“სოხუმმა” “მგზავრები-არმიას” დამაჯერებლად სძლია
სპორკომპლექს არენაში დასრულდა საკალათბურთო სუპერლიგის მეორე წრის მე-5 ტურის მორიგი შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთის წინააღმდეგ “სოხუმი” და “მგზავრები-არმია” წარსდგნენ.
შეხვედრა პირველივე მეოთხედიდან სოხუმელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი დამაჯერებელი გამარჯვებითაც დასრულდა. ვაჟა კვარაცხელიას გუნდმა ოთხივე პერიოდში აჯობა მეტოქეს და 90-73-ით იმარჯვა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე სოხუმელთა ლეგიონერი, პელე პეილეი გახდა, რომელმაც საკუთარ გუნდს 22 ქულა შესძინა. ბექა ბექაურმა კი 19 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. “მგზავრებიდან” 17 ქულით საუკეთესო მერაბ ბოქოლიშვილი გახდა.
სოხუმი 90 – 73 მგზავრები-არმია
მატჩის შემდეგ:
მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
ბუბა ბერიშვილი(,,მგზავრები-არმიის’’ მთავარი მწვრთნელი): პირველ რიგში, მივულოცავ მოწინააღმდეგეს გამარჯვებას. როგორც თამაშის წინ აღვნიშნე, ,,სოხუმი’’ ფავორიტი იყო. გამოცდილი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული. ჩვენ რთული დღეები გვქონდა, 3 კვირის განმავლობასი 7-8 კაცი ვვარჯიშობდით ტრავმების გამო. დღეს არ ვიყავით ისეთი მომზადებულები, როგორც საჭირო იყო და შედეგიც სახეზეა.
ვაჟა კვარაცხელია(,,სოხუმის’’ მთავარი მწვრთნელი): მადლობა ბუბას მოლოცვისთვის, ის ჩემი მოსწავლე იყო და ვამაყობ, რომ მთავარი მწვრთნელია, მინდა კიდევ უფრო დიდი წარმატებები ვუსურვო. რაც შეგვეხება ჩვენ, ფინანსური კრიზისი, რომელიც გუნდს ჰქონდა, ჩვენმა სპონროსმა ‘’საქართველოს რკინიგზამ’’ მოგვიგვარა და ბიჭებმა ამოისუნთქეს. გუნდი ნელ-ნელა ლაგდება და მოვემზადებით ‘’ბათუმთან’’ თამაშისთვის. შევეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ.