ჩვენს კართან ჩამოწოდებული კუთხური კურიოზული გოლით დასრულდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე იმერლებმა ისევ შეუტიეს ორჰუსელთა კარს და 53-ე წუთზე … მეორე გოლი გაუშვეს – დანიელთა სწრაფი კონტრშეტევა ზუსტი დარტყმით დავით დევდარიანმა დააგვირგვინა. ამის შემდეგ თამაშმა მთლიანად ჩრდილოელთა მოედნის ნახევარზე გადაინაცვლა, ზესტაფონელები მეტოქის კარს გამუდმებით უტევდნენ და სახიფათო მომენტებსაც მრავლად ქმნიდნენ – ჯერ თეიმურაზ ღონღაძის დარტყმული ოდნავ ასცდა კარს, მალევე გიორგი კუხიანიძემ ააცილა ძალიან ხელსაყრელი პოზიციიდან, შემდეგ თორნიკე კაპანაძის დარტყმული ხელზე მოხვდა დანიელთა მცველს (მსაჯის სასტვენი ამ ეპიზოდში რატომღაც დუმდა), მერე არაზუსტი ისევ კაპანაძის ახლოდან დარტყმული გამოდგა.

ნავსი იმერლებმა 81-ე წუთზე გატეხეს – დანიელთა საჯარიმოს ხაზის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა გოლად აუღებელი დარტყმით გიორგი ჭანკოტაძემ აქცია. მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში ორჰუსელები სწრაფი კონტრაქციების იმედად იყვნენ და რამდენიმე იერიში გამოუვიდათ კიდეც – რომ არა კახა მეშველიანის კარგი თამაში, მატჩის დამთავრებამდე ხუთიოდე წუთით ადრე დანიელები მესამე გოლს გაიტანდნენ. მატჩის დასკვნითი წუთები იმერლებმა შეტევებში გაატარეს – “ზესტაფონს” თამაშის გადარჩენის რამდენიმე შანსიც მიეცა, თუმცა დანიელებს ანგარიშის შენარჩუნებაში გოლკიპერისა და დაცვის ხაზის ფეხბურთელთა თავგანწირულმა თამაშმა უშველა – 1-2.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” დანიურ “ორჰუსთან” ისპარინგებს

როგორც ცნობილი გახდა, საქართველოს ორგზის ჩემპიონი, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” 15 თებერვალს დანიურ “ორჰუსთან” ისპარინგებს, ამ ინფორმაციას ქართული და დანიური კლუბების ოფიციალური ვებ-გვერდები ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ “ორჰუსის” რიგებში სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება. დავით სხირტლაძე და დავით დევდარიანი პარასკევს, “მარიბორთან” შეწყვეტილ მატჩში, გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. რაც შეეხება ვაწაძეს, ის სასტარტო თერთმეტეულში ვერ მოხვდა.

“ზესტაფონსა” და “ორჰუსს” შორის შეხვედრა “სუსესის” საფეხბურთო ცენტრში საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.

უამინდობა და ორი ვარჯიში

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” სეზონის განახლებისათვის მზადებას განაგრძობს. გუშინ საღამოს, ოდესის “ჩერნომორეცთან” გამართული მატჩის შემდეგ, აღდგენითი ხასიათის ღონისძიებები აუზსა და საუნაში ჩატარდა. დღეს კი სასტუმრო “სუსესის” საფეხბურთო მოედანზე ქართული გუნდის ორი ვარჯიში გაიმართა.

ხმელთაშუა ზღვის თურქულ ნაპირებზე დილიდან უამინდობამ კი დაისადგურა, თუმცა ძლიერი წვიმის მიუხედავად, ზესტაფონელებმა სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. გთავაზობთ დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ რამდენიმე ფოტოსურათს…

აქვე შეგახსენებთ იმას, რომ თურქული შეკრების დასკვნით საკონტროლო შეხვედრას იმერლები 16 თებერვალს მაკედონიის ჩემპიონატის ლიდერ “ტურნოვოსთან” გამართავენ.

DSC05577

DSC05565

DSC05566

DSC05572

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონი” “ჩერნომორეცს” შეხვდა

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ზესტაფონმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. ამჯერად ქართული გუნდის მოწინააღმდეგე უკაინული “ჩერნომორეცი” გახლდათ. შეგახსენებთ, “ჩერნომორეცს” თბილისის “დინამოც” შეხვდა, თუმცა ის შეხვედრა სკანდალის გამო ჩაიშალა.

შეხვედრა ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში გოლის გატანის შანსი ჰქონდათ საბანაძეს, ტატანაშვილს და გეწაძემ, მაგრამ ოდესელთა მეკარე დამაჯერებლად თამაშობდა. გუნდები შესვენებაზე გატანილი გოლების გარეშე გავიდნენ.

მეორე ტაიმიც ზესტაფონელთა იერიშებით დაიწყო, თუმცა გოლი უკრაინელებმა გაიტანეს. 55-ე წუთზე თავი ლორენცო რიერამ გამოიჩინა.
ამის შემდეგ “ზესტაფონის” ფეხბურთელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, მაგრამ უკრაინელთა მეკარე კვლავ მოწოდების სიმაღლეზე იყო.

“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, ღონღაძე, ჭელიძე, ფერეირა (თედ. გრიგალაშვილი, 75), გურული, შარიქაძე (აჯურუ, 75), კუხიანიძე, გეწაძე (ჭანკოტაძე, 64), დოლიძე (ფანცულაია, 56), საბანაძე, ტატანაშვილი (ჭანტურიშვილი, 61).