18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ნორვეგიასთან დასანანი მარცხი განიცადა (VIDEO)
დასანანი მარცხი იწვნია 18 წლამდე გოგონათა ნაკრებმა, რომელიც ირლანდიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ნორვეგიასთან სოლიდურ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ კარგად დაწყებული საქმე სასურველი შედეგით ვერ დააგვირგვინა.
საქართველოს ნაკრებმა ნორვეგიელებს პირველი პერიოდი 28:7 მოუგო და ცხადია, საერთო სააქმის ნახევარზე მეტი გააკეთა. თუმცა მეორე პერიოდიდან ჩვენებს საქმეები აერიათ, სკანდინავიელებმა კი სიზუსტეს უმატეს და დარჩენილი პერიოდები ისე მოიგეს (20:13, 21:12, 21:8) რომ საბოლოოდ 69:61 გაიმარჯვეს.
ჩვენს ნაკრებში 21 ქულითა და 5 ჩაჭრით ნატალია ოთხმეური გამოირჩა, რომელიც ტურნირის ბომბარდირია. 19 ქულა მიითვალა ვიქტორია გეგეშიძემ, ხოლო ანა ქავთარაძემ 6 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
საქართელოს ნაკრებმა 6-გუნდიან ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა და ბრძოლას 17-24 ადგილებისთვის ბრძოლაში გადერთო. ნორვეგიელების დამარცხების შემთხვევაში ქართველები 9-16 ადგილებს გაინაღდებდნენ. მომდევნო შეხვედრას ჩვენი ნაკრები 11 აგვისტოს, მოლდოვას ნაკრებთან გამართავს და გამარჯვების შემთხვევაში B დივიზიონში ადგილს შეინარჩუნებს და ბრძოლას მე-17 ადგილისთვის გააგრძელებს.
ნორვეგია – საქართველო 69:61 (სტატისტიკა)
GBF.GE