13-წლამდელთა თბილისის პირველობაზე “ჰიუნდაიმ” “დინამო” დაამარცხა
დღეს საკალათბურთო აკადემიის დარბაზში თბილისის 13-წლმდელთა თბილისის ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა. ინტერესს იწვევდა “ა” ჯგუფში მოხვედრილი 2 ძლიერი გუნდის – “დინამოსა” და “ჰიუნდაის” დაპირისპირება.
შეხვედრა საინტერესო გამოვიდა. პირველი მეოთხედი დინამოელებმა 13:11 მოიგეს, თუმცა ჰიუნდაელებმა მეორე ათწუთეულიდან თამაში გამოასწორეს და უკვე დიდ შესვენებაზე ლიდერებად გავიდნენ – 29:24.
მესამე მეოთხედში ჰიუნდაელებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს, რაც ძირითადად მათი ლიდერის, ბუკა ფეიქრიშვილისა და დავით ქავთარაძის დამსახურება იყო. გადამწყვეტი პერიოდის წინ ირაკლი ჩერქეზიშვილის გაწვრთნილი “ჰიუნდაი” 13 ქულით იგებდა და აღნიშნული ლიდერობა თამაშის ბოლომდე შეინარჩუნა – 53:40.
მეორე მატჩში ერთმანეთს “მართვე 2” და “ნიკეა” შეხვდნენ. თამაში ალეკო ქისტაურის გაწვრთნილი მართველების უპირატესობით წარიმართა და მათი დამაჯერებელი გამარჯვებით – 80:46 დასრულდა. დღევანდელი შედეგების შემდეგ “ა” ჯგუფში ლიდერი გამოიკვეთა – “ჰიუნდაი” პირველ ადგილზეა და პლეი ოფის საგზურიც თითქმის განაღდებული აქვს.
მორიგი მატჩები 31 იანვარს საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება, ხოლო 1 თებერვალს თბილისის სპორტის სასახლე 3 შეხვედრას უმასპინძლებს.
თბილისის ჩემპიონატი 13-წლამდელთა შორის. აკადემია. 29 იანვარი
“დინამო” – “ჰიუნდაი” 40:53
“მართვე 2” – “ნიკეა” 80:46