14 მარტს სტარტს ა ლიგა აიღებს
14 მარტს, სტარტს აიღებს საკალათბურთო “ა” ლიგა, ანუ პირველი ლიგის გათამაშება, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად ჩატარდება. გათამაშებაში მონაწილეობას 6 გუნდი მიიღებს, რომელიც 11 მსურველიდან საკვალიფიკაციო ტურნირის შედეგად შეირჩა. საუკეთესო ექვსეულში მოხვდნენ: არენა-76, კაქტუსი, თსუ, სეუ-ჰიუნდაი, გორის “დილა” და “წყალტუბო”. აღსანიშნავია, რომ თითოეული გუნდი 50 000 ლარს მიიღბს.
ჩემპიონატი ორ წრედ ჩატარედება, რომლის დასრულების შემდეგაც ცხრილში 1-2 ადგილზე გასული გუნდები სუპერლიგის ბოლო 2 ადგილზე გასულ გუნდს საკვალიფიკაციო მატჩების სერიაში შეეჯიბრებიან. გამარჯვებული გუნდები 2015/16 წლების სეზონში სუპერლიგაში ასპარეზობის უფლებას მოიპოვებენ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ა ლიგის მე-5 და მე-6 პოზიციაზე გასული გუნდები საკვალიფიკაციო ეტაპის ორ გამარჯვებულ შეხვდებიან ჩემპიონატში ადგილის შესანარჩუნებლად.
ა ლიგის მატჩებს სპორტის სასახლე, საკალათბურთო აკადებია, სპორკომპლექსი “არენა” და წყალტუბოს საკალათბურთო დარბაზი უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე გორის “დილა” საშინაო შეხვედრებს თბილისში ჩაატარებს, თუმცა როგორც გორელთა თავკაცმა გვითხრა, უახლოეს მომავალში ქალაქში სპორტის სასახლის მშენებლობა იგეგმება.
პირველი ტურის შეხვედრები ხვალ, საკალათბურთო აკადემიაში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ლიგას საკუთარი ვებგვერდიც ექნება (www.a-league.ge).
დღეს, ახალი ტურნირის შესახებ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ, სუპერლიგის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ზაბახიძემ და კლუბების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ვლადიმერ ბოისა: “შესარჩევ ეტაპზე ძალიან დაძაბული თამაშები იყო. მაგალითად აკადემია, რომელიც ფავორიტად მესახებოდა, 6 გუნდში ვერ მოხვდა. იმედი მაქვს, მომავალ წელს რომელიმე გუნდს სუპერლიგაში ვიხილავთ. სასიამოვნოა, რომ საუკეთესოთა შორის ორი რეგიონის გუნდი არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, შესარჩევ ეტაპზე ორგანიზება უმაღლეს დონეზე იყო და ვეცდებით, რომ ასე გაგრძელდეს.”
გიორგი ზაბახიძე: “საქართველოს კალათბურთის ისტორიაში ახალი ფურცელი ჩაიწერა. შესარჩევ რაუნდში მონაწილეობის მსურველი 20 გუნდი იყო, თუმცა საბოლოოდ 11-მა შეძლო მოთხოვნების დაკმაყოფილება, საიდანაც 6 საუკეთესო შეირჩა.
დიდი მადლობა სპორტის სამინისტროს, რომელიაც მაქსიმალურად დაეხმარა კალათბურთის ფედერაციას, სუპერლიგის და პირველი ლიგის გუნდებს. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად და სამართლიანი თამაშის პრინციპების დაცვით ჩატარდება.”
არჩილ ჟღენტი (კაქტუსი): “ა ლიგას საკმაოდ კარგი წამოწყებაა. მოთამაშეები უგონდოდ რჩებოდნენ და კალათბურთიდა წასვლა უწევდათ. ახლა კი მათ სპორტში დარჩენის შესაძლებლობა ექნებათ. შესარჩევი ეტაპი ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. ფორმატიც საკმაოდ კარგი იყო. “კაქტუსი” ენთუზიაზმით, ყოფილი კაქტუსელებით შეიქმნა. გუნდმა ექვსეულში მოხვედრა შეძლო და ჩვენი შემდეგი მიზანი ოთხეული იქენბა”
ნუგზარ ჭეიშვილი (თსუ): “დიდი მადლობა კალათბურთის ფედერაციას ამ სიახლისთვის. ჩვენს გუნდს ამითი სუპერლიგაში დაბრუნების შანსი მიეცა. ეს უბრალოდ აზარტი და სურვილი არ არის. ეს კალათბურთის განვითარებაა. ა ლიგა კი ამ საქმისთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა. თსუ ტრადიციული გუნდია, გვყავს რამდენიმე ახალგაზრდა კალათბურთელი. დიდი მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას თანადგომისთვის”