წინასაახალწლო გამოკითხვა და “ზესტაფონის” ქომაგთა რჩეულნი

სპორტის სამყაროში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, წინასაახალწლო დღეებში გასული წლის ერთგვარი შეჯამება და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოთა დასახელება მიმდინარეობს. “ზესტაფონის” გულშემატკივართა კლუბმა თავის facebook-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლების საუკეთესო ხუთეულის გამოვლენა გახლდათ.

უნდა ითქვას, რომ გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას განსაკუთრებით იაქტიურეს. გამოკითხულთა ნდობა გუნდის 20-მდე ფეხბურთელმა დაიმსახურა. ამის ფონზე მოულოდნელი გახლდათ ის, რომ გამარჯვებულმა “მდევრებს” საგრძნობი უპირატესობით გაუსწრო – მარგველთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა რესპონდენტთა ხმების საერთო რაოდენობის 32 % დაიმსახურა. მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს ზესტაფონელთა ნახევარდაცვის ორმა წარმომადგენელმა – ვახტანგ ჭანტურიშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ 16-16 % “გამოიმუშავეს”. პირველ ხუთეულში მოხვდნენ როინ კვასხვაძე (გამოკითხულთა ხმების 10 %), ლევან შარიქაძე და თედორე გრიგალაშვილი (8-8 %)

რაც შეეხება იმერელთა მიერ გატანილი გოლების საუკეთესო ხუთეულს, რომელიც ჩვენი ვებგვერდის პატივცემულ მომხმარებელს ქვემოთ განთავსებულ ვიდეომასალაში შეუძლია იხილოს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:

1. 30.11.2013. “ზესტაფონი” – “მეტალურგი” 2-1. გოლის ავტორი – გიორგი ჭანკოტაძე;
2. 13.09.2013. “ზესტაფონი” – “დილა” 2-0. გოლის ავტორი – ირაკლი ქობალია;
3. 22.08.2013. “ზესტაფონი” – “სულორი” 5-0. გოლის ავტორი – ვახტანგ ჭანტურიშვილ
4. 04.12.2013. “ზესტაფონი” – “ჩიხურა” 1-1. გოლის ავტორი – ვახტანგ ჭანტურიშვილი;.
5. 29.09.2013. “ზესტაფონი” – “გურია” 1-0. გოლის ავტორი – ირაკლი ქობალია.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

“ზესტაფონის” მეკარეების ყოფილი მწვრთნელი კლუბისაგან კომპენსაციის გადახდას ითხოვს

საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციამ სოციალურ ქსელ Facebook-ში “ზესტაფონის” მეკარეების ყოფილი მწვრთნელის, თამაზ ოდიკაძის მიმართვა გაავრცელა, რომელსაც ჩვენ უცვლელად გთავაზობთ.

სკ “ზესტაფონის” მეკარეების ყოფილმა მწვრთნელმა თამაზ ოდიკაძემ, რომელსაც კლუბმა სპორტული მიზეზის გარეშე, ცალმხრივად შეუწყვიტა კონტრაქტი ყოველგვარი კომპენსაციის გადაუხდელად, დახმარებისათვის საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციას მოგვმართა.

“ზესტაფონს” დავალიანების დაფარვის ვადა 27 დეკემბრამდე აქვს და იმ შემთხვევაში, თუ კლუბი არ გაისტუმრებს დავალიანებას სრულად, ოდიკაძის ინტერესებს დავების განმხილველ შესაბამის ორგანოებში დავიცავთ.

სკ „ზესტაფონის“ ვიცე პრეზიდენტს
ბატონ ვასილ გველესიანს

სკ „ზესტაფონის“ მეკარეების ყოფილი მწვრთნელის
თამაზ ოდიკაძის

წარმომადგენელი: საქართველოს ფეხბურთელთა ასოციაციის თავმჯდომარე ბესარიონ აბაშიძე

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის 01 აგვისტოს გავაფორმე შრომითი ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება“) სკ „ზესტაფონთან“ (შემდგომში „კლუბი“) 10 თვის ვადით, რომლის საფუძველზეც დავინიშნე „კლუბის“ პირველი გუნდის მეკარეების მწვრთნელად. 2013 წლის ნოემბრის თვიდან „კლუბმა“ ყოველგვარი მიზეზის გარეშე აღარ დამიშვა გუნდის ვარჯიშებზე და კლუბში ახალი სამწვრთნელო შტაბის მოყვანით, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ, ცალმხრივად შემიწყვიტა „ხელშეკრულება“. ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, როდესაც „ხელშეკრულების“ ვადის მოქმედება ჯერ კიდევ შვიდი თვე გახლდათ (კონტრაქტი მოქმედია 2014 წლის 01 ივნისამდე) და „კლუბს“ მისი შეწყვეტის მიზეზის შესახებ ჩემთვის არაფერი განუმარტავს.
გამომდინარე იქედან, რომ არაერთი ზეპირი თხოვნისა „კლუბის“ ხელმძღვანელობის მიმართ – შეგესრულებინათ „ხელშეკრულებით“ ნაკისრი ხელფასის გადახდის ვალდებულება, რასაც „ზესტაფონის“ მხრიდან სრული იგნორირება მოჰყვა, მოგმართავთ წერილობით და გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ, 10 დღის ვადაში (2013 წლის 27 დეკემბრამდე) არ მოახდენთ თქვენს მიერ ცალმხრივად შეწყვეტილი „ხელშეკრულების“ მოქმედების ვადით არსებული ხელფასის (შვიდი თვის ხელფასი) სრულად გადახდას, ვაპირებ საქართველოს კანონმდებლობის, სფფ-სა და ფიფა-ს რეგულაციებით მონიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში დავიცვა ჩემი დარღვეული უფლებები და ვაიძულო „კლუბი“ შეასრულოს „ხელშეკრულებით“ ნაკისრი მოვალეობა.

იმედს ვიტოვებ, რომ ჯეროვნად შეასრულებთ ზემოაღნიშნულ ვალდებულებას და „კლუბს“ აარიდებთ იმ მოსალოდნელ უსიამოვნებებს რასაც თქვენი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჩემს შემდგომ მოქმედებებს მოჰყვება. მერწმუნეთ, ჩემი მიზანი არაა იმ „კლუბისათვის“ პრობლემების შექმნა, რომელშიც დიდი სიამოვნებითა და შემართებით ვმუშაობდი, თუმცა, როგორც ზემოთ ავღნიშნე, იმ შემთხვევაში, თუ, ნაკისრ ვალდებულებას არ შეასრულებთ, მივმართავ ყველა კანონიერ საშუალებას ჩემი დარღვეული უფლებების დასაცავად.

პატივისცემით,
თამაზ ოდიკაძე
განმცხადებელი

2013 წლის 16 დეკემებრი

„ზესტაფონი“-„სპარტაკი“ თებერვალში გაიმართება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, ქვეყნის XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტურის გადადებული შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” და ცხინვალის “სპარტაკი” უნდა დაუპირისპირდნენ,   2014 წლის 22 თებერვალს გაიმართება.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ მოხერხდა. როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ზემო იმერეთში უჩვეულოდ დაბალმა ტემპერატურამ დაისადგურა. ეს გარემოება კი გაყინული მოედნის ბალახის დაუზიანებლად გაწმენდას შეუძლებელს ხდის.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ მიიღო გადაწყვეტილება ზესტაფონელთა და ცხინვალელთა მატჩის 2014 წლის 22 თებერვალს გამართვის შესახებ. შეხვედრას დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს.

საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ პრეს-სამსახური
ფოტო: „ზესტაფონის“ ოფიციალური ვებ-გვერდი

 

“ზუგდიდის” ზედიზედ მეორე გამარჯვება

დღეს ანაკლიასა და ქობულეთში უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტურის მატჩები გაიმართება.

“ზუგდიდისა” და რუსთავის “მეტალურგის” მატჩი, მასპინძელთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა. გიორგი დარასელიას შეგირდებმა საბა ლომიას 28-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს. როგორც ჩანს, “ზუგდიდი” პირველი ეტაპის ბოლოს ფორმაში შევიდა. მეორე წრეში გიორგი დარასელიას გუნდისგან ალბათ უფრო შედეგიან თამაშს უნდა ველოდოთ.

ქობულეთში “გურია” “ზესტაფონს” მასპინძლობდა. ლანჩხუთელებმა ზედიზედ მეორე მარწყი იწვნია. გია გეგუჩაძის გუნდს გამარჯვება გიორგი ადამიამ მოუტანა. ვეტერანმა 78-ე წუთზე ზუსტად შეასრულა პენალტი. “ზესტაფონი” ამ გამარჯვებით მაქსიმალურად მიუახლოვდა ზედა ექვსეულს. “მეტალურგთან” სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენს. “გურიამ” კი პირველ ეტაპს მეოთხე ან მეხუთე ადგილზე დაასრულებს.

გურია: ბობღიაშვილი, ჩაგელიშვილი, ჩიკვილაძე, ჩეუნსუ, ჯიშკარიანი, კოშკაძე, შალამბერიძე, შენგელია, ჯოჯუა (მახარაძე 86′), ძამსაშვილი (გაჩეჩილაძე 48′), ისიანი (ტორონჯაძე 64′).

მტ. მწვრთნელი: რომან პოკორა

ზესტაფონი: კვასხვაძე, კაჭკაჭიშვილი, გაგოშიძე, თორნიკე გრიგალაშვილი, ნაემეკა აჯურუ, გურული (ენდელაძე 86′), ჭანკოტაძე (სარდალიშვილი 66′), შარიქაძე, რენე ფერეირა, ადამია (ლომია 54′), ჭანტურიშვილი.

მთ. მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

უმაღლესი ლიგის პრევიუ

დღეს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტური აიღებს სტარტს.

8 დეკემბერი, ანაკლია14:00

„ზუგდიდი“ ზუგდიდი – „მეტალურგი“ რუსთავი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1157

გასულ ტურში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ დარასელიას გუნდი საკუთარ მოედანზე რუსტავის “მეტალურგს” მიიღებს. გუნდებს მიმდინარე ჩემპიონატში განსხვავებული მიზნები აქვთ, თუმცა როდესაც ყოველ ქულას ოქროს ფასი აქვს, ნამდვილი ბროძლა იწყება. პირველი წრის მატჩი ამ გუნდებს შორის რუსთაველთა მინიმალური გამარჯვებით დასრულდა.

18 დეკემბერი.„ჩელე არენა“, 14:00

„გურია“ ლანჩხუთი  – „ზესტაფონი“ ზესტაფონი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1158

ლანჩხუთელები მორიგ საშინაო შეხვედრას ატარებენ “ჩელე არენაზე”. ამჯერად გურულები “ზესტაფონს” მიიღებენ. გასულ ტურში ნომინალურმა მასპინძლებმა საკმაოდ სუსტი ცუდი მატჩი ჩაატარეს რუსთავში და დამსახურებულადაც დამარცხდნენ (3:1). “ზესტაფონს” კი მცირე პაუზა გამოუვიდა. წინა ტურის შეხვედრა, რომელშიც იმერლებს ცხინვალის “სპარტაკი” უნდა მიეღოთ, უამინდობის გამო გადაიდო. პირველი წრის მატჩი ზესტაფონელთა გამარჯვებით დასრულდა – 1:0.

 
19 დეკემბერი, რუსთავი, „ფოლადი“, 14:00

„სპარტაკი“ ცხინვალი  – „დილა“ გორი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1159

რთული მეტოქესთან შეხვედრისათვის “სპარტაკს” დიდი დრო ჰქონდა. როგორც ზემოთ უკვე ვთქვით, წინა ტურში “ზესტაფონი” – “სპარტაკის” თამაში გადაიდო. “დილამ” კი, “ჩიხურასთან” დიდი ენერგია დახარჯა, თუმცა შეხვედრის მოგება მაინც ვერ შესძლო. სამაგიეროდ გორელებს დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები უბრუნდებიან. “დილას” დაცვის ცენტრს კვლავ კვახაძე-ხიზანეიშვილი გაამაგრებენ. პირველი წრის შეხვედრა “დილამ” 3-1 მოიგო. ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებული 13 შეხვედრიდან 7 გორელებმა მოიგეს, 3 “სპარტაკმა” და ასევე 3-ჯერ გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს.

19 დეკემბერი, სამტრედია, ეროსი მანჯგალაძე, 14:00

„მერანი“ მარტვილი – „დინამო“ თბილისი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1161

მალხაზ ჟვანია თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება. იმ გუნდს, რომელიც ფაქტობრივად თვითონ შექმნა, და რომელმაც ის მწვრთნელად ჩამოაყალიბა. გასულ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, “დინამოელებს” აუცილებლად სჭირდებათ გამარჯვება. თუმცა, თუ აუცილებლობაზე მიდგა საქმე, ქულების მოგროვება მარტვილელებსაც სჭირდებად. გუნდი კრიზისიდან გამოსვლას ვერ ახერხებს და უკვე გასავარდნ ზონაშიც დაეშვა. ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც “დინამო არენაზე” გაიმართა, თბილისელთა გამარჯვებით დასრულდა – 4-2. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ მატჩის შემდეგ დატოვა მალხაზ ჟვანიამ მარტვილის “მერანის” მთავარი მწვრთნელის პოსტი და “დინამო-2”-ში გადავიდა სამუშაოდ.

19 დეკემბერი, გორი, თენგიზ ბურჯანაძე, 14:00

„ჩიხურა“ საჩხერე  – „სიონი“ ბოლნისი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1160

მეთვრამეტე ტურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დაპირისპირება ნეიტრალურ მოედანზე, გორში გაიმართება. ორივე გუნდი საკმაოდ კარგ სათამაშო ფორმაში იმყოფება. ვნახოთ რომელი შეწყვეტს დაუმარცხელ სერიას. პირველი წრის მატჩი, ფრედ 2-2 დასრულდა. სულ  “ჩიხურასა” და “სიონს” ერთმანეთის წინააღმდეგ 11 შეხვედრა აქვთ ჩატარებული. აქედან 4 საჩხერელებმა მოიგეს, 5 ბოლნისელებმა 2-ჯერ კი, შეხვედრები ფრედ დასრულდა.

19 დეკემბერი, მცხეთა, „მცხეთა პარკი“, 14:00

„ვიტ ჯორჯია“ თბილისი  – „ტორპედო“ ქუთაისი

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1162

გასულ ტურში მთავარ სენსაციის შემოქმედი, თბილისი “ვიტ ჯორჯია” საკუთარ მოედანზე “ტორპედოს” მიიღებს. ქუთაისელები საკმაოდ რთულ მდგომარეობაში არიან. გასულ ტურში “ტორპედომ” სწორედ “მცხეთა პარკზე” წააგო “ზუგდიდთან”. პირველი წრის შეხვედრა ქუთაისელთა გამარჯვებით – 4:1 დასრულდა. საერთო ჯამში კი, ერთმანეთის წინააღმდეგ 39 ჩატარებული შეხვედრიდან “ვეტერინარებმა” 9 მოიგეს, 14 მატჩი ფრედ დასრულდა, ხოლო ქუთაისელებმა 16-ჯერ შესძლეს გამარჯვების მოპოვება.

 

გურულებთან მატჩის წინ

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის პირველობის მორიგი მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის წელს გასამართი დასკვნითი, მეთვრამეტე ტურის შეხვედრაში მარგველები ლანჩხუთის საფეხბურთო კლუბ “გურიას” ქობულეთის სტადიონ “ჩელე-არენაზე” ესტუმრებიან.

როგორც მოგეხსენებათ, “გურიასთან” მატჩისათვის ზესტაფონელები თბილისში ემზადებოდნენ. სტადიონ “ამერზე” გუშინ გამართული ვარჯიშის შემდეგ გუნდი დასავლეთისკენ დაიძრა – დათოვლილ ზესტაფონში ერთი ღამის გატარების შემდეგ, იმერლები ქობულეთის გზას დაადგებიან. დღესვე, ქობულეთის საფეხბურთო არენაზე, ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა ვარჯიში იგეგმება.

ეროვნულ ჩემპიონატში საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” და ლანჩხუთელები ერთმანეთს პირველად მიმდინარე წლის 29 სექტემბერს “დავით აბაშიძეზე” დაუპირისპირდნენ. ერთადერთი და მასპინძელთათვის გამარჯვების მომტანი გოლი შეხვედრის 87-ე წუთზე გავიდა – ზემოიმერელთა უსწრაფესი შეტევა ირაკლი ქობალიას ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.

რაც შეეხება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებას, აქ გუნდები ერთმანეთს ორჯერ, 2006-2007 და 2012-2013 წლების გათამაშებებში, დაუპირისპირდნენ. 2006 წლის 10 აგვისტოს ზესტაფონის ცენტრალურ სტადიონზე გამართულ პირველ მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრაში ზესტაფონელებმა ზურაბ იონანიძის, შალვა ღონღაძის, გრიგოლ იმედაძის, გოგი ფიფიასა და გიორგი ჭელიძის გოლების წყალობით ლანჩხუთელები 5-0 გაანადგურეს და გათამაშების მერვედფინალის საგზურიც პირველივე შეხვედრაში გაინაღდეს. მხარეთა ურთიერთშეთანხმების შედეგად, ფორმალობად ქცეული განმეორებითი მატჩიც ზესტაფონში, ოღონდ ხელოვნურსაფარიან მოედანზე, 2006 წლის 23 აგვისტოს გაიმართა და ამჯერად მეორე გუნდით მოასპარეზე იმერლებმა უფრო მოკრძალებული ანგარიშით 4-1 დაამარცხეს გურულები. იმერელთაგან გოლები ალექს ბენაშვილმა, ნიკა კვასხვაძემ, ირაკლი ძარიამ და დავით ჯანელიძემ გაიტანეს, სტუმართაგან კი თავი გიგა კვერენჩხილაძემ გამოიჩინა.

სენსაციური შედეგით დასრულდა ზემოიმერელთა და გურულთა რიგით მეორე სათასო დუელი, რომლის ორივე მატჩი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. 2013 წლის 26 თებერვალს მერვედფინალის პირველ შეხვედრაში სტუმრის სტატუსით მოპოვებული გამარჯვების 1-0 (გოლი – ბოტი გოა დემელი) შემდეგ, 2013 წლის 26 თებერვალს გამართულ განმეორებით მატჩში ზესტაფონელებმა მოულოდნელი მარცხი 2-3 (გოლები – ალექს ბენაშვილი, ბოტი გოა დემელი; მიხეილ კაკალაძე, ლაშა ჩალაძე, დავით მაისაშვილი) განიცადეს და თასის გათამაშების მეოთხედფინალის საგზური ლანჩხუთელებს დაუთმეს.

ლანჩხუთის “გურიასა” და საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” შორის ხვალ, 18 დეკემბერს, ქობულეთში გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება.

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

უმაღლესი ლიგის პრევიუ

დღეს უმაღლესი ლიგის მეჩვიდმეტე ტური აიღებს სტარტს, რომელიც ორ დღეზეა განაწილებული.

14/12/13 “მეტალურგი” – “გურია” 14:00

“მეტალურგი” ფოლადზე ლანჩხუთის “გურიას” მიიღებს. რუსთაველებს მოგების შემთხვევაში სამეულთან მიაxლოვების შანსი აქვთ. მაგრამ “გურიამ” უკვე დაამტკიცა, რომ ადვილად დასამარცხებელი არცერთი გუნდისთვის არ არის. გასულ ტურში გურულებმა შესანიშნავი თამაშით დაამარცხეს ქუთაისის “ტორპედო” (2:0), რუსთაველები კი აუტსაიდერ, ცხინვალის “სპარტაკთან” დამარცხდნენ. ერმანეთის წინააღმდეგ გამართულ 28 შეხვედრაში 13 “გურიამ” მოიგო, 5 მატჩი ფრედ დასრულდა ხოლო 10-ჯერ  “მეტალურგმა” იზეიმა გამარჯვება.

გამოიცანი შედეგი:  http://fanebi.com/premium/?match_id=1152

14/12/13 “ტორპედო” – “ზუგდიდი” 14:00

“ტორპედო” ზუგდიდელებს მცხეთაში უმასპინძლებს. ქუთაისი სტადიონზე მოედნის არასათამაშო მდგომარეობაში ყოფნის გამო, შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე შედგება. ორივე კლუბს საკმაოდ მძმე პერიოდი აქვს. “ტორპედო” ექვსეულში ვერ ახერხებს შესვლას, “ზუგდიდს” კი მოუგებელი სერია გაუგრძელდა. კლუბი ბოლო საფეხურზეა. ზუგდიდელების ბანაკში ერთი სიახლეც არის. კლუბის ყოფილი მთავარი მწვრთნელი, კობა წიტაიშვილი გუნდს მოთამაშის რანგში უბრუნდება. ასეთი რამ იშვიათად ხდება და მით უფრო საინტერესოა როგორ განვითარდება მოვლენები.

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1153

14/12/13 “ზესტაფონი” – “სპარტაკი”  14:00

ზესტაფონში მატჩის ჩატარება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. საქმე იმაშია რომ “დავით აბაშიძეზე” მინდვრის საფარი გაყინულია და თოვლის გაწმენდა ვერ ხერხდება. “ზესტაფონელებმა” საშინაო მატჩის სხვა ქალაქში გამართვაზე უარი თქვეს.

ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა გია გეგუჩაძის შეგირდებს აქვთ. 18 მატჩიდან 12 “ზესტაფონმა” მოიგო, 4 ფრედ დასრულდა, “სპარტაკმა” კი მხოლოდ 2ჯერ მოახერხა ზესტაფონელების დამარცხება.

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1151

15/12/13 “სიონი” – “მერანი” 14:00

ამ ტურში “სიონის” საშინაო არენა რუსთავის “ფოლადი” იქნება. სტადიონების პრობლემა როგორც ყოველთვის აქტუალურია.. ბოლნისელები მარტვილის “მერანს” მიიღებენ. გუნდებში განსხვავებული სიტუაციაა. ლადო ბურდულმა შესანისნავად აუღო ალღო ახალ პროფესიას. მისი მოსვლის შემდეგ “სიონი” შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს და აუტსაიდერებში მყოფი კლუბი უკვე მოწინავე ექვსეულის წევრი გახდა. მარტვილში რადიკალურად განხსვავებული სიტუაციაა. ჟვანიას წასვლის შემდეგ გუნდმა ნელა, მაგრამ დამაჯერებლად დაიწყო სხვლა გასავარდნი ზონისაკენ და გასულ ტურში განცდილი მორიგი მარცხის შემდეგ, მერანი მეთერთმეტე პოზიციაზე ჩამოქვეითდა.

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1154

15/12/13 “დინამო” – “ვიტ ჯორჯია”  14:00

თბილისური დერბი “დინამო არენაზე”. რამოდენიმე წლის წინ, ეს დაპირისპირება უდავოდ ტურის და შეიძლება ჩემპიონატის ცენტრალური მატჩიც ყოფილიყო, მაგრამ “ვიტ ჯორჯიას” საუკეთესო პერიოდი ნამდვილად არ უდგას. გუნდი ცხრილის შუა ნაწილშია და სავარაუდოდ ჩემპიონატის ბოლომდე მანდ დარჩება. “ვეტერინარებმა” ბოლო 2 სეზონია აქცენტი ახალგაზრდებზე გააკეთეს. ამ გზით მაღალი მიზნებისათვის მებრძოლი გუნდის გაკეთება დიდ დროს მოითხოვს. გასულ ტურში “ვიტელებმა” ბოლნისის “სიონთან” ნულოვანი ფრე ითამაშეს. “დინამომ” კი მალხაზ ჟვანიას სადებიუტო შეხვედრაში ანაკლიაში მოახერხა “ზუგდიდის” დამარცხება (0:3).
ურთიერთშეხვედრებში მცირე უპირატესობა “დინამოს” აქვს. 52 მატჩიდან მრავალგზის ჩემპიონმა 19 მოიგო – “ვიტ ჯორჯიამ” კი 14. 19 მატჩი ფრედ დასრულდა.

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1156

15/12/13 “დილა” – “ჩიხურა” 14:00

ტურის ცენტრალური მატჩი გორში გაიმართება, სადაც “დილა” “ჩიხურას” უმასპინძებს. მეორე და მეოთხე ადგილებზე მყოფი გუნდების დაპირისპირება საინტერესო სანახავი უნდა გამოდგეს. ორივე გუნდი კარგ ფორმაში იმყოფება. გასულ ტურში გორელებმა შესანიშნავი თამაშით დაამარცხეს “ზესტაფონი”, ხოლო “ჩიხურამ” “მერანთან” მოიპოვა დაგეგმილი სამი ქულა. ისიც აღსანიშნავია, რომ “დილას” დისკვალიფიცირებული ცენტრალური მცველები, კვახაძე და ხიზანეიშვილი დააკლდებიან რაც მნიშნველოვნად შეასუსტებს გორელთა უკანა ხაზს. “დილას” კარს ხომ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, დიმიტრი ტატანაშვილი შეუტევს.
ერთმანეთის წინააღმდეგ ჩატარებულ 14 შეხვედრაში ორივე გუნდმა 6 გამარჯვება მოიპოვა და 2 შეხვედრა ფრედ დასრულდა.

გამოიცანი შედეგი: http://fanebi.com/premium/?match_id=1155

 

“ზესტაფონის” გაყინული არენა

როგორც მოგეხსენებათ, ”ზესტაფონი” 14 დეკემბერს ცხინვალელებთან გასამართი მატჩისთვის თბილისში, საფეხბურთო კლუბ “ოლიმპიკის” ბაზაზე ემზადება. უნდა ითქვას, რომ საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩის გამართვის საკითხს სერიოზული საფრთხე ემუქრება – ზემო იმერეთში ნალექის უხვად მოსვლა ძლიერმა ყინვებმა შეცვალა.

დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ მოხერხდა. ბოლო ორი დღის განმავლობაში კი ყოველივე ზემოთქმულს იმერეთისათვის უჩვეულო ყინვებიც (-7 – -8 გრადუსი) დაემატა. ეს გარემოება კი სათამაშო მოედნის გაწმენდას, ბალახის დაზიანების გარეშე, შეუძლებელს ხდის.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე დღეს, 11:30 საათისთვის, შექმნილი ვითარების ამსახველ მცირე ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს გთავაზობთ …

DSC03371

DSC03376

DSC03377

DSC03378

ამინდის კაპრიზები და “ზესტაფონის” შეკრება თბილისში

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეჩვიდმეტე ტურის მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 14 დეკემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე, ზესტაფონელებმა ცხინვალის საფეხბურთო კლუბ “სპარტაკს” უნდა უმასპინძლონ.

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში, განსაკუთრებით კი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, დიდი თოვლი მოვიდა. გამონაკლისი არც ზესტაფონი გახლავთ. ქალაქის მთავარი საფეხბურთო არენის ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან სტადიონის გაწმენდის მცდელობის მიუხედავად, სტიქიასთან გამკლავება ვერ ხერხდება. მინდვრის საფარი თოვლის 40-სანტიმეტრიანი ფენითაა დაფარული. ყველაზე საგანგაშო კი ისაა, რომ ზემო იმერეთში კვალავაც თოვს.

აქედან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ცხინვალელებთან მატჩისათვის ქვეყნის დედაქალაქში მზადების შესახებ. გუნდი თბილისში დღეს შეიკრიბა და საფეხბურთო კლუბ “ოლიმპიკის” ბაზაზე ემზადება.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე სადღეისოდ შექმნილი ვითარების ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ …

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

არასრული ტური და ჟვანიას წარმატებული დებიუტი

დღეს საქართველოს ქალაქებში ეროვნული ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. თუმცა, მეთექვსმეტე ტური სრულად არ შედგა. თოვლის გამო ორი შეხვედრა გადაიდო. უამინდობამ ხელი ქუთაისში გასამართ “ჩიხურასა” და “მერანის” დაპირისპირება გადადო. გუნდები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე აღნიშნულ შეხვედრას 11 დეკემბერს, “მცხეთა” პარკზე გამართავენ. ხოლო მეორე გადადებული შეხვედრა “გურია” – “ტორპედოა”.

ჟვანიას წარმატებული დებიუტი

ანაკლიაში გამართული “ზუგდიდი” – “დინამო” თბილისელების გამარჯვებით დასრულდა. სტუმრება 3-0 მოიგეს და სამივე გოლი ლეგიონერების ანგარიშზეა.  ანგარიში მეცხრე წუთზე ჩისკო მინიოსმა გახსნა. მეორე გოლი დორინ გოგას ანგარიშზეა. რუმინელმა შედეგიანი დარტყმა 32-ე წუთზე შესრულა, ხოლო უკანასკნელი გოლი 81-ე წუთზე დარკო გლიშიჩის ანგარიშზეა. აღსანიშნავია, რომ თბილისელები 69-ე წუთიდან კაცნაკლულები იყვნენ. წითელი ბარათი გიორგი გველესიანმა მიიღო.


მეტალურგის მოულოდნელი მარცხი

ტურს მოულოდნელი შედეგის გარეშე არ ჩაუბლია. “მიხეილ მესხზე” ცხინვალის “სპარტაკმა” რუსთავის “მეტალურგი” დაამარცხა, რომელიც უკვე მე-10 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, რუსთაველები მთელი მატჩი იბრძდნენ და მხოლოდ 87-ე წუთზე გაუშვეს პირველი გოლი, რომელიც დავით გელაშვილის ანგარიშზეა. 90-ე წუთზე “სპარტაკის” უპირატესობა თორნიკა თუხარელმა გაზარდა.

ლოგიკური ფრე მცხეთაში 

“მცხეთა პარკზე” ერთმანეთს ცხრილის შუა ნაწილში მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. “ვიტ ჯორჯიასა” და “სიონის” შეხვედრა, საკმაოდ მოსაწყენი და ნელ ტემპში მიმდინარე თამაში ლოგიკური შედეგით, ნულოვანი ფრით დასრულდა.

 

ტურის შედეგები:

დილა 3-1 ზესტაფონი

ზუგდიდი 0-3 დინამო

სპარტაკი 2-0 მეტალურგი

ვიტ ჯორჯია – სიონი

გადაიდო:

ჩიხურა – მერანი

გურია – ტორპედო

“დილა” სამეულშია

ტურის ცენტრალური შეხვედრა გორში გაიმართა, სადაც ადგილობრივი “დილა“ “ზესტაფონს“ მასპინძლობდა. მატჩი გორელების შეტევებით დაიწყო, თუმცა ზესტაფონელებმა მალევე გამოასწორეს თამაში. პირველი ნახევარში ძირითადად ბურთისთვის ბრძოლა მიდიოდა მოედნის ცენტრალურ ნაწილში. პირველი სახიფათო მომენტი მასპინძებმა შექმნეს. 22-ე მოდებაძის თავით დარტყმული “ზესტაფონის“ მეკარე, როინ კვასხვაძემ ფეხით მოიგერია. 29-ე წუთზე კი გოლის დროს დადგა. სტუმრებმა საჯარიმოს სიახლოვეს სტანდარტის უფლება მოიპოვეს. ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით კაჭკაჭიშვილმა ისარგებლა და ახლო მანძლიდან გაიტანა ბურთი ნუკრი რევიშვილის კარში – 0:1. პირველ ნახევარში სურათი აღარ შეცვლილა.

მეორე ტაიმში, მოედანზე სულ სხვა “დილა“ ვიხილეთ. მატჩის ბედი შეცვლაზე შემოსულმა ქვილითაიამ გადაწყვიტა.  “დილამ“ მეორე ნახევრის საწყისი წუთბიდან მოუმატა თამაშს, რამაც შედეგი 58-ე წუთზე გამოიღო. ქვილითაიამ ლამაზი მოძრაობით მოიცილა მცველი და კვასხვაძეს შორეულ კუთხეში გაუტანა – 1:1. სულ რაღაც 4 წუთში გორელები უკვე იგებდნენ. დოლიძის კარგ ჩაწოდებას შეტევაში ჩართული თეიმურაზ ღონღაძე გამოეხმაურა და თავით საკმაოდ ლამაზი გოლიც გაიტანა – 2:1.

“ზესტაფონმა“ თამაშის გადარჩენა სცადა და დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, თუმცა 93-ე წუთზე იმერლებს კონტრშეტევა გამოეპარათ და გიორგი ქვილითაიამ დუბლი გაიფორმა – 3:1.

ამ გამარჯვებამ “დილა” სამეულში შეიყვანა. თუმცა ხვალ გასამართი მატჩების შემდეგ, სიტუაცია შეიძება შეიცვალოს.

„დილა“: რევიშვილი, ღონღაძე, ხიზანეიშვილი, კვახაძე, თომაშვილი, გურული (ქვილითაია 46’), ბოლქვაძე, მაისურაძ, დოლიძე, გორელიშვილი (სადაღაშვილი 72’), მოდებაძე (გოგინაშვილი 90’).

“ზესტაფონი“:  კვასხვაძე, თორნიკა გრიგალაშვილი, კაჭკაჭიშვილი, თედორე გრიგალაშვილი, გაგოშიძე, ნაემეკა აჯურუ (გიორგი ადამია 70’), შარიქაძე, ჭანკოტაძე (სარდალიშვილი 61’), ჭანტურიშვილი, გურული (კუტალია 86’), ლობია.

გოლები: 0:1 კაჭკაჭიშვილი 29’ ; 1:1 ქვილითაია 58;  2:1 ღონღაძე 62’ ; 3:1 ქვილითაია 90+3’

“ზესტაფონი” “დილასთან” მატჩისთვის ემზადება

საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის მატჩისათვის ემზადება. 8 დეკემბერს გორში გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივ საფეხბურთო კლუბ “დილას” ესტუმრებიან.

გორელებთან მატჩისათვის იმერელთა მზადების პროცესს ხელმძღვანელობს გია გეგუჩაძე, რომელიც უკრაინაში სამუშაო ვიზიტისა და სამწვრთნელო PRO-ლიცენზიის წარმატებით გახანგრძლივების შემდეგ, ისევ შეუდგა გუნდის გაწვრთნის საქმეს.

რაც შეეხება “ზესტაფონისა” და გორის “დილას” დაპირისპირებათა ისტორიას, ის 2004-2005 წლების სეზონიდან იწყება და სადღეისოდ ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 19 შეხვედრას ითვლის. ამ გუნდების მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა – 13 მატჩი იმერლებმა მოიგეს, 6 კი შიდაქართლელებმა. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც დიდი უპირატესობა ზესტაფონელთა მხარესაა – 35-18.

გორის “დილასთან” 8 დეკემბერს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრა 14:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი “პირველი არხის” ეთერში გადაიცემა.

ჩვენი კლუბის პრეს-სამსახური ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ…

DSC03299

DSC03206

DSC03215

DSC03238

DSC03247

DSC03273

DSC03282

DSC03293

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური