16-წლამდელთა ნაკრები ევროსადებიუტო მატჩში ისლანდიასთან დამარცხდა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ჩაება. ტურნირს ბულგარეთში იმართება და ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ერთ-ერთი სწორედ მასპინძელია.
ქართველების სადებიუტო მეტოქე კი ისლანდია გახლდათ, რომელთანაც ბუბა ბერიშვილის, თემურ კანკიასა და მიხეილ ბერუშვილის გაწვრთნილმა 16-წლამდელთა ნაკრებმა ბოლომდე იბძოლა და თითქმის შემოტრიალებული მატჩი დასანანად წააგო. ქართველებმა კარგად დაიწყეს და პირველი პერიოდი 21:18 მოიგეს, თუმცა მეორე მეოთხედში ისლანდიელებმა ყველა კომპონენტში იძალეს და ათწუთეულის 22:9 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 10-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
ისლანდიელებმა უპირატესობაკიდევ უფრო გაზარდეს და ბოლო პერიოდს 12-ქულიანი ლიდერობით შეხვდნენ. შეხვედრის დასრულებამდე 9 წუთით ადრე ჩრდილოელები 65:53 ლიდერობდნენ, თუმცა ქართველებმა მოინდომეს და ოთარ პერტაიას, გიორგი კვაჭანტირაძისა და კახა ჟღენდის მექულებით ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს – 68:69 დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე.
ქართველებს ძალები აღარ ეყოთ და დასკვნითი წუთები ჩააგდეს. მეტოქემ ისარგებლა და ეგრეტრსონის შედეგიანობით ბოლო წუთზე მატჩის ბედი სათავისოდ გადაწყვიტა. საბოლოოდ ისლლანდიელებმა 79:72 მოიგეს. ქართველთაგან საუკეთესო შედეგი – 15 ქულა და 11 მოხსნა – გიორგი კვაჭანტირაძემ აჩვენა. ბომბარდირი კი პერტაია გახდა 22 ქულით.
12 აგვისტოს, თბილისის დროით 19:30 საათზე, საქართველოს ნაკრები მასპინელ ბულგარეთს შეხვდება, რომელიც დღეს ჩეხეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 82:84 დამარცხდა.
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია