უმაღლესი ლიგა: 24-ე ტური მოულოდნელი შედეგით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტური სამი მატჩი დაიწყო. აუტსაიდერთა დაპირისპირებაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ბოლნისის “სიონმა”, რომელმაც “მერანს” მინიმალურად სძლია. ქობულეთში, “შუქურა” ფოთის “კოლხეთს” დაუზავდა. მთავარი მოულოდნელობა კი ზუგდიდში დაფიქსირდა, სადაც ადგილობრივმა კლუბმა გათამაშების ლიდერი, ბათუმის “დინამო” დაამარცხა.

ზუგდიდი 2-1 დინამო ბათუმი

გოლები: ლომია 43′ (1:0); ქავთარაძე 57′ (1:1); კუკავა 89′ (2:1);

სიონი 1-0 მერანი

გოლები: ლუის ალბერტო მედინა 33′ 

შუქურა 1-1 კოლხეთი

გოლები: ჟიშკარიანი 32′ (0:1); გურული 63′ (1:1); 

დათა რიგვავამ “ცხინვალს” გასაოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

3 აპრილს, საქართველოს უმაღლესი ლიგის 22-ე ტურში, “ზუგდიდმა” საკუთარ მოედანზე “ცხინვალი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

შეხვედრის 86-ე წუთზე, ზუგდიდელთა ფეხბურთელმა დათა რიგვავამ მეტოქის კარში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„ზუგდიდმა“ ახალწვეულები წარადგინა

მიმდინარე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის, საგაზაფხულო სეზონის განახლებამდე ორი დღით ადრე,ს.კ. „ზუგდიდმა“  ახალწვეულები ოფიციალურად წარადგინა. ფეხბურთელები, კლუბის დირექტორმა, გელა ინალიშვილმა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბესიკ შეროზიამ წარადგინეს. პირველი წრის დასრულების შემდეგ, ზუგდიდელთა შემადგენლობა 8 ფეხბურთელმა დატოვა, რის შემდეგაც ზუგდიდელთა რიგები შემდეგმა ფეხბურთელებმა შეავსეს:

მეკარეები: მინდია ბობღიაშვილი –  პირველი წრის შემდეგ ზუგდიდს, ქუთაისის „ტორპედო“-დან შემოუერთდა და იგი, 19-ე  ნომრით ითამაშებს.  მანუჩარ ივარდავა, ზუგდიდელია და ამავე კლუბში ასპარეზობდა, წლების განმავლობაში თბილისის „ლოკომოტივში“-ც უთამაშია, საკუთარ გუნდს ტრავმის შედეგად გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სიმბოლური ნომრით 01  დაუბრუნდა.

მცველები:  დავით მეგრელიშვილი – პირველი წრე ლანჩხუთის „გურია“-ს შემადგენლობაში გაატარა და ზუგდიდელთა რიგებში,  25 ნომრიან მაისურს მოირგებს. გოდერძი მაჩაიძე, ს.კ. „გაგრა“-ში თამაშობდა და ამ სეზონიდან, ზუგდიდელთა ღირსებას 2-ე ნომრით დაიცავს. გიორგი პაჭკორია საკუთარ გუნდში დაბრუნდა, პირველი ეტაპი მან, „სამტრედია“-ში  ითამაშა, ხოლო ზუგდიდელთა შემადგენლობაში იგი, 3-ე ნომრით იასპარეზებს. ახალბედანიკა ნარმანიაც (1994 წ) ზუგდიდის საფეხბურთო  სკოლის აღზრდილია და მან, ესპანურ ახალგაზრდულ აკადემიურ გუნდშიც  მოსინჯა ძალები, ზუგდიდელთა რიგებში მას 5-ე ნომერი გადაეცა.

ნახევარმცველები:  ამ პოზიციაზე ზუგდიდელებმა უდაოდ კარგი შევსება მიიღეს. ლუკა გუგუჩია და ლევან კუტალია, ორივე ზუგდიდელია – ისინი სხვადასხვა კლუბში თამაშობდნენ, გუგუჩია ფოთის „კოლხეთი“-ს ღირსებას იცავდა, ხოლო კუტალია ქობულეთის „შუქურას“ შემადგენლობაში იყო.  გუგუჩიამ 77-ე ნომრიანი მაისური მოირგო, ხოლო კუტალია მინდორზე  89-ე ნომრიანი მაისურით გამოვა. რაც შეეხება ავთო ენდელაძეს – ეს ფეხბურთელი ქუთაისშია დაბადებული, თუმცა საფეხბურთო კლუბ ზუგდიდის „ბაია“-ს აღზრდილია, ბოლო რამდენიმე წელი იგი „ზესტაფონის“ რიგებში ირიცხებოდა, წელს კი საფეხბურთო კარიერას ზუგდიდში გააგრძელებს და  22-ე ნომრით ითამაშებს.

თავდამსხმელები: ირაკლი ქობალია,  ზუგდიდელთა წინა ხაზს უდაოდ გააძლიერებს და გულშემატკივრებიც, მისი მინდორზე გამოსვლას იმედით ელიან. ზესტაფონში მიღებული მძიმე ტრავმის შემდეგ ზუგდიდელთა ფორვადმა, პირველი წრე, პირველლიგელ ხობის „კოლხეთში“ ითამაშა და კვლავ ზუგდიდში დაბრუნდა. ქობალია ტრადიციას არ ღალატობს და ქომაგების წინაშე იგი, კვლავ 10-ე ნომრიანი მაისურით წარსდგება.

რაც შეეხება ახალაგაზრდა შემტევ ფეხბურთელებს – გიორგი ბულია და ცოტნე სამუშიაც ამავე ქალაქის მკვიდრნი არიან. ბულიამ, პირველი წრე საკუთარი ქალაქის გუნდში, ზუგდიდის „ლაზიკა“-ს შემადგენლობაში ითამაშა, ხოლო სამუშია თბილისის „დინამო 2“-დან შეურთდა ზუგდიდს. ბულიას 94-ე ნომრიანი მაისური ერგო, ხოლო სამუშია 20-ე ნომრით ითამაშებს.

 

“ზუგდიდმა” შეკრება ჩინელებთან მოგებით დასრულდა

ზუგდიდელებმა ცამეტდღიანი თურქული შეკრება, ბოლო ტესტ-მატჩით დაასრულეს. ბოლო სპარინგ-პარტნიორი ჩინეთის პირველ-ლიგელი, „ჰუნან  ხიანგტაო“ გახლდათ. წინა მატჩების მსგავსად ზუგდიდელებს  ამჯერადაც მართებდათ პირველ ტაიმში, სოლიდური უპირატესობის მოპოვება, თუმცა ჩინელებმა პირველი თხუთმეტი წუთი, თანაბარ ორთაბრძოლაში გაატარეს. მეტოქე გუნდის მეკარემ თავდაპირველად ლუკა გუგუჩიას და ირაკლი ქობალიას დარტყმები მოიგერია, ხოლო ლევან კუტალიასდარტყმული ერთ-ერთ მცველს მოხვდა. ზუგდიდელთა ერთ-ერთი იერიშისას, ჩინელებმა თამაშის წესი დაარღვიეს.  შოთა ლომიას შესრულებულ სტანდარტულს ყველაზე სწრაფად,  გიორგი პაჭკორია გამოეხმაურა და თავური დარტყმით, ბურთი ცხრიანში გაახვია.

გაშვებული გოლის შემდეგ, ისედაც სწრაფად მოქმედი მეტოქის ფეხბურთელები უფრო გააქტიურდნენ და რამდენჯერმე შეუტიეს ზუგდიდელთა კარს,   მაგრამ ზუგდიდელთა კიპერი,   მინდია ბობღიაშვილიც ზუსტად მოქმედებდა. 27-ე წუთზე ჩინელთა კარი აშკარა  გოლისგან მათმა მეკრემ იხსნა. ლევან წურწუმიას მარცხენა ფლანგური გადაცემა, ზუსტი თავურით ირაკლი ქობალიამ  დაასრულა, გოლიც გარდაუვალი ჩანდა, თუმცა ჩინელმა მეკარემ საოცარი სისწრაფის ხარჯზე, ბურთი „ცხრიანიდან“  მოხსნა.

მეორე ტაიმშიც სათამაშო ტემპი შენარჩუნდა და დროდადრო ჩინელებიც, აქტიურად უტევდნენ – ისინი  მთლიანობაში კონტრშეტევებზე აგებდნენ თამაშს. 56-ე წუთზე ზუგდიდელთა მარჯვენა ფლანგიდან განხორციელებული იერიში, დათა რიგვავამ კარგად გააგრძელა და მეტოქის საჯარიმოს სიახლოვედან დაარტყა, ჩინელთა ერთ-ერთმა მცველმა კი ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა. თერმეტრიანი ზუსტად შოთა ლომიამ შეასრულა და ანგარიშიც ორამდე გაზარდა.

ზუგდიდელებს ამის შემდეგაც ჰქონდათ არაერთი მომენტი, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. თამაშში კარგად ჩაერთო შეცვლაზე შემოსული ავთო ენდელაძე და იგი მარცხენა ფლანგიდან, კარგად ახორციელბდა შეტევებს. ავადმყოფობის გამო კი დღევანდელ შეხვედრაში, მონაწილეობა, გოდერძი მაჩაიძესა და დათო მეგრელიშვილს არ მიუღიათ.

თურქეთი, სიდე, 11 თებერვალი

ზუგდიდი – ჰუნან ხიანგტაო 2:0

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, რიგვავა, ღონღაძე, პაჭკორია, აკობია, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, გუგუჩია, ლომია, ქობალია

შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, კობერიძე, ფარჯიკია, დ.ქირია, ნარმანია, კუკავა

fczugdidi.ge

“ზუგდიდმა” აზერბაიჯანელებთან წააგო

მესამე ტესტ-მატჩი ზუგდიდელებმა, მეზობელი ქვეყნის, აზერბაიჯანულ გუნდთან, „ყარადაგ“ ლოკბატანთან გამართეს და დამარცხდნენ. არადა საგოლე მომენტებს ერთი გუნდი ქმნიდა და ზუგდიდელებს, პირველ ტაიმშივე მართებდათ სოლიდურად დაწინაურება. ისინი, სწორედ გამოუყენებელი შანსების შედეგად დაისაჯნენ და მეტოქემ ამით ისარგებლა. მივყვეთ თამაშის ქრონოლოგიას – თამაშის დასაწყისშივე აზერბაიჯანელთა მეკარემ ზუსტად ითამაშა და დათო მეგრელიშვილის დარტყმული ბურთი მოიგერია. ზუგდიდელთა მორიგი ოთხსვლიანი კომბინაცია, ზუგდიდელთა კაპიტანმა შოთა ლომიამ, ერთი შეხებით შეუჩერებელი დარტყმით დაასრულა და კვლავ მეტოქე გუნდის კიპერი დადგა მოწოდების სიმაღლეზე, რომელიც უდაოდ საუკეთესო იყო ამ მატჩში.

ბურთს მთლიანად ქართველები აკონტროლობდნენ და გოლიც გარდაუვალი ჩანდა, მაგრამ მეტოქე გუნდის სასახელოდაც უნდა ითქვას, რომ მათ კარის მშრალად შენარჩუნება შეძლეს. ცოტა ხანში, „ყარადაგი“-ს კარის მიმართულებით ჯარიმა დაინიშნა და ლევან წურწუმიამ, ბურთი პირადაპირ კარში გადაგზავნა, აზერბაიჯანელთა მეკარემ მხოლოდ ხელის წაკვრა მოახერხა და ბურთი ზედა ძელმა აისხლიტა. მალე, მეტოქე გუნდის მეკარემ ირაკლი ქობალიას ძლიერად დარტყმული ბურთი გაუვნებელყო, რომელიც ნახტომში კუთხურზე მოიგერია. ისიც უნდა ითქვას, რომ მეზობელი ქვეყნის ფეხბურთელებმა თავიდანვე ხისტ თამაშს მიმართეს, რაც უხეშობაშიც გადაეზარდათ. პირველად სამედიცინო დახმარება ვაკო ტყემალაძეს და ირაკლი ქობალიას დასჭირდათ, ხოლო შემდეგ მათ მიერ ტრავმა მიყენებული შოთა ლომია შესაცვლელი შეიქმნა. აზერთა მეკარემ, ლუკა გუგუჩიას მიერ სტანდარტულიდან დარტყმული ბურთიც გაანეიტრალა. ტაიმის ბოლოსკენ მან კიდევ ერთი სეივი განახორციელა და ლევან კუტალიას დარტყმული ბურთი უკუაგდო.

მეორე ტაიმშიც სათამაშო სცენარი უცვლელი იყო,თუმცა მეტოქემ გამოუყენებელი მომენტების შედეგად დაგვსაჯა. შეხვედრის ბოლოსკენ მათ, უკანა ხაზზე დაშვებული პოზიციური შეცდომით ისარგებლეს და ორი გოლი გაიტანეს.

 

ბესიკ შეროზია („ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი): „საწყენია უბრალოდ ის, რომ მთლიანობაში თამაში შენი კარნახით მიდის და ასეთ თამაშს წაგებით ასრულებ. ბავშვური შეცდომების შედეგად დავისაჯეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა მთლიანობაში ჩემი ბიჭების გარჯით და თამაშით უკმაყოფილო არა ვარ. არ ვიქნები ჩემს ნათქვამში ზედმეტად თამამი და შედეგის მიუხედავად, ჩვენს ფეხბურთელებს, დღევანდელ მატჩშიც, თამაშის ხარისხსაც ვერ დავუწუნებ. ჩვენი მთავარი მიზანია, ეროვნულ ჩემპიონატში მივაღწიოთ წარმატებებს და მჯერა ჩვენი გუნდი ამას შეძლებს“.

ზუგდიდი – „ყარადაგი“ 0:2

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია (ეხვაია), წურწუმია, გუგუჩია, ლომია (კობერიძე), ქობალია

fczugdidi.ge

ზუგდიდი“, რუმინულ „აკადემიკასთან“ დამარცხდა

რიგით მეორე შეხვედრა გამართეს დღეს ზუგდიდელებმა და ანტალიის, „მარდან პალასის“ სტადიონზე,  რუმინეთის „აკადემიკას“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა  საინტერესო საყურებელი გამოდგა. თამაში  სწრაფ ტემპში დაიწყო და მთელი თამაში ასე გაგრძელდა.  მსაჯობაზე  შეიძლება  ყურადღების გამახვილება არც ღირდეს, მაგრამ აშკარად ტენდენციურმა მსაჯობამ შედეგზე იმოქმედა.

ზუგდიდელებმა 12-ე წუთზე შექმნეს პირველი რეალური მომენტი, მაგრამ შოთა ლომიას დარტყმული მცირედით ასცდა კარებს. ამის შემდეგ ლუკა გუგუჩიას დარტყმული კარის ბადეს გარედან მოხვდა. ცოტა ხანში რუმინელთა მეკარემ საკუთარი გუნდი იხსნა, როცა ლევან წურწუმიას ფლანგური გამჭოლი გადაცემა, ირაკლი ქობალიამ უძლიერესი დარტყმით დააგვირგვინა – დარტყმა იმდენად ძლიერი გამოდგა, რომ მეკარეს ბურთი მკერდზე მოხვდა და აყირავდა. ლევან წურწუმიამ ტაიმის შუაწელისკენ კარგი სოლო რეიდი შემოგვთავაზა, როცა ოთხ ფეხბურთელს თავბრუ დაახვია და როდესაც კარის მიმართულებით დარტყმა დააპირა, საჯარიმოს მისადგომებთან მოცელეს.   რუმინელებმა პირველ ტაიმში ორჯერ დარტყეს ზუგდიდელთა კარის მიმართულებით და ორივე დარტყმა ილარიომ განახორციელა. მეორე ჯერზე მან უხეშად, რომ ვთქვათ მსაჯის „საჩუქარი“ შეირგო და პენალტი ზუსტად გამოიყენა, თუმცა დეტალების გახილვას არ შევუდგებით.

მეორე ტაიმში ირაკლი ქობალიამ  თავის შანსი,  ჩინებულად გამოიყენა, როცა ავთო ენდელაძემ ბურთი  კარგად გაუყოლა და მანაც მეკარეს, მახვილი კუთხიდან აუღებელი დაურტყა და ანგარიშიც გაათანაბრა. მანამდე კი თავად ენდელაძე გაიყვანა კარგ დასარტყმელ პოზიციაზე ირაკლი ეხვაიამ, თუმცა  მცველებმა დაასწრეს. ბოლო წუთებზე ისევ რუმინელი მეკარე აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ზუგდიდელებს არ გაატანინა. ზუგდიდელთა ბოლო წუთებზე მოწყობილი მასიური შეტევისას, რუმინელმა მეკარემ  ირაკლი ეხვაიას დარტყმული მოიგერია, ხოლო შემდეგენდელაძეს მცველები გადაეღობნენ. ბოლოსკენ კი ისევ ირაკლი ქობალიამ დააქუხა, მაგრამ ბურთმა ზედა ძელს ჩაუქროლა. რუმინელებს ზუგდიდელთა კარში კი მეორე  გოლი სტანკომ სტანდარტულიდან გაიტანა, რომელიც მსაჯის საეჭვო საქციელის გამო,  ასევე დავის საგანი გახდა. ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ კი, საკუთარ ფეხბურთელებს თამაშის ხარისხი და მონდომება მოუწონა.

 

თურქეთი, ანტალია, სტადიონი „მარდან პალასი“, 5 თებერვალი

ზუგდიდი – აკადემიკა 1:2

გოლები: ოლარიო (პენ.27), ქობალია (56), სტანკო (87)

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, წურწუმია, ლომია, გუგუჩია,  ქობალია

შეცვლაზე შევიდნენ: ენდელაძე, პაჭკორია, ეხვაია, რიგვავა, კუკავა

fczugdidi.ge

“ზუგდიდმა” ლატვიურ გუნდს სძლია

ზუგდიდელებმა თურქული შეკრების პირველი საკონტროლო მატჩი, დამაჯერებელი თამაშითა და მოგებით დაიწყეს. საკმაოდ ტანმაღალ და ჯანიან ლატვიელებთან, ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა, ბესიკ შეროზიამ, საკუთარი ფეხბურთელები შემტევი სტილით განალაგა, მთავარი აქცენტი კი მთლიანად თამაშის ხარისხზე იყო გაკეთებული.

შეხვედრის დასაწყისიდანვე ზუგდიდელებმა ტერიტორიული უპირატესობა მოიპოვეს და 7-ე წუთზე, იურმალელთა კარისკენ, ვაკო ტყემალაძემ სახიფათოდ დაარტყა და მცირედით ააცილა. მორიგი შეტევა ირაკლი ქობალიას თავურით დასრულდა, თუმცა ამ ეპიზოდში ლატვიელთა კიპერმა, ზუსტად ითამაშა. მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიური იყო  ლუკა გუგუჩია, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან ინტენსიურად უტევედა და ანგარიშიც, მან გახსნა. 14-ე წუთზე, იურმალელთა კარის მიმართულებით დანიშნული ჯარიმა, გუგუჩიამ ზუსტად შეასრულა და  ბურთი, მეკარისაგან მარჯვენა მაღალ კუთხეში გაიტანა. აქვე უნდა აღინიშნოს ლევან აკობიას კარგი თამაში, რომელიც გარდა იმისა უკანა ხაზზე უშეცდომო იყო ,შორეული გადაცემებითაც ზუსტად ამარაგებდა შეტევის ხაზს.

გატანილი გოლიდან ათ წუთში ზუგდიდელები კვლავ დაწინაურდნენ და გოლი ულამაზესი კომბინაციის შედეგად გავიდა. ზუგდიდელთა შეტევა მოედნის ცენტრიდან დაიწყო და მარჯვენა ფლანგიდან გაგრძელდა,  ბურთთან ირაკლი ქობალია აღმოჩნდა, რომელმაც კარის გასწვრივ ჩაჰკიდა,ლევან წურწუმიამ თავურით, კარგ პოზიციაზე მყოფ შოთა ლომიას უპასა და ზუგდიდელთა კაპიტანმა, ერთი შეხებით მეკარეს აუღებელი დაურტყა.  32-ე წუთზე ზუგდიდელებმა ანგარიში სამბურთიანი გახადეს.  გოდერძი მაჩაიძემ სამი მეურვე ტექნიკური მოძრაობით ჩაომიცილა და მანაც ეფექტური გოლით, ანგარიში სოლიდური გახადა.

მეორე ტაიმში ბესიკ შეროზიამ, ცვლილებებს ეტაპობრივად მიმართა და ამით იყო გამოწვეული, რომ კაპიტნის სამკლაური სამმა ფეხბურთელმა მოირგო.  პირველი ტაიმის შემდეგ შოთა ლომიამ  სამკლაური, ლევან კუტალიას გადასცა, ხოლო ამ უკანასკნელმა ირაკლი ეხვაიას ჩააბარა. მეორე ნახევრის შუაწელისკენ შეროზიამ, ახალებედა ფეხბურთელებიც გამოიყვანა მინდორზე. ზუგდიდელებს მეორე ტაიმშიც არ აკლდათ აქტიურობა და მათ, არაერთი მომენტი ჰქონდათ, თუმცა ენდელაძის, ეხვაიას, ფარჯიკიას და ღონღაძის მცდელობებს, გოლი არ მოჰყოლია. შეხვედრა კი ზუგდიდელებმა სამბბურთიანი უპირატესობით დაასრულეს.

ბესიკ შეროზია („ზუგდიდის“ მთავარი მწვრთნელი) –„ჩვენი აქცენტი შედეგზე ორიენტირებული არ ყოფილა,თუმცა როგორ შეიძლება სასურველი შედეგი ვინმეს არ სიამოვნებდეს. მთლიანობაში ბიჭების მონდომებით კმაყოფილი ვარ,მათ ზუსტად შეასრულეს დავალებები და მადლობასაც ვუხდი,მაგრამ ხარვეზებიც საკმაოდ გამოჩნდა, რაც მოსალოდნელიც იყო.  ზუსტად ამაზე მქონდა  ფეხბურთელებთან საუბარი და ამ კუთხით მუშაობა გაგრძელდება. ორჯერად ვარჯიშებზე მეტი ყურადღება დაეთმობა ყველა რგოლს, სადაც შეიძლება ითქვას სუსტად გამოვიყურებით“.

 

თურქეთი, სიდე, 2 თებერვალი

„ზუგდიდი“ – „სპარტაკი“ იურმალა  3:0

გოლები: გუგუჩია (14), ლომია (24) მაჩაიძე (32)

ზუგდიდი: ბობღიაშვილი, მაჩაიძე, ღონღაძე, აკობია, მეგრელიშვილი, ტყემალაძე, კუტალია, გუგუჩია, წურწუმია, ლომია, ქობალია

შეცვლაზე შევიდნენ: რიგვავა, პაჭკორია, დ.ქირია, კობერიძე, ეხვაია, ენდელაძე, ფარჯიკია, კუკავა, სამუშია, ნარმანია

fczugdidi.ge

ზუგდიდმა თურქული შეკრება დაიწყო

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“, ანტალიის საკურორტო ზონაში 13 დღიან მზადებას შეუდგა. ზუგდიდელები თურქეთში ავიარეისით, დღეს გამთენიისას ჩაფრინდნენ და სიდეში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ROYAL  ATLANTIS“ – ში დაბინავდნენ. ბესიკ შეროზიამ,  საკუთარი ფეხბურთელების მომზადება პირველივე დღიდან, ორჯერადი ვარჯიშებით  დაიწყო და იგი, თურქულ შეკრებასაც  ამ რეჟიმით დაასრულებს. ზუგდიდელები საკმაოდ გაფართოეუბული შემადგენლობით ჩავიდნენ მეზობელ ქვეყანაში და შეროზიამ, შეკრებაზე 25 ფეხბურთელი იახლა. აღსანიშნავია, რომ მან რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელი დააწინაურა და   ერთიც ჭაბუკთა ლიგიდანაც გამოარჩია, თითოეულ მათგანს კი საკონტროლო მატჩებში თავის გამოჩენის შანსს მისცემს. თურქეთში მზადებას  ზუგდიდელები, შემდეგი შემადგენლობით გადიან:

მეკარეები: ბობღიაშვილი, ივარდავა

მცველები: აკობია, რიგვავა, პაჭკორია, ღონღაძე, მაჩაიძე, მეგრელიშვილი, ნარმანია, კ.ახალაია

ნახევარმცველები: ტყემალაძე, კობერიძე, დ.ქირია, კუტალია, გუგუჩია,წურწუმია, ლომია, ფარჯიკია, ენდელაძე, ც.სამუშია

თავდამსხმელები: ქობალია, ეხვაია, კუკავა, ბულია, თუთბერიძე

ზუგდიდელ ფეხბურთელებს თურქეთში 4  ტესტ-მატჩი აქვთ დაგეგმილი და სავარაუდოდ, შესაძლებელია ამ განრიგს კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა დაემატოს. შეგახსენებთ, რომ ადგილზე მომზადება ზუგდიდელებმა 29 იანვარს, საკონტროლო მატჩით დაასრულეს და მათ, „ბაიას“ ბაზაზე პირველლიგელი ხობის „კოლხეთი“, დიდი ანგარიშით 7:2 დაამარცხეს.

fczugdidi.ge

ბათუმის “დინამომ” ზუგდიდში მოიგო

ქართული გუნდები ჩემპიონატის მეორე წრისთვის მომზადებას აგრძელებენ. დღეს, ზუგდიდში ადგილობრივმა გუნმდა ბათუმის “დინამოსთან” გამართა ტესტ-მატჩი.

შეხვედრა სტუმართა დამაჯერებელი გამაჯრვებით, 3:1 დასრულდა. ანგარიშის გახსნა ზუგდიდელებმა ირაკლი ქობალიას გოლით შეძლეს, რაზეც ბათუმელებმა მეტოქეს აბუსელიძის, ქავთარაძის და მაკარიანის გოლებით უპასუხეს.

აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა შემადგენლობაში

“ზუგდიდი”: ბობღიაშვილი; რიგვავა, ნარმანია, აკობია, მეგრელიშვილი; კობერიძე, გუგუჩია, კუტალია, წურწუმია; ლომია, ქობალია.

შეცვლაზე შევიდნენ: ივარდავა, დ. ქირია, მაჩაიძე, პაჭკორია, თიბილიშვილი, ახალია, ფარჯიკია, ენდელაძე, ბულია, ეხვაია, კუკავა.

“დინამო ბათუმი”: მამინაშვილი; ქორიძე, გიოქთან აშკინი, მახარაძე, მაკარიანი; გოგიტიძე, თევდორაძე, ქავთარაძე, დიასამიძე; ტატანაშვილი, აბუსელიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: ალავიძე, ფარტენაძე, ალიფერენკო, კაშია, აშბა, ტროფიმოვი

“ზუგდიდმა” და “კოლხეთმა” გამარჯვებული ვერ გამოავლინეს

მეორე წრისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე “ზუგდიდმა” ფოთის “კოლხეთთან” გამართა ტესტ-მატჩი.

ანგარიში ფოთელებმა გახსნეს. “კოლხეთმა” დაწინაურება ახალწვეულსი, მერაბ გიგაურის გოლით შეძლო. ანგარიშის გათანაბრება და საბოლოო შედეგის დაფიქსირება კი ცოტნე სამუშიამ მოახერხა – 1:1.

გელა ინალიშვილი: „მეორე წრეს, მილიონიანი ბიუჯეტით და დიდი ოპტიმიზმით ვხვდებით“

საფეხბურთო კლუბი „ზუგდიდი“,  26-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფება, თუმცა პირველ ეტაპზე გუნდის არასტაბილურად ასაპრეზობას მთელი რიგი ობიექტური მიზეზები თან სდევდა. უპირველესი მიზეზი ის გახლდათ, რომ გუნდმა  ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, მხოლოდ ერთი კვირით ადრე მოახერხა ფეხბურთელების თავმოყრა და ადგილზე შეკრების გავლა.  25-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლოს „ზუგდიდი“ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა, ხოლო სფფ-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილების, უმაღლესში გუნდების რაოდენობის გაზრდის შემდეგ,  ს.კ. ,,ზუგდიდს“ მუშაობამ და ასპარეზობამ,  მთლიანობაში ფორსმაჟორში მოუწია. მეორე ეტაპისთვის ზუგდიდელებმა თადარიგი დროულად დაიჭირეს და მზადება ყველაზე ადრე განაახლეს, ხოლო გუნდის მზადებასა და სამომავლო გეგმებზე, ს.კ. „ზუგდიდის“ დირექტორს, გელა ინალიშვილს ვესაუბრეთ.

ბატონო გელა,  პირველი წრისგან განსხვავებით, გუნდი მეორე ეტაპისთვის რადიკალურად გასხვავდება მომზადების მხრივ, თუმცა უფრო დეტალურად, რა ვითარებაა ამ ეტაპისთვის გუნდში და როგორია მზადების ციკლი?

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე რთული პერიოდი უდგას ჩვენს  გუნდს და თქმა არ უნდა, რომ მოდუნების უფლება არ გვაქვს,  თუმცა შედარებითობაზე თუ ვისაუბრებთ, პირველი და მეორე წრისთვის მომზადების მხრივ, გეთანხმებით – აბსოლუტურად გასხვავებული სურათი გვაქვს. უფრო მეტსაც ვიტყვი, პირველი წრე ნამდვილი „საგიჟეთი“ იყო ჩვენთვის და ამაზე ფეხბურთის ქომაგებმა კარგად უწყიან, ამიტომ ერთი და იგივე თემაზე საუბარი უხერხულად მიმაჩნია. მეორე წრეს კი ნამდვილი საფეხბურთო გარემოთი ვხვდებით და ეს ორმაგი სტიმულია თვითონ ფეხბურთელებისთვის. საფეხბურთო გარემოში უპირველესად იმას ვგულისხმობ, ყველაზე ადრე  დავიწყეთ მომზადება და ჩვენს ფეხბურთელებს მთლიანობაში, პირველი წრის შემდეგ მხოლოდ ერთკვირიანი  დასვენება თუ გამოუვიდათ. მომზადების დროულად დაწყებასა და გუნდის ნაყოფიერად შეკრების ძირითად ფუნდამეტს, ყოველთვის ფინანსები განაპირობებს და აუცილებლად უნდა აღვნიშნო, ზუგდიდის მერიის, ქალაქის საკრებულოსა და სამხარეო ადმინისტრაციის  თანადგომა ჩვენი გუნდის მიმართ, რომელთა ერთიანი ძალისხმევითაც კლუბს სოლიდური ბიუჯეტი დაუმტკიცდა. საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდს“, რომელიც მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე ქალაქ ზუგდიდის მერიის ბალანსზეა, ერთი მილიონი ლარი დაუმტკიცდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თანადგომისთვის, დიდი მადლობა ვუთხრა სამეგრელოს გუბერნატორს, ლევან შონიას, ქალაქ ზუგდიდის მერს, ირაკლი გოგოხიას და ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს, მერაბ ქვარაიას, რომლებიც ვარჯიშებზეც ინტენსიურად ჩვენს გვერდით არიან. ასევე მადლობას გადავუხდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელს ედიშერ თოლორაიას, რომელიც ტექნიკური მხარეებით ყოველთვის სუბსიდირებას გვიწევდა.

გუნდი ჩვეულებრივად „ბაიას“ ბაზაზე ემზადება და ასევე მადლიერება მინდა გამოვთქვა, „ბაიას“ ბაზის დირექტორის, ფელიქს კუჭუხიძის მიმართ, რომელიც ასევე ტექნიკური მხარეებით მთლიანად ეხმარება გუნდს. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, ადრეული შეკრება ორი, ორმხრივი ტესტ-მატჩით დაასრულა, თუმცა მიმდინარე კვირას კიდევ ორი ამხანაგური შეხვედრა გვაქვს მონიშნული – ფოთის „კოლხეთსა“ დაბათუმის „დინამოს“, „ბაიას“ ბაზაზე ვუმასპინძლებთ, ხოლო თვის ბოლოსკენ შეკრებას თურქეთში გავაგრძელებთ.

ცნობილია, რომ ს.კ. „ზუგდიდი“ ანტალიის საკურორტო ზონაში, სიდეში გაივლის შეკრებას -კონკრეტულად რამდენი საკონტროლო მატჩის ჩატარებას  გეგმავს გუნდი უცხოეთში და თუ არის სპარინგ-პარტნიორების ვინაობა ცნობილი?

ჩვენი გუნდი სიდეში  გაივლის  შეკრებას და ფეხბურთელები ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ROYAL ANTLANTIS”-ში განთავსდებიან. 30 იანვარს, კლუბის მთლიანი დელეგაცია ტრაპზონიდან ანტალიაში ავიარეისით ჩავა, იქედან სიდეში გადავა.  საწვრთნელი პროცესი ცამეტდღიანი იქნება და სამწვრთნელო შტაბსაც, ფეხბურთელებზე დაკვირვების მეტი საშუალება მიეცემა. როგორც ადრე იყო გაცხადებული, კონტრაქტების ვადის ამოწურვის შემდეგ, რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი, თუმცა, საკმაოდ კარგი შევსებაც მივიღეთ და 8 ფეხბურთელი დავიმატეთ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აქედან უმრავლესობა ამავე კლუბის აღზრდილია და სწორედ ჩვენი აქცენტიც, ადგილობრივ ფეხბურთელებზე კეთდება.

რაც შეეხება თურქულ სპარინგებს – ამ ეტაპისთვის ორი კლუბის ვინაობაა ცნობილი და ესენია, ლატვიური და რუმინული კლუბები, გამგზავრებამდე კი  კიდევ ორი გუნდის ვინაობა გვეცოდინება. ოთხი საკონტროლო მატჩი გვაქვს თურქულ შეკრებაზე დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა ახალბედა ფეხბურთელებზე დაკვირვების მიზნით, საკონტროლო მატჩი გავზარდოთ. გარდა ამისა ახალმა ბიუჯეტმა მოგვცა იმის საშუალება, რომ მთლიანი სპორტული ეკიპირებაც ასევე ნორმალური გვქონოდა. კომპანია „SALER”-ს ორი სათამაშო ფორმის მთლიანი კომპლექტის გარდა, სპორტული ინვენტარები და სპორტული ეკიპირების მთლიანი სახეობა შევუკვეთეთ.  ასე, რომ პირველი ეტაპისგან რადიკალური განსხვავებით, საგაზაფხულო სეზონისთვის სხვა მოტივაციით ვემზადებით.

 

მორიგი შეკითხვაც სწორედ ამ თემას შეეხება – თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ „ზუგდიდი“ მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატზე უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის იბრძოლებდა და არსებული შედეგიდან გამომდინარე ,ალბათ პროგრამა მაქსიმუმი მეორე წრეშიც უცვლელი იქნება?

მთლიანი გუნდის შემადგენლობა  თანხმდება იმაზე, რომ საფეხბურთო კლუბმა „ზუგდიდმა“ უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის უნდა იბრძოლოს და სხვა ალტერნატივა ამ საკითხს, სამწუხაროდ ამ სეზონზე არ გააჩნია,  მაგრამ სრულებითაც არ ნიშნავს ეს, რომ გუნდი მხოლოდ ვიწრო წრეში ჩაიკეტოს. მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია ყველა ფეხბურთელს აკვირდება და რამდენიმე ახალბედა ფეხბურთელის დაწინაურებასაც  არ გამოვრიცხავ, თუმცა ეს მწვრთნელების პრეროგატივაა.  სამწვრთნელო შტაბი და ჩვენ ხელმძღვანელობა, მომავალს სხვა კუთხითაც და დიდი ოპტიმიზმით ვუყურებთ. ბუნებრივია თითოეული მატჩი მხოლოდ შედეგზე იქნება ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად „ზუგდიდის“ საშინაო არენა თითოეული კლუბისთვის ანგარიშგასაწევი იქნება.  არ გადავაჭარბებ და სამომავლოდ უფრო სასიკეთო ძვრებისთვის ვემზადებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების სრული მხარდაჭერა გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ არათუ მხოლოდ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაზე, უკეთეს მომავალზე ვიფიქროთ და ყველაფერი ეს, რეალურად განვახორციელოთ.

თქვენი  შეფასებით და ოპტიმიზმით თუ ვიმსჯელებთ, „ზუგდიდი“ სამომავლოდ უმაღლეს ლიგაში უფრო მაღალი მიზნებისთვის გააგრძელებს ასპარეზობას?

აუცილებლად. კონკრეტულად გუნდს სამომავლოდ სხვა პროგრამა ექნება დასახული. რთულია, როცა სეზონის დასაწყისში ერთგულ ქომაგებს განაწყობ იმისთვის, რომ გუნდი მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძოლებს, მაგრამ ასევე ძნელია როცა, მეტი  სხვა არანაირი საშუალება გაგაჩნია. ამიტომ დროა, უკვე სხვა მიმართულება მივცეთ ამ ყველაფერს და არასტაბილურობის ეპოპეა დავასრულოთ. ეს ქალაქი ნამდვილად იმსახურებს, საპრიზო ადგილისთვის მებრძოლ გუნდს და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. უპირველესად კი ამ სეზონზე დასახული ამოცანა უნდა დავძლიოთ წარმატებით და მჯერა, რომ დავძლევთ. არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, მაგრამ აქვე მინდა გავახმოვანო ის სიახლე რაც ცენტრალურ სტადიონის საკითხს უკავშირდება – საბოლოოდ გადაწყდა, რომ ზუგდიდში ევროპული დონის, თანამდროვე სტანდარტების  სტადიონი აშენდება. მერიისგან ვიცი, რომ რეალურად დაიძრა ეს საკითხი და დაპროექტებაც თითქმის დასრულებულია, ხოლო წელიწადნახევარში სტადიონი სრულფასოვან სახეს მიიღებს. რაც შეეხება განმუხურის სტადიონს – მინდორს  რეაბილიტაცია უტარდება და სამუშაო პროცესები სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, ხოლო 27-ე ეროვნული  საფეხბურთო სეზონის დასაწყისშივე, აქ ახალი საფარი გვექნება და გუნდი ჩვეულებრივად ახალ საფეხბურთო სეზონს, განმუხურში გახსნის.

fczugdidi.ge

“ზუგდიდი” ნონოსს დაემშვიდობა და უკრაინელს აკვირდება

ორჯერად ვარჯიშებზე გადასვლის წინ, ზუგდიდელთა მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ, საკუთარი გუნდის მზადების მორიგი ერთკვირიანი ციკლი,  ორმხრივი ტესტ-მატჩით დაასრულა. ვიდრე, თამაშის დეტალებზე ვისაუბრებდეთ, გუნდში მიმდინარე სიახლეებს შევეხებით. ზუგდიდელებმა, მეკარე, მინდია ბობღიაშვილი და ცენტრალურ მცველი გიორგი პაჭკორია, დაიმატეს, რომლებთანაც კლუბმა კონტრაქტები უკვე გააფორმა. პაჭკორია ზუგდიდელია და საკუთარ გუნდს დუბრუნდა,  მან კი პირველი წრე „სამტრედიაში“ გაატარა. გარდა ამისა, ისინჯება უკრაინელი ლეგიონერი, თავდამსხმელი, ანდრეი ბაბროვი, რომელსაც ბესიკ შეროზიამ, დღევანდელ ორმხრივ სპარინგში,  თავის გამოჩენის საშუალება მისცა. კლუბი დაემშვიდობა კამერუნელ მეკარეს, ნონოსი ბოკ ანდრეს, რომელზეც დაკვირვებას ზუგდიდელთა თავკაცი ერთკვირაზე მეტ ხანს ახდენდა, თუმცა უცხოელმა გუნდს თავი ვერ მოაწონა. მოსაწონი, საინტერესო და სანახაობრივი გამოდგა ამხანაგური ორმხრივი თამაში, რომელიც უხვგოლიანობითაც გამოირჩა.

მძიმე ტრავმის შემდეგ, ერთგულ ქომაგებს ეფექტური გოლებით, თავი კვლავ შეახსენა ზუგდიდელთა გოლეადორმა ირაკლი ქობალიამ, რომელმაც ერთმანეთის მიყოლებით მართლაც შთამბეჭდავი გოლები გაიტანა – ქობალიამ ჰეთრიკი შეასრულა.

ზუგდიდელთა დამრიგებელმა ბესიკ შეროზიამ, გუნდები, ჩვეულებრივად ყვითელ მწვანეებად დაჰყო და  ანგარიში, ყვითლებიდან ავთო ენდელაძემ გახსნა. ცოტა ხანში ისევ ყვითლებმა იყოჩაღეს და აკაკი ფარჯიკიამ, ორამდე გაზარდა ანგარიში. ამის შემდეგ უკვე ირაკლი ქობალიას ჯერი დადგა და ხუთწუთიან ინტერვალში მან, დუბლით წონასწორობა აღადგინა.  ყვითლებმა კვლავ ივარგეს და პენალტი გამოიმუშავეს, თერთმეტმეტრიანი კი ზუსტად, ისევ აკაკი ფარჯიკიამ შეასრულა. მორიგი იერიში კი მწვანეების ზუსტი დაბოლოებით დასრულდა და მწვანეებმა, ერთმანეთის მონაცვლეობით სამჯერ დალაშქრეს მეტოქის კარი. ლუკა გუგუჩიამ, ძლიერი დარტყმით თანაფარდობა ისევ აღადგინა. გუგუჩიას შემდეგ, კვლავ ქობალიას გოლი ვიხილეთ, ხოლო ქობალიას, ისევ გუგუჩია შეენაცვლა, რომელმაც დუბლი შეასრულა.

მეორე ტაიმში შეროზიამ ორივე გუნდში ცვლილება განახორციელა. მწვანეებმა ცოტნე სამუშიას დუბლით ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს, რასაცგიორგი პაჭკორიამ კიდევ ერთი გოლი მიუმატა, ხოლო ყვითლებიდან სხვაობა დათა ქირიამ და ლაშა კუკავამ შეამცირეს, თუმცა საბოლოდ მაინც მწვანეებმა ანგარიშით 8:5 მოიგეს. ვაკო ტყემალაძემ და ლაშა ღონღაძემ მცირე ტრავმების გამო, დღეს ინდივიდულურად ივარჯიშეს. გუნდებმა მთლიანობაში ასეთი შემადგენლობით ითამაშეს.

მწვანეები: ივარდავა, მაჩაიძე, გ.პაჭკორია, მეგრელიშვილი, კობერიძე, კუტალია, ნ.ქირია, წურწუმია, გუგუჩია, ბულია, ქობალია

შეცვლა: სამუშია, ლომია, ქომეთიანი

ყვითლები: ბობღიაშვილი, რიგვავა, აკობია, კ.ახალაია, დ.ქირია, გვაზავა, ენდელაძე, ფარჯიკია, ეხვაია, კუკავა, ბაბროვი

შეცვლა: ი.ქირია, დ.პაჭკორია, თუთბერიძე

ბესიკ შეროზიამ  საახალწლოდ, ოდნავ „ამოსუნთქვის“  საშუალება მისცა ფეხბურთელებს და გუნდის შეკრება ორი დღით გადასწია. ნაცვლად ხვალინდელი დღისა, გუნდი 15 იანვარს შეიკრიბება და  ფეხბურთელების ორჯერადი ვარჯიშები, სწორედ ამ დღიდან განახლდება.

fczugdidi.ge