შსს-მ “სოხუმთან” ანგარიში გაათანაბრა
საკალათბურთო სუპერლიგის პლეიოფების მეორე დღის მეორე შეხვედრაში ერთმანეთს პირველი დღის ყველაზე დაძაბული და სანახაობრივი მატჩის მონაწილეები, „შსს-აკადემია“ და „სოხუმი“ შეხვდნენ. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ დაპირისპირებაში სოხუმელებმა გაცილებით გამოცდილ მეტოქეს მატჩის ბოლოს აჯობეს და სერია გამარჯვებით დაიწყეს.
შეხვედრა შსს-მ აქტიურად დაიწყო და დაწინაურება მალევე მოახერხა, რაშიც დიდი როლი გუნდის ლიდერმა, გიორგი ცინცაძემ ითამაშა. თუმცა, ვაჟა კვარაცხელიას საკმაოდ ემოციური წუთშესვენების შემდეგ სოხუმელებმა თამაშში მათი მთავარი იარაღი, შორეული ტყორცნები ჩართეს და მეოთხედის დასრულებამდე სხვაობა 5 ქულამდე შეამცირეს – 28:23. მეორე პერიოდში თამაში კიდევ უფრო მეტად დაიძაბა და სხვაობაც 1 ქულამდე შემცირდა, თუმცა ამის შემდეგ „შსს“ წინ გაიჭრა და საბოლოოდ დიდ შესვენებაზე უკვე 12 ქულით იგებდა.
გარდამტეხი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც მასპინძლებმა 30 ქულიანი სხვაობით დაასრულეს და საბოლოოდ ამ ჰანდიკაპის შენარჩნებაც უპრობლემოდ მოახერხეს. ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და ამ გუნდების შემდეგ მატჩს სპორტის სასახლე 8 მაისს უმასპინძებს.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშეები 21 ქულით ცინცაძე და შარაბაიძე გახდნენ, „სოხუმელთა“ მხრიდან კი ყველაზე მეტი, 18 ქულა პელემ მოაგროვა.
პრესკონფერენცია – მწვრთნელები ; მოთამაშეები