საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთის ძლევით დაიწყო
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა სპორტის სასახლეში ჩეხეთს უმასპინძა და მეტოქის დამარცხება მოახერხა.
შეხვედრა მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, რაც შედეგზეც აისახა. საქართველოს ნაკრებმა პირველ წუთებზე 8-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მეოთხედის ბოლოს სტუმებმა სხვაობის შემცირება მოახერხეს. 17-12 პირველი ათი წუთის შემდეგ.
მეორე მეოთხედში ზაზა ფაჩულიას გასვლის შემდეგ, რომელიც მოედანზე მთელი მატჩის განმავლობაში საუკეთსო იყო, სტუმრებმა ჯერ გათანაბრებმა, შემდეგ კი დაწინაურებაც მოახერხეს, თუმცა მოედანზე დაბრუნებულმა ფაჩულიამ საქართველო კვლავ წინ გაიყვანა. მეოთხედის დარჩენილი წუთები გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და საბოლოოდ ფაჩულიას და შენგელიას კარგი თამაშის წყალობით დიდ შესვენებამდე მასპინძლებმა ოთხქულიანი უპირატესობა მოიპოვეს – 36:32.
თამაშის სცენარი არც მესამე მეოთხედში შეცვლილა. ჩეხებმა ანგარიშის გათანაბრება კი მოახერხეს, მაგრამ სანაძის და ლეჟავას ზუსტი სამიანებით კოკოშკოვის შეგირდები კვალვ წინ გავიდნენ. თუმცა, მეოთხედის ბოლო წამებზე ბარტონის ზუსტი სამიანით უკანასკნელი პერიოდის წინ სხვაობა ორ ქულამდე შემცირდა – 55:53.
ბოლო მეოთხედის დასაწყისში ზაზა ფაჩულიამ მეოთხე პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. ჩეხებმა მალევე შესძლეს ანგარიშის გათანაბრება, თუმცა კოკოშკოვის შეგირდებმა მეტოქეს წინ გასვლის საშუალება არ მისცეს. ფაჩულიას დაბრუნების შემდეგ კი, საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება შესძლო. აღსანიშნავია სანაძის დროული სამიანი, რომლის შემდეგ ჩეხებს გონს მოსვლა გაუჭირდათ. აქტიური და შედეგიანი იყო ცინცაძეც. ნაკრების გამთამაშებელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა დღევანდელ შეხვედრაში.
ბოლო წუთებზე კოკოშკოვის შეგირდებმა 10-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სტუმრებს ბოლო პერიოდში სროლები არ წაუვიდათ – ეს ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა.
საბოლოოდ საქართველომ 11-გულიანი სხვაობით, 73-62 გაიმარჯვა, მასპინძელთა შემადგენლობაში 19 ქულით ყველაზე შედეგიანი კაპიტანი, ზაზა ფაჩულია იყო. ხოლო სტუმრებიდან აუდამ 18 ქულას მოუყარა თავი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ მატჩს საქართველო 13 აგვისტოს სტუმრად, უნგრეთის ნაკრებთან გამართავს.
საქართველო 73-62 ჩეხეთი
მარიამ ნიშნიანიძის ფოტოები