ზამბიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა სქესზე შემოწმება ვერ ჩააბარა
ზამბიის ქალთა ნაკრების ფეხბურთელმა ბარბრა ბანდამ სქესზე შემოწმება ვერ ჩააბარა, რის გამოც შემადგენლობიდან მოკვეთეს.
ბანდა აფრიკის თასის ქალთა ტურნირის მონაწილე გუნდის განაცხადიდან “სამედიცინო მიზეზების” გამო გაირიცხა. აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ 22 წლის ფეხბურთელს სამედიცინო ტესტი ჩაუტარა. სპორტსმენის სისხლის ანალიზმა ტესტოსტერონის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი აჩვენა.
“ყველა ფეხბურთელმა უნდა გაიაროს ტესტი სქესზე. ეს აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციის მოთხოვნაა. სამწუხაროდ, ბარბრამ დადგენილი კრიტერიუმები ვერ დააკმაყოფილა. სამწუხაროა, რომ ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დაგვაკლდება”, – განაცხადა ზამბიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ენდრიუ კამანგამ.
“ტურნირზე ბარბრა ბანდის არყოფნის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ამის თაობაზე კითხვა აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციას უნდა დაუსვათ”, – აღნიშნა ზამბიის ნაკრების მწვრთნელმა ბრიუს მვაპემ.
ბარბრა ბანდამ მონაწილეობა მიიღო ტოკიოში გამართული ოლიმპიური თამაშების საფეხბურთო ტურნირზე. ის გახდა პირველი ქალი ფეხბურთელი, რომელმაც ზედიზედ ორ მატჩში შეძლო ჰეთთრიკის შესრულება.
BBC Sport Africa-ს ცნობით, სქესის ტესტი ზამბიის ნაკრების კიდევ სამმა მოთამაშემ ვერ ჩააბარა, თუმცა მათ ტურნირზე მონაწილეობა არ ისურვეს, რის გამოც მათი ვინაობა არ გახმაურებულა. ზამბიის ნაკრების განაცხადში 22 ფეხბურთელია, როცა 26 მოთამაშის შეყვანა არის შესაძლებელი.