18 წლამდე გოგონათა საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატში ჩაება
4 აგვისტოს შედგა ქართველ გოგონათა ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში, რაც დამოუკიდებელი ქართული კალათბურთისთვის ჯერ-ჯერობით უმაღლესი საფეხურია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა 18-წლამდელთა ნაკრებმა პირველი შეხვედრა გამართა ევროპის ჩემპიონატზე და მიუხედავად დამარცხებისა, თავი ღირსეულად წარმოაჩინა.
ჩვენი ნაკრების მეტოქე გალდათ ქალთა კალათბურთში საკმაოდ მძლავრი ჰოლანდია. ქართველებმა პირველი პერიოდი 11:19 დათმეს, ხოლო მეორეში 16:19 დამარცხდნენ. საქართველოს ნაკრები იბრძოდა დაცვაში და შეტევაშიც მეტ-ნაკლები წარმატებით ირჯებოდა.
მესამე პერიოდის შემდეგ ქართველების ჩამორჩენა 20 ქულას შეადგენდა, ხოლო დასკვნით ათწუთეულში ჰოლანდიელებმა მას 14 ქულაც წაამატეს და საბოლოოდ 84:50 იმარჯვეს. სხვაობა მცირე არაა, მაგრამ არც ისეთია, ქართველ მოთამაშეებსა და ქომაგებს თავი დაახრევინოს. პირველ ტურში ამაზე გაცილებით დიდი სხვაობებიც დაფიქსირდა, რაც იმის იმედს იძლევა, რომ ქართველი გოგონები ევროპული ქალთა კალათბურთის ამ დოეზე საკუთარ ნიშას დაიკავებენ.
ჯერ ტურნირი წინაა, ქართველებს ჯგუფურ ეტაპზე კიდევ 4 მატჩი ელით. ჰოლანდიასთან ყველაზე გამორჩეული ნატალია ოთხმეზური გახლდათ, რომელმაც 22 ქულა მოაგროვა. ვიქტორია გეგეშიძემ ქართველებს 12 ქულა შესძინა.
ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩების კალენდარი ასე გამოიყურება:
5 აგვისტო – რუმინეთი VS საქართველო – 21:15
6 აგვისტო – ისრაელი VS საქართველო – 19:00
8 აგვისტო – საქართველო VS შვეიცარია – 16:45
9 აგვისტო – ნორვეგია VS საქართველო – 23:30
(მითითებული თბილისის დრო)
საქართველო – ჰოლანდია 50:84 (სტატისტიკა)
GBF.GE