შაბათს, 26 ოქტომბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ეროვნული პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონი უმაღლესი ლიგის მეათე ტურის შეხვედრას უმასპინძლებს – მარტვილის “მერანი” საქართველოს ორგზის ჩემპიონს, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” დაუხვდება.
ამ ორი კლუბის პირველი გუნდების ოფიციალურ შეხვედრათა ისტორია 2011 წლის 10 სექტემბერს იწყებს ათვლას – “ზესტაფონისა” და მარტვილის “მერანის” პირველ მატჩს დავით აბაშიძის სახელობის არენამ უმასპინძლა და ის შეხვედრა მასპინძლებმა 3-1 მოიგეს. მასპინძელთაგან გოლები შოთა გრიგალაშვილმა, ჯაბა დვალმა და რატი წინამძღვრიშვილმა გაიტანეს, ხოლო სტუმართაგან პრესტიჟის გოლი ექს-ზესტაფონელმა გიგა ამბროლაძემ გაიტანა.
შემდეგი მატჩი 2011 წლის 22 დეკემბერს ჩატარდა – ის მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და გოგი ფიფიასა და შოთა ბაბუნაშვილის გოლების წყალობით გამარჯვება (2-0) მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად შემართულმა იმერლებმა მოიპოვეს.
“მერანისა” და “ზესტაფონის” რიგით მესამე დაპირისპირება 2012 წლის 14 აპრილს ისევ მარტვილში გაიმართა. შეხვედრა ზესტაფონელთა უპირატესობით წარიმართა და სტუმრები ძალიან ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან, თუმცა მატჩის ბოლოს განვითარებული მოვლენების შედეგად (მატჩის მიწურულს მატჩის არბიტრმა სტუმართა კარში ზედიზედ 2 პენალტი დანიშნა), საბოლოოდ ის ფრედ 4-4 დასრულდა. გოლები: ჯაბა დვალი – 2 (0-1; 0-2), დავით მუჯირი (1-3), თორნიკე გორგიაშვილი (3-4); პაპუნა ფონიავა (1-2), გიგა ჟვანია – 3 (2-3, 3-3, 4-4).
აღსანიშნავია ხვალინდელი მეტოქეების მეოთხე ოფიციალური მატჩიც – ის 2012 წლის 20 მაისს გაიმართა და სწორედ ამ შეხვედრაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” რიგით მეორე ჩემპიონობა იზეიმა. ის შეხვედრა 3-0 დასრულდა და მასში “ჰეთ-თრიქის” შესრულებით თავი შოთა გრიგალაშვილმა (1-0, 2-0, 3-0) გამოიჩინა.
2012 წლის 11 აგვისტოს “ზესტაფონმა” “მერანს” “დავით აბაშიძეზე” 3-1 მოუგო. ანგარიში ზესტაფონელთა მიერ იმ პერიოდში “მერანში” განათხოვრებულმა საბა ლომიამ გახსნა, თუმცა მასპინძლებმა თორნიკე გორგიაშვილის, თორნიკე აფციაურისა და პატრიკ მილხრაუმის გოლებით უპასუხეს.
მარტვილელთა და ზემოიმერელთა სადღეისოდ ბოლო შეხვედრა გასული წლის 2012 წლის 31 ოქტომბერს შედგა. ზესტაფონელებმა ლევან შარიქაძის, თორნიკე გრიგალაშვილისა და თორნიკე გორგიაშვილის გოლების წყალობით დიდი ანგარიშით 3-0 გაიმარჯვეს.
ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ დაპირისპირებებს თუ ვიანგარიშებთ, სულ, საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონსა” და მარტვილის “მერანს” ერთმანეთში 6-ჯერ უასპარეზიათ – 5 შეხვედრაში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 1 კი დასრულდა ფრედ. შესაბამისად, გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში დიდ უპირატესობას ზემოიმერლები ფლობენ – 18:6.
მარტვილის “მერანთან” შაბათს, 26 ოქტომბერს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გასამართი შეხვედრა 15:00 საათზე დაიწყება…
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური