13-წლამდელებში თბილისის ჩემპიონის ტიტულს “ჰიუნდაი” და “აკადემია” შეეცილებიან
თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ ორგანიზებულ 13-წლამდელთა დედაქალაქის პირველობაზე ფინალისტები გამოვლინდნენ. დღეს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზმა ნახევარფინალებს უმასპინძლა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ თბილისის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს “ჰიუნდაი” და “აკადემია” შეხვდებიან.
“ჰიუნდაი” ფინალში იოლად გავიდა. ლაშა თოიძის გაწვრთნილ გუნდს TBC-იმ წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ჰიუნდაელებმა მეტოქე 92:25 დაამარცხეს. საინტერესო რამ მოხდა აღნიშნულ შეხვედრაში. “ჰიუნდაიმ” ყველა მეოთხედში მეტოქეს 23 ქულა ჩაუგდო. გამარჯვებულებს ბიძინა ფეიქრიშვილმა 22 ქულით ულიდერა, საბა ქავთარაძემ კი პირად ანგარიშზე 14 ქულა ჩაიწერა.
მესამე პერიოდში “შსს-მართვემ” ისე კარგად ითამაშა, რომ ბევრს აფიქრებინა, რომ ფინალში გავიდოდა. მართველებმა მესამე ათწუთეული 22:12 მოიგეს და გადამწყვეტი პერიოდის წინ 8 ქულით დაწინაურდნენ. თამაშის დასრულებამდე 3 წუთით ადრე “შსს-მართვე” 58:52 იგებდა და გამარჯვებასთან ახლოს იყო, მაგრამ “აკადემიის” წევრებმა სანაქებოდ ითამაშეს და ჩამორჩენა ხომ აღმოფხვრეს, დაწინაურდნენ კიდეც და საბოლოოდ 9 ქულით – 68:59 იმარჯვეს.
ალეკო ჯაფარიძის და ირაკლი ტომარაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა გადამწყვეტ წუთებში დიდი ბრძოლისუნარიანობა და სიზუსტე გამოავლინეს. გამარჯვებულებში 21 ქულით საუკეთესო რატი ანდრონიკაშვილი იყო, მიშა ზურაბაშვილმა კი აკადემიელებს 18 ქულა მიაშველა.
თბილისის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 15 თებერვალს, სპორტის სასახლეში, 11:45 საათზე გაიმართება. მესამე ადგილისთვის მატჩი კი წინა დღეს, 14 თებერვალს, საკალათბურთო აკადემიაში, 14:00 საათზე დაიწყება.
13-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. ნახევარფინალი. აკადემია. 10 თებერვალი
ჰიუნდაი 92:25 TBC
23:4, 23:10, 23:7, 23:4
ჰიუნდაი: ფეიქრიშვიი (22), ქავთარაძე (14), მახვილაძე (13)
TBC: რამიშვილი (6), წერეთელი (6), ქუტიძე (5)
აკადემია 68:59 შსს-მართვე
14:16, 16:12, 12:22, 26:9
აკადემია: ანდრონიკაშვილი (21), ზურაბაშვილი (18), ლაზვიაშვილი (12), მიქელაძე (10)
შსს-მართვე: ნიკოლაიშვილი (25), გორგაძე (15), ბიჭიაშვილი (8), გურგენიძე (5)
GBF.GE