ზლატანი: “დავბრუნდები უფრო ძლიერი”

ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიშავა მიიღო და მოედანს შესაძლოა, მომავალი წლის იანვრამდე ვერ დაუბრუნდეს. პრესაში იმასაც კი წერდნენ, რომ ამ ტრავმის გამო შესაძლოა, შვედმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულოს, მაგრამ ზლატანმა განაცხადა, რომ დანებებას არ აპირებს და მოედანს უფრო ძლიერი დაუბრუნდება.

“პირველ რიგში, მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის. ახალი ამბავი არ არის, რომ ტრავმა მივიღე, რის გამოც გარკვეული ხნით ფეხბურთს ჩამოვშორდები. ამ პერიოდს უკან მოვიტოვებ და უფრო ძლიერი დავბრუნდები. მხოლოდ მე გადავწყვეტ, როდის მოვა გაჩერების დრო და არავინ სხვა. დანებება არ არის ვარიანტი. მალე შევხვდებით”, – დაწერა სოციალურ ქსელში იბრაჰიმოვიჩმა.

ზლატანი აშშ-ში ცნობილ ქირურგს შეხვდება

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი უახლოეს პერიოდში ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება, სადაც ცნობილ ქირურგ ფრედი ფუს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ევროპის ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ანდერლეხტის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში შვედმა ფორვარდმა მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები დაიშავა მიიღო და მოედანს შესაძლოა, მომავალი წლის იანვრამდე ვერ დაუბრუნდეს.

ფრედი ფუმ იბრაჰიმოვიჩის გამოჯანმრთელების კონკრეტული მეთოდები და ვადები უნდა განსაზღვროს.

როგორც მოგეხსენებათ, ტრავმის მიღებამდე ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა, თუმცა ფეხბურთელის დაშავების შემდეგ კლუბი, სავარაუდოდ, პირობებს შეცვლის. “მანჩესტერ იუნაიტედი” იბრაჰიმოვიჩს ახალ კონტრაქტში შემცირებულ ხელფასს შესთავაზებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ მოქმედ შრომით ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

ზლატანი: “ევროპის ლიგა გახდა ჩემპიონთა ლიგა, როგორც კი იქ ფეხი შევაბიჯე”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა უეფას ევროპის ლიგის შესახებ კომენტარი ჩვეულ სტილში გააკეთა.

“ევროპის ლიგა გახდა ჩემპიონთა ლიგა, როგორც კი იქ ფეხი შევაბიჯე”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს “დეილი მეილი”.

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედმა თავდამსხმელმა ევროპის ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ათი მატჩი ჩაატარა, ხუთი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.

ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” გასვლაზე “ანდერლეხტს” 1:1 ეთამაშა.

ზლატანი: “დავიბადე მოხუცად და მოვკვდები ახალგაზრდად”

ინგლისის პრემიერლიგის 32-ე ტურში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “სანდერლენდი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. პირველი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა, რომელმაც მოგვიანებით საგოლე გადაცემაც გააკეთა. შვედმა ფორვარდმა მატჩის შემდეგ შეხვედრა შეაფასა.

“ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. მომდევნო მატჩებზე უნდა გავაკეთოთ ფოკუსირება, რათა საუკეთესო ოთხეულში შესვლა მოვახერხოთ. ჩვენი ძალების გვჯერა და ამ მიზნის მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ.

ბევრს ვვარჯიშობ. ჩემი თავის იმედი მაქვს და ვიცი, რაც უნდა გავაკეთო.

ასაკთან ერთად ჭკუაც მომემატა. დრო უაზროდ არ უნდა დავკარგო და ამით ენერგიას შევინარჩუნებ. ბენჯამინ ბატონივით (ფილმის პერსონაჟი) ვარ. დავიბადე მოხუცად და მოვკვდები ახალგაზრდად”, – იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს Goal.com-ი აქვეყნებს.

იბრას ჩინეთში უხმობენ

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, შესაძლოა, ჩინეთს მიაშუროს. 35 წლის ფეხბურთელმა აზიიდან საკმაოდ სარფიანი შემოთავაზება მიიღო.

“სქაი სპორტსის” თანახმად, ერთ-ერთი ჩინური კლუბი მზად არის, შვედი თავდამსხმელი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციოს. შეგახსენებთ, რომ დღესდღეობით ამ სტატუსით “შანხაი შენჰუას” არგენტინელი ფორვარდი კარლოს ტევესი სარგებლობს, რომელსაც კვირაში ჯამაგირის სახით 720 ათასი ევრო ეძლევა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩს “წითელ ეშმაკებთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება, თუმცა არ არის გამორცხული, რომ შრომითი ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში შვედმა ფეხბურთელმა 25 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

ზლატანი ასაკის მატებასთან ერთად უფრო შედეგიანი გახდა

ერთხელ ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, ღვინოს ვგავარ, რაც ასაკი მემატება, მით უკეთესი ვხდებიო. ძნელია, შვედ ფორვარდს არ დაეთანხმო, მით უფრო მაშინ, როდესაც მის სტატისტიკას გადავავლებთ თვალს.

კერძოდ, ზლატანმა ასაკის მატებასთან ერთად გოლების გატანასაც მოუმატა. შვედ თავდამსხმელს 30 წლის ასაკამდე ჩატარებულ 529 მატჩში 232 გოლი ჰქონდა გატანილი (მატჩში საშუალოდ 0,4 გოლი). მას შემდეგ, რაც 30 წელს გადააბიჯა, იბრაჰიმოვიჩმა 300 შეხვედრაში 246 გოლის გატანა მოახერხა (მატჩში საშუალოდ 0,8 გოლი).

ზლატან იბრაჰიმოვიჩს საკლუბო დონეზე 21 ტურნირზე უთამაშია. შვედ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში ჩატარებულ 829 მატჩში 478 გოლი აქვს გატანილი, 184-ჯერ კი საგოლე გადაცემა გაუკეთებია.

Zlatan statistic

ზლატანმა “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა ფანს საშობაო ოცნება აუსრულა (ვიდეო)

“მანჩესტერ იუნაიტედის” 11 წლის ფანი ლიამი კლუბის ფონდის დახმარებით ზლატან იბრაჰიმოვიჩს შეხვდა. ახალგაზრდა ქომაგი მანჩესტერული გუნდის სკოლაში ვარჯიშობს და “წითელი ეშმაკების” მთავარ გუნდში თამაშზე ოცნებობს. იბრაჰიმოვიჩმა მას საჩუქრად ხელმოწერილი მაისური გადასცა და რჩევაც მისცა:

“ბევრი იშრომე და იმედი მაქვს, რომ ერთხელ “ოლდ ტრაფორდზე” გიხილავ. “მანჩესტერ იუნაიტედის” სხვა ფეხბურთელებსაც შეხვდი? დღევანდელი დღის შემდეგ არავისთან აღარ არის შეხვედრა საჭირო”.

ვინ იყო ზლატანისთვის ბავშვობაში სამაგალითო სპორტსმენი

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ის ადამიანი დაასახელა, რომელიც ბავშვობაში მასზე ყველაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა.

“განსხვავებულ პიროვნებებს ვაკვირდებოდი. ეს იყო ჩემი მოტივაციის წყარო და ადრენალინი. მუჰამედ ალი მომწონს. მისი გამოსვლები, მისი საუბრები, მისი მოძრაობები, კრიტიკაზე მისი პასუხები სამაგალითო იყო. იგი ჩემი შთაგონების წყარო გახლდათ. ალი იყო მაგალითი იმისა, როგორი უნდა იყო. მეც მინდა, რომ მისნაირი ვიყო”, – აღნიშნა იბრაჰიმოვიჩმა.

“მარსიალმა განიცადა, მისი ნომერი ზლატანს რომ გადასცეს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელის, ანტონი მარსიალის აგენტმა ფილიპ ლამბოულიმ მის კლიენტსა და კლუბს შორის გართულებული ურთიერთობის ეპიზოდი გაიხსენა.

როდესაც ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ოლდ ტრაფორდზე” გადავიდა, მარსიალი იძულებული გახდა, საკუთარი 9-ნომრიანი ფორმა შვედი ფორვარდისთვის დაეთმო, თავად კი მე-11 ნომრით დაიწყო თამაში. აგენტის თქმით, ამ შემთხვევამ მარსიალის მორალურ მდგომარეობაზე უარყოფითი გავლენა იქონია.

“ამ შემთხვევამ მარსიალზე გავლენა იქონია. იგი განაწყენდა, მაგრამ მხოლოდ ორი დღით. ანტონი პროფესიონალად დარჩა და მუშაობა გააგრძელა. მე ეს ფაქტი კლუბის მხრიდან ჩემი კლიენტისადმი გამოვლენილ უპატივცემულობად მივიღე და ამის შესახებ “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელობას ვუთხარი კიდეც”, – მარსიალის აგენტის კომენტარი “მირორმა” გამოაქვეყნა.

ზლატანი: “თუ პრემიერლიგას მოვიგებ, კარიერს მეორე დღესვე დავასრულებ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თქვა, თუ როდის დაასრულებს კარიერას.

“თუ პრემიერლიგას მოვიგებ, კარიერას მეორე დღესვე დავასრულებ. სადაც მითამაშია, ყველგან რაღაც მომიგია”, – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს “მანჩესტერ იუნაიტედის” ოფიციალური ვებგვერდი.

შეგახსენებთ, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩი “ოლდ ტრაფორდზე” სადებიუტო სეზონს ატარებს. მხარეებს შორის დადებულ კონტრაქტს ვადა 2017 წლის 30 ივნისამდე აქვს.

ნედვედი: “როდესაც ზლატანი “იუვენტუსში” გადმოვიდა, გოლებს ვერ იტანდა”

ტურინის “იუვენტუსის” ექს-ნახევარმცველმა, 2003 წლის “ოქროს ბურთის” გამარჯვებულმა პაველ ნედვედმა ორი ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია.

“თუ მხოლოდ ერთი დიდი ფეხბურთელი უნდა დავასახელო, ვისთანაც ერთადაც მითამაშია, მაშინ ზლატან იბრაჰიმოვიჩს ვიტყვი. მას აქვს უდიდესი ძალა, სიმაღლე, ბრწყინვალე ტექნიკა, რის ხარჯზეც დაცვის ხაზის გარღვევა შეუძლია.

თუმცა, როდესაც ზლატანი “იუვენტუსში” გადმოვიდა, გოლებს ვერ იტანდა. ფაბიო კაპელო მას ვარჯიშების შემდეგ 30 წუთით მინდორზე ტოვებდა და დარტყმებში ავარჯიშებდა”, – ციტირებს ნედვედის სიტყვებს ESPN.

პაველ ნედვედმა ჯანლუიჯი ბუფონის შესახებაც ისაუბრა.

“როდესაც ბუფონს ვარჯიშებზე ვუყურებ, მიჩნდება სურვილი, რომ მან 50 წლამდე ითამაშოს. ჯიჯი ყოველთვის პირველი მოდიოდა ვარჯიშებზე, იგი ნამდვილი პროფესიონალია. მან ცოტა ხნის წინ მითხრა, რომ 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ კარიერას დაასრულებს”, – აღნიშნა ნედვედმა.

ზლატანი: “პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოს ორჯერ ვიყავი, თუმცა სხვა კლუბებში”

“მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოტყდა, რომ ინგლისის პრემიერლიგაში გადაბარგება მანამდეც შეეძლო, თუმცა სხვა კლუბების რიგებში.

“პრემიერლიგაში გადასვლასთან ახლოს ორჯერ ვიყავი: ერთხელ “მანჩესტერ სიტიში”, მეორედ კი “არსენალში”, თუმცა ეს ტრანსფერები არ განხორციელდა და პრემიერლიგაში თამაში ჩემთვის არც იყო აუცილებელი.

ჟოზე მოურინიო კარგი მოტივატორია, ძალიან გონიერია. მან იცის, რა არის გასაკეთებელი მოსაგებად. “ინტერში” ყოფნის პერიოდში მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ვინ არ ისურვებდა მოურინიოს საკუთარ მწვრთნელად?” – ციტირებს იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს “სქაი სპორტსი”.